მთავარი ცვლილებები ახალ კონსტიტუციაში
ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარესთან
კანონმდებლებმა პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს. ახალი კონსტიტუცია 2018 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. ქვეყნის მთავარ კანონზე „იმედის კვირის“ წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა.
პრემიერმა ქართველ ხალხს უკვე მიულოცა ახალი კონსტიტუცია, რომელიც 2018 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. პირველი და მთავარი კითხვაა, რაც ალბათ საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს, თქვენ ხართ ამ კონსტიტუციის მთავარი ავტორი?
ჩვენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ამ დოკუმენტზე ვმუშაობდით, რა თქმა უნდა, მე წარვმართავდი სამუშაო პროცესს, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ასევე საქართველოს პარლამენტში, თუმცა დოკუმენტს უამრავი ავტორი ჰყავს. ეს ავტორები არიან რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო კომისიის წევრები და დეპუტატები, რომლებიც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები სამუშაო პროცესში. ამ დოკუმენტს ჰყავს უამრავი ავტორი და სწორედ ამიტომ გამოვიდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალიან დახვეწილი დოკუმენტი. როგორც ვენეციის კომისიამაც აღნიშნა, ეს არის დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება სამართლებრივ სახელმწიფოს, დემოკრატიის პრინციპებს, სოციალური სახელმწიფოს პრინციპს, ადამიანის უფლებების უზენაესობას. ეს დოკუმენტი ვერ შედგებოდა ასეთი სახით, რომ არა ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობდა.
როგორია ახალი კონსტიტუცია? ამ კონსტიტუციით დაცულები ვიქნებით მეც, თქვენც, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ნებისმიერი პირი, ვინც არის ამ ქვეყნის მოქალაქე?
რა თქმა უნდა, სწორედ ეს იყო მთავარი მიზანი. მოქმედი კონსტიტუციის მთავარი პრობლემა გახლდათ ის, რომ ის არ ეფუძნებოდა ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და ჩვენ ეს მიდგომა შევცვალეთ. დღეს შემუშავებული დოკუმენტი სწორედ ამ ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება. თითოეული თავი განვიხილოთ: ზოგადი დებულებებით დაწყებული - სადაც გვაქვს ახალი გარანტიები დემოკრატიის პრინციპისთვის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპისთვის. უფრო ძლიერად არის დაცული სახელმწიფო სიმბოლოები, როგორიცაა, სახელმწიფო ენა, გერბი, დროშა და ჰიმნი და ასე შემდეგ - გაგრძელებული ადამიანის უფლებებით, სადაც საყოველთაო აღიარებით ჩვენ გაცილებით მაღალი სტანდარტი გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვაზე. ეს აღნიშნა ჯოფრი ჯოილმა, რომელიც ამ მიმართულებით ჩართული მთავარი ექსპერტი იყო და რომელიც UESAID-ის ხელშეწყობით ამ პროცესში გვეხმარებოდა; ასევე გაგრძელებული პარლამენტის თავით და ზოგადად ის თავები რომ განვიხილოთ, რომლებიც კონსტიტუციის ორგანოების საქმიანობას არეგულირებს - ჩვენ ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს;
დრამატული და ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რა თქმა უნდა, ეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ მიზეზთა გამო ამ ცვლილების შემოღება შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის ვერ მოხერხდა, თუმცა ჩვენ პირველად გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი ამ მიმართულებით და საქართველოს ექნება პროპორციული საარჩევნო სისტემა მას შემდეგ, რაც შემდეგი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება;
ასევე კონკრეტული მექანიზმების საშუალებით ძლიერდება ოპოზიციის უფლებები პარლამენტში; მკაფიოდ გაიმიჯნა კომპეტენციები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური ხარვეზი იყო მოქმედი კონსტიტუციის; გაძლიერდა სასამართლოს გარანტიები; ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები; ეს არის ის ფუნდამენტური მიღწევები, რომელიც კონსტიტუციის ახალ რედაქციაში აისახა.
გამოდის, რომ ახალი კონსტიტუციით უწყებებს შორის ბალანსი იქნება კიდევ უფრო მტკიცე და ხარისხიანი?
მეტსაც გეტყვით, მოქმედ კონსტიტუციაში ხელისუფლების დანაწილების პრინციპი დაცული არ არის, რაც მკაფიოდ არის აღნიშნული ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში და დღეს, ახალი რედაქციით, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ურთიერთგაწონასწორებისა და ურთიერთდაბალანსების პრინციპი, არის დაცული ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მკაფიოდ არ იყო გამიჯნული კომპეტენციები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, ძალიან სუსტად იყო წარმოდგენილი პარლამენტის პოზიციები; იყო ხელისუფლების დანაწილების პრობლემა, ასევე იყო კომპეტენციების ბუნდოვანი გამიჯვნის პრობლემა და ეს ყველა ხარვეზი გასწორებულია, რაც ვენეციის კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა.
როდესაც 2010 წელს მიმდინარეობდა მუშაობა, კონსტიტუციის ერთ-ერთმა ავტორმა, წინა გადაცემაში გააკეთა განცხადება, რომ ირაკლი კობახიძემ შეძლო ის, რისი შესაძლებლობაც მე ვერ მომეცაო და ის გულისხმობდა იმას, რომ ვერ შეძლო პარლამენტი წამყვან ორგანოდ ექცია. ამ კონსტიტუციით ქვეყანაში წამყვანი პარლამენტია?
ეს ახალი ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური მიღწევაა. განსხვავება პოლიტიკურ ნებაში იყო. 2010 წელს იყო ერთი პოლიტიკურ ნება. გახსოვთ, რა კონტექსტი ჰქონდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რა იყო ცვლილებების ძირითადი მიზეზი. მაშინდელ პრეზიდენტს სურდა პრემიერმინისტრის რანგში არსებული სუპერ-ძალაუფლების შენარჩუნება და ეს იყო მაშინდელი ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი მოტივი და ამ პირობებში ბუნებრივია, ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე არ იყო აგებული კონსტიტუციის რედაქცია. ჩვენ სრულიად პოზიტიური დღის წესრიგი, პოზიტიური მიზანი გვქონდა, ეს იყო ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება და სწორედ ეს არის ის მიზანი, რომელსაც ამ რეფორმით მივაღწიეთ - პარლამენტი ძალიან ძლიერი კონსტიტუციური ორგანი ხდება, რომლესაც უკვე შესწევს უნარი დააბალანსოს აღმასრულებელი ხელისუფლება.
თუმცა ამ პოზიტიური მიზნების განსახორციელებლად დაახლოებით 10 თვე დაგჭირდათ და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ იგივე ოპოზიციური პარტიების მხრიდან, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ყოველთვის გვესმოდა პრეტენზიები, რომ ერთპიროვნულად ხდება კონსტიტუციაზე მუშაობა და მის ერთ პარტიაზე მორგება. ვიდრე გკითხავთ, იყო თუ არა ეს ერთპარტიული მხარდაჭერა, მანამ თქვენი განცხადება მინდა მოვიშველიო, სადაც ამბობთ, რომ მმართველი ძალა საკუთარ სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს იუარესებს. რას გულისხმობთ, ეს კონსტიტუცია არანაირ ბერკეტს არ გიტოვებთ, პოლიტიკური პროცესები როგორც გინდათ ისე მოირგოთ?
მოქმედი კონსტიტუციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის ავტოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ქმის ასეთი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. მადლობა ღმერთს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ავტოკრატიის ჩამოყალიბების ნება არ აქვს, თუმცა კონსტიტუცია ამის შანსს იძლევა. ჩვენთვის მთავარი იყო ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა აბსოლუტური ფორმით და სწორედ ამ მიზანს ისახავდა საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს მიზანი უკვე მიღწეულია. კიდევ ერთხელ, მთლიანობაში კონსტიტუცია აბსოლუტურად დაუბალანსებელი იყო, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ, ასევე მმართველი ძალის სასარგებლოდ. ახლა კი კონსტიტუციაში შედის უამრავი ცვლილება, რომელიც მათ შორის, ოპოზიციის გაძლიერებას ემსახურება. საარჩევნო სისტემა რომ ავიღოთ, ამ ცვლილებით შემდეგი არჩევნებისთვის ხდება ბარიერის დაწევა და ეს მმართველი ძალისთვის პოლიტიკურად საზიანო მოვლენაა, თუმცა ემსახურება პლურალიზმის უზრუნველყოფას, შემდეგ კი საერთოდ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ასევე მაგალითისთვის ავიღებ კიდევ ერთი ცვლილებას, რომელიც ოპოზიციის გაძლიერებას ეხება და ეს არის საგამოძიებო კომისიების შექნის უფლება. დღეს ამ კომისიის შექმნის უფლება მხოლოდ უმრავლესობას შეუძლია. ასევე შემოდის კონკრეტული გადაწყვეტილების კვალიფიციური უმრავლესობით მიღების წესი. მაგალითისთვის, ავიღოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ომბუდსმენი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და ა.შ. მათი თანამდებობაზე არჩევა ხდება კვალიფიციური უმრავლესობით, 90 დეპუტატის მხარდაჭერით, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველ ძალასთან ერთად ოპოზიციამაც უნდა დაუჭიროს მხარი შესაბამის გადაწყვეტილებებს. ეს ის ცვლილებების შეზღუდული ჩამონათვალია, რომელიც აძლიერებს ოპოზიციას, შესაბამისად ასუსტებს მმართველ ძალს, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია გაძლიერდეს.
ახალ კონსტიტუციაში აღიარებულია ადვოკატიც და ამაზე ადვოკატებიც ამბობენ, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია იგივე დემოკრატიის თვალსაზრისით. ასევე ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთება იგეგმება და რა ჩანაწერზეა საუბარი?
აქ საუბარია მცირე კორექტივებზე. დღევანდელი რეგულაციის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს შედარებით შეზღუდული აქვს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლება და ახალი რეგულაცია საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციებს გააფართოვებს.
ზოგადად, მინდა დავუბრუნდე იმ საკითხს, რამდენად ემსახურება თუ არ ემსახურება ცვლილებები მმართველი პარტიის სუბიექტურ ინტერესებს. მე ოპოზიციას, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტს რამდენჯერმე ვთხოვე დაესახელებინათ ერთი მუხლი მაინც, რომლითაც მმართველი ძალა საკუთარ სუბიექტურ პოზიციებს იუმჯობესებს. მათ ვერ ერთხელ ვერც ერთი მუხლი ვერ დაასახელეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა წინა საკონსტიტუციო ცვლილება, კონსტიტუციაში 30-ზე მეტი ცვლილებაა შეტანილი, ყოველთვის ყველა მათგანი ემსახურებოდა მმართველი პარტიის სუბიექტური ინტერესების გაუმჯობესებას. ხოლო ჩვენ სრულიად ახალ საკონსტიტუციო ტრადიციას, კულტურას ვქმნით,რას იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შედის არა მმართველი ძალის სუბიექტური ინტერესებისთვის, არამედ უფრო მეტიც, მმართველი ძალის ინტერესების საზიანოდ იმისათვის, რომ ქვეყანაში პლურალიზმი და დემოკრატია გაძლიერდეს.
ძალიან პოზიტიური შეფასება მოვისმინეთ როგორც სხვადასხვა დიპლომატიური უწყებებისგან, ასევე ვენეციის კომისიისგან და კომისიის თავმჯდომარის მხრიდან, რომლის ექსკლუზიური ინტერვიუც გასულ კვირას ნახა „იმედის“ მაყურებელმა. თუმცა პრეზიდენტის საპარლამენტო წარმომადგენელმა დასვა რიტორიკული კითხვა, ვისია ახალი კონსტიტუცია? თქვენი ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ერთპარტიულია და თუ ასეთი პოზიტიურია ეს დოკუმენტი, მაშინ რა არის მათი მიზანი და რატომ ცდილობენ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ?
ოპოზიციისთვის, მათ შორის, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტისთვისაც თვითმიზანი იყო, რომ ამ დოკუმენტის გარშემო იმთავითვე გამოერიცხათ კონსენსუსი და შესაბამისად, მათი ქმედებები, განსაკუთრებით პრეზიდენტის ქმედებები მთელი ამ 10 თვის განმავლობაში დესტრუქციული იყო. გახსოვთ, ეს ყველაფერი რითი დაიწყო. პრეზიდენტის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, რაც აბსოლუტურად გაუგებარი მოვლენა იყო. ამის შემდეგ გახსოვთ არასწორი განცხადებები. ჩვენ პირველი დოკუმენტი როცა დავდეთ, ეწერა, რომ მართალია პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებზე გადავდივართ, მაგრამ ეს ამოქმედდება 6 წლის შემდეგ და არა მომდევნო წლისთვის. შესაბამისად, მოქმედ პრეზიდენტს არ ეზღუდებოდა არჩევის შესაძლებლობა. ასევე იმ დოკუმენტში ეწერა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავდივართ უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. უამრავი ცვლილება ხორციელდებოდა, რომ მმართველი პარტიის პოზიციები შეზღუდულიყო, იმისათვის რომ დემოკრატია გაძლიერებულიყო, ამის მიუხედავად პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება და რომ ყველა დარწმუნდა იმაში, რომ თითქოს ეს ცვლილებები მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის უფლებების დამცირებას ემსახურებოდა. ეს იყო ტყუილი, რომელიც პრეზიდენტმა თქვა.
კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში ძალიან ბევრ დათმობა მოხდა, თუნდაც ის, რომ პროპორციული წესით არჩევა გადავადდა, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესიც, პლუს ბონუსები და ა.შ. თუ ეს პროცესი დროში გაიწელებოდა და მოგვიანებით ამოქმედდებოდა, რატომ დაჩქარდა კონსტიტუციაზე მუშაობა. იყო თუ არა შესაძლებელი, დროში უფრო ხანგრძლივი პროცესი გვქონოდა?
საკონსტიტუციო რეგულაციების უდიდესი უმრავლესობა, 95% ერთ წელიწადში ამოქმედდება, შესაბამისად, ამ რეგულაციების გადავადება არ ხდება. ორად ორი საკვანძო რეგულაცია ამოქმედება მოგვიანებით, ერთი ეხება საპარლამენტო არჩევნებს, რასაც თავისი პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა. მთავარი მიზეზი იყო, რომ ოპოზიციამ იმ პირობებშიც არ დაუჭირა ცვლილებებს მხარი, როდესაც დოკუმენტი შემდეგი არჩევნებისთვის ითვალისწინებდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ხოლო მეორე ეხება პრეზიდენტის არჩევნებს. აქ გავითვალისწინეთ პერსონალური ფაქტორი, მოქმედ პრეზიდენტს იმის შესაძლებლობა მივეცით, რომ მან ხელახლა იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. ორივე გადავადებას აქვს თავისი ახსნა. დანარჩენი 95% ამოქმედდება ერთ წელიწადში, მას შემდეგ, რაც მომავალ წელს ახლადარჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს.
აშშ-ის ელჩის განცხადება მოვისმინეთ, სადაც საუბარია მხარეებს შორის კონსენსუსის არარსებობის გამო იმედგაცრუებაზე. ამ პროცესში იმედგაცრუება თქვენც გაქვთ? და აქვე გკითხავთ, ვინ დაუჭირა მხარი ამ კონსტიტუციას, ერთმა პარტიამ, ერთმა კოალიაციამ? უმრავლესაბასთან ერთად კიდევ ვინმე სხვამ?
თუ ვინმე იმედგაცრუებულია იმით, რომ კონსენსუსი არ შედგა ამ დოკუმენტის გარშემო, პირველ რიგში ვართ ჩვენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ხარისხიანი დოკუმენტი შეგვემუშავებინა და ეს აღიარებულია ვენეციის კომისიის, სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, თუმცა ამის მიუხედავად ოპოზიციამ და პრეზიდენტმა მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს. ამას ერთადერთი ახსნა აქვს, თავიდანვე მათი თვითმიზანი იყო კონსენსუსი არ შემდგარიყო. როგორც ჩანს, ზედმეტად ბევრ ქულას დაუწერდნენ მმართველ ძალას, თუ ფართო კონსენსუსი შედგებოდა და სწორედ ეს იყო იმის რეალური მიზეზი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. თუმცა მთავარი კონსენსუსი არ არის, მთავარი დოკუმენტის ხარისხია. ჩვენ სამი შემთხვევა გვქონდა, როდესაც ფართო კონსენსუსით მიიღეს კონსტიტუციის სამი სხვადასხვა რედაქცია, ეს მოხდა 1995, 2004 და 2010 წლებში. სამივე შემთხვევაში იყო ფართო კონსენსუსი, თუმცა სამივე კონსტიტუციის შედეგი იყო ავტოკრატიული და ნახევრად ავტოკრატიული რეჟიმები. ჩვენ პირველად ვიღებთ შედარებით მცირე კონსენსუსით ამ დოკუმენტს, თუმცა ის არის ძალიან ხარისხიანი დოკუმენტი, რომელიც გამორიცხავს ავტოკრატიას და ეს არის მთავარი და არა კონსენსუსი, რომელზეც კეთდება აქცენტი.
რაც შეეხება მხარდაჭერას, ჩვენ გვქონდა ასეთი საუბარი: თუ ერთ მხარეს ვსაუბრობთ 20 პარტიაზე, მეორე მხარეს ერთ პარტიაზე არ უნდა ვისაუბროთ. თუ მიდგომა ისაა, რომ პარტიები უნდა დავითვალოთ, უმრავლესობაში წარმოდგენილია 5 პოლიტიკური პარტია. თუ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, თუ ვის როგორი მხარდაჭერა აქვს, მაშინ მეორე მხარეს 20 პოლიტიკურ პარტიაზე არ უნდა ვისაუბროთ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში 20 პარტია უბრალოდ არ არსებობს, ეს ხალხის შეცდომაში შეყვანაა.
ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დავასრულეთ. ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო. ახლა დღის წესრიგი შეცვლილია და მთავარი საკითხი არჩევნებია, რომელიც კარს არის მომდგარი. თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს მინდა წარმატებები ვუსურვო, ის უალტერნატივო კანდიდატია და ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს - ის არის ერთადერთი კანდიდატი რომელსაც თბილისის განვითარების გრძელვადიანი ხედვა აქვს, რომელიც პროგრამაშია წარმოდგენილი. აქიდან გამომდინარე ჩვენ არჩევანი პროგრამების საფუძველზე უნდა გავაკეთოთ.


