30 ივნისი 2018

რა საერთაშორისო რეაქციას ელის საგარეო უწყება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე

ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრთან

ერთ კვირაში ბრიუსელში ნატოს სამიტი უნდა ჩატარდეს. მანამდე კი თბილისში ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-კაციანი სია შედგა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას დაერთვება. მათ, ვინც 33-კაციან სიაში მოჰყვა, სავარაუდოდ, ანგარიშებს გაუყინავენ, მათზე არც შენგენის ზონის ვიზები გაიცემა. მსჯავრდებულებზე კი, გამორიცხული არ არის, ინტერპოლმა ძებნა წითელი ცირკულარით გამოაცხადოს. სიის შემადგენლობის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა. ამ თემებმა კრემლის საოკუპაციო ზრახვები გაააქტიურა. ცხინვალში ჯერ საპასუხო სიაზე ალაპარაკდნენ, ხოლო შემდეგ თრუსოს ხეობაზე, კობის ქვაბულსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე პრეტენზიები გამოთქვეს. მიმდინარე კვირას რამდენიმე ადამიანიც გაიტაცეს. ამ ყველაფერს დაემატა კიდევ ერთი ფაქტი, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შემუშავებული ორპარტიული რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაა დაგმობილი და რომელიც საქართველოს მოქალაქეების უფლებების უხეშად დამრღვევების მიმართ სანქციების მხარდაჭერას გულისხმობს. „ქრონიკის“ წამყვანის თეა სიჭინავას კითხვებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უპასუხა.

დავით ზალკალიანი
ფოტო: Facebook

პირველი, რაც სიის მიღების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან დაევალა ის არის, რომ დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო თანამეგობრობა იყოს ინფორმირებული ამ სიასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ გვითხრათ, ახლა რა ეტაპზეა ეს პროცესი?

ბუნებრივია, პარლამენტის ეს რეზოლუცია და მთავრობის დადგენილება საგარეო საქმეთა სამინისტროს გვავალდებულებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ინფორმირება გავუკეთოთ ამ სიასთან დაკავშირებით და ასევე იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ სიაში არიან შეყვანილნი, ან რა კრიტერიუმებით იყო განსაზღვრული ამ პირების შეყვანა. ეს პროცესი ჩვენ უკვე დავიწყეთ, დავიწყეთ უფრო ადრე, ვიდრე ეს სია ოფიციალურად გამოქვეყნდებოდა, რადგანაც აუცილებელი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის შემზადება ამ პროცესისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ სიის გამოქვეყნებამდე უკვე იყო მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუცია. ჩვენი საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ყოფილიყო ბმა ამ სიასთან დაკავშირებით. იქ არის დებულება, რომელიც ავალდებულებს ევროკავშირს და ევროკავშირის ქვეყნებს ინდივიდუალურად, რომ დააწესონ სანქციები იმ პირებთან მიმართებაში, რომლებმაც ჩაიდინეს უკანონო ქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმართ იყოს შემოღებული შემზღუდავი ზომები, ანუ სანქციები. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც მთავრობის დადგენილება იყო მიღებული, რაც გადაეგზავნა პარლამენტს და ეს სია გახდა საჯარო, ჩვენ ასევე მყისიერად გადავდგით ნაბიჯები, საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვიწვიეთ დიპლომატიური კორპუსი. ამ შეხვედრის მიზანი გახლდათ მათი ინფორმირება ამ სიასთან დაკავშირებით. ვენ დეტალურად განვუმარტეთ მათ, თუ რა იყო ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც შედგა ეს სია, ასევე ის შესაძლო კითხვები, რაც შეიძლება მათ ჰქონოდათ ამ სიასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივაწოდეთ და უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან აქტიურ ურთიერთობას იმისთვის, რომ მიღებული იყოს შესაბამისი სანქციები. ამ მხრივ გარკვეული შედეგიც უკვე არის. მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობით პალატაში ინიცირებული იყო საკანონმდებლო აქტი, რომელიც მართლაც უპრეცედენტოა და შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული აქტია. ჯერ ის კანონად არ არის ქცეული, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ მისი ინიცირება მოხდა და ამ მოცულობის, ამ შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენ არ გვქონია. აქ, რა თქმა უნდა, არის მინიშნებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით და ამ ადამიანებთან მიმართებაში შემზღუდავი ზომების შემოღებაზე, მაგრამ თავად აქტი არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგანაც ის მოიცავს საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას და განსაკუთრებული აქცენტები გაკეთებულია თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე, ასევე თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით ამერიკასთან შესაძლებლობების გაფართოვებაზე და ბუნებრივია, ასევე არის გამოხმაურება სიაზე და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს პარტნიორებთან, რათა საკანონმდებლო დონეზე დაწყებული ეს ინიციატივა ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში.

სიის მიღებისას, ალბათ, თქვენც აკვირდებოდით და ისმენდით ოპოზიციის პრეტენზიებს სიასთან დაკავშირებით. იქ საუბარი იყო, რომ გარდაცვლილი ადამიანები მოხვდნენ სიაში და იყო პრეტენზიები, რატომ არ მოხვდნენ რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, იმიტომ რომ, ოკუპაცია მხოლოდ სამხრეთ ოსეთის რეჟიმსა და აფხაზეთის რეჟიმს არ უკავშირდება, ბუნებრივია, რუსეთიც არის ამ ყველაფერში წარმოდგენილი, ამიტომ იყო პრეტენზია რუსეთის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით. რატომ მივიღეთ ასეთი სახის სია, ხომ არ იყო ეს უფრო პრაგმატული გადაწყვეტილება, რომ მაგალითად, საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით შეიძლება ცოტა უფრო სკეპტიკური ყოფილიყო, ან ცოტა უფრო მეტი კითხვა დაესვა? ამით ხომ არ იხელმძღვანელა ხელისუფლებამ?

თავად პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავდა, თუ რის საფუძველზე უნდა მომხდარიყო ამ სიაში ადამიანების შეყვანა. იქ ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული სამი კრიტერიუმი - უნდა ყოფილიყო ბრალდებული და მსჯავრდებული; ასევე ადამიანები, ვის მიმართ არის სისხლის სამართლებრივი დევნა და მესამე კრიტერიუმად განსაზღვრული იყო, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყველა ამ კრიტერიუმს აბსოლუტურად სრულად პასუხობს ის სია, რომელიც წარმოდგენილი იყო მთავრობის მხრიდან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის 33 ადამიანისგან შემდგარი სია. ბუნებრივია, ეს სია არ არის დახურული. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სპეკულაციები, რომ სიაში მოხვედრილები არიან გარდაცვლილები. ამაზეც იყო გაცემული პასუხი, თუ რის გამო მოხდა ეს. ამას აქვს სამართლებრივი საფუძველი - სანამ დოკუმენტურად არ იქნება დასაბუთებული, რომ ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან თუ ცოცხლები, სისხლის სამართლის საქმე მათ მიმართ ვერ შეწყდება. აქაც სამართლებრივი საფუძვლებით ხელმძღვანელობდა შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც ამ სიის შედგენაზე მუშაობდა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს სია არა არის საბოლოო. შესაძლებელია, რომ ამ პროცესში მოხდეს ან მისი შემცირება, ან კიდევ უფრო გაფართოება. ნებისმიერი ასეთი პროცესი, რომელიც სანქციებთან დაკავშირებით ხდება, მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ შეიძლება სია მუდმივად იცვლებოდეს, ან მცირდებოდეს, ან პირიქით გაიზარდოს. ამიტომ ეს არგუმენტები იყო მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოყენებული. რაც შეეხება შესრულებას, მთავრობის მხრიდან ზუსტად არის შესრულებული იმ პირობებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც საპარლამენტო რეზოლუციაში არის გაწერილი. სია ზუსტად პასუხობს რეზოლუციის დოკუმენტს.

ერთია სანქციები, მაგრამ მეორეა რა რეაქცია ექნება ამაზე საერთაშორისო თანამეგობრობას. ამერიკის რეაქციაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ გაქვთ თუ არა განწყობა, რომ ანალოგიური განწყობით და სულისკვეთებით შეხვდებიან ჩვენი სხვა პარტნიორები, მაგალითად ევროპაში, ამ სანქციებს?

არა მარტო ამერიკელების რეაქცია იყო ამაზე. მოგახსენეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც პირდაპირ არის მინიშნება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაზე, რომ აუცილებელია ამ სიაში შეყვანილი ადამიანების მიმართ შემზღუდავი ზომები შემოიღოს, ანუ ევროპარლამენტის საპარლამენტო რეზოლუცია პირდაპირ მოუწოდებს მის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს, რომ შემოიღოს შემზღუდავი ზომები. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, რომელიც უკვე დაწყებულია და მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და არა მარტო ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენ მყარი არგუმენტებით გვექნება მათთან საუბარი და მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მათი მხრიდან გაზიარებული იქნება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც იქ არიან შეყვანილები, შესაბამისი სანქციები იყოს შემოღებული.

ჩვენი რეპორტაჟის დასაწყისში აღვნიშნეთ კიდეც, რომ ამ სიის შემუშავებამ და ბრიუსელში მოახლოებულმა ნატოს სამიტმა განსაკუთრებული რეაქცია გამოიწვია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. აღვნიშნე კიდეც, რომ რამდენიმე ადამიანის დაკავება მოხდა და ასევე სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ჭვრინისის განაპირას მე-12 კლასელი მოსწავლე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანი შეიარაღებულმა პირებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. ასეთი სურათი გვაქვს. ამ თემასთან დაკავშირებით თქვენი გამოხმაურება მინდა, ამ გააქტიურების ფეხდაფეხ რუსეთისა და  საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მეტ ასეთ ფაქტს უნდა ველოდოთ?  

ბუნებრივია, ეს ფაქტები მანამდეც ხდებოდა, სანამ სია იქნებოდა წარდგენილი. მსგავსი დაკავებები, გატაცებები და უფრო მეტიც, მკვლელობები, ბრუტალური მკვლელობები, რომელიც ჩადენილი იყო ტატუნაშვილის და ოთხოზორიას მიმართ, ამ სიის დადგენამდე მოხდა ეს ყველაფერი და ეს სიაც სწორედ იმას ემსახურება, რომ მოხდეს მსგავსი უკანონო, მიუღებელი ქმედებების პრევენცია. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომ ეს სია მიმართულია იქითკენ, არ მოხდეს ადამიანების გატაცება, რომ მოხდეს პრევენცია, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამოქმედებული იყოს ყველა შესაბამისი ზომა. ამაზე არის საუბარი სწორედ, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე როდესაც ვსაუბრობთ ჟენევის მოლაპარაკების კონტექსტში. თქვენ იცით, რომ ამ სიის ამოქმედებამდე იყო გამშვები პუნქტების შემცირება აფხაზეთის მიმართულებით, როცა 6 გამშვები პუნქტიდან მხოლოდ 2 დატოვეს, როდესაც ადამიანებს მუდმივად უქმნიან ბარიერებს იმასთან მიმართებაში, რომ ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილება და წვდომა განათლებაზე და დაამუშაონ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. ეს სია სწორედ პრევენციას ემსახურება და არა სიტუაციის ესკალაციას, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან, რომ ამ მიმართულებით მოხდეს გააქტიურება.

კონკრეტული ფაქტის შესახებ უკვე საქმის კურსშია შესაბამისი უწყებები, რაც ახლა მოგახსენეთ?

რა თქმა უნდა. რაც თქვენ ახსენეთ, მე-12 კლასელი ბავშვის დაკავებასთან დაკავშირებით, ჩემი ინფორმაციით, უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ყველა შესაბამისი უწყება საქმის კურსშია ჩაყენებული, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა ჩვენი პარტნიორი. მსგავს შემთხვევები არსებობს შესაბამისი სამოქმედო გეგმა და ეს სამოქმედო გეგმა უკვე ამოქმედებულია.   

ვიცი, რომ ხვალიდან იწყება თქვენი ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში, თქვენს გერმანელ კოლეგას შეხვდებით და ცხადია, ამ თემაზე იქნება მთავარი აქცენტი და საუბარი. რა მოლოდინები გაქვთ?

იწყება ვიზიტი გერმანიაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი გამომდინარე იქიდან, რომ დროის თვალსაზრისით, შინაარსის თვალსაზრისით გერმანია არის ჩვენი ძალიან სერიოზული პარტნიორი, ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, ჩვენი ძალიან მყარი მხარდამჭერი ევროინტეგრაციული პროცესების მიმართულებით. ჩვენ საუბარი გვექნება როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე გერმანიის მნიშვნელობაზე, მის როლზე და მხარდაჭერაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ვისარგებლებთ შემთხვევით, რომ ეს იქნება ჩვენი პირველი კონტაქტი, რა თქმა უნდა, ჩვენ გერმანელ პარტნიორებს გავაცნობთ საქართველოს ახალი მთავრობის ხედვას, თუ როგორია ჩვენი გეგმები ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობაზე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ახალმა პრემიერმინისტრმა სამთავრობო გეგმაში, რომელიც წარადგინა პარლამენტში, გამოყო ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც გახლავთ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის სრული და სრულფასოვანი ინტეგრაცია, ასევე ეკონომიკური რეფორმები, ქვეყნის განათლებაზე ორიენტაცია და ადამიანი, როგორც მთავარი ცენტრი ამ რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ბუნებრივია ამ გეგმებზეც გვექნება საუბარი და მომავალ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ვიდეო 

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები