14 ივლისი 2018

რით იყო მნიშვნელოვანი ნატოს სამიტი საქართველოსთვის

თბილისი ალიანსის გადაწყვეტილებების შედეგებს აფასებს

11-12 ივლისს ბრიუსელი ნატოს მორიგ სამიტს მასპინძლობდა. მწვავე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე მიმდინარე სამიტზე საქართველოს თემას აქტუალობა არ დაუკარგავს. ორი უმაღლესი დონის შეხვედრა, ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი საქართველოს შესახებ. 79-პუნქტიან დეკლარაციაში, სამი პუნქტი სწორედ საქართველოს ეთმობა. რა ნაწილში გამართლდა ჩვენი მოლოდინები, ეს საკითხი სამიტის დასრულების შემდეგ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. თემაზე „ქრონიკის“ წამყვანის, თეა სიჭინავას კითხვებს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა უპასუხა.
 

დავით ზალკალიანი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნატოს ბრიუსელის სამიტთან დაკავშირებით არსებული ყველა მოლოდინი არის მიღწეული, - ეს თქვენი სიტყვებია სამიტის შეჯამებისას. გასაგებია, საქართველოს დელეგაციას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ ჩვენი ნატოში გაწევრიანება მოხდებოდა ამ სამიტზე, მაგრამ რა მოლოდინებზე საუბრობთ, რომელთაგან თქვენი განცხადებით, ყველა გამართლდა?

ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულიც, იქიდან გამომდინარე, თუ რა გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, ის ფონი, რომელიც შექმნილი იყო და ის მწვავე დისკუსიები, რომელიც მიმდინარეობდა ნატოს წევრების მხრიდან საერთო კონტრიბუციასთან დაკავშირებით, ამან მნიშვნელოვანი დებატები გამოიწვია. აქიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ მიღწეული შედეგები შეიძლება ითქვას, მართლაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ სიტუაციაში, მართლაც მაქსიმუმს მივაღწიეთ და ის მოლოდინები, რა მოლოდინებზეც ჩვენ ვსაუბრობდით ნატოს სამიტამდე შესრულებულია. მინდა დავაკონკრეტო და თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ, რომ სამიტამდე წინა პერიოდში ჩვენ ვსაუბრობდით სამ ძირითად მიმართულებაზე. პირველი, რომ საქართველო ამ სამიტზე ყოფილიყო წარმოდგენილი შესაბამისი უმაღლესი დონის ფორმატებში და ეს მიზანი მიღწეულია. მინდა ვთქვა, რომ მართლაც უპრეცედენტო იყო ის ფორმატი, რომელშიც საქართველომ მონაწილეობა მიიღო. საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში მსგავსი სახის ფორმატში ჩვენ მანამდე მონაწილეობა არ გვქონდა მიღებული. ეს გახლავთ ნატოს სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრა უმაღლეს დონეზე, რომელშიც საქართველოსთან ერთად ასევე მიწვეული იყო უკრაინა. შეხვედრის თემატიკა გახლდათ თანამშრომლობა საქართველოსთან და უკრაინასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო ნატოს მხრიდან აღქმულია რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში და შედეგი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ შეხვედრის შედეგად. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაიდო. ეს გახლავთ დეკლარაცია, რომელიც ასევე უპრეცედენტოა, იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე ჩვენ ნატოსთან ურთიერთობის ისტორიაში არ გვქონია დოკუმენტი, რომელიც მიღებული იყო ნატოს სახელმწიფო მეთაურების უმაღლეს დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. მე ამას ხაზს ვუსვამ, რადგან თუ დავაკვირდებით, რომ უკრაინასთან მიმართებაში მიღებული იყო თავმჯდომარის განცხადება და არა უმაღლეს დონეზე სახელმწიფოს მეთაურთა დეკლარაცია. ხაზს ვუსვამ, რომ სტატუსურად აბსოლუტურად განსხვავებული დოკუმენტებია და ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო და საქართველოში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები ნატოსთვის.

ორი დოკუმენტი იყო მიღებული, ერთი მთავარი - ნატოს დეკლარაცია და მეორე - სახელმწიფოს მეთაურთა დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის შედეგად მიღებული საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი, რომელიც არის დატვირთული შინაარსით და ყველა ძირითად მიმართულებაზე არის საუბარი. საუბარია საქართველოს ნატოში ინტეგრაციულ პროცესებზე, იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანამ განიცადა ამ გზაზე, მათ შორის, ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. საუბარი იყო ასევე შავ ზღვაზე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კონკრეტული მიმართულებები არის იქ მოყვანილი. ასევე საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე. ის შეფასებები, რომელიც ამ დოკუმენტში არის გადმოცემული ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, მართლაც არის ძალიან მკაფიო, ძალიან მძაფრი შეფასებები და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, შედეგის თვალსაზრისით, დოკუმენტის შინაარსის თვალსაზრისით მართლაც ის ჩვენი მოლოდინები აბსოლუტურად გამართლებულია.

მესმის, თქვენი მოლოდინი და შედეგი, რომელიც თქვენ ახსენეთ დოკუმენტში გაფორმების სახით, მაგრამ როდესაც შედეგზე ვსაუბრობთ, ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ ზოგადად მოქალაქეებს სხვა წარმოდგენა, სხვა მოლოდინი გვაქვს, რომ თუკი ყველა დოკუმენტში, ყველა შეხვედრაზე საუბარია წარმატებულ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში ტარდება და ეს არის აღნიშნული, ის კონტრიბუცია, რომელსაც საქართველო იღებს საერთაშორისო მისიებში, რომ ჩვენ რეგიონში უსაფრთხო ქვეყანად ვართ წარმოდგენილი, ამ ყველაფრის გათვალისწინებთ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ნატოსთან დაახლოება უფრო ინტენსიური იქნება და როცა შედეგს ვგულისხმობთ, ვგულისხმობთ უფრო წინ წასვლას. თქვენ აღნიშნეთ, რომ ვადებთან დაკავშირებით არის ერთგვარი პრობლემა. რას გულისხმობთ, მაპ-ის მიღების ვადებზეა საუბარი, ნატოსთან უფრო ახლოს მისვლის ვადებზეა საუბარი თუ რაზე?

როდესაც მოლოდინებზე ვსაუბრობთ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, საზოგადოებაში ცრუ მოლოდინებს არ ვქმნით. შეგახსენებთ, 10 წლის წინ, როდესაც თუნდაც ბუქარესტის სამიტის წინ  მიდიოდა მოსამზადებელი სამუშაოები, მაშინ ყველას გაუჩინეს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ბუქარესტის სამიტზე მიიღებდა სამოქმედო გეგმას, ეგრეთ წოდებულ მაპ-ს. შემდეგ ეს მოლოდინები არ გამართლდა და შემდეგ უკვე დაიწყო საუბარი იმაზე რომ აი, საქართველომ მიიღო მაპ-ზე უკეთესი. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ აბსოლუტურად რეალურად ვაფასებთ იმ სიტუაციას, რომელიც შექმნილია ნატოში ნატოს წევრებს შორის. ამიტომ ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით იმას და ასევე ვასრულებთ იმას, რასაც ვპირდებით. ანუ, აბსოლუტურად რეალობის აღქმის გათვალისწინებით ვგეგმავთ ამ მოლოდინებს და შემდგომ ხდება ამ მოლოდინებთან მიმართებაში შესაბამისი ქმედებები და მისი რეალიზაცია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გვქონდა მოლოდინი, რომ უმაღლეს დონეზე ფორმატებში შესრულდებოდა საქართველოს მონაწილეობა, ეს იყო რეალისტური. ჩვენი ეს დაპირება განპირობებული იყო იმ ქმედებაზე და იმ საქმიანობაზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ შესაბამის უწყებებთან ერთად, ასევე ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან.

ასევე როდესაც ვსაუბრობდით, რომ ჩვენი მოლოდინი ამ სამიტზე იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შავ ზღვაზე უსაფრთხოების სფეროში გვექნებოდა კონკრეტული გეგმა, ამ საკითხთან მიმართებაში ძალიან ინტენსიური სამუშაოები იყო მანამდე განხორციელებული. ჩვენ 10 თვით ადრე ჩვენს პარტნიორებს წარვუდგინეთ კონკრეტული წინადადებები, თუ სად შეიძლებოდა გამოკვეთილიყო საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართულებით, რომელიც შემდგომ უკვე ინტენსიური მუშაობის შედეგად ითარგმნა იმ პრაქტიკულ ნაბიჯებში, რომელიც ასახულია ჩემს მიერ ნახსენებ დოკუმენტში. მათ შორის, შავ ზღვაზე თანამშრომლობის კონტექსტში საუბარია, რომ განხორციელდება შავი ზღვის, როგორც საზღვაო, ისე საჰაერო სივრცის მონიტორინგი, ინფორმაციის გაცვლა, ნატოს საზღვაო გემების შემოსვლა ჩვენს პორტებში, საზღვაო სარდლობას შორის თანამშრომლობა, საზღვაო წვრთნებში ჩვენი მონაწილეობა, მათ შორის ჩვენი საზღვაო სანაპირო დაცვის წარმომადგენლების ჩართვა ნატოს ეგიდით გამართულ წვრთნებში, კონტრმობილურობა, კიბერუსაფრთხოება და ასე შემდეგ. ეს არის ის კონკრეტიკა, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ. ამიტომ ჩვენ საზოგადოებას განვუმარტეთ, რომ ამ მიმართულებით უნდა გვქონოდა მოლოდინები.

ასევე ჩვენ არ დავპირებივართ საზოგადოებას, რომ მაპ-ის გარეშე მოხდებოდა საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ნატოში. ჩვენ ვუთხარით, რომ გვქონდა მოლოდინები, რომ ეს პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს რეფორმების განხორციელების კუთხით, გლობალური უსაფრთხოებაში კონტრიბუციის შეტანის თვალსაზრისით, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით, ეს ყველაფერი ღია კარის პოლიტიკაში აისახებოდა და ეს მართლაც ასეა. თუკი იმ ნაწილს გადავხედავთ, რომელიც ინტეგრაციაზე საუბრობს, იქ კიდევ ერთხელ არის დადასტურებული ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ასევე საუბარია იმ კონკრეტულ მექანიზმებზე, იმ პრაქტიკულ მექანიზმებზე და ჩამოთვლილია და ეს არის ასევე წინ გადადგმული ნაბიჯი წინა სამიტებისგან, რაც ჩამოთვლილია, ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისია, ასევე საუბარია ნატო-საქართველოს პაკეტზე, ასევე ყოველწლიურ პროგრამაზე. ეს ყველაფერი, ეს კონკრეტული ინსტრუმენტები, რომელიც სამოქმედო გეგმასთან ერთად, მაპ-თან ერთად გვაახლოებს ნატოს წევრობასთან და ყველა თანხმდება, კონსენსუსი შედგა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. განსხვავებებია ვადებთან დაკავშირებით, მაგრამ ამასთან დაკავშირებითაც ასევე მიდის, წინ გადადგმული ნაბიჯია, ყველა თანხმდება, რომ მაპ-ი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც მიღებული იქნება წევრობასთან ერთად.

ეს სამიტი იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ ჩვენი დაპირებები, რაც მანამდე იყო გაცემული და ჩვენი მოლოდინები არის პირნათლად შესრულებული. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულებულია. ჩვენ კიდევ უფრო წინ წავალთ და კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობას. ამასთან მინდა ვთქვა, რომ ასევე გავაგრძელებთ ორმხრივ ურთიერთობას ნატოელ პარტნიორებთან, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე საფრანგეთთან, გერმანიასთან. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და მდგრადობის გაძლიერების კუთხით და ეს ასევე გვეხმარება წევრობის ვადის მოახლოებასთან. ამიტომ ეს არის შემდგომი ნაბიჯი, ამ ნაბიჯებს ჩვენ აქტიურად გადავდგამთ.

ვიდეო

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები