14 ოქტომბერი 2017

სად აპირებს გამარჯვებას შენების მოძრაობა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პროგნოზი

საარჩევნო გარემოზე, 2017 წლის არჩევნების მთავარ გამოწვევებზე, პროგნოზებზე და ახალ კონსტიტუციაზე ჟურნალისტი თეა სიჭინავა „შენების მოძრაობის“ ლიდერს - დავით უსუფაშვილს ესაუბრა.


როგორც პოლიტიკოსს, როგორც ოპოზიციის ლიდერს, არჩევნებში მონაწილეობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ, განსაკუთრებით ოპოზიციური ფლანგიდან. ამიტომ პირველი კითხვა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ. დღესაც ოპოზიციური ფლანგის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხართ. როგორია საარჩევნო გარემო წელს თქვენთვის და რა არის მისი მთავარი გამოწვევა 2017 წელს?

არჩევნების ორგანიზების დიდი გამოცდილება მაქვს. 1990 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნების დროს ბიულეტენს ჩემი თითებითაც ვაწყობდი ლითოგრაფზე, სადაც იბეჭდებოდა. ჩვენს ქვეყანაში არჩევნები ვერ იქცა იმ მოვლენად, რომლის ნდობა მოსახლეობაში მაღალია. მე „შენების მოძრაობის“ კანდიდატებთან ერთად ძალიან ბევრ რეგიონში გახლდით ბოლო დღეებში და ძალიან სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ნდობა არჩევნებისადმი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. განაპირობებს ძალთა ძალიან დიდი დისბალანსი ფინანსური სახსრების თვალსაზრისით, ასევე ადმინისტრაციული რესურსის თაობაზე ძალიან ბევრი ჩივის. უკეთესობა არის 2008, 2010, 2012 წლებთან შედარებით, მაგრამ ჩვენ 2012 წლის შემდგომ გვქონდა 2013 წლის კარგი არჩევნები, რომლიდანაც წინ უნდა წავსულიყავით. სამწუხაროდ, 2014 წელს ცოტა უკან დავიხიეთ, ამაზე მაშინ კოალიციაში შიდა წერილითაც მივმართე კოლეგებს. 2016-შიც ასევე, ცოტა არ იყოს, ცუდად წავიდა საქმე და ახლა ტენდენცია გრძელდება. ეს ცუდი ამბავია, ეს უნდა შევაჩეროთ. ჩემი აზრით, ამის მიზეზია ის საშინელი პოლიტიკური გაუცხოება, რაც პოლიტიკურ ძალებს შორის სუფევს და ასევე ის საშინელი სწრაფვა მმართველი ძალის მხრიდან, რომ ყველგან ყველაფერი ბოლომდე ხელში უნდა ეჭიროს, ყველაფერი უნდა აკონტროლოს - პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, საკრებულოებში ასევე ადგილობრივი საკონსტიტუციო უმრავლესობა, ყველა რაიონში მერი უნდა იყოს უმრავლესობიდან, სხვა შემთხვევაში ქვეყანა დაინგრევა. თუმცა ამ არჩევნებზე ეს ასე არ მოხდება. მე მაქვს ძალიან სერიოზული საფუძველი განვაცხადო: მგონი, საქართველოში პირველად ამ ადგილობრივ არჩევნებში ჩვენ მივიღებთ ძალიან კარგ პრეცედენტს იმის თაობაზე, რომ რამდენიმე ქალაქსა და რაიონში ოპოზიციური კანდიდატი გახდება მერი.

რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

„შენების მოძრაობის“ მხრიდან ჩვენ გორში ვიბრძვით გამარჯვებისთვის, ჩოხატაურში ვიბრძვით გამარჯვებისთვის, დმანისში ვიბრძვით გამარჯვებისთვის. არის ადგილები, სადაც წარმატებისთვის ვიბრძვით, საკრებულოს მეტი წევრისთვის ვიბრძვით, მაგრამ ამ სამ რაიონში საკმაოდ საინტერესო სიტუაციას ვხედავთ. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე სხვა ქალაქსა და რაიონში ოპოზიციას გამარჯვების სერიოზული შანსი აქვს. ეს იქნება კარგი. ამის გამო ხელისუფლება პანიკაში არ უნდა ჩავარდეს. თუ ევროპისკენ მივდივართ, ევროპაში ვერ ნახავთ ვერცერთ ქვეყანას, სადაც ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელსა და ქალაქში ერთი და იმავე პარტიის წარმომადგენელია მერი და გამგებელი. ჩვენ ეს უნდა მოვახერხებთ და არ ავყვეთ იმ ჭორებს, რასაც სხვადასხვა ადგილებში ავრცელებენ, რომ აი, თუ სახელისუფლებო კანდიდატი არ გაიმარჯვებს ამ ქალაქში, მაშინ ცენტრიდან შეწყდება დაფინანსება, გადაიკეტება გაზი, წყალი და ასე შემდეგ. ამ ამბებს უნდა გავუმკლავდეთ. ეს არ იქნება მარტივი არჩევნები, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, კონკრეტულად, „შენების მოძრაობის“ მხრიდან რამდენიმე რაიონში, განსაკუთრებით გორში, სერიოზულ გამარჯვებას ველი და ეს იქნება კარგი არა მხოლოდ ახლად ფეხადგმული „შენების მოძრაობისთვის“, არამედ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ვისწავლოთ სახელმწიფოებრივი ურთიერთობები და დავანებოთ თავი ასეთ კლანურ, პარტიულ, ერთპიროვნულ მმართველობას.  

თქვენ რამდენიმე რაიონი დაასახელეთ, სადაც  თქვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის გამარჯვებას ელით, მაგრამ მე ისევ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ კითხვა. წინა ხელისუფლების პერიოდში მთავარი საშიშროება რაც იყო ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ეს იყო ის, ხელისუფლება გაბედავდა თუ არა გაყალბებას და მუდმივად ამ გაყალბებასთან დაკავშირებით იყო პრეტენზიები. როდესაც ამბობთ, რომ ელით გამარჯვებას, გაყალბების ალბათობა 2017 წელს ისე მწვავედ არ დგას, როგორც წინა ხელისუფლების დროს?

კიდევ ვიმეორებ, 2012 წლის არჩევნებს მე არჩევნებსაც ვერ ვუწოდებ, ისეთი უბედურება გამოვიარეთ და ხელისუფლებას საარჩევნო პროცესში უხეში ძალა ჰყავდა ჩართული. დღევანდელი მდგომარეობით არჩევნებში ეს უხეში ძალა არ არის ჩართული, გარდა გამონაკლისებისა. დმანისში უხეში ძალაცაა ჩართული, ვინაიდან დმანისში „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ეს რაიონი ჩააბაროს იმ ხალხს, ვისაც 2012 წელს ჩვენ ერთად ვებრძოდით; ვინც ოფისებში გვივარდებოდნენ და ჩვენს ხალხს სცემდნენ, ახლა იმ ადამიანებს ჩააბარა დმანისი და იმ ადამიანებმა მხოლოდ ეს მეთოდები იციან: კანდიდატების დაშინება და კანდიდატობაზე უარის თქმაზე იძულება; სამსახურიდან გათავისუფლება, იმიტომ რომ ნათესავია კანდიდატის; პროკურატურაში დაბარება, და დღევანდელი გამგებელი მგონი მეტ დროს პროკურატურაში ატარებს, ვიდრე საარჩევნო კამპანიაში, იმიტომ რომ ათასი სხვადასხვა საქმე გამოჩნდა უცებ. ეს ხდება დმანისში. გორში ამას ვერ ბედავენ, იმიტომ რომ ყოჩაღად დგანან. ამიტომ, არჩევნებში გამარჯვების, წარმატების და არჩევნების გაყალბების სახელისუფლებო ცდუნებასთან გამკლავების ერთადერთი გზა ამ ქვეყანაში არის ხალხის ძალა. როდესაც ხალხი საკმარისი რაოდენობით და საკმარისი შემართებით ოპოზიციურ კანდიდატს უჭერს მხარს, მაშინ იქ გამარჯვების შანსიც ჩნდება. ეს რეალობაა, რომელსაც განმტკიცება სჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 2013 წლის არჩევნებმა მართლაც რაღაც სხვა დატვირთვა შეიძინა. მომდევნო წლებში უკან წავედით, 2017 წელს მინდა, რომ წინ წავიდეთ. ვნახოთ.

თქვენთვის რა იქნება იმის მთავარი ინდიკატორი, რომ 2017 წელს წინ წავედით?

მთავარი ინდიკატორი იქნება ის, რასაც თქვენც ხედავთ და მეც, და რაც თქვენც გესმით და მეც. კანდიდატების მხრიდან საჩივრები, ის ვითარება, რაც იქნება. დღეს მარნეულში გახლდით,  ძალიან შეშფოთებულია ჩვენი კანდიდატი ლეილა მამედოვა. ის პირველი ქალბატონია, რომელიც მარნეულში მერობისთვის იბრძვის. მარნეულში ტრადიციულად დაძაბული ვითარება დღეს კიდევ უფრი დაძაბულია, რადგან მმართველი გუნდის შიგნით არის საკმაოდ სერიოზული დაპირისპირება. გვახსოვს, 2016 წლის მდგომარეობა ამ რაიონში, იგივე ძალები, დაახლოებით იგივე კანდიდატები, იგივე ხალხია შერკინებული და ამას სერიოზული ყურადღება სჭირდება. „შენების მოძრაობას“ ამ არჩევნებში ძალიან კონკრეტული ამოცანა აქვს, ჩვენ პირველ ნაბიჯს ვდგამთ არჩევნებში, ჩვენ 20-მდე მუნიციპალიტეტში ვმონაწილეობთ, 8-9 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატიც გვყავს, 4-5 მუნიციპალიტეტში მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატები. ჩვენ ამ არჩევნებში შემდგომი წინსვლისთვის სერიოზულ პლაცდარმს მოვიპოვებთ და „შენების მოძრაობა“ თავისი გეგმით იმოძრავებს. მიუხედავად იმისა, რას და როგორ მოიმოქმედებს დღეს ხელისუფლება, ჩვენ ამ გზას გავაგრძელებეთ. ეს შესაძლებელია. ამ მონაპოვარს გაფრთხილება და გაძლიერება სჭირდება. ხელისუფლების კეთილშობილების იმედზე ყოფნით არჩევნებში გამარჯვება შეუძლებელია.

ხელისუფლების წარმომადგენლებს თქვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიმართ აქვთ პრეტენზიები, იგივე დმანისში მომხდარ ინციდენტზე ყურანზე დაფიცებასთან დაკავშირებით, ისინი ამბობენ, რომ ეს არის თქვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან დესტრუქცია.

უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჩემი წარმომადგენელია თუ ხელისუფლების? მისი განცხადებები ამ თემაზე, იმედია, ნანახი გაქვთ.

კი, ბატონო. მე ვსაუბრობ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების პრეტენზიებზე, რომ ძირითადად თქვენს პოლიტიკურ ძალაში ის ადამიანები გყავთ, ვინც „ქართულ ოცნებაზეა“ განაწყენებული. რას უპასუხებდით ამ პრეტენზიას?

„ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებულო ხალხო, დიახ, „შენების მოძრაობას“ მიეცით ხმა. აბა, რა უნდა ქნათ?! მე არც ბურები ჩამომყავს საქართველოში ამომრჩევლებად და არც ყივჩაღების ჩამოსახლებას ვაპირებთ აქ. დიახ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“, „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებულო ადამიანებო, ვინც ახლა აკეთებთ არჩევანს, ადამიანებო, ვინც ამ ხნის განმავლობაში ვერ მოძებნეთ ის პოლიტიკური ძალა, ვინც თქვენს შეხედულებებს შეესაბამება, დიახ, აუცილებლად მოგვეცით ხმა, აუცილებლად დაგვიკავშირდით. „შენების მოძრაობა“ საქართველოს შენების მოძრაობაა და ქართველ ხალხთან ერთად აპირებს წარმატებას და გამარჯვებას, ამიტომ ვისაც სხვა პოლიტიკურ პარტიებში იმედი გაგიცრუვდათ, თქვენთან ერთად მეც გამიცრუვდა ეს იმედი, რა თქმა უნდა, ერთად უნდა დავდგეთ.

ვინ არის თქვენი მთავარი კონკურენტი იმ კონკრეტულ ოლქებში, რომელზეც თქვენ საუბრობთ?

მთავარი კონკურენტი ძალის თვალსაზრისით „ქართული ოცნებაა“.

კონსტიტუციასთან დაკავშირებით მინდა მოვისმინო თქვენი შეფასება. მით უმეტეს, თქვენ წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ხართ და საკონსტიტუციო ცვლილებებზე  მუშაობა თქვენი თავმჯდომარეობის დროს ვერ დაიწყო...

ძალიან კარგად დაიწყო. ვერ მოხდა ცვლილებების მიღება, იმიტომ რომ არ გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმების გარეშე ჩვენ ცვლილებებს ვერ მივიღებდით. ამიტომაც ცვლილებები ვერ მივიღეთ. დღევანდელი პარლამენტის პრობლემაც ეგაა. პლუსი რომ ჰგონიათ, მინუსად ექცათ. დღევანდელ პარლამენტს თავისი ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობით დაემართა ის, რაც ყველა საკონსტიტუციო უმრავლესობას ემართება. ამ უმრავლესობამ დათვური სამსახური გაუწია მმართველ  გუნდს. ვინაიდან მათ დაბევებული ჰქონდათ საკმარისი ხმები, ანგარიში აღარ გაუწიეს არც ადგილობრივი პოლიტიკური ძალების მოსაზრებებს, არც არასამთავრობებს, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარ ქვეყნებს, ვენეციის კომისიას და ა.შ. მიიღეს კონსტიტუციის ის ვერსია, რომელსაც მხოლოდ თავად უჭერდნენ მხარს. ეს ძალიან ცუდია. ამით ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ თავად კონსტიტუცია, მაგრამ კონსტიტუციამ სერიოზული დარტყმა მიიღო. იმიტომ რომ საზოგადოების საკმაოდ სერიოზული და დიდი ნაწილი მას ეჭვის თვალით უყურებს, როგორც ერთპარტიულ დოკუმენტს.

აქ იყო გამოსავალი. რეალურად ეს შეჯახება გამოიწვია იმ ერთმა თემამ, რომელიც სადისკუსიო იყო წინა პარლამენტშიც. ეს იყო საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სისტემა. 2020 წლისთვის პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ეს იყო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული, ხელმოწერილი, განხილული და კენჭისყრამდე გამზადებული დოკუმენტი წინა პარლამენტში. მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაგვიჭირა მხარი და ეს ისტორიული შანსი ხელიდან გავუშვით. ამიტომ დღეს სრულიად ლეგიტიმური იყო მოთხოვნა და მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკურ და იურიდიულ დანაპირებს, რომელიც წინა პარლამენტში ხმების უკმარისობის გამო ვერ დაამტკიცა, დღეს გააკეთებდა. აი ეს, საკითხი გახდა განხეთქილების ვაშლი თუ მსხალი. ახლა, კონსტიტუციაზე და სახელმწიფოზე ღრმად ჩაფიქრებულ ადამიანებს შეეძლოთ ამ ვითარებაში კონსტიტუციისთვის დარტყმის არიდება. იმ გზით, რომ ერთჯერადად, 2020 წლისთვის, გამოსაყენებელი საარჩევნო სისტემის საკითხი უნდა გამოეტანათ კონსტიტუციიდან და საარჩევნო კოდექსზე სამსჯელოთ გადაეტანათ. ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციასთან ეს შეჯახება თავიდან აცილებული იქნებოდა. ხოლო პოლიტიკური დიალოგი ერთ, 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაგრძელდებოდა. ამასობაში იმ საარჩევნო კოდექსში ცვლილებას სჭირდებოდა 76 ხმა. ანუ, ხელისუფლების თანხმობის გარეშე იმ საარჩევნო კოდექსს ვერავინ ვერ შეცვლიდა, ის არავითარ დათმობაზე არ მიდიოდა. ზუსტად ამაზე მიუთითებდა ბატონი ბუკიკიო 4 ოქტომბერს პარლამენტისა და  პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში, სადაც ამბობდა, რომ ვენეციის კომისია და მთელი სამყარო უკიდურესად შეშფოთებულია, რომ კონსტიტუციას ხმას მისცემს მხოლოდ ერთი პარტია, მას  მხარს არ დაუჭერს არავინ, მათ შორის არც პრეზიდენტი, ამიტომ აგერ არის შეთანხმების ფორმულა, მათ შორის 2020 წლის საარჩევნო სისტემის გადატანა საარჩევნო კოდექსზე სამსჯელოდ. ბუკიკიოს ეს წინადადება იყო გამოსავალი და გასაღები შემდგომი წინსვლისთვის. სამწუხაროდ, ამ ვითარებაში არა მხოლოდ უმრავლესობამ გადაწყვიტა ბოლომდე გაჯიუტება, არამედ ჩემი აზრით, პრეზიდენტმაც დაუშვა სერიოზული ტაქტიკური შეცდომა.

რა შეცდომა?

გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე მასაც ასევე პრინციპული პოზიცია დაეკავებინა, 2020 წელშივე კონსტიტუციაში ჩაწერილიყო პროპორციული არჩევნები და ამან გაგვაშვებინა ხელიდან შანსი. ჩემი აზრით, პრეზიდენტს ვენეციის კომისიის კომპრომისულ წინადადებაზე 4-5 ოქტომბერსვე რომ განეცხადებინა თანხმობა, ამ მომენტისთვის უკვე იყო მობილიზებული არა მხოლოდ შიგნით ძალიან ბევრი, არამედ ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენელები და დარწმუნებული ვარ, მათი მეშვეობით შეთანხმების მიღწევა მოხერხდებოდა. თუ ხელისუფლება მაინც უარს იტყოდა ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ გაზიარებული და მთელი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაზიარებული იქნებოდა, მაშინ გაცილებით მეტი ფასის გადახდა მოუწევდა, ვიდრე დღეს. იმიტომ რომ დღეს ჩვენ მივიღეთ ხელისუფლებისთვის სასურველი კონსტიტუცია, ხელისუფლებისთვის სასურველი საარჩევნო სისტემა, ხელისუფლებისთვის სასურველი საერთაშორისო პოლიტიკური გარემო, იმიტომ რომ ახლა ისინი შიდა ამბებით თავს არ მოიკლავენ და „ძლევამოსილად“ დამარცხებულია ყველა, გარდა ერთისა. ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, "შენების მოძრაობის“ ფილოსოფია არის და იქნება, სახელმწიფოებრივ საკითხებში კომპრომისების გზით სიარული. სხვა შემთხვევაში ჩვენ სახელმწიფოს ვერ შევქმნით. თუ ამ კონსტიტუციას მოსახლეობის ერთი ნაწილი დაარქმევს ერთი პარტიის დოკუმენტს, ამით ჩვენ სახელმწიფოს დავანგრევთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პოლიტიკური ოპონირება იმ ხალხთან, ვინც კონსტიტუციას ასე მოეპყრო, მაგრამ არ უნდა დავაზარალოთ კონსტიტუცია, ის უნდა ვაღიაროთ სრულფასოვან დოკუმენტად ამ ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ-სამართლებრივ კანონად. 2020 წელს ამ თემებზე დაგელაპარაკებით პარლამენტიდან.  

სხვა ინტერვიუები