22 სექტემბერი 2018

პრემიერმინისტრი ამერიკულ გზავნილებსა და ქართულ პოლიტიკაზე

ინტერვიუ მთავრობის ხელმძღვანელთან

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო თანამეგობრობას 27 სექტემბერს გაეროს ტრიბუნიდან სიტყვით მიმართავს. თუმცა მანამდე მამუკა ბახტაძე უკვე ერთი კვირაა ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს, როგორც შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეების მაღალჩინოსნებთან, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან გაიმართა, სადაც მთავარი თემა ქვეყნის ოკუპაცია იყო. კიდევ ერთი თემა, რომელიც ამერიკაში ყოფნისას აქტიურად განიხილება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პერსპექტივას ეხება. რა დახმარებას ველით სტრატეგიული პარტნიორისგან, გაიზრდება თუ არა საინვესტიციო კაპიტალი, ვინ და რა დახმარებას გაგვიწევს განათლების სისტემის რეფორმირების გზაზე, ასევე რას ფიქრობს მამუკა ბახტაძე საქართველოში მიმდინარე კვირის ორ მთავარ მოვლენაზე: გაიწვევს თუ არა მთავრობა კანაფის კულტივაციის შესახებ საკუთარ კანონპროექტს და რას ფიქრობს ის ოპოზიციის სიებში მისი ხელმოწერის შესაძლო გაყალბებაზე? - „ქრონიკის“ წამყვანის თეა სიჭინავას კითხვებს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნიუ-იორკიდან პირდაპირი ჩართვით უპასუხა.
 

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა

მთელი კვირის განმავლობაში თქვენ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გქონდათ. გქონდათ მნიშვნელოვანი შეხვედრები, როგორც შეერთებული შტატების პოლიტიკური წრეების და სავალუტო-საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. ამ მხრივ, ალბათ, გამოვყოფდით ორ მთავარ და მნიშვნელოვან შეხვედრას, ერთი არის მაიკ პომპეოსთან, მეორეა - ჯონ ბოლტონთან. მე წავიკითხავ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებიდან ამონარიდს და შემდეგ დავსვამ კითხვას. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და მისი მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ადგილი აქვს ადამიანების მკვლელობებს, გატაცებებს და სხვა სამართალდარღვევებს, საქართველო მაინც განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას და ეკონომიკის განვითარებას. აშშ დგას საქართველოს გვერდით“, - რაზე მიანიშნებს ეს განცხადება, როგორ აისახება ის ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე?

პირველ რიგში, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე. ჩვენი ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე და კონკრეტულ შედეგებზე ასეთი ორიენტირებული, არასდროს ყოფილა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში და იმ პირობებში, როდესაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ პრეზიდენტ ტრამპისგან და მისი ადმინისტრაციისგან ვღებულობთ ასეთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას, ჩვენ შევძელით, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაგვეღრმავებინა და აგვეყვანა ყველაზე მაღალ დონეზე. დამოუკიდებლობის დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობის გვერდით და რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ეს ურთიერთობა არის ყველაზე მაღალ დონეზე. შესაბამისად, ეს არის ისტორიული შანსი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები ყველა მიმართულებით. ვფიქრობ, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი, რომელიც მიუთითებს იმ ძალიან დიდ პროგრესზე, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენს ამერიკელ კოლეგებს კარგად ესმით, თუ როგორი რთულია ქვეყანა გყავდეს განვითარების ასეთ მაღალ ტრაექტორიაზე მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს სისტემური აგრესია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს არის გამოწვევებით აღსავსე გზა, მაგრამ სწორედ ჩვენი მეგობრობა და ჩვენი პარტნიორობა იმაში გამოიხატება, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ეს გამოწვევები.

მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში 5 საკანონმდებლო აქტის მიღება მოხდა, სადაც ერთმნიშვნელოვნად მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ნახსენებია ის აგრესია და ის ოკუპაცია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოში ახორციელებს. მინდა, განსაკუთრებით ხაზი გავუსვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან კანონს ბიუჯეტის შესახებ, სადაც ნათლად არის ასახული ამერიკის შეერთებული შტატების მკვეთრი რეაქცია ყველა იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ძალიან კონკრეტული გზავნილები, ეს არის ძალიან კონკრეტული დახმარება და მე კიდევ ერთხელ მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს, მის ადმინისტრაციას და მისი გუნდის ყველა წევრს ასეთი ერთგული დახმარებისთვის.

ბოლო კანონი რაც ახსენეთ, საბიუჯეტო კანონი, რომელიც კრძალავს ნებისმიერ ფინანსურ დახმარებას იმ სახელმწიფოების მისამართით, რომელთაც რაიმე სახის ურთიერთობა აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დამყარებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონია, ამაზე არავინ არ დაობს და ყველა ამას აღნიშნავს. სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის ამ კვირის განცხადებიდან გამომდინარე, კიდევ ხომ არ უნდა ველოდოთ მსგავსი სახის გადაწყვეტილებებს ჩვენს სასარგებლოდ? თქვენ ახსენეთ, რომ არნახულ სიმაღლეებს მიაღწია ჩვენსა და ამერიკას შორის ურთიერთობამ და ასეთი სახის გადაწყვეტილებებს მომავალშიც ხომ არ უნდა ველოდოთ? 

უკვე ორი ახალი საკანონმდებლო აქტის განხილვის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან და მე დარწმუნებული ვარ, რომ შუალედური არჩევნების მიუხედავად აუცილებლად მოხდება ამ აქტზე მხარდაჭერის მიღება. ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის ძალიან მრავალმხრივი და მრავალგანზომილებიანი. ჩვენ დღეს ვართ ურთიერთობის იმ ეტაპზე, როდესაც ორივე მხარე ვაფიქსირებთ მზადყოფნას იმისთვის, რომ გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები თვისობრივად და ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე. ეს განსაკუთრებით შეეხება ორ მიმართულებას, ეს არის ჩვენი ურთიერთობა უსაფრთხოების ნაწილში და უსაფრთხოების მიმართულებით და ამავე დროს ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის იქნება ძალიან ძლიერი წინ გადადგმული ნაბიჯი. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ძალიან დადებითი უკუკავშირი მივიღე ჩვენი კოლეგებისგან ყველა დონეზე, იმ შეხვედრებში, რომელიც ჩვენ გავმართეთ ვაშინგტონში ამ იდეასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს მსხვილ ეკონომიკურ პლატფორმებთან ახალი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შესახებ და შესაბამისად ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მოლაპარაკებების დასრულების პარალელურად ჩვენ გავხსნით კონკრეტულ დიალოგს და უკვე კონკრეტულ მოლაპარაკებებს შესაბამისი უწყებების დონეზე, რომ მივაღწიოთ ახალ ეტაპს ეკონომიკურ ურთიერთობებში. შესაბამისად, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი იქნება ამის ძალიან დიდი წინაპირობა.  

ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით, იმიტომ რომ, ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო თქვენი ვაშინგტონში ვიზიტისას. თქვენ ორი რამ ახსენეთ - ეკონომიკური მიმართულება და უსაფრთხოება. მოდით, ჯერ უსაფრთხოებას შევეხოთ და შემდეგ გადავდეთ თავისუფალ ვაჭრობაზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ ანგარიშში პოზიტიურად შეაფასა საქართველოს კონტრტერორისტული კანონმდებლობა. ანგარიშში ხაზგასმულია უსაფრთხოების სფეროში მაღალი დონის და წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა. რაზე მიანიშნებს ეს ჩანაწერი?

ჩემი ვიზიტის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ძალიან მაღალი დონის მზადყოფნას, რაც აქვს საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ძალიან აქტიური როლი შევასრულოთ მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში. თავისთავად, ანგარიში არის ძალიან კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი, აქიდან გამომდინარე მინდა ვისარგებლო თქვენი დღევანდელი ეთერით და მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ოფიცერს, ჩვენ სამართალდამცავებს, ჩვენი უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებს და მათ ხელმძღვანელობას, რომ მიუხედავად გაზრდილი გამოწვევებისა ჩვენს რეგიონში, ისინი აგრძელებენ თავიანთი სამუშაოს ძალიან ღირსეულად შესრულებას. შესაბამისად, ამ ღირსეული სამუშაოს გახმოვანება მოხდა სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, იმ განცხადებას ვგულისხმობ, რომელიც თქვენ აღნიშნეთ. ეს არის კიდევ ერთი კონკრეტული გზავნილი იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ურთიერთობა, რომელიც შეეხება უსაფრთხოების განმტკიცებას ჩვენს რეგიონში, ავიყვანეთ ამერიკის შეერთებული შტატებთან სრულიად ახალ, განსხვავებულ დონეზე.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც შევეხოთ. ამერიკა-რუსეთს შორის დღეს არსებული ურთიერთობის ფონზე საინტერესოა, როგორ აფასებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენს გაცხადებულ პოლიტიკას რუსეთთან პირდაპირი დიალოგის შესახებ, განსაკუთრებით საინტერესოა ბოლტონის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ისაა პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. თუ გქონდათ ამაზე საუბარი და რა ინფორმაცია მიიღეთ ჩვენს ამ გაცხადებულ პოლიტიკაზე?

ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი კოლეგების მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, ამასთან ერთად იმ სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ რამდენიმე თვის უკან. აქვე მინდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, საქართველო არის მართლაც ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, გადაწყვეტილებებში მონაწილე უწყებების მხრიდან კონსენსუსი მიღწევა ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ მივიღეთ ორპარტიული მხარდაჭერა. შესაბამისად, ჩვენი პოზიციები ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ძალიან მტკიცე და აქიდან გამომდინარე ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, მათ შორის იმ პოლიტიკაშიც, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. ჩვენ გავაჟღერეთ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მეგობრების სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ მიმართულებით. სწორედ ეს იყო ამავე დროს ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვართ მოხარულები იმ პირდაპირი დიალოგისა, რომელსაც აწარმოებს პრეზიდენტი ტრამპი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, ვინაიდან, ჩვენი დასავლელი მეგობრები იყენებენ თავიანთ ხელთ არსებულ ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტს, მათ შორის, პრინციპულ დიალოგს იმ პრინციპულ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის და ბუნებრივია, ამ პრინციპულ საკითხთა ჩამონათვალში არის საქართველოს ეროვნული ინტერესები.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ახსენეთ, რასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური მოლოდინი გაქვთ, მაგრამ ამერიკის ხელისუფლების პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილია. 2012 წლის შემდეგ ამერიკას მსგავსი შეთანხმება არ დაუდვია არც ერთ ქვეყანასთან. თუ არ ვცდები, ბოლო იყო სამხრეთ კორეა. ძალიან ბევრ ქვეყანას სურს ამ შეთანხმების მიღწევა, ჩვენ რითი ვართ გამორჩეული, ან განსხვავებული, ან უფრო მიმზიდველი, რომ ამერიკამ ამასთან დაკავშირებით შეცვალოს პოლიტიკა და ჩვენთან გააფორმოს ასეთი შეთანხმება?         

ალბათ, სიახლეს არ ვიტყვი იმით, რომ შესაძლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ იქნება მხოლოდ ეკონომიკურ თანამშრომლობის პოტენციალზე ხაზის გასმა, ეს იქნება პოლიტიკური ნაბიჯიც. ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, რომ დიდი ოთხეულის წარმომადგენელმა კომპანიამ საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დაასრულა და ეკონომიკური ციფრებიც ძალიან იმედის მომცემია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი არგუმენტი: პირველი - ეკონომიკური განზომილების, რომ მართლაც, ახალი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ უკუგებას მოუტანს ორივე ქვეყანას და რა თქმა უნდა, ამავე დროს არის პოლიტიკური შემადგენელიც. თქვენ იცით ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტრატეგია, რომ საქართველო უნდა გახდეს ეკონომიკური ცენტრი, ეკონომიკური ჰაბი მთელი რეგიონისთვის. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენს ამერიკელ მეგობრებსაც სწორედ ასეთი ხედვა აქვთ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.

ანუ, კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელით ამ მიმართულებით?

ეს არის პროცესი. მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან მაღალი დონის კეთილგანწყობა და მხარდაჭერა ამ იდეასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რეგიონულ კონტექსტს აქვს დიდი მნიშვნელობა, იმ პროცესებს, იმ მოლაპარაკებებს, რომელშიც ჩართულია დღეს ამერიკის შეერთებული შტატები  სხვადასხვა ეკონომიკურ პლატფორმებთან, მაგრამ თვითონ საკითხი არის ძალიან პრინციპული და ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა ყველა დონეზე. მე მქონდა შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტთან, საკანონმდებლო ორგანოში, სამოქალაქო სექტორთან. ჩვენ მხოლოდ მხარდაჭერის განცხადებები მოვისმინეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეასთან დაკავშირებით. საქართველოს განვითარების სტრატეგიას შევეხე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხედვაა, რომ საქართველო უნდა იყოს ეკონომიკური ცენტრი და ეკონომიკური ჰაბი მთელი რეგიონისთვის. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ვაშინგტონში ჩვენი მეგობრების ხედვა სწორედ ასეთია საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ გვინდა საქართველოში მივაღწიოთ მეტ ინკლუზიურ ზრდას და ამაში ძალიან შეგვიწყობს ხელს შესაძლო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ საქართველოს უკეთესი და უფრო ეფექტური ინტეგრაცია მოვახდინოთ გლობალურ ეკონომიკაში, მივიღოთ მეტი ამერიკული ინვესტიციები. ამ თვალსაზრისით ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული წარმატებები. მინდა შევახსენო ყველას, ოპეკის [ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია]...

სწორედ ოპეკზე მინდოდა კითხვა. მათ თქვეს, რომ საქართველო განიხილება გრძელვადიან პერსპექტივაში და რას ნიშნავს ეს, ნიშნავს უფრო მეტ ინვესტიციას, საინვესტიციო არეალის გაზრდას საქართველოსთან დაკავშირებით? ან რა მიმართულებით ელით ასეთ ინვესტიციებს?

ბუნებრივია, ოპეკმა უკვე 2-ჯერ გაზარდა თავისი პორტფელი საქართველოში და ამ  დღეებში საკანონმდებლო დონეზე განიხილება, რომ ოპეკის დაფინანსება გაიზარდოს კიდევ 2-ჯერ, რაც შესაბამისად ნიშნავს დამატებით შესაძლებლობას საქართველოსთვის, რომ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მაგრამ ჩვენთვის ამავე დროს მნიშვნელოვანია მეტი ინვესტიცია ვიხილოთ კერძო სექტორიდან, ამერიკული კომპანიებისგან საქართველოში. განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს დასავლელ მეგობრებს და ამერიკულ კომპანიებს ბიზნესი განახორციელონ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონში ერთად აღებული. სწორედ საქართველო უნდა გახდეს ის ეკონომიკური პლატფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მოვიზიდოთ მეტი ამერიკული ინვესტიცია და ზოგადად ინვესტიციები დასავლეთიდან.

ეს ინვესტიციები განათლების მიმართულებით თუ არის დაგეგმილი? თქვენ შეხვედრები გქონდათ სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან და თქვენი პრიორიტეტი, როგორც თქვენ პირველივე დღეს განაცხადეთ, განათლებაა. ამ მიმართულებით თუ აპირებენ საფინანსო ორგანიზაციები კაპიტალდაბანდებას? 

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ საქართველოში უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანური კაპიტალის შექმნა და შესაბამისად, განათლების სექტორის რეფორმა. მინდა ვამცნობო ჩვენს მაყურებელს ძალიან საინტერესო და სასიხარულო ინფორმაცია - მსოფლიო ბანკი ახორციელებს ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამას. ეს არის პირველი საპილოტე პროგრამა და საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც გახდება ამ პროგრამის ბენეფიციარი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს მსოფლიო ბანკში ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. ამასთან ერთად, მოგეხსენებათ ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ სწორედ განათლების სექტორი უნდა გახდეს ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი სექტორი და მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) მინიმუმ 10-11%-ს უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომ გვქონდეს მეტი ფისკალური სივრცე იმისთვის, რომ აღნიშნული სექტორი დავაფინანსოთ. ამ მიმართულებითაც გვაქვს მხარდაჭერა და დეტალური ანალიზი მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ დამატებითი რესურსის მოძიება როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ასევე მსოფლიო ბანკში. მინდა მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენო, სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველო არის და მომავალი 3 წლის განმავლობაში იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით რეგიონში. ეს არის ძალიან კონკრეტული გზავნილი, ძალიან კონკრეტული მხარდაჭერა იმ ეკონომიკური რეფორმების, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. განსაკუთრებით, რომელიც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას და როგორც შედეგი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღება საქართველოში.

თქვენი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება, მაგრამ ამის პარალელურად საქართველოში საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და აუცილებლად უნდა გკითხოთ ორ მთავარ თემასთან დაკავშირებით, რომელზედაც დისკუსია არ ცხრება მთელი კვირის განმავლობაში. პირველი თემა ეხება ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა შესაძლო გაყალბებულ სიებს, რომელშიც თქვენი, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა აღმოჩნდა. სხვათა შორის, ეს ინფორმაცია პირველად „ქრონიკის“ მაყურებელმა გაიგო, ჩვენგან გაჟღერდა ეს ინფორმაცია. თქვენ კი უწოდეთ ამას უმსგავსობა, მაგრამ ვითარება ასეთია: პროკურატურამ უკვე დაიწყო შესწავლა, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება დასჭირდება, როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში. შეიძლება ვიხილოთ ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნების მიღმა დარჩეს?

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მსურს გამოვეხმაურო ამ მართლაც უმსგავსობას. ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი აგრძელებს ასეთი უკანონო ნაბიჯების გადადგმას, ეს შეეხება გაყალბებას, სიცრუის ტირაჟირებას და ასე შემდეგ. ხელისუფლებაში როცა იყვნენ, სწორედ ამას აკეთებდნენ. ახლა ოპოზიციაში არიან, დღესაც იგივე ნაბიჯებს დგამენ. რა თქმა უნდა, ამას უნდა მოყვეს სამართლებრივი შეფასება და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები ადეკვატურ შეფასებას გააკეთებენ, მაგრამ პოლიტიკურად, მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს მართლაც არის ღიმილისმომგვრელი და ჩვენი  ყველა პარტნიორი ამას ძალიან კარგად ხვდება. „ქართული ოცნება“ არის გარანტი იმისა, რომ საქართველოში არჩევნები, ისე როგორც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა სხვა არჩევნები, ჩატარდება თავისუფალ გარემოში და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვით, მაგრამ როდესაც სხვადასხვა ოპოზიციური ძალა ასეთი ტიპის გაყალბებას, თვალში ნაცრის შეყრას იყენებს მექანიზმად, ეს შეუმჩნეველი არ რჩება საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ პროკურატურაში თუ ცესკოში?

ძალიან უპასუხისმგებლოა, თუმცაღა მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოებისთვის ეს რაღაც სიურპრიზი არ იყო, ვინაიდან ამ ძალას ახასიათებს ასეთი უპასუხისმგებლო და მსგავსი ტიპის კანონდარღვევები. აქიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამას შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გააკეთებენ, ისე, როგორც ეს ქართული კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

თუ მკაცრი იქნა ვერდიქტი, თქვენი პოზიცია როგორი იქნება?

საქართველოში არის კანონის უზენაესობა და ჩემი პოზიციაა, კანონის უზენაესობიდან გამომდინარე უნდა იქნას თითოეული გადაწყვეტილება მიღებული.

მეორე თემა კანაფის კულტივაციას ეხება. მთელი კვირაა ამაზე ვნებათაღელვა  მიმდინარეობს. ბოლო კვირის განმავლობაში ასეთი ვითარება მივიღეთ, რომ პარლამენტმა შეაჩერა კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით განხილვა მას შემდეგ, რაც სასულიერო პირთა მკვეთრი რეაქცია დაფიქსირდა.  შემდეგ უკვე, რამდენიმე დღეში, პარლამენტის თავმჯდომარემ ისიც კი არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ეს კანონპროექტი საერთოდ გაიწვიონ პარლამენტიდან. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. ძალიან ცუდია, რომ  ჩვენ ახლა არ გვაქვს ისეთი ფორმატი, სადაც უფრო ფართოდ შეგვიძლია ვისაუბროთ ამ საკითხზე - საიდან გაჩნდა ეს იდეა, საიდან წამოვიდა, რატომ გაუჩნდა მთავრობას ეს იდეა, მაგრამ მოდით, კვირის მთავარი მოვლენიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ. სხვათა შორის, დღეს ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ის თითქმის დარწმუნებულია და დადასტურებულად შეუძლია თქვას, რომ მთავრობა გაიწვევს ამ კანონპროექტს. შეგიძლიათ გვითხრათ პრემიერმინისტრმა, რა შემთხვევაში შეიძლება მთავრობამ გაიწვიოს და უარი თქვას საკუთარ იდეაზე?

მადლობა ამ შეკითხვისთვის. მინდა პირველ რიგში განვმარტო, რომ ჩვენი ინიციატივა შეეხებოდა ორ მიმართულებას. შესაბამისად, ეს იყო ორი სხვადასხვა ინიციატივა. პირველი შეეხებოდა იმ კონკრეტულ სამართლებრივ რეალობას, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დადგა. როდესაც ასეთი რეალობა დადგება, პასუხისმგებლიანმა მთავრობამ უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მოკლე დროში. შესაბამისად, ჩვენ დავამუშავეთ კანაფის მოხმარების ძალიან მკაცრი რეგულაციის დოკუმენტი, სადაც გაწერილია თითოეული რისკი, რომელიც შეიძლება ახლდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას და აქვე განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის ამ რეგულაციების შემოღებით მთავარი პრიორიტეტი გახლდათ ჩვენი საზოგადოების, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობა. თქვენ თუ ნახავთ ამ პუნქტებს და გააკეთებთ ანალიზს, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ასეთი მკაცრი რეგულაცია ფაქტობრივად არც ერთ ქვეყანაში არ არის. ეს არის ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელი.

ხომ მაგრამ რეგულაციაზე არ იყო ეს ვნებათაღელვა.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას. აქაც ჩვენი ინიციატივა გულისხმობდა კულტივაციას მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით და ისიც მხოლოდ საექსპორტო ბაზრებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ პირნათელი ქართულ საზოგადოებასთან. მე განვაცხადე, რომ ჩვენი რეგულაცია პირველ ნაწილშიც და მეორე ნაწილშიც იქნებოდა ისეთი მკაცრი, რომელიც გამორიცხავდა თუნდაც ერთი გრამი ამ ნივთიერების და ამ მცენარის მოხვედრას ბაზარზე უკონტროლო რეჟიმში. მაგრამ ამას მოჰყვა ვნებათაღელვა. ვფიქრობ, ამ ნაწილში მეტი კომუნიკაცია იყო აუცილებელი საზოგადოებასთან. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელწერა გახლავთ ყოველთვის კონსენსუსის ძიება ქართულ საზოგადოებასთან, მისი ინფორმირება, მაქსიმალური ჩართულობა, მით უმეტეს, ასეთ თემებზე და მხოლოდ ამის შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილების მომზადება და მიღება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო კიდევ ერთი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ამ ეტაპზე მეორე ინიციატივის შეჩერება და გავმართოთ ძალიან ინტენსიური დამატებითი კონსულტაციები ყველა მხარესთან, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით და მხოლოდ საბოლოო პოზიციების შეჯერების შემდეგ მოვახდინოთ მისი შეფასება.

ვინ ან რა იქნება მთავარი ფაქტორი ამ საბოლოო პოზიციის შეჯერებისას, რა შემთხვევაში იტყვის მთავრობა საბოლოოდ უარს კულტივაციის ნაწილზე?

ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი. მე არაერთხელ განვაცხადე, ეს არის ისეთი საკითხი, სადაც საჭიროა ინტენსიური დიალოგი, სადაც საჭიროა ინტენსიური კონსულტაციები და მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს არ არის საფრთხის შემცველი და ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ჩვენს ფილოსოფიას, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ამ საკითხის შეფასება. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ რაც შეეხება მეორე ინიციატივას, რა თქმა უნდა, ჩვენ  მეტი კონსულტაცია და მეტი კომუნიკაცია გვმართებდა საზოგადოებასთან...

ანუ, ჯერ არ გაუწვევია მთავრობას ეს კანონპროექტი, ხომ ასეა?

სანამ არ მოხდება კონსენსუსის მიღწევა, სანამ არ მოხდება ინტენსიური დიალოგის წარმოება ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ჩვენ მას ფორსირებას არ გავუკეთებთ. ეს არ არის ჩვენი პოლიტიკური ხელწერა. ჩვენი პოლიტიკური ხელწერა გახლავთ დიალოგი საზოგადოებასთან და ფართო კონსენსუსის მიღწევა ნებისმიერ საკითხზე. მათ შორის, ისეთ პრინციპულ და ისეთ მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემაზე, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ. სამწუხაროდ, ამ ინიციატივას მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები. აქ, ალბათ, იმის პრობლემაც იყო, რომ ჩვენ შესაბამისი პირდაპირი კონსულტაციები იმ ინტენსივობით არ გვიწარმოებია, რაც საჭირო იყო. შესაბამისად, ჩვენ ვღებულობთ ამ შენიშვნას და გადავდივართ ინტენსიური კონსულტაციების და დიალოგის რეჟიმში, რომ ჩვენც, ქართული საზოგადოებაც და ყველა მხარე დარწმუნდეს და თუ იქნება კონსენსუსი, რომ ეს არის დადებითი ნაბიჯი, ჩვენ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, თუ იქნება კონსენსუსი, რომ ეს არ არის გადასადგამი ნაბიჯი, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური ხელწერა არასოდეს ყოფილა ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების მიღება ისე, რომ საზოგადოებრივი აზრი არ გაგვეთვალისწინებინა და ამას არასოდეს არ ვიზამთ.

ვიდეო

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები