14 სექტემბერი 2018

რა ცვლილებებს ითვალისწინებს განათლების ახალი რეფორმა

ინტერვიუ განათლების მინისტრთან

საკადრო ცვლილებების შემდეგ განათლების მინისტრი სისტემის ცვლილებას იწყებს. რეფორმა სკოლით დაიწყება და უმაღლეს სასწავლებლებსაც შეეხება. გეგმა 2019-2022 წლებში პედაგოგებისათვის ხელფასების ზრდასაც ითვალისწინებს. სიახლე იყალთოს სამონასტრო კომპლექსში პრემიერმინისტრმა და მიხეილ ბატიაშვილმა წარადგინეს. რეფორმა გატარდება განათლების ხუთივე მიმართულებით, ეს არის სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. თემაზე „ქრონიკის“ კითხვებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უპასუხა.
 

მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილი

დღეს საკმაოდ კომპლექსური ხედვა წარმოადგინეთ. რამდენიმე მიმართულებით უფრო დეტალურად ვილაპარაკოთ ამ საკითხზე. ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებს რა მიმართულებით გეგმავთ?

რეფორმები განხორციელდება ხუთივე სფეროში. ის რეფორმები, რომელიც გატარდება ხუთივე სფეროს მიმართულებით, იქნება მართლაც მასშტაბური, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდით ზოგად განათლებას, სკოლების მიმართ განხორციელებულ რეფორმას, რომელიც მოიცავს მთლიანად როგორც სასწავლო პროგრამების განახლებას, ინფრასტრუქტურის განახლებას, პედაგოგების განახლებას და მთლიანად კომპლექსურ ცვლილებებს, რომელიც ვფიქრობ, დეტალურად მოცემულია გეგმებში წლების მიხედვით. გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც, როგორც ვახსენეთ, მოიცავს ვადებში გაწერილ მასშტაბურ ცვლილებებს კონკრეტული პასუხისმგებლობით და იმ შედეგებს, რომელსაც ამ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმებით უნდა ველოდოთ.

განაცხადეთ რომ 2020 წლისთვის ეროვნული გამოცდების ჩატარების მიმართულებით იქნება ახალი სისტემა. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რა ტიპის სიახლეს გულისხმობს ეს ცვლილება?

რეალურად ცვლილებებს უნდა ველოდოთ ყველა მხრიდან. ეს შეეხება აბიტურიენტებს. საუბარია იმის შესახებ მოთხოვნაზე, რომ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს ცვლილებები. გვაქვს ჩვენი ხედვა, თუმცა სანამ ცვლილებებს განვახორციელებთ, მნიშვნელოვანია, მოხდეს არსებული სისტემის შეფასება, რა შეიძლება გაუმჯობესდეს ამ მიმართულებით. ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ 2020 წლისთვის გვექნება განახლებული სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იქნება. შესაბამისად, დაეხმარება მთლიანობაში ამ გატარებულ რეფორმებს და ხელს შეუწყობს სისტემაში განხორციელებული რეფორმების ხარჯზე ამ მიმართულების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.       

არსებულ მოდელში რა ხარვეზებს ხედავთ?

მნიშვნელოვანია ის, რომ ამ სისტემამ მართლაც განსაკუთრებული, რეალურად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. თუმცა ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ სისტემას სჭირდება პერიოდული განახლება, გაუმჯობესება. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ რეფორმაზე, რომელიც მოიცავს როგორც სკოლამდელს, ასევე სკოლას, უმაღლესს. ანუ ეს შესაბამისობაში უნდა იყოს ერთიანი სისტემის რეფორმასთან და რეალურად უნდა პასუხობდეს იმ რეფორმებს, რომელიც იგულისხმება სწორედ ამ განახლებულ სისტემაში. ვფიქრობთ, რომ როგორც ჩვენ ვახსენეთ, რადგან რეფორმა დაანონსდა და განხორციელდება მთელი სისტემის ჩათვლით, რომელიც მოიცავს ყველა მიმართულებას, შესაბამისად ეროვნული გამოცდებიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც თავისთავად სინქრონულად უნდა იყოს მთლიან რეფორმაში განხილული და შესაძლებლობას იძლეოდეს, რომ შესაბამისად მოხდეს სკოლიდან უმაღლესებისკენ სტუდენტების ჩაბარების სისტემაში ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება. ანუ, რადგან მთლიანად სისტემის რეფორმაზე ვსაუბრობთ, ესეც ერთ-ერთი კომპონენტია განათლების სისტემის და ვფიქრობთ, რომ ისიც ადეკვატურად რეფორმირებული იქნება, რომელიც ყველა მიმართულების რეფორმის გამოწვევებს უპასუხებს.

რაც შეეხება პედაგოგთა ანაზღაურებას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი მაყურებლებისთვის. თქვენ დაანონსეთ, რომ იქნება ზრდა, მაგრამ საინტერესოა, რა პრინციპით განისაზღვრება, ვის რა ტიპის ანაზღაურება შეიძლება ჰქონდეს?   

მართლაც, რეფორმის პირობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის მასწავლებლის მონაწილეობა, იმიტომ რომ, კარგი პედაგოგების გარეშე საკმაოდ რთულია იმ შედეგებზე საუბარი, რაზეც დღევანდელ პრეზენტაციაზე ვისაუბრეთ. პედაგოგებს მართლაც შესაბამისი ანაზღაურება ექნებათ. აქ ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან, წლების მიხედვით ვაკეთებთ გათვლებს და დღეს, რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, ერთი წლის განმავლობაში 10 000-მდე პედაგოგისთვის მოხდება ხელფასების ზრდა დანამატების სახით. ასევე, რაც მათი ეკონომიკურ პირობების გაუმჯოსებას შეეხება, იქნება ყოველწლიური ზრდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2022 წლიდან უკვე რეფორმების ამ ეტაპზე განსაზღვრულია და საშუალო ხელფასი ვფიქრობთ, რომ იქნება 1 500 ლარი. ანუ ვახსენებთ საშუალო ხელფასს, ხოლო თავისთავად ზოგიერთი პედაგოგისთვის ეს იქნება გაცილებით მეტი, შეიძლება 2 000 და 2 000 ლარზე მეტი. თუმცა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ რეფორმის განხორციელება, მივიღოთ მაღალი ხარისხის სკოლა, სადაც სწავლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, ამას სჭირდება პედაგოგების შესაბამისი მხარდაჭერა, მათი პირობების გაუმჯობესება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მოგვცემს იმ შედეგს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ მივიღოთ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ ერთიანი განათლების სისტემა.

ანაზღაურებასთან არის დაკავშირებული არსებული მოდელიც, მასწავლებელთა შეფასების სქემაც. გარკვეულწილად, ამ გარდამავალ პერიოდში, მას შემდეგ, რაც თქვენ ჩაიბარეთ უწყება და სხვა ფუნქციებიც შემოვიდა თქვენი სამინისტროს კომპეტენციაში, პედაგოგებს შორის გარკვეულწილად დაბნეულობა იყო, მათ დღესაც ვესაუბრე და ასეთი კითხვა აქვთ, უნდა განაგრძონ თუ არა კრედიტების დაგროვება, როგორც ამ დრომდე იყო აპრობირებული, საიმისოდ რომ დაწინაურდნენ და აიმაღლონ სტატუსი, რაც შესაბამისად მეტ ანაზღაურებას ნიშნავს? ამ სქემის მიმართულებით თუ გეგმავთ ცვლილებას - გაუქმებას ან რაიმე სიახლეს?

უახლოეს პერიოდში ასევე წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას, რომელიც შეეხება პედაგოგების კვალიფიკაციის განვითარებას, მათი, როგორც პედაგოგის, ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენ დეტალურ გეგმავს წარმოვადგენთ, სადაც იქნება კონკრეტული ხედვები, ის კონკრეტული გზები, რომელიც ამ რეფორმის პერიოდში მოგვიწევს, რომ გრძელვადიან პერიოდში გავიაროთ. ერთი მნიშვნელოვანი რამ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ გვყავს ბევრი მართლაც კარგი, ღირსეული პედაგოგი, რომელიც ყოველდღიურად, მართლაც დაუფასებელი შრომის ხარჯზე ბავშვებს გადასცემს ცოდნას. ასევე გვესმის ისიც, რომ ამ სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდა პედაგოგების ჩართვა. ამიტომ, იმ პირობების შესაბამისად, რომელიც ამ წლების განმავლობაში შესაბამის ანაზღაურებას, ასევე კონკრეტულ დახმარებას გულისხმობს, რომელიც მოიცავს მათ გადამზადებას, კონსულტაციების გაწევას, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი ძვრები მოხდება. როგორც ვთქვით, ერთის მხრივ მათი პირობების გაუმჯობესებით, ასევე მათდამი დახმარების კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში მოგვცემს იმ შედეგს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ამ წლების განმავლობაში მივიღებთ გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგებს და გაცილებით უკეთეს ეკონომიკურ პირობებს შევუქმნით ჩვენს პედაგოგებს.

ვიდრე ამ ახალ ხედვას წარმოადგენთ, რომლის შესახებ ახლა ლაპარაკობდით, თქვენი რჩევა რა იქნება, მათ უნდა განაგრძონ იმ მოდელის ფარგლებში ბრძოლა უკეთესი ანაზღაურებისთვის, რაც ახლა არსებობს?

რა თქმა უნდა.

წიგნების გრიფირების პროცესს რაც შეეხება, თქვენ მთავრობის ბოლო სხდომის შემდეგ ბრძანეთ, რომ სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს პროცესი. აქ იყო გარკვეული შეკითხვებიც და დადასტურდა, რომ იყო სისტემური დარღვევები, რადგან აუდიტის სამსახური სწავლობს საკითხს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დადგება?

გრიფირების თემას რაც შეეხება, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა გამომცემლებთან. მათ როგორც დავპირდით, პირველივე დღიდან ამ პროცესში ჩაერთო აუდიტი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში სწავლობს ამ საკითხს. ჩვენ თვის ბოლომდე გვექნება აუდიტის დასკვნა, სადაც კონკრეტულად გამოჩნდება დარღვევები, თუ ასეთი არსებობს, ასევე რა დარღვევებზეა საუბარი, რა პასუხისმგებლობებზეა საუბარი და შესაბამისად, ამის მიხედვით კიდევ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ერთი რაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ამ პროცესს, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, მართლაც ბევრი ხარვეზი ჰქონდა. მათ შორის რაც შეხვედრების დროს გამოჩნდა, იყო ნაკლები კომუნიკაცია გამომცემლებთან, მათი აზრის გაუთვალისწინებლობა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ შემდეგი გრიფირების პროცესისთვის ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ძალიან ექსტრემალურ რეჟიმში მაინც მოვახერხეთ ის, რომ პროცესი ავიყვანეთ კონტროლზე. წიგნების ბეჭდვა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და კიდევ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსწავლეები მიიღებენ მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ წიგნებს ახლაც სწავლის დაწყებასთან ერთად, სადაც გაუმჯობესებულია როგორც მასალის ხარისხი, ისე მათი წონა და ბევრი პარამეტრი. თუმცა ეს ყველაფერი არ უნდა გამომდინარეობდეს იქიდან, როდესაც პროცესი დასასრულისკენ უკვე ასეთ ექსტრემალურ რეჟიმში მიმდინარეობს, როდესაც ამ პროცესში 24 საათის განმავლობაში ჩართულნი არიან როგორც სტამბები, ისე ჩვენი თანამშრომლები. ჩვენ გპირდებით, რომ ამ პროცესს დროულად მივიყვანთ ბოლომდე და ჩვენს მოსწავლეებს წიგნები დახვდებათ. თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს ბოლო მომენტში, გადამწყვეტ მომენტში, ეს წლების განმავლობაში სწორად უნდა იგეგმებოდეს და სწორად კონტროლდებოდეს. რაც მთავარია, როდესაც საუბარია ჩვენს მოსწავლეებზე, როდესაც გასათვალისწინებელია ისეთი სენსიტიური თემები, რომელსაც შეიძლება სახელმძღვანელო შეიცავდეს, თავისთავად ასეთ ბოლო პერიოდში შეიძლება გაიპაროს რაღაც ხარვეზები. ფაქტობრივად, ჩვენ ახლა უმეტესი მათგანი გამოვასწორეთ, მაგრამ როგორც ვახსენე, აუდიტის დასკვნა კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას ეს პროცესი შევაფასოთ. თუ პასუხისმგებლობებზეა საუბარი, გამოჩნდეს ეს პასუხისმგებლობა, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, შემდეგი გრიფირების პროცესისთვის ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყოს, პროცესი დაგეგმილი იყოს ადეკვატურად და ისეთ მშვიდ ვითარებაში, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები მივიღოთ.

სკოლის ახალი მოდელის შესახებ ილაპარაკეთ დღეს. რას გულისხმობს ეს?

სწავლების მხრივ ვსაუბრობთ თანამედროვე მიდგომებზე, ინოვაციებზე, ტექნოლოგიების მეტად შემოტანაზე, იგივე სკოლის სივრცეში. იმიტომ რომ დღევანდელი ბავშვები გაცილებით მზად არიან, რომ ტექნოლოგიების დახმარებით, თანამედროვე მეთოდების დახმარებით, კიდევ უფრო მეტი ჩართულობით სწავლის პროცესში გაცილებით მეტი ცოდნა მიიღონ. მაგალითად, დღეს პრეზენტაციაზე გვქონდა საუბარი, რომ დღევანდელი მოდელი, ასე ვთქვათ, ძირითადად არის დამახსოვრებაზე, მეხსიერებაზე და მის გადმოცემაზე დაფუძნებული. ანუ რამდენად დავიმახსოვრეთ რაღაც მასალა, რამდენად შეგვიძლია მისი გადმოცემა. ახლა კი საუბარია თანამედროვე მიდგომებზე. იგივე ფინური სკოლის მაგალითი, სხვა წარმატებული სკოლების მაგალითები გვაჩვენებს იმას, რომ ძირითადი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ბავშვის აზროვნებაზე, მისი აზროვნებითი უნარების ჩამოყალიბებაზე. ამაში, რა თქმა უნდა, ცოდნა მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ ცოდნასთან ერთად პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია, განუვითაროთ აზროვნების, დისკუსიის, პროექტებში მონაწილეობის და სხვადასხვა კრეატიული, შემოქმედებითი უნარები, რომელიც მას დაეხმარება თანამედროვე სამყაროში იყოს წარმატებული და ასე ვთქვათ, თანამედროვე დროს პასუხობდეს. შესაბამისად, მოდელი გულისხმობს მნიშვნელოვან განახლებას. რამდენიმე საპილოტე პროექტი, რომელიც ამ ზაფხულის განმავლობაში განვახორციელეთ თბილისშიც, რეგიონშიც, დღევანდელ მოთხოვნებთან არა მარტო ადეკვატურია, არამედ იმდენად დიდია ჩართულობა ბავშვების, დიდია მათი ინტერესი, რომ ვფიქრობთ, დღევანდელი სწავლების მოდელიც საჭიროებს მნიშვნელოვან განახლებას და ვფიქრობთ, რომ პირველი ოქტომბრიდან თბილისში ერთ-ერთ საპილოტე სკოლაში უკვე დავიწყებთ მის განხორციელებას და მისი შედეგების მიხედვით გაზაფხულიდან 50-დან 100-სკოლამდე დავიწყებთ ამ პროექტის გაცილებით აქტიურად განხორციელებას. 2023 წლისთვის კი მთლიანად ყველა სკოლაში, მთელი საქართველოს მასშტაბით 2000-ზე  მეტ სკოლაში მივიღებთ განახლებულ სკოლებს, განახლებული პროგრამით და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სწავლის ხარისხით.

საუბრის ბოლოს მოკლედ რომ გვითხრათ, რა სიახლე იგეგმება სკოლამდელი განათლების მიმართულებით და ასევე პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით რა შეგვიძლია დავაანონსოთ?

სკოლამდელი განათლება არის ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, იმიტომ რომ, დღევანდელი თანამედროვე კვლევები და საერთაშორისო გამოცდილებაც სწორედ იმას მოითხოვს, რომ სკოლამდელ განათლებაზე გავაკეთოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი, იმიტომ რომ, სკოლაში შეყვანის პერიოდში ბავშვის მზაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ბოლო წლები, როდესაც სკოლამდელი ბავშვი სხვადასხვა დაწესებულებებში ატარებს, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება სწორედ განათლებას მიექცეს. არსებობს შესაბამისი განმავითარებელი პროგრამები, რომელიც მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვის გონებრივ განვითარებას, მისი სხვადასხვა უნარების განვითარებას და რაც მთავარია, ჩვენ სკოლის შეყვანის პერიოდში ვიღებთ გაცილებით მაღალი მზაობის ბავშვებს, რომლებიც გაცილებით უკეთ არიან მომზადებულები სასკოლო პერიოდისთვის. გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი ბავშვები სკოლის პერიოდშივე იწყებენ მასალების გაცილებთ სწრაფად ათვისებას, უფრო მეტად კრეატიულები არიან, უფრო მეტად არიან სწავლების მიმართ დაინტერესებულები. ვფიქრობთ, რომ ეს გამოცდილება საქართველოშიც გასაზიარებელია და ამ მიმართულებით ამ წლების განმავლობაში დაინერგება ის პროგრამები, რომელიც სკოლამდელ განათლებას დაეხმარება. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, აქაც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდება. ერთი, თვითონ პროფესიული სასწავლებლების განვითარების კუთხით, განსაკუთრებით რეგიონებში, მეორე, მნიშვნელოვანია სწრაფ დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამების გაკეთება, იმიტომ რომ, დღეს ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ უმუშევრობა, მეორე - მოთხოვნა კადრებზე, რომელიც შეუსაბამოა არსებულ სიტუაციასთან. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ისეთი პროგრამები, რომელიც ორიენტირებული იქნება სწორედ დასაქმებაზე და ეს შესაძლებელია მხოლოდ იგივე პროფესიულ პროგრამებში რაც შეიძლება მეტი ბიზნესის, სხვადასხვა სტრუქტურების აქტიური ჩართულობით. ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უკვე დავიწყეთ. საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ იგივე დიდი და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომ მათი ჩართულობით ვუზრუნველყოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად პროფესიულ სასწავლებლებში მივიღოთ მაღალკვალიფიცირებული, სწრაფად გადამზადებული კადრები, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან შესაბამისი მაღალი ანაზღაურებით და ვფიქრობთ, რომ დასაქმების კუთხით ეს რეფორმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

სხვა ინტერვიუები