12 ივნისი 2018

Unicef-ის ახალი კვლევის მთავარი აქცენტები

ინტერვიუ ფონდის პროგრამის ხელმძღვანელთან

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) მოსახლეობის კეთილდღეობასთან დაკავშირებული ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მონაცემებია ასახული. მათ შორის, სამომხმარებლო სიღარიბე, სუბიექტური სიღარიბე და სოციალური გარიყულობა. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალური ტრანსფერების როლს და ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებს. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს UNICEF-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა თინა ბაუმი პასუხობს.
 

ფოტო: shutterstock.com

პირველ რიგში, ნათქვამია, რომ ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში და 2015 წლის კვლევასთან შედარებით ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ისევ გაზრდილია. ამას რაზე დაყრდნობით ამბობთ და რა აჩვენა ახალმა კვლევამ, რა არის ძირითადი პრობლემები?

კვლევა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის კვლევა, რომელსაც „იუნისეფი“ 2009 წლიდან მოყოლებული ახორციელებს ორ წელიწადში ერთხელ. ეს არის შინამეურნეობების კვლევა და ქვეყნის მასშტაბით არის წარმომადგენლობითი. კვლევა აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოციალურ მდგომარეობაზე, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ასე შემდეგ. სწორედ ამ კვლევამ აჩვენა, რომ სიღარიბის მაჩვენებლები 2015 წელთან შედარებით არის გაუარესებული, საუბარია მონეტარული სიღარიბის მაჩვენებელზე. მათ შორის, ამ კატეგორიაში ყველაზე მეტად დაზარალდნენ ბავშვები და ბავშვიანი ოჯახები. თუმცა ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ მოხდა შემოსავლების რეალური ზრდა, რამაც გამოიწვია სიღარიბის სუბიექტური შეფასების გაუმჯობესება. ამავდროულად, ქვეყანაში არსებობს სოციალური დაცვის სხვადასხვა პროგრამები და ამ პროგრამებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მეტად არ გაუარესებულიყო. ანუ, გაიზარდა მიზნობრიობა.

რომ დაგვისახელოთ განსაკუთრებით რომელმა სოციალურმა პროგრამამ ითამაშა ამაში დიდი როლი, რომელ პროგრამაზე საუბრობთ?

ქვეყანაში არსებობს რამოდენიმე პროგრამა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, ასე ვთქვათ, უმწეოთა დახმარებაზე ვსაუბრობ. ამ პროგრამის დაფარვა დაახლოებით 10-12%, შესაბამისად ის ყველას ვერ მოიცავს, ვისაც ეს სჭირდება, იმიტომ რომ, ამისთვის შესაბამისი რესურსები არის საჭირო. თუმცა იმ ფარგლებში, რასაც ეს პროგრამა მოიცავს, მან საკმაოდ დიდი როლი ითამაშა, რომ მოსახლეობის მაჩვენებლები კიდევ უფრო მეტად არ გაუარესებულიყო.

ამ კვლევის მიხედვით ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ისევ სკოლამდელ აღზრდას უკავშირდება. კვლევაში ნათქვამია, რომ საბავშვო ბაღების არ არსებობის გამო დაახლოებით 14 000 ბავშვი კვლავ ვერ დადის ბაღში. პრობლემა მხოლოდ საბავშვო ბაღების სიმცირეა თუ მშობლები არ აქცევენ დიდ ყურადღებას სკოლამდელ განათლებას?

ზოგადად, სკოლამდელ განათლებაში 3-დან 5-წლის ასაკის ჯგუფში ჩართულობა გაზრდილია 2015 წელთან შედარებით, ასულია 64%-მდე. თუმცა მათი ნაწილი, ვინც არ დადის ბაღში, ზოგ ნაწილზე, ვთქვათ, მშობელი თვლის, რომ ცოტა პატარაა, მომვლელი ჰყავს სახლში. ის 14 000 ბავშვი კი, რომელზედაც თქვენ საუბრობთ, მარტო იმიტომ არ დადის ბაღში, რომ ფიზიკურად არ არსებობს მეტი ბაღი. დღეს ქვეყანაში უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ ინფრასტრუქტურულად უფრო მეტი ბავშვის ჩართულობა შეუძლებელია, იმიტომ რომ, ფიზიკურად ადგილები აღარ არს, არც - ქალაქად, არც - სოფლად.  

ასევე კვლევაში აღნიშნულია, რომ ღარიბი მოსახლეობის 15-დან 18-წლამდე ასაკის ყოველი მეხუთე ბავშვი აღარ არის ჩართული საგანმანათლებლო სისტემაში. ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი შესაძლოა მძიმეა, რაც ბავშვებზე მოქმედებს, მაგრამ გამოსავალი ამ შემთხვევაში რა არის, როგორ უნდა განავითაროს სახელმწიფომ რესურსები ბავშვებისთვის?

პირველ რიგში, თქვენ რასაც ამბობთ, ნიშნავს, რომ ეს ის კატეგორიაა, ეს ის ბავშვებია, ვინც სავალდებულო სასკოლო განათლების მერე აღარ არიან ჩართულები. თუმცა, ამის შემდეგ რომ არ არიან ჩართულები, ეს ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება აღარ აგრძელებდნენ იგივე არც განათლებას, ან შეიძლება ამის შედეგად დაბრუნდნენ და იყვნენ ჩართულები შრომით საქმიანობაში, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ საკმაოდ მაღალი შემოსავლის შემომტანი იყოს და რა თქმა უნდა, ამის ასე დატოვება არ შეიძლება. ამ ცვლილებებს, ამ ყველაფერს სჭირდება უფრო ყოვლისმომცველობითი რეფორმები სხვადასხვა კუთხით. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე. მარტო ეკონომიკური განვითარება საკმარისი არ არის, ის უნდა იყოს ინკლუზიური. ინკლუზიურის შემთხვევაში კი უნდა ვისაუბროთ, როგორც სოციალური დაცვის სისტემის უფრო მეტად გამართვაზე, ასევე განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და მათ შორის, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე და შესაბამისად, ჩვენი ახალგაზრდების უფრო მეტად გააქტიურებაზე და ჩართულობის გაუმჯობესებაზე.

რა შეიძლება, რომ სახელმწიფომ ასეთ ბავშვებს შესთავაზოს, რომლებიც უარს ამბობენ სწავლის გაგრძელებაზე? როგორ შეიძლება, სახელმწიფომ ისინი სწავლით დააინტერესოს?

ჩვენ ზუსტად არ ვიცით ეს ბავშვები რატომ ამბობენ უარს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება აღარ იყვნენ ჩართულები, სწორედ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყოს, შესაძლებელია სხვა რამეც იყოს. ამას უფრო მეტი ჩაღრმავებული კვლევა ესაჭიროება და შესაბამისი პროგრამები, რასაც სახელმწიფო დაგეგმავს, სწორედ ამ კვლევის შედეგებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

კვლევაში საუბარია ასევე, რომ ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში გაზრდილია. მხოლოდ უმუშევრობამ განაპირობა ქვეყანაში სიღარიბის ზრდა?

არა, რა თქმა უნდა. სიღარიბის მაჩვენებლების ზრდა განაპირობა ძალიან ბევრმა ფაქტორმა. 2015 წლიდან დღემდე ძალიან ბევრი მოვლენა განვითარდა, მათ შორის საგარეო კონტექსტს თუ ავიღებთ, ამან რამდენად იმოქმედა ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, იგივე ლარის გაუფასურება, იგივე ინფლაცია, ბევრი სხვადასხვა ფაქტორი ჩაერთო ერთდროულად. მოსახლეობამ, პრინციპში, გახარჯა თავისი დანაზოგები, აიღო სესხი და 2017 წლისათვის მას უკვე აღარ აქვს იმდენი განკარგვადი შემოსავალი, რომ შესაბამისი ხარჯები ჰქონდეს და რა თქმა უნდა, ამან ყველაფერმა ერთად განაპირობა სიღარიბის მაჩვენებლების ზრდა.

როგორც ვიცით, ეს კვლევა 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და რა არის ახალი კვლევის ძირითადი მიგნებები? ჩვენ უარყოფით ფაქტორებზე ვისაუბრეთ, ახლა დადებითისკენ რა შეიცვალა ამ ორ წელიწადში?

დადებითისკენ თუნდაც ის შეიცვალა, რომ სიღარიბის სუბიექტური შეფასების მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს უკვე დაწყებულაი სიღარიბის მაჩვენებლების გაუმჯობესება, რომელსაც ჩვენი კვლევა ჯერ ვერ იჭერს, იმიტომ რომ, ის 2015-სა და 2017 წელს ადარებს ერთმანეთს. ერთის მხრივ, სუბიექტური შეფასება არის გაუმჯობესებული. ასევე ის მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ მას აქვს ფინანსური ვალები მაგალითად, ჯანდაცვაზე, მათი წილიც შემცირებულია და ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. სოციალური გარიყულობის თვალსაზრისითაც შემცირებულია იმ ადამიანების წილი, ვინც იძახის, რომ მას უნდა მაგალითად, მიიღოს სერვისები ჯანდაცვაში, განათლებაში და სოციალურ სფეროში და ვერ მიიღო. ანუ, ესეც პოზიტიური მაჩვენებელია.

ვიდეო

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები