24 მაისი 2018

რა იცვლება დედაქალაქის სატრანსპორტო რეფორმით მგზავრებისთვის

ინტერვიუ თბილისის მერის მოადგილესთან

საზოგადოებრივ ელექტროტრანსპორტზე, მიკროავტობუსების მარშრუტებზე, ავტობუსების შემოსაყვანად გამოცხადებულ ტენდერსა და კიდევ რამდენიმე საკითხზე, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება „მაესტრო“ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძეს ესაუბრა.
 

თბილისი, რუსთაველის გამზირი
ფოტო: shutterstock.com

პირველ რიგში, თბილისს მერის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებას შევეხები იმის შესახებ, რომ ელექტროტრანსპორტთან დაკავშირებით გადასახადები საერთოდაც უნდა მოიხსნას. ეს ინიციატივა მთავრობის სხდომაზე უკვე გატანილი და დარეგისტრირებულია. უფრო კონკრეტულად რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობს კახა კალაძის ეს ინიციატივა?

რეალურად, ეს არის იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც მეტი იანვრიდან უკვე ატარებს. არა მხოლოდ მერია, ზოგადად მთავრობის ერთიანი პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად შეღავათიანი გახდეს სარგებლობა იმ ავტომობილებით და იმ ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც ნაკლებ გავლენას ახდენენ გარემოზე. ეს იმ ერთიანი პოლიტიკის ნაწილია, რომლის ფარგლებში ტექდათვალიერების სისტემა უკვე ამოქმედდა ქვეყანაში, შესაბამისად მერიის მხრიდან გაჟღერებული ეს ინიციატივა, ვფიქრობ, განხილული უნდა იყოს ზუსტად ამ კონტექსტში. დღევანდელი ინიციატივის შესახებ თუ უფრო მეტ დეტალს ვიტყვით, აქ საუბარია ელექტროავტობუსებისა და ელექტრო მიკროავტობუსების შესაბამისი გადასახედებისგან გათავისუფლების თაობაზე. იცით, რომ მსგავსი სისტემა უკვე არსებობს საგადასახადო კოდექსში მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ინიციატივით აუცილებლად უნდა წახალისდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

მერის ინიციატივაში შედის ისიც, რომ მსგავსი ტრანსპორტის დამზადება-წარმოებაზე, თბილისშიც კი, საგადასახადო შეღავათები უნდა დაწესდეს. არის რამე პერსპექტივა, რომ თბილისში, ან საქართველოში მსგავსი წარმოება შეიქმნას?

რა თქმა უნდა, ყველაფრის პერსპექტივა არსებობს მაშინ, როდესაც არის სურვილი, მაშინ, როდესაც არის სწორი მენეჯმენტი და მაშინ, როდესაც არის საგადასახადო სისტემა შექმნილი ქვეყანაში. იცით, რომ საქართველოს ლოკაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ აქ წარმოებული პროდუქციის დისტრიბუცია მოხდეს რეგიონში. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ თუ ჩვენ სწორ საინვესტიციო კლიმატს შევქმნით სწორედ ამ კუთხით, სრულიად შესაძლებელია მოვიზიდოთ ისეთი ინვესტიციები, რომელიც ელექტროავტომობილების და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების დამზადება-აწყობას ხელს შეუწყობს თბილისში. ამასთან დაკავშირებით, დამატებით მინდა ვთქვა, რომ თბილისის მერიამ აქტიურად ითანამშრომლა ფინანსთა სამინისტროსთან ამ კუთხით, მათ შორის საქართველოს პარლამენტთან და ვფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტი ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე ძალიან მალე დაიწყებს მუშაობას.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ავტობუსის გარკვეულ მარშრუტებში შეიძლება ცვლილებები შევიდეს. რას გულისხმობს მარშრუტებში ცვლილებები, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსების გრძელი რეისებიც კი შეიძლება შემცირდეს. ამ მიმართულებით რა აქვს დაგეგმილი თბილისის მერიას?

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება საკითხების არასწორი ინტერპრეტაცია. დავიწყებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც მიკროავტობუსების მარშრუტების შემცირებასა და ხანგრძლივობის გაზრდაზე იყო საუბარი. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 2 თვის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გავაფორმეთ საგრანტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში დაქირავებული იქნა ფრანგული კომპანია „სისტრა“, რომელიც 2 თვეა გამოკითხვებს აწარმოებს ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მეტროში, ავტობუსსა და მიკროავტობუსში და ხდება ნაკადების დათვლა. ასევე ხდება საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და იმის გარკვევა, ადამიანები თუ რომელი სატრანსპორტო საშუალებებით რა მარშრუტებს გადიან. ეს კვლევა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ სატრანსპორტო სისტემის რეორგანიზება. აქ ვგულისხმობ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ისე, რომ არ იყოს დუბლირება და იქ, სადაც ჩვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოვისაკლისებთ,  დაემატოს ახალი მარშრუტები. გარდა ამისა, აღნიშნული კვლევა უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ, ჩვენ საქართველოს ისტორიის განმავლობაში პირველად გვექნება ტრანსპორტის მოდელი, რაც იმას ნიშნავს, რომ გვექნება ელექტრონული პროგრამა, სადაც ელექტრონულად აღირიცხება ყველა ნაკადი და ყველა მნიშვნელოვანი, მათ შორის სამშენებლო ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ, მშენებლობის ინტენსივობიდან გამომდინარე ჩვენ საშუალება გვექნება საშუალება ელექტრონულად გავთვალოთ რა დატვირთვა მოუწევს ამა თუ იმ გზას. მარტივად რომ ვთქვათ, გზების მშენებლობა აღარ იქნება მხოლოდ კვლევებზე დაფუძნებული. იქნება უკვე ელექტრონულ მონაცემებზე და რეალურ სივრცეში და დროში დათვლილ მონაცემებზე დაყრდნობილი. რა პროცესსაც იყენებს მთელი მსოფლიო და სამწუხაროდ, ეს აქამდე საქართველოს არ ჰქონია. ასევე „სისტრას“ კვლევასთან დაკავშირებით მინდა დავამატო, რომ უნიკალურია ის პროცესი, რომელიც იწყება ამ კვლევის ფარგლებში. ეს არის ისეთ სისტემის შექმნაზე მუშაობა, როდესაც ადამიანი იხდის ერთხელ და სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნებისმიერი ფორმით. ანუ, საუბარია გაბილეთიანების სისტემის ინტეგრაციაზე.

რამდენად შეღავათიანი იქნება ეს მომხმარებლის, მგზავრის ჯიბისათვის?

იცით, რომ საქართველოში და ზოგადად თბილისში, საშეღავათო სისტემა არის ერთ-ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში. ძალიან დიდი შეღავათების რიცხვი, რომელიც დაწესებულია და ამას საერთოდ არ  ეხება ეს კვლევა. საუბარია გადახდის მარტივ მექანიზმზე, რომ სამჯერ არ მოგვიწიოს გადახდა ან ოთხჯერ, გააჩნია რა ტრანსპორტში ვჯდებით. ისიც მინდა ვთქვა, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ელექტრონული მართვის მექანიზმები შემოვიტანოთ. შესაბამისად, დაველოდოთ კვლევებს და მერწმუნეთ, რომ ის სისტემა, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ, მოწონებული იქნება.

ამ კვლევების შედეგებზეა დამოკიდებული ავტობუსების მარშრუტებიც?

მათ შორის. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 10 წლის წინ თბილისში სამარშრუტო სქემები დაინგრა. მარტივად გეტყვით, რას ნიშნავს. ადრე ან ტრამვაი იყო, ან ტროლეიბუსი, სამწუხაროდ ეს სისტემა მოიშალა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ცდილობს ეს სისტემა შეინარჩუნოს, ჩვენ ჩვენი ხელით დავანგრიეთ ეს სისტემა და სამარშრუტო სქემები გაურკვეველი შეხედულებისამებრ გადაეწყო, რამაც გამოიწვია ის, რომ შეიძლება ერთ ხაზზე, ერთ ქუჩაზე ერთდროულად დადიოდეს რამოდენიმე სამარშრუტო ტაქსი, რამოდენიმე ავტობუსი და ჩვენ გვქონდეს ქუჩები, სადაც საერთოდ არ დადის ტრანსპორტი. ასეთი შემთხვევები გვაქვს და დღევანდელი ჩვენი გამოხმაურება, როდესაც 25 ავტობუსი დავამატეთ სხვადასხვა მიმართულებებზე, ზუსტად ამ სიცარიელის შევსების ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. სატრანსპორტო სქემა რომ დაინგრა, ამის ნათელი მაგალითია ის, რაც ბარათაშვილის ხიდზე ხდება. ხომ ყველამ ვიცით, რომ იქ ყვითელი ავტობუსების თავყრილობაა, მიტინგივით არის ხოლმე და რეალურად წარმოუდგენელი რამ ხდება ქალაქის ისტორიულ მონაკვეთში, იმიტომ რომ, სატრანსპორტო სქემა არის დანგრეული.

ამ კვლევის ფარგლებში, რა ვადებში განხორციელდება ეს პროექტი?   

პირველი შედეგები გვექნება 6-9 თვეში და 15 თვეში კვლევა იქნება დასრულებული. კვლევა ასევე გვეტყვის დამატებით რამდენი ავტობუსი იქნება საჭირო იმ პირველადი კვლევებისა და მოთხოვნების გარდა, რაც ჩვენ გვაქვს. ასევე სამარშრუტო კომპანია აქტიურად არის ჩართული ამ კვლევაში და ისინიც ძალიან დიდი მოლოდინით ელოდებიან.

ვიდეო

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები