10 ოქტომბერი 2017

რა ღირს პროექტი, რომელიც თბილისის დეპუტატებმა დაამტკიცეს

ინტერვიუ საკრებულოს თავმჯდომარესთან

ოპოზიციის ხმაურისა და პროტესტის მიუხედავად თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე "თაბორი რიზორთისა" და "თბილისი სითისთვის" მიწების გადაცემას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს წინ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ აქციები გაიმართა. ისინი შენობაში შესვლას და სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. შსს-ს მონაცემებით, სამართალდამცველებმა 9 ადამიანი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავებულია 12 ადამიანი. საკრებულოში და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებზე "მაესტროს" ჟურნალისტის, ხატია ქვათაძის კითხვებს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა უპასუხა.


დღის ბოლოს ოპოზიციის მთავარი ჩივილია, რომ სხდომა ისე დაიხურა, რომ საკრებულოს შესაბამისი აქტი არ მიუღია. ოპოზიცია დღევანდელ გადაწყვეტილებას არალეგიტიმურად მიიჩნევს, რის გამოც სამართლებრივი გზით აპირებს დავის გაგრძელებას. საინტერესოა, რა მოტივით დახურეთ სხდომა და რატომ არ მიეცათ ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომაზე დასწრების საშუალება? 

ოპოზიციის წარმომადგენლები საკრებულოში არიან. ასე, რომ ისინი ესწრებოდნენ სხდომას. რაც შეეხება სხდომის დახურვას, არ ვიცი რამდენად უნდა დავარქვათ ჩვენს სხდომას დახურული, როდესაც მასში მონაწილეობენ წამყვანი და არა მხოლოდ წამყვანი ტელეარხები, აგრეთვე სხვადასხვა პრესისა და სააგენტოს წარმომადგენლები... ასე, რომ ასეთი ბრალდება, ბუნებრივია, ჩემთვის მიუღებელია.

იქ იყვნენ დეპუტატებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მათაც ჰქონდათ საკრებულოს სხდომაზე დასწრების სრული უფლება.

მანდამდეც მივალ. მინდა საკითხი შემდეგნაირად დავაყენო. სჭირდება თუ არა ქალაქს განვითარება?! რა თქმა უნდა, სჭირდება. სჭირდება თუ არა ქალაქს ინვესტიციები?! რა თქმა უნდა, სჭირდება. რა თქმა უნდა, სჭირდება ურბანული განვითარება, სატრანსპორტო, ეკოლოგიური და ასე შემდეგ. ყოველივე ეს წარმოუდგენელია ისეთი ინვესტიციის გარეშე, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ. სხვადასხვა ციფრი იყო დასახელებული, მე შემიძლია ზუსტად გითხრათ. ეს მთლიან კომპლექსში განიხილება, დაწყებული პუშკინის სკვერიდან... რატომღაც ჩვენი ოპონენტები პუშკინის სკვერს გაიძახიან, როდესაც ეს არის ადგილი პუშკინის სკვერსა და მუზეუმს შორის, სადაც არც თუ ისე ღრმა წარსულში, ტროლეიბუსების გაჩერება იყო... ასე, რომ ეს არის მთლიანი სისტემა, რომელშიც 680 მილიონი დოლარის ინვესტიციის დაბანდება ხდება. ეს ინვესტიცია უპრეცედენტოა. ერთ შედარებას გავიმეორებ: როდესაც კომუნისტების დროს, 1960-იან წლებში განხორციელდა მეტროსადგურების მშენებლობა და ამ ქსელმა მთელი ქალაქი მოიცვა, დღევანდელი პროექტი იმაზე დიდია. რა უნდა ვქნათ ახლა ჩვენ, როდესაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ, რომ თითქოს ეს ტერიტორია ერთ ლარად გაიცემა, როდესაც იქ მილიონიანი ინვესტიცია იდება?! ის ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქს აწუხებს პარკინგების პრობლემა. ქალაქს გარდა ამ ადგილისა კიდევ 9 ადგილი აქვს გამოყოფილი, სადაც პირდაპირ არის გაცხადებული, რომ თუ ვინმე ინვესტიციით შემოვა, 1 ლარად, სიმბოლურ ფასად დავუთმობთ მას. ძალიან ძნელად მოსაძებნია ასეთი ინვესტორი. ბუნებრივია, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ქალაქის განვითარებაზე ვიზრუნოთ, ამ მიმართულებით ვიაროთ. ამიტომ ვთვლი, რომ დღეს რაც საკრებულოში მოხდა, ხმათა უმრავლესობით ჩვენ რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ეს სწორედ ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული.

ასევე საუბარი იყო იმის შესახებ, რომ სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზება იყო საკრებულოს შენობაში. ეს პრეტენზია ოპოზიციამ საკრებულოს წინა სხდომის დროსაც გამოთქვა. ძალა ადეკვატურად იყო მობილიზებული?

უკვე მრავალმა ჟურნალისტმა დამისვა ეს შეკითხვა არა მარტო მე, არამედ ჩემს თანაგუნდელებსაც. ეს მობილიზაცია განაპირობა ზუსტად 29 სექტემბრის სხდომამ, როდესაც კანონის პირველი დამცველები ჩამოვიდნენ სხდომათა დარბაზში და უკვე დადგმული სცენარის მიხედვით შეეცადნენ სხდომის ჩაშლას. ამის შემდგომ გაგრძელდა დღეები, მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით მათ ეს თემა კიდევ უფრო აწიეს და ხაზგასმით ამბობდნენ, და თქვენ არხზეც იყო ეს სიუჟეტები, რომ მათი მიზანი საკრებულოს სხდომის ჩაშლა გახლდათ. ჩემი მიზანი, ჩემი მოვალეობა და ზოგადად, საკრებულოს მოვალეობაა მუშაობა ისე, როგორც ეს ჩვენი ქალაქის, ჩვენი მოქალაქეების ღირსებას შეეფერება. საკრებულო ლეგიტიმური ორგანოა, ის არჩეულია ჩვენი თანამოქალაქეების მიერ, მას აქვს უფლება გამოიტანოს თბილისის განვითარებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებები. აქიდან გამომდინარე მე და ჩემი თანაგუნდელები ვალდებულად ვთვლიდით თავს, რომ არავისთვის, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, რა პარტიის, რა წარმომადგენლობის, რა თანამდებობისაც, მათთვის საკრებულოს სხდომის ჩაშლის საშუალება არ მიგვეცა. თუმცა მათმა თანაგუნდელებმა, რომლებიც საკრებულოს წევრები არიან, ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა ჩაშლილიყო, მაგრამ ჩვენ არც მათ მივეცით ამის საშუალება.

საკითხი რამდენად სრულყოფილად იყო განხილული მანამდე, ვიდრე სხდომაზე გავიდოდა? თქვენ რეპორტაჟში თქვით, რომ ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა კომისიების ფორმატში მოესმინა და გამოეხატა მოსაზრებები, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით გააჩნდა. ამ ფორმატში თანამშრომლობა ვერ შედგა. რატომ მოვიდა ეს საკითხი აქამდე?

გულისტკივილი გამოვთქვი და ამ წუხილს გავიმეორებ. როდესაც ადამიანი, საკრებულოს დეპუტატი იქნება ეს თუ პარლამენტარი, კეთილგანწყობილია საკუთარი ქალაქის მიმართ, კონსტრუქციულად განწყობილია თავისი ოპონენტების მიმართ, ის საქმის არსში ღრმად ჩაიხედავს. ამაში ხელის შეშლა არავის არ ჰქონია. ვიდრე კომისიაზე, კომისიიდან ბიურომდე, ბიუროდან სხდომამდე რაიმე საკითხი გამოდის, მათ თავისუფლად შეუძლიათ ოპონენტებთან ერთად დასხდნენ და აწონ-დაწონონ შემოსული პროექტი რამდენად ღირებულია, რა ნაკლი აქვს და რა დადებითი მხარე. ასე უნდა იზრუნონ ქალაქის განვითარებაზე. როდესაც ლაპარაკს მხოლოდ 1 ლარზე იწყებ და სინამდვილეში მოსახლეობას სიმართლეს უმალავ, ეს სულ მცირე არაკეთილსინდისიერებაზე მეტყველებს.

ოპოზიციის გარდა მესამე სექტორსაც გაუჩნდა კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ განაცხადა, რომ გარკვეულ კითხვებს იწვევს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის ამ ტერიტორიების პრეფერენციული პირობებით გადაცემის საკითხი. რას უპასუხებდით მესამე სექტორის ამ ეჭვებს?

სამწუხაროდ, მე დიდი სხვაობა ვერ აღმოვაჩინე მესამე სექტორის დასკვნასა და მანამდე, სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის. თუ ისინი თვლიან, რომ საკრებულომ რაიმე გადაწყვეტილება შეუსაბამოდ ან კანონის გათვალისწინების გარეშე მიიღო, მათ შეუძლიათ შესაბამის ორგანოებს მიმართონ და სიმართლე იქ ეძებონ. თუმცა ისევ იმას ვიტყვი, რითიც დავიწყე: ეს პროექტი ქალაქის განვითარებისთვის, ქალაქში ინვესტიციის შემოსვლისთვისაა განსაზღვრული. ეს ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია, რადგან არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მთელ დიდ რეგიონში ამ პროექტით თბილისი გახდება ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი როგორც ტურიზმის, ასევე სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმებსა და ფორუმების თავმოყრის თვალსაზრისით. ჩვენს სახელმწიფოს ძალიან მტკიცე კურის აქვს, რომ განვითარდეს და თავისი ადგილი დაიმკვიდროს არა მხოლოდ ევროპულ კონტექსტში, არამედ აზიურშიც და გნებავთ, მსოფლიო მასშტაბით. შესაძლოა ეს შეფასება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ  ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას ამის ნიჭი, შესაძლებლობა და რესურსი აქვს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ამ საკითხს არ დათმობს, პროტესტი გაგრძელდება, მათ შორის აქციები საკრებულოსთან. ამ ფორმატში მუშაობა, მათ შორის ამ პროექტზე, როგორ წარმოგიდგენიათ?

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყანა სამართლებრივი ქვეყანაა, არსებობს სასამართლო, სადაც მათ შეუძლიათ ერთი თვის განმავლობაში საკრებულოს მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება შეიტანონ, გაასაჩივრონ და სამართლებრივად იბრძოლონ. ყველას წარმატებას ვუსურვებ სიმართლის გზაზე.

სხვა ინტერვიუები