21 ივლისი 2018

რა შეიცვალა მოსამართლეთა შეფასების სისტემაში

ინტერვიუ იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელთან

2 წლის შემდეგ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა დღეს ჩატარდა. 233 კანდიდატიდან პირველი ეტაპი 73-მა გადალახა. ატესტაციაში მონაწილეებს მეორე ეტაპზე გადასასვლელად 100-დან 75 სწორი პასუხი სჭირდებოდათ. მეორე ეტაპი 28 ივლისს ჩატარდება და ის შედარებით რთულ ამოცანას ისახავს მიზნად. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ შეფასების ნაწილში რამდენიმე სიახლეა. რას ითვალისწინებს ეს სიახლე და რა პროცესები მიმდინარეობს თავად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თემაზე „ქრონიკის“ წამყვანის თეა სიჭინავას კითხვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ უპასუხა.
 

ფოტო: shutterstock.com

დღეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ჩატარდა, 233-ი მსურველიდან პირველი ეტაპი 73-მა გადალახა, ეს კარგი შედეგია?    

ეს ნორმალური, კარგი შედეგია. ეს არის გამოცდის პირველი ეტაპია. ერთი კვირის შემდეგ გვექნება მისი მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი ტარდება ტესტების ფორმით, ხოლო მეორე ეტაპზე წარმოდგენილი იქნება 5 საკითხი, ღია ფორმის კითხვა, რომელზეც კანდიდატმა პასუხი უნდა გასცეს და კანდიდატმა უნდა დაასაბუთოს, როგორც სამართლებრივი, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით პასუხი ამ კითხვებზე. საკვალიფიკაციო გამოცდების მიმართულებით გვქონდა რიგი სიახლეები. იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასული წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საკვალიფიკაციო გამოცდების საკითხზე. კერძოდ, ხარისხობრივი მიმართულებით გამოვყოფდი, რომ არის მკვეთრი გაუმჯობესება.

მაგალითად, თქვენ განაცხადეთ, რომ შეცვლილია შეფასების სისტემაც, ბევრად შემცირებულია სუბიექტური შეფასების რისკი და თითოეული გამოსაცდელი მაქსიმალურად ობიექტურად იქნება შეფასებული. თუ შეგიძლიათ აი ეს დეტალი დაგვიკონკრეტოთ, სუბიექტური შეფასების რისკი მაღალი იყო წინა გამოცდების დროს? საქმე ეხება მომავალ მოსამართლეებს, რომლებსაც უნდა ვანდოთ სამართალი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიურია, როგორ მოხდება შეფასება ამ ადამიანების.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. საკვალიფიკაციო გამოცდა არის მოსამართლეთა შერჩევის ერთ-ერთი საწყისი ეტაპი. უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის ყველა წევრმა გაიარა სპეციალური ტრენინგები გამოცდების ეროვნული ცენტრის და ჩვენი დონორი ორგანიზაციების დახმარებით, სპეციალური კურსი  ტესტების შედგენის მეთოდიკაში და სრულიად თანამედროვე მეთოდიკით მოხდა ტესტებისა და კითხვების შედგენა. კითხვები სირთულის სამი დონის მიხედვითაა დაყოფილი, იოლი, საშუალო და რთული შეკითხვები, რომელიც დაბალანსებულია. თავიდან 100 ტესტი ეძლევა თითოეულ მონაწილეს და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული პროგრამა ინდივიდუალურად არჩევს ტესტებს ყველა მონაწილისთვის. ტესტები არ მეორდება, რაც უსაფრთხოების მაღალი გარანტია. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას შეფასებებთან დაკავშირებით, გამოცდის მეორე ეტაპზე, წერით ეტაპზე, თითოეული გამოსაცდელის ნაშრომს შეაფასებს კომისიის ორი წევრი, შესაბამისი დარგის სპეციალისტები კითხვის მიხედვით. მათ არ ეცოდინებათ ერთმანეთის ვინაობა და ასევე არ ეცოდინებათ გამოსაცდელის ვინაობა. წინასწარ არის დადგენილი კითხვების შეფასების სისტემა, რომლის მიხედვითაც შეაფასებენ და ამ ორი შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასება თუ არ დაემთხვევა, ასეთ შემთხვევაში ჩაერთვებიან კომისიის სხვა წევრები, თავმჯდომარე და დამატებით იქნება შესწავლილი. ხოლო თუ დაემთხვევა, შესაბამისი ქულა დაუფიქსირდება.    

ანუ, მაქსიმალურად გამკაცრებულია შეფასების სისტემა?

დიახ, მაქსიმალურად ობიექტური იქნება შეფასების სისტემა.

თქვით, რომ რაღაც მექანიზმი არსებობს, რომელიც კითხვებს რისკებისგან უფრო მეტად იცავს. ალბათ, ეს შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ, წინა საგამოცდო პერიოდში, 2015 წელს, გარკვეულ სკანდალთან გვქონდა საქმე, როდესაც ტესტების პასუხმა წინასწარ გაჟონა. ამასთან დაკავშირებით 2016 წელს გამოძიებაც კი დაიწყო. სხვათა შორის, არასამთავრობი სექტორი თქვენს უწყებას არ რეაგირებას საყვედურობს. რა ხდება წინა საგამოცდო ტესტებთან დაკავშირებით, შეიძლება მას ხარვეზი ვუწოდოთ?

2015 წელს არ გახლდით იუსტიციის საბჭოს წევრი, შესაბამისად არც მდივანი არ ვიყავი და ბევრ ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ. გიდასტურებთ, რომ ამ ფაქტზე გამოძიება იყო დაწყებული, თუმცა შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, შესაბამისად ამ საკითხზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

2 წელი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაღაც შედეგი დადგეს?

ეს კითხვა არ არის ჩვენდამი მომართული. ჩვენი პრიორიტეტი არის მომავალზე ზრუნვა და საკვალიფიკაციო გამოცდების გაუმჯობესება, რაზეც იზრუნა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ასევე უსაფრთხოების გარანტიების კუთხითაც შეიქმნა ამ კითხვების სპეციალური ბანკი, რომელსაც დამოუკიდებლად აწვდის კომისიის ყველა წევრი. საგამოცდო კომისია 20 წევრისაგან შედგება და დამოუკიდებლად აწვდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელიც შესაბამისი ხელწერილით გაფრთხილებულია და ეს ინფორმაცია თავსდება ცალკე სერვერზე, რომელიც გამოცდის დღეს მიეწოდება გამოსაცდელებს. შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმები ძალიან გამკაცრებულია.

ძალიან კარგია, რომ ასე გამკაცრებულია და მსგავსი ხარვეზებისგან მაქსიმალურად იქნება დაცული მომავალი პროცესი, მაგრამ თუ არ მოხდა წარსული ან აწმყოს, მიმდინარე პროცესების გაანალიზება, მომავლის დაგეგმვა რთული იქნება. მით უმეტეს, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე ჩვენ წარსულზე კითხვებს მუდმივად ვსვამთ და ამიტომაც უნდა გკითხოთ, არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მკაცრი კრიტიკის ქვეშ იმყოფება იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ბოლო კვლევის მიხედვით მკაცრი მინიშნებები იყო გავლენიანი მოსამართლეების შესახებ. აქ საუბარია იმაზე, რომ კანონმდებლობით არის ბერკეტები  მოსამართლეთა დისციპლინირების, დანიშვნის, გათავისუფლების, დაწინაურების, დანამატების განსაზღვრისა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის მექანიზმების შესახებ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძალიან ფართო დისკრეციული უფლება აქვს. თავი რომ დავანებოთ არასამთავრობი სექტორს, კანონმდებლობა იძლევა იმის საფუძველს, რომ შეიძლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მართლაც არსებობდეს გავლენიანი მოსამართლეების გარკვეული ჯგუფი. რას უპირისპირებთ ამას?

მე ძალიან ყურადღებით ვეცნობი ყველა კვლევას, რომელიც სასამართლოს შესახებ კეთდება და ქვეყნდება. ცოტა ხნის წინ გავეცანი საია-ს მიერ გაკეთებულ მონიტორინგის ანგარიშს, რომელსაც ჩვენც დავესწარით და ჩვენი პოზიციებიც წარმოვადგინეთ. რაც შეეხება „გამჭირვალობის“ ბოლო კვლევას, რომელზეც თქვენ საუბრობთ და იქ საუბარი იყო კორუფციის რისკებზეც სასამართლოში, მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს კვლევა ობიექტურია. არ ვიცი რამდენად გაეცანით, მაგრამ კვლევა ჩატარებულია 6 ანონიმური პირისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გამოკითხვის საფუძველზე... 

ვიცი თქვენი პოზიცია, ამიტომაც ვთქვი, რომ გვერდზე გადავდოთ არასამთავრობო სექტორის პრეტენზიები, რადგანაც თქვენ გარკვეული პრეტენზიები გაქვთ ჩატარებულ ამ კვლევაზე. ამას თავი რომ დავანებოთ, მე მოვიყვანე ის უფლებამოსილებები, რომელიც აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა დანიშვნის მხრივ.  კანონი, რა თქმა უნდა, თქვენი დასარეგულირებელი არ არის, მაგრამ კანონი გაძლევთ ამის უფლებას და ჩვენ, ზოგადად, ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გასულ წლებში. ამ მანკიერი თვისებებისგან გათავისუფლდება თუ არა სასამართლო სისტემა, ამის გარანტია რა შეიძლება იყოს?

მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ცუდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ რეფორმების სამი ტალღის შედეგად მივიღეთ...

არა, მე ვამბობ წინა ხელისუფლების პერიოდზე...

წინა ხელისუფლების პერიოდზე მე ვერ გესაუბრებით და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ჩემი საზრუნავი არის ის, რომ სასამართლო სისტემა დღითიდღე გაუმჯობესდეს და გვქონდეს წინსვლა, რაც მარტივი სტატისტიკური მონაცემებითაც დღესაც დასტურდება, რომ სასამართლო ყოველდღიურად აუმჯობესებს თავის საქმიანობას. სასამართლო არასდროს ყოფილა ამაზე დამოუკიდებელი, არასდროს არ ყოფილა ამაზე ხარისხიანი გადაწყვეტილებები სასამართლოს მიერ მიღებული, თუმცა მიუხედავად ამისა, ვადასტურებთ იმასაც, რომ სასამართლოს წინაშე არის დიდი გამოწვევები დღევანდელი მდგომარეობით, არსებობს საქმეთა გადატვირთულობის პრობლემა.

საქმეთა განაწილების მიმართულებითაც იყო პრეტენზიები.

საქმეთა განაწილების მიმართულებით, ვფიქრობ, რომ დღეს პრეტენზია აღარ არსებობს. ჩვენ ავამოქმედეთ საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი და თეორიულადაც კი შეუძლებელია, ვინმემ რაიმე ზეგავლენა მოახდინოს საქმეთა განაწილებაზე. საქმეები ნაწილდება მაქსიმალურად ობიექტურად, შემთხვევითი განაწილების პრინციპით და ამ პროცესის მონიტორინგიც მიმდინარეობს ჩვენს მიერაც, ასევე არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ასევე აუდიტი მიმდინარეობს და ჩვენ გვექნება ამის შედეგები. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით არც ერთი ფაქტი და კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს, რომ საქმეთა განაწილების პროცესს რაიმე შეფერხება ჰქონოდა.

თქვენ თქვით, რომ წარსულზე, წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ სისტემაზე ვერ ისაუბრებთ, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ მოსამართლეთა კორპუსის მთლიანი ცვლილება არ მომხდარა წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული. ანუ, მოსამართლეთა კორპუსის 90% შენარჩუნებულია და ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მანკიერი პრაქტიკა და გამოცდილება გვაქვს სასამართლოსთან დაკავშირებით. გვინდა ვირწმუნოთ და გვჯეროდეს, ფაქტებით დადასტურებულად, როგორც თქვენ გიყვართ ამაზე საუბარი, რომ სასამართლოს ამ მიმართულებით წინსვლა აქვს. კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ, სულ ცოტა ხნის წინ საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატების ჩამოყალიბების შესახებ ინიციატივა გაახმოვანა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ. რომ გვითხრათ, რა ეტაპზეა ეს ინიციატივა, რას გულისხმობს, გვყავს თუ არა შესაბამისად მომზადებული კვალიფიციური მოსამართლეები, რომლებმაც სპეციფიკური საკითხები უნდ განიხილონ და როდის ამოქმედდება ეს?

კომერციული პალატების შექმნის საჭიროება გამოიწვია იმან, რომ ბიზნესს ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები სასამართლოში დავების გაჭიანურებასთან დაკავშირებით. ამაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რაც შეეძლო გაეკეთებინა, მისი კომპეტენციის ფარგლებში, იყო ის, რომ ჩვენ შევქმენით ვიწრო სპეციალიზაცია და მსხვილი საინვესტიციო ბიზნეს დავებისთვის, კომერციული დავებისთვის დაწესდა ნახევარ მილიონიანი ზღვარი, დავის საგნის ღირებულების მიხედვით და ამისთვის სპეციალურად გამოიყო 4 თუ 5 მოსამართლე, რომელსაც ეს საქმეები გადაეცა განსახილველად. დღევანდელი მდგომარეობით მინდა გითხრათ, რომ თითოეული მოსამართლეს დაახლოებით 30-მდე საქმე აქვს, რაც არის საქმეების მინიმალური რაოდენობა. შემოსული სარჩელების პირველის სხდომა დაახლოებით 2 კვირის ვადაში ინიშნება და უმოკლეს ვადებში სრულდება. ამიტომ, გარკვეულწილად ეს პრობლემა მოგვარებულია, თუმცა ვადასტურებ, რომ კომერციულ პალატებზე იყო კონსულტაციები. იუსტიციის სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო პროექტის შექმნაზე ამ კომერციული პალატების. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროცესს. თუმცა დღევანდელი მდგომარეობით რაიმე კანონპროექტი ჯერ იუსტიციის სამინისტროს არ გამოუტანია განსახილველად.

ბოლოსკენ რომ წავიდეთ, მოსამართლეების საკვალიფიკაციო გამოცდების მეორე ეტაპზეც გვითხარით.

მეორე ეტაპი გაიმართება ზუსტად ერთ კვირის თავზე, შაბათს და წარმოდგენილი იქნება 5 შეკითხვა, თითოეული სპეციალიზაციის მიხედვით. თითო შეკითხვა შეფასდება 5 ქულით. ანუ, მაქსიმალური რაოდენობა იქნება 25 ქულა, ხოლო გამსვლელი ქულა იქნება - 15. ვინც 15 ქულას დააგროვებს, გადალახავს და საშუალება ექნება შემდგომში განაცხადი გააკეთოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელად ჩარიცხვაზე.

ვიდეო

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები