28 ივლისი 2018

ყველაზე ეფექტიანი სახელმწიფო პროგრამის შედეგები 3 წლის შემდეგ

რას ურჩევს მოქალაქეებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი

ყოველ 28 ივლისს მსოფლიო ერთი ვირუსის წინააღმდეგ ერთიანდება, ეს ვირუსი C ჰეპატიტია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 2015 წლიდან წარმატებით ებრძვის. უკვე  3 წელია „შეაჩერე C“ მხოლოდ დასამახსოვრებელი სლოგანი არ არის, ის სტატისტიკაში ასახული დადებითი შედეგია. 3 წელია სახელმწიფო ამ პროგრამის ფარგლებში ყველა დაინფიცირებულ პაციენტს უფასო სკრინინგსა და სრულად მკურნალობის მომსახურებას სთავაზობს. დარეგისტრირებულთა 98%-ზე მეტმა (43 861 პაციენტმა) C  ვირუსი სრულად დაამარცხა. ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტთან ბრძოლის ახალი ტალღა „STOP C” წამოიწყო. როგორც პრემიერმა განაცხადა, მთავარი ამოცანა 100%-იანი შედეგის მიღწევაა. ეს ეტაპი გულისხმობს იმ ადამიანების გამოვლენასა და მკურნალობას, რომლებმაც ჯერ არ იციან, რომ დაავადებულები არიან. თემაზე „ქრონიკის“ წამყვანის, თეა სიჭინავას კითხვებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა.
 

ფოტო: shutterstock.com

C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება იყო ისტორიული გადაწყვეტილება - ამ პროგრამასთან დაკავშირებით ასეთი შეფასებაც მოგვისმენია ხშირად. 2015 წლიდან მიმდინარეობს პაციენტთა რეგისტრაცია. 3 წელია ეს პროგრამა მუშაობს. ჩვენ ვიცით დრო, ახლა გვაინტერესებს როგორ მუშაობს ეს პროგრამა თქვენი შეფასებით?

სანამ უშუალოდ პროგრამაზე მოგახსენებთ, მცირე კორექტივას შევიტან ანონსში რაც იყო. დღეს გახლავთ არა მარტო C ჰეპატიტის დღე, არამედ ჰეპატიტების მსოფლიო დღე. ზოგადად არსებობს 5 ტიპის ჰეპატიტი: A, B, C, D და E. აქიდან წამყვანი და განსაკუთრებული მნიშვნელოვანია ავადობის ტვირთით და სიკვდილიანობით აქვს B და C ჰეპატიტს. სხვათა შორის, ეს დღეც 2010 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დააწესა ძალიან დიდი მეცნიერის, ბარუხ ბლუმბერგის პატივსაცემად, რომელმაც 1967 წელს B ჰეპატიტის ვირუსი გაშიფრა. მსოფლიოში B ჰეპატიტით დაავადებული უფრო მეტი ადამიანია, ვიდრე C ჰეპატიტით, მაგრამ B ჰეპატიტის პრობლემა წყდება, იმიტომ რომ, ვაქცინაა შექმნილი მის საწინააღმდეგოდ და ვაქცინის შექმნამ B ჰეპატიტით ავადობა საგრძნობლად შეამცირა მთელს მსოფლიოში. თუმცა უფრო ვერაგია C ჰეპატიტი და გართულებებით, სიკვდილიანობით ერთ-ერთი ვერაგი დაავადებაა. იმის გამო, რომ მის საწინააღმდეგოდ ვაქცინა არ არსებობს. მხოლოდ ბოლო 5 წლის მედიცინის ყველაზე დიდი გარღვევა რაც არის, და მე პროგნოზი არ მიყვარს, მაგრამ აქ შემიძლია პროგნოზი გავაკეთო, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმდენად დიდი გარღვევა იყო მედიცინაში ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომ ეს რაღაც დროს, ალბათ, მედიცინაში ყველაზე დიდ პრემიას დაიმსახურებს. 71 მილიონი ადამიანია  მსოფლიოში C ჰეპატიტით ინფიცირებული და მათ გაუჩნდათ რეალური პერსპექტივა, რომ ისინი სრულად მორჩნენ. გაჩნდა რეალური პერსპექტივა, რომ პირველად მედიცინის ისტორიაში ქრონიკული ინფექციური დაავადება სრულად აღმოიფხვრას. ანუ, ელიმინირდეს. დღესდღეობით მხოლოდ ერთი დაავადებაა აღმოფხვრილი მსოფლიოში, ეს გახლავთ ყვავილი, რომელიც ვაქცინაციის საშუალებით აღმოიფხვრა და 79 წლის შემდეგ დედამიწაზე ყვავილი აღარ არსებობს. ხოლო ქრონიკული ინფექციური დაავადება რომ წამლით იქნეს ელიმინირებული, ჯერ ასეთი პრეცედენტი არ  ყოფილა და ეს, ალბათ, პირველი C ჰეპატიტი იქნება და სწორედ საქართველო საამაყოა იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე წინაა და სამოდელო ქვეყანაა მთელი მსოფლიოსთვის.

შეიძლება ითქვას, რომ პიონერები ვართ ამ სფეროში?

როგორ გითხრათ, წამალი, რა თქმა უნდა, შეიქმნა სხვაგან. საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის პირობა. ხშირად ამაზე არ საუბრობენ, რომ ჩვენ ძალიან ბევრჯერ შეგვაფასეს ეს პროგრამა შეიძლებოდა თუ არა საქართველოში განხორციელებულიყო. დაახლოებით 3-4 მისია იყო 2014 წელს ქვეყანაში ჩამოსული ამ წამლების შემქმნელების და ასევე ამერიკიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის, რომელიც ჩვენი ძირითადი პარტნიორია და ასე ვთქვათ შუამავალია ამერიკის მთავრობას, კერძო კომპანია Gilead-სა და საქართველოს მთავრობას შორის. ამ ერთობლივი გადაწყვეტილებით როცა შეფასდა, რომ ქვეყანაში ჯანდაცვა 2012 წლის შედეგ გახდა ქვეყნისთვის პოლიტიკური პრიორიტეტი, რომ ქვეყანაში არსებობს ექიმების ძალიან ძლიერი გუნდი, რომლებსაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ შიდსის მკურნალობაში, იგივე C ჰეპატიტის მკურნალობაში, რომ ქვეყანაში იყო კარგად აღჭურვილი ლაბორატორიული ბაზა და დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ამ პროგრამის, ეს პროგრამა ამიტომ განხორციელდა. ამ წამლით 95%-ზე მეტია განკურნებული. ჩვენ იმ 48 000 ადამიანში, რომელსაც უკვე ვუმკურნალეთ, 98, 2%-ის განკურნების მაჩვენებელი გვაქვს და ეს წამალი ჩვენი მოქალაქეებისთვის გახლავთ სრულიად უფასო. ამ წამლის ღირებულება შტატებში, როდესაც ჩვენთან შემოიტანეს, გახლდათ 80-85 ათასი დოლარი, დასავლეთ ევროპაში ის ღირდა სადღაც 50-60 ათასი ევროს ფარგლებში. ახლა ფასები, რა თქმა უნდა, მოდის ქვემოთ, მაგრამ ეს წამალი უფასოდ არსადაა. 

თქვენ ახლა ცალსახად დადებით მოვლენაზე საუბრობთ, რომლის არ დანახვა უბრალოდ შეუძლებელია, არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც ამას აღნიშნავენ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეები და გამოწვევებიც. C ჰეპატიტის ამ პროგრამას დღესდღეობით რა გამოწვევა აქვს თქვენთვის? 

გამოწვევა გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ჩვენ ყოველთვის მოვუწოდეთ საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს თანამემამულეებს, რომ დროულად უნდა ვისარგებლოთ იმ სიკეთით, რასაც სახელმწიფო და პარტნიორები მოსახლეობას აძლევენ.

რეგისტრაციის პრობლემაა?

პრობლემა გახლავთ ის, რომ დღეს 80 000-მდე ადამიანმა არ იცის, რომ ის ინფიცირებულია C ჰეპატიტით. სამწუხაროდ, ჩვენ მივეკუთვნებით მაღალი პრევალენტობის, მაღალი გავრცელების ქვეყნებს. ამას აქვს თავისი მიზეზები და თუ იქნება დრო, შემიძლია გითხრათ, რატომ ვართ. სამწუხაროდ, მოზრდილი მოსახლეობის, 18 წლის ზემოთ მოსახლეობის 5,4% არის C ჰეპატიტით ინფიცირებული.

რა არის ყველაზე მთავარი მიზეზი?

მთავარი მიზეზი? ქვეყანაში დიდი კვლევა 2015 წელს ჩატარდა, ჩვენ და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთად ჩავატარეთ და გვაქვს ძალიან სარწმუნო, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მოსახლების 5,4% არის ინფიცირებული. ჩვენ ვიცით, რეგიონული განაწილება ამ ინფექციის. ვიცით, რომ ყველაზე მაღალი გავრცელების მაჩვენებელი გვაქვს, სამწუხაროდ, სამეგრელო-ზემო სვანეთში და მოგეხსენებათ ამის მიზეზი არის ის დიდი მიგრაცია, რომელიც ჩვენს დე ფაქტო საზღვართან არსებობს და კიდევ სხვა მოვლენა, მაგრამ ძირითადი მიზეზი, რატომაა საქართველო მაღალი პრევალენტობის ქვეყანა, ამ კვლევამ აჩვენა, რომ პირველი მიზეზი ეს გახლავთ, სამწუხაროდ, გავრცელებული საინექციო ნარკომანია. მთავარი მიზეზი ეს გახლავთ. მეორე ადგილზეა სისხლის გადასხმის ისტორია, თუ როდესმე სისხლი გადაგისხიათ. შემდეგ მოდის არასტერილური სამედიცინო ჩარევები, სტომატოლოგიაში, საავადმყოფოებში, ამბულატორიებში და ასე შემდეგ. ჩვენთან 1997 წლიდან დავიწყეთ ჩვენ უსაფრთხო სისიხლის პროგრამა, როცა დონორული  სისხლის ტესტირება ხდება ოთხ ინფექციაზე. ეს არის ჰეპატიტი B, ჰეპატიტი C, აივ-ინფექცია და სიფილისი. 1997 წლამდე, მოგეხსენებათ იმ პერიოდში რამდენი კონფლიქტი და ომი გადაიტანა ქვეყანამ, შეუმოწმებელი სისხლი ისხმებოდა. ეს ყველაფერი ჩვენთან მაშინ არც იყო პრაქტიკაში დანერგილი, 1997 წლიდან შემოვიდა შემოწმება და მას შემდეგ დონორებში რადიკალურად შემცირდა ამ ინფექციის ალბათობა და სისხლით გადაცემა, მაგრამ მაინც არსებობს. თუმცა წამყვანი, ამ ინფექციის ლოკომოტივი გახლავთ საინექციო ნარკომანია.

თქვენ თქვით, რომ უფრო მეტია დაინფიცირებული, ვიდრე ჩართულია და ვიდრე იცის. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენჯერმე წამოიწყო ახალი კამპანია და ტალღა, ახლაც სწორედ ახალი ტალღაა ამის, მეც იშვიათად მეგულება მოქალაქე, ვინც არ იცის ამ პროგრამის შესახებ, იცის, რომ უფასოა ეს პროგრამა, იცის, რომ სკრინინგის ჩატარებაც უფასოა, მაინც რატომ არის პრობლემატური, რომ შემოწმება ჩაიტაროს?

პირველი, ალბათ, მაინც ჩვენ თვითონაც ვაკლებთ ინფორმაციის მიტანას. ეს თვითკრიტიკაა. რაც შეიძლება ხშირად უნდა იყოს, თქვენთან, ტელევიზიებში გადაცემები. გუშინ საქართველოს 1,8 მილიონმა მოქალაქემ მიიღო ესემესი ჩვენგან, რომ ჰეპატიტის პროგრამა გახლავთ ეს, რომ ტესტირება და მკურნალობა უფასოა და გთხოვთ, მიმართოთ იმ დაწესებულებებს, რომელიც არის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე. ვნახოთ რა იქნება. თუ არ ვცდები, ასეთი ესემესი უკვე გაიგზავნა 5-ჯერ.  გარდა ამისა, მე პირდაპირ ციფრებს გეტყვით. სერიოზული წინსვლა გვაქვს. ტრაბახი არ გამოგვივიდეს, მაგრამ 1,8 ადამიანია ჩვენი სკრინინგის ბაზაში. ანუ, 1,8 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა სკრინინგი, მაგრამ აქიდან 1,2 მილიონია უნიკალური. ანუ ზოგიერთმა 2-ჯერ, 3-ჯერ ჩაიტარა. ანუ, 1,2 მილიონმა ადამიანმა ჩაიტარა, მოსახლეობის მესამედმა და კიდევ 2/3 დასასკრინია. ახლა პირველად ჯანდაცვაში გადავიტანეთ სკრინინგი, ქვეყანაში 600 წერტილია, სადაც სკრინინგი შეიძლება ჩატარდეს. ვეუბნებით, მობრძანდით, ესემესებს ვაგზავნით, ტელევიზიებში გამოვდივართ, ყველაფერი კეთდება, მაგრამ მაინც მოგეხსენებათ, ადამიანი გარკვეულად წავიზარმაცებთ. ბევრმა იცის, რომ ჰეპატიტი დაავადებაა, რომელიც შეიძლება 10-15 წელი გქონდეს, მაგრამ არ გაწუხებდეს, სამაგიეროდ, თუ შეგაწუხა, შემდეგ სერიოზულად შეგაწუხებს. მოგეხსენებათ, C ჰეპატიტის  ყველაზე დიდი გართულება გახლავთ ღვიძლის კიბო, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, რომელსაც უკვე ფატალური შედეგი აქვს. პირველ ეტაპზე, პირველ წელს, მკურნალობაში ყველას არ ვრთავდით, შეზღუდვა იყო, მკურნალობაში ერთვებოდნენ ღვიძლის ყველაზე მაღალი დაზიანებით ადამიანები და პირდაპირ გეტყვით, 6-7 ათასი ადამიანი გადაურჩა რეალურ სიკვდილს. მათ მომავალი 10-15 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ დაემართებათ. ღვიძლის კიბო, ღვიძლის ციროზი არ დაემართებათ, თუ, რა თქმა უნდა, რეინფექცია არ მოხდა და შემდეგ არ იმკურნალეს.

თქვენ აღნიშნეთ, რომ საწყის ეტაპზე ამ პროგრამაში ყველას არ რთავდნენ...

დღეს ყველასთვისაა. 2016 წლის ივლისიდან, ანუ უკვე 2 წელიწადია, ეს პროგრამა ყველასთვისაა.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ სამყაროში დაუსრულებელი არაფერია და ალბათ, ამ პროგრამასაც ექნება რაღაც დასასრული. არ შეიძლება ესეც ერთგვარი მოტივატორი იყოს თუნდაც მოსახლეობისთვის? ან როდის გესახებათ ასე უფასო სკრინინგ-მკურნალობის დასასრული?  

გეტყვით, რომ დღეს ჰეპატიტის გლობალური სტრატეგიაც არსებობს, გარდა იმისა, რაც გვაქვს ჩვენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2016 წელს მიიღო და მათი სამიზნეა, რომ 2030 წლისთვის დაიყვანონ მინიმუმამდე მთელ მსოფლიოში. ჩვენ ძალიან ამბიციური სამიზნე გვაქვს. ჩვენი სამიზნეა 90-95-95, რომ 2020 წლის ბოლოს მოსახლეობის 90% უნდა იყოს გამოკვლეული, ვინც დადებითი იქნება, იქიდან 95% უნდა ჩაერთოს მკურნალობაში და 95% უნდა განიკურნოს. ძალიან ამბიციურია. რასაც ვამბობთ, ოდნავ სატრაბახო გაქვს ის, რომ ამ მაჩვენებლებით ჩვენი მოსახლეობის 1/3 დასკრინულია, 1/3 სამიზნე მაჩვენებლის უკვე ნამკურნალევია, ამით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. მსოფლიოში მოცვის საშუალო მაჩვენებელი არის 7%-დან 15%-ის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს 30-35% მკურნალობაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა და ხალხს სთხოვა, მობრძანდით ბატონებო, ჩაიტარეთ ეს, სარგებელი მიიღეთ სახელმწიფოსგან, ჩვენი პარტნიორებისგან, რომ ჩვენ 2020 წლისთვის სრულად აღმოვფხვრათ ეს დაავადება. მე ძალიან მინდა, რომ საქართველო იყოს პირველ ქვეყანა, სადაც ეს ძალიან ვერაგი დაავადება აღმოიფხვრება. ამის რეალური შანსი, რეალური საშუალება ქვეყანას აქვს და ეს ყველამ გამოიყენოს.

მთავარია სურვილი და მონდომება თითოეული ჩვენგანის მხრიდან.  

ახლა ძალიან სერიოზული პილოტური პროექტი დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთში 1-ელ აპრილს, სერიოზული შედეგები გვაქვს. პირველადი ჯანდაცვის 200 ექიმი და 200 მედდა გადატრენირებულია და ისინი სამ დაავადებაზე - ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია-შინდსზე და ტუბერკულოზზე - მოსახლეობას სრულად სკრინავენ და შემდეგ შესაბამისად რეფერალურს უკეთებენ. 2015 წელს 4 ცენტრით დავიწყეთ მკურნალობა, დღეს გვაქვს 32 და მომავალი წლის პირველ კვარტალში გვექნება ყველა მუნიციპალიტეტში. ანუ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება. მაგალითად, მე წარმოშობით რაჭიდან ვარ და ადამიანს ონიდან ქუთაისში სამკურნალოდ ჩასვლა არ დასჭირდება, ონში იქნება, ამბროლაურში იქნება, ცაგერში, ლენტეხში,  წალენჯიხაში იქნება. ზუგდიდში ორი გვაქვს. ახლა სენაკში ახალი გავხსენით და ასე შემდეგ. ახლა დეცენტრალიზაციისკენ წავედით სრულად ამ მიმართულების, როგორც დიაგნოსტიკის, ისე მკურნალობის, რომ მეტი შესაძლებლობა მიეცეს. ანუ მთავარია მოვხსნათ ყველა ბარიერი, რაც ადამიანს აქვს, ეს არის ფინანსური, გეოგრაფიული. ახლა მთავარია, მოვინდომოთ.  

ყველაფერი უკვე ჩვენს ხელთ არის, ყველა რესურსია იმისთვის მზად, რომ ჩაიტაროთ უფასო სკრინინგი და შემდეგ გამოჯანმრთელდეთ.

ვიდეო 

სხვა ინტერვიუები