21 მაისი 2018

რა მეთოდოლოგიით ითვლის საქსტატი უმუშევრობის მაჩვენებელს

ინტერვიუ სტატისტიკის სამსახურის დირეტორთან

ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი უმუშევრობის დონე 2018 წლის პირველ კვარტალში 14%-ია, ხოლო გასულ წელს ხელახალი გადაანგარიშების შედეგად ამ მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა, მაშინ როცა ძველი მეთოდოლოგიით დათვლილი 2016 წლის მაჩვენებელი 11.8% იყო. რეგიონულ ჭრილში უმუშევრობის დონე გაზრდილია თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და იმერეთში. საქსტატის ინფორმაციით, ისევე როგორც წინა წლებში, 2017 წელსაც დასაქმებულთა უმრავლესობას თვითდასაქმებულები წარმოადგენდნენ, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ მხრივ კლების ტენდენცია ფიქსირდება. ოპოზიციის წარმომადგენლები საქსტატის მიერ განახლებულ მონაცემებს არ ენდობა და იწუნებს იმ მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც უმუშევრობის დონე შემცირდა. ოპოზიციას აქვს ინიციატივა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური არა პრემიერმინისტრს, არამედ პარლამენტს დაექვემდებაროს და ეროვნული ბანკის და აუდიტის სამსახურის პრინციპით იმუშაოს. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ უპასუხა.
 

თბილისი
ფოტო: shutterstock.com

მოდით, პირდაპირ კრიტიკით დავიწყოთ, რაც დღეს ახალი მეთოდოლოგიით დაანგარიშებულმა მაჩვენებლებმა დაიმსახურა. რატომ შეიცვალა მეთოდოლოგია?

როგორც დღეს განვაცხადეთ, 2017 წლიდან სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამუშაო ძალის გამოკვლევაში ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა. როგორც მოგეხსენებათ და რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ კიდეც, რომ საქსტატმა 2014 წელს ჩაატარა საყოველთაო აღწერა, რომლის შედეგებიც 2016 წლის ბოლოს უკვე ხელმისაწვდომი იყო და შესაბამისად 2017 წლიდან მოგვეცა შესაძლებლობა, რომ სამუშაო ძალის კვლევაში უახლესი აღწერის მონაცემები გამოგვეყენებინა.   

ანუ, ეს მაჩვენებელი უფრო ზუსტია?

რა თქმა უნდა. აქამდე გამოიყენებდა 2002 წლის მონაცემები და  შესაბამისად ეს მაღალ საიმედოობას უზრუნველყოფდა. და ამ საიმედოობაზე აქცენტს ვაკეთებ იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ძალიან სენსიტიურია და საზოგადოების მხრიდან ყოველთვის არსებობს ამ მაჩვენებლის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი. შესაბამისად, მოგეხსენებათ 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით დაფიქსირდა მოსახლეობის რაოდენობის კლების ტენედენცია და იმავდროულად ურბანიზაციის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა. კერძოდ, 52%-დან 56-57%-მდე გაიზარდა ქალაქის მოსახლეობის წილი. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქალაქში უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია სოფელთან შედარებით. დაახლოებით 23%-ია ქალაქში და 5%-ის ფარგლებშია სოფლად. ქალაქის მოსახლეობის წილის ზრდა, ბუნებრივია, ავტომატურად განაპირობებდა მთელ დინამიკურ მწკრივში უმუშევრობის დონის მაღალ მაჩვენებელს. ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე უმნიშვნელოდ შეიცვალა, ანუ შემცირდა 0.1%-ით. რაც შეეხება ამ დონის ცვლას, დონის მატებას და ისტორიული მწკრივის გადაანგარიშებას, ამასთან დაკავშირებით დამატებით განვმარტავ - ჩვენ, გარდა იმისა, რომ გამოვიყენეთ უახლესი აღწერის მონაცემები, განვახორციელეთ, ასე ვთქვათ, შერჩევის ზონის გაზრდა. კერძოდ, 3 400-დან 6 000-მდე გაიზარდა შინამეურნეობების რაოდენობა. ანუ, უფრო მეტი შინამეურნეობის გამოკვლევა, უფრო მეტი რესპონდენტის გამოკითხვა ხორციელდება აღნიშნული მეთოდის დანერგვით, რაც შედარებით მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ასევე მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, ჩვენ ეს კვლევა ცალკე კვლევის სახით, სრულმასშტაბიანი და დამოუკიდებელი კვლევის სახით ჩამოვაყალიბეთ. მისი კითხვარის რევიზია მოვახდინეთ და ამის საფუძველზე კითხვარმა დეტალიზება განიცადა. კერძოდ, 7 გვერდიდან 15 გვერდამდე გაიზარდა.

რამდენი შეიძლება იყოს ცდომილება ახალ მეთოდოლოგიაში?

ცდომილება, ზოგადად, 1,5 პროცენტული პუნქტის ფარგლებში იყო და ეს შემცირდა 1,2 პროცენტულ პუნქტამდე.  თუმცა კიდევ უნდა აღინიშნოს ის, რომ ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი უმუშევრობის დონე, რომელიც  2017 წელს პირველად გამოვაქვეყნეთ, უნდა ყოფილიყო შესადარისი წინა პერიოდთან, რათა ელემენტარულად მოგვეხდინა ჰარმონიზება ისტორიულ მწკრივთან. ამისთვის განხორციელდა ამ საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდებით წინა მწკრივების გადათვლა-გადაანგარიშება. სახეზე მივიღეთ თითქმის იგივე ტრენდი, სადაც ბოლო 10 წლის განმავლობაში კლების ტენდენცია გრძელდება. თუმცა უმუშევრობის დონე გაიზარდა მთელი ამ ისტორიული მწკრივის განმავლობაში.

ტენდენცია იყო შემცირების, მაგრამ უმუშევრობის დონე გაიზარდა?

ტრენდი, როგორც იყო ადრე, დარჩა, უბრალოდ დონემ აიწია. ანუ მონაცემები უფრო მეტად დაზუსტდა და რეალობასთან უფრო მეტად ახლოს მოვიდა.

როგორც წესი, ყოველ წელს უმუშევრობის დონის დათვლის მეთოდოლოგიაში თვითდასაქმებულების წილი ყოველთვის მაღალია და რაზეც მოდის კრიტიკა, რომ სხვა წესით, სხვა მეთოდოლოგიით უნდა ითვლებოდეს და თვითდასაქმებულები არ უნდა აისახებოდეს უმუშევრობის სტატისტიკაში. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ამ მიმართულებით რამე შეიცვალოს?

ზოგადად, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქსტატი აღნიშნული კვლევის განხორციელებისას და აღნიშნული კატეგორიების შეფასებისას ეყრდნობა საერთაშორისო ინსტიტუტების, კერძოდ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას. შესაბამისად, ამ რეკომენდაციების მიხედვით, თვითდასაქმებულები განიხილებიან როგორც დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი. ზოგადად, სტრუქტურას თუ დავაკვირდებით, 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობა ქვეყანაში 3,7 მილიონი მოსახლიდან დაახლოებით 3 მილიონის ფარგლებშია. აქიდან, დაახლოებით 1,7 მილიონი გახლავთ, ასე ვთქვათ, დასაქმებულთა რაოდენობა. დასაქმებულთა რაოდენობაში კი დაახლოებით 880 000 თვითდასაქმებულია, დანარჩენი მოდის დაქირავებულზე.

თავად თვითდასაქმებულს რასაც ვარქმევთ, ის რამდენად სწორია?

ეს სწორია თუ არასწორია, ამაზე არ ვსაუბრობ. ეს არის შემოთავაზებული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. შესაბამისად, მათ მიერ შემოთავაზებული წესების მიხედვით ხორციელდება მათი კლასიფიცირება. თუმცა კიდევ ერთი გარემოება უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში თვითდასაქმებულთა წილი კლების ტენდენციით ხასიათდება დასაქმებულთა სტრუქტურაში, შესაბამისად მზარდია დაქირავებით დასაქმებულთა წილი. აქვე მინდა განვმარტო, რომ ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, უმუშევართა კატეგორიას წარმოადგენს ის პირები, რომლებიც გასული 1 კვირის განმავლობაში არ მუშაობდნენ, თუნდაც 1 საათითაც კი, აქტიურად ეძებდნენ სამუშაოს გასული თვის განმავლობაში და იმავდროულად მზად იყვნენ სამუშაოს დასაწყებად მომდევნო 2 კვირის განმავლობაში. ასეთი კატეგორია ჩვენ გვაქვს დაახლოებით 278 000 კვლევის შედეგების მიხედვით და სწორედ მათი წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში წარმოადგენს უმუშევრობის დონეს, რომელიც 2017 წლის კვლევის შედეგების მიხედვით 13.9%-ს შეადგენს.   

პირველ კვარტალს თუ შევხედავთ, 14%-ია უმუშევრობა, რასაც ვერ შევადარებთ 2017 წლის მთლიან მაჩვენებელს, თუმცა რამდენად ტენდენციურია ეს პირველი კვარტლისთვის, რამდენად ადეკვატური მაჩვენებელია?

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქსტატმა კვარტალური მონაცემები გამოაქვეყნა. 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 14%-ით განისაზღვრა უმუშევრობის დონე. მისი შედარება სეზონურობის ფაქტორიდან გამომდინარე 2017 წლის წლიურ მონაცემებთან პრინციპულად დაუშვებელია, იქიდან გამომდინარე, თუ დავაკვირდებით ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებს, სხვა მაჩვენებლებსაც. ზოგადად, პირველი კვარტალი ეკონომიკურად ყველაზე დაბალაქტიურია. შესაბამისად, უმუშევრობის დონე პირველ კვარტალში სხვა კვარტლებთან შედარებით ლოგიკურად დაბალია. თუნდაც იმიტომ, რომ თვითდასაქმებულთა რაოდენობა ვახსენე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი წილითაა წარმოდგენილი დასაქმებულთა რაოდენობაში, დასაქმებულთა დაახლოებით 880 000-ია. აქიდან კი ძალიან დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობის დარგშია დასაქმებული და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველი კვარტალი სოფლის მეურნეობის დარგისთვის საკმაოდ ნაკლებად აქტიურია, შესაბამისად, უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მომდევნო კვარტლების მაჩვენებლებში აღნიშნული უმუშევრობის მაჩვენებელი ნაკლები უნდა იყოს. ასევე არსებობს სხვა დარგები, რომელიც პირველ კვარტალში დაბალი აქტივობით გამოირჩევა, მაგალითად მშენებლობები ნაკლებია და ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის დარგში პირველ კვარტალში შედარებით ნაკლებია დასაქმებული. ამიტომ, სწორი ანალიზისთვის კვარტალური მონაცემები აუცილებლად წინა წლის შესაბამის კვარტალთან უნდა შედარდეს, რომელიც ამ ეტაპზე არ გვაქვს.

ოპოზიციისგან გარკვეული ინიციატივა მოვისმინეთ, რომელიც მოითხოვს, რომ საქსტატი პრემიერ-მინისტრს არ ექვემდებარებოდეს და პარლამენტის წინაშე იყოს ანგარიშვალდებული. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს, თუ ოპოზიცია თავისი ინიციატივის გატანას მოახერხებს?

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სრულიად დამოუკიდებელი უწყება ვართ. საპარლამენტო რესპუბლიკაში ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე ყველა უწყებაა. ეს ჩვენზე დამოკიდებული აბსოლუტურად არ არის და მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს ამა თუ იმ მეთოდოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ იქნება შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი და თუ იქნება შესაბამისი კანონი, ჩვენი სისტემა იხელმძღვანელებს ამით.

პირადად თქვენი აზრით, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის და სპეციალისტის, რამდენად  რეალურად ასახავს ქვეყანაში უმუშევრობის დონეს ეს მაჩვენებლები, რაც გამოაქვეყნეთ?

რა თქმა უნდა, მე მჯერა თითოეული მონაცემის, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმას, რომ იმ პირობებში, რა მეთოდოლოგიას ვიყენებთ, ეს ასახავს სრულიად რეალობას და ამ მონაცემების ხარისხში, მე პირადად და ჩემს თანამშრომლებს, ეჭვი არ გვეპარება.     

თუმცა ბოლო დროს საქსტატის მიერ რამდენიმე მეთოდოლოგიის ცვლილებამ, მათ შორის ინვესტიციებთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული ცვლილება, სპეკულაციები გააჩინა. რით შეგიძლიათ ამას უპასუხოთ?

იცით რაშია საქმე, როდესაც ჩნდება ახალი წყარო აუცილებელია ჩვენ მისით ვიხელმძღვანელოთ და საზოგადოებას შევთავაზოთ უფრო განახლებული და რეალური ციფრები. ეს ჩვენი ფუნქცია და უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა.

ვიდეო  

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები