პრინცმა ჰარიმ გვითხრა, იმედები არ გამიცრუოთო
როგორ გაიმარჯვა ქართულმა ნაკრებმა კანადაში
კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიურ თამაშებზე დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში გაერთიანებული სამეფოს გუნდი დაამარცხეს. „საქართველოს გაუმარჯოს“, - პრინცი ჰარი ქართველი სამხედროების გამამხნევებელ შეძახილებსაც შეუერთდა და მათ ოქროს მედლები გადასცა. ამ გამარჯვებაზე კანადიდან საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ქართველი სამხედრო ბესარიონ ღუდუშაური „მაესტროს“ შეკითხვებს პასუხობს.
პირველ რიგში გილოცავთ ამ წარმატებას. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, როგორ მიმდინარეობდა ჩემპიონატი და როგორ მოიპოვეთ გამარჯვება?
თავდაპირველად რომ ჩამოვედით ძლიერთა თამაშებში მონაწილეობისათვის უდიდესი მოტივაცია მოგვცა თავდაცვის მინისტრმა, რომელიც თავის პირველ მოადგილესთან და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად ასევე ჩამოვიდა კანადაში. ჯგუფურ ეტაპზე შევხვდით ესტონეთის ნაკრებს და იორდანიის ნაკრებს. გამარჯვების შემდეგ მერვედფინალში შევხვდით საფრანგეთის ნაკრებს. ამის შემდეგ გადავიკვეთეთ აშშ-ის გუნდთან, რომელიც დავამარცხეთ და ფინალურ მატჩში იცით, რომ ჩვენმა ნაკრებმა ბრიტანეთის ნაკრებსაც მოუგო. ამ გამარჯვებას მთელ საქართველოს ვულოცავ.
აუცილებლად უნდა გკითხოთ ბრიტანეთის პრინც ჰარიზე. ის გამოჩნდა საქართველოს გუნდის მხარდამჭერ ვიდეოში. ჩვენ მოვისმინეთ, როგორ სკანდირებს ის - „საქართველოს გაუმარჯოს“, ასევე პრინცმა პირადად გადმოგცათ ოქროს მედლები. საინტერესოა შეხვედრისას რაზე ისაუბრეთ?
ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად პრინცმა გვითხრა, საიდუმლოდ გეტყვით და თქვენ გგულშემაგტკივრობთ, მიუხედავად იმისა რომ ჩემი ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობთო; თქვენ გულშემატკივრად მიგულეთო, რითაც კიდევ მეტი მოტივაცია მოგვცა. არ გამიცრუოთ იმედებიო - ასე დაგვიბარა პრინცმა, რაც შევძელით კიდეც.
რა პირობებში მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები და ასევე საინტერესოა, საქართველოს ნაკრების წევრებს თუ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პირობები?
დიახ. თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის ხელს უწყობდა დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე პარაოლიმპიურ კომიტეტს გამოყოფილი აქვს სავარჯიშო დარბაზი და შესაბამისად ვარჯიშის პირობები არის. თუ რამე შეჯიბრია, თავდაცვის სამინისტრო ჩართულია, რომ საშუალება გვქონდეს საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანოთ.


