18 ოქტომბერი 2017

ვინ იქნება ახალი სახალხო დამცველი

მოქმედი ომბუდსმენი ხუთწლიან საქმიანობას აფასებს

ქვეყნის მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა ნოემბერში ეწურება. ის ამ თანამდებობაზე 2012 წლის 7 დეკმებერს აირჩიეს. მის შესაძლო შემცვლელებად თამარ ქალდანს და სოფიო ჯაფარიძეს ასახელებენ. კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს არასამთავრობი სექტორიც და ამ ეტაპზე პოზიციების შესაჯერებლად კონსულტაციებს მართავს. არასამთავრობოების სავარაუდო კანდიდატებად სახელდებიან ვახუშტი მენაბდე, ანა ნაცვლიშვილი და ზვიად ქორიძე. ამ ეტაპზე არც ერთი მათგანი ამბავს არ ადასტურებს. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ომბუდსმენის კანდიდატზე არჩევნების შემდეგ იმსჯელებს. გასული წლების საქმიანობაზე, ხელისუფლების რეაქციაზე და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ ვითარებაზე „მაესტროს“ კითხვებს ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა პასუხობს.


თქვენი მოღვაწეობის პერიოდს რომ გადავავლოთ თვალი, საკმაოდ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდით, გარკვეულ თემებზე ხელისუფლებისგან რეკომენდაციების ფონზე სიტუაციის რადიკალურად შეცვლას ითხოვდით. ეს შეხებოდა სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, წამების ფაქტებს, სკოლაში ჩაგვრის ფაქტებს... რამდენად გაითვალისწინა ხელისუფლებამ თქვენი რეკომენდაციები?

თუ თვალს გადავავლებთ, დავინახავთ რომ, წლების განმავლობაში რეკომენდაციების შესრულების საკმაოდ დადებითი დინამიკა იყო. ვფიქრობ, რომ ჩვენ მთელ რიგ სფეროებში ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ და სახეზეა, რომ ბევრ თემაზე არ გვიწევს საუბარი, რაც ადრე გაცილებით პრობლემური იყო. ასევე შეიქმნა ცალკე ფორმატი, რომლითაც პარლამენტში სახალხო დამცველის რეალური მოსმენა ხდება, ასევე ხდება რეკომენდაციების გაზიარება. ჩართული ვიყავით ძალიან ბევრ სხვა ფორმატში, იმისთვის რომ კონკრეტული შედეგებისთვის მიგვეღწია. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო სტრუქტურებთან ჩვენი მუშაობა და თანამშრომლობა საკმაოდ ეფექტტიანი იყო. თუმცა არის თემები, საკითხები, სადაც სისტემურ პრობლემებს ვხედავთ. თქვენ ახსენეთ კრიტიკა და ეს კრიტიკა სწორედ იმ უწყებებიდან მომდინარეობდა და მომდინარეობს, სადაც კრიტიკული, სისტემური პრობლემებია. ეს ეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ეს ეხება პოლიციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სასამართლოს და ასე შემდეგ. ანუ, იმ ადგილებს, სადაც წლების განმავლობაში მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა. ჩვენ ვხედავთ, რომ მდგომარეობა კვლავ პრობლემურია და სერიოზული გამოწვევები არსებობს.

თქვენი შეფასებით, ხელისუფლებაში ადამიანის უფლებათა  დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ყველაზე ცხელი წერტილები სად არის და  წინა წლებთან შედარებით ამ უწყებებში ვითარება შეცვლილია თუ არა?

რა თქმა უნდა, არის უწყებები, სადაც მდგომარეობა კარდინალურად არის შეცვლილი. მაგალითად, სასჯელაღსრულების სისტემაში მართლაც რადიკალურად შეცვლილია მდგომარეობა. ასევე არის სხვა მთელი რიგი მიმართულებითაც. არაერთი ახალი კანონი მიიღეს და არის სფეროები, სადაც მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იგივე შეიძლება ითქვას თუნდაც პროგრამებზე, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფების მისამართითაა დაწყებული, იგივე დევნილთა მიმართულებით და ასე შემდეგ. იგივე საარჩევნო გარემო, რომლის ადმინისტრირება გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა წლებში იყო. შეკრების, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემაა და მეტად თავისუფალია გარემოც და მედიაც.

თუმცა არის საკითხები, სფეროები, და მე ასეთ სფეროებს მივაკუთვნებ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილ ისეთ ფაქტებს, რომლის გამოძიებაც არ ხდება. პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო - ეს ის უწყებებია, სადაც ვხედავ, რომ სერიოზული გამოწვევებია. ისევე როგორც თუნდაც სხვა საკითხები. როგორიცაა, მაგალითად შრომის უსაფრთხოების თემები, რომელიც კვლავ პრობლემურია. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი რეკომენდაცია გვქონდა ამ მიმართულებით, მდგომარეობა დღემდე არ შეცვლილა და შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში საკმაოდ უარყოფითი დინამიკაა. ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან შემხვედრი ნაბიჯები არ გადაიდგა.

იგივე, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებაც რომ ავიღოთ, ჩვენ უკმაყოფილო ვართ როგორც ბოლო წლებში მომხდარი ფაქტების გამოძიების და შესაბამისი შედეგების არდადგომის გამო, ასევე უკმაყოფილოები ვართ 2012 წლამდე მომხდარი წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების გამოც, სადაც მხოლოდ ერთეული საქმეები დასრულდა. დანარჩენი ბევრი საქმის, მათ შორის ასეთი ფაქტების გამოძიება ბოლომდე არ მისულა. ეს რა თქმა უნდა, სამწუხაროა და კითხვის ნიშნები რჩება, რამდენად ეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობა. ეს თემები კვლავ აქტუალურია და სწორედ ამიტომაც, როდესაც პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე ვსაუბრობთ, ვამბობთ, რომ დღევანდელი სისტემა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს და რეალურად ეს ამიტომაც ხდება. ამიტომაც არის ის კრიტიკული გამონათქვამებიც, რომლებიც სახალხო დამცველის მისამართით ბოლო პერიოდში ხელისუფლებისგან  მოვისმინეთ.

კრიტიკის დროს ხომ არ იყო მცდელობა, რომ ხელისუფლებასთან საუბარში ტონი შეგერბილებინათ?

არ ვიცი. ჩვენ ხომ კონკრეტული ფაქტებით ვლაპარაკობთ. როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანი სამი საათის განმავლობაში დაკავებულია და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, როგორც ადვოკატისთვის, ასევე ოჯახის წევრებისთვის; მას ეძებდნენ ჩვენი წარმომადგენლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში და პოლიცია უარყოფდა ამ ფაქტს, თუმცა შემდეგ იძულებულები გახდნენ ეღიარებინათ, რომ მოიტყუეს და დაკავებული შენობაში ჰყავდათ; როცა ვსაუბრობთ ასევე არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, როდესაც ადამიანს დაზიანებები აქვს და სწორედ ეს დაზიანება უნდა გამოიძიოს პროკურატურამ, და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მანდატის განხორციელებაა, რასაც ყოველთვის ვითხოვთ. ამ საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის პრინციპული ვართ და ბოლომდე ვეცდებით, რომ ამ საქმეების გამოძიება მოხდეს. თუ შესაბამისი უწყებები რეალურად კანონის ჩარჩოებში არ მოქმედებენ, ეს სახალხო დამცველის პრობლემა არ არის. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ სწორედაც მათ უნდა შეცვალონ მიდგომა, და ის განცხადებები, რომელიც გავრცელდა, სამწუხაროდ შინაარსს მოკლებული იყო და მასზე კომენტარს გაკეთება საერთოდ არც ღირს. ჩვენ კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული მტკიცებულებებით ვსაუბრობთ.

შრომითი კანონმდებლობის, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, იგივე დაკავებების დროს თუ პოლიციის განყოფილებებში სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მიმართულებით, წინა წლებთან შედარებით ვითარება საერთოდ არ შეცვლილა?

ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ მიერ 60-ზე მეტი კონკრეტული ფაქტია დაფიქსირებული, სადაც სავარაუდო არასათანადო მოპყრობას, ან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი და არც ერთი ფაქტი ბოლომდე გამოძიებული არ არის. ყოველ შემთხვევაში ბრალი არ არის წაყენებული სავარაუდო დამნაშავისთვის, დაზარალებულის სტატუსი არ გააჩნია მსხვერპლს და სწორედ აქ ვხედავთ პრობლემას. ის პრობლემა, რომელიც ქვეყანაში თუნდაც დაუსჯელობის სინდრომს უკავშირდებოდა, სხვადასხვა მასშტაბით და გარკვეული მოცემულობით კვლავ არსებობს. ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს პრობლემაა. ნებისმიერი ფაქტი უნდა გამოიძიონ როდესაც ვლაპარაკობთ 60 კონკრეტულ ფაქტზე, გარკვეულ მტკიცებულებებზე და ეს მხოლოდ პატიმართა ან დაკავებულთა მონათხრობზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადება არ არის. საუბარია ფაქტზე, სადაც დაკავებულებს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდათ, სამედიცინო ჟურნალებში იყო შესაბამისი ჩანაწერები, იყვნენ მოწმეები, რომლებიც ასეთ ფაქტებს ადასტურებდნენ. სწორედ ამაზეა საუბარი. სადაც უფრო მეტი მტკიცების ხარისხით შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას ან არასათანადო მოპყრობას. ხოლო როდესაც ასეთი ფაქტების გამოძიება არ ხდება, სწორედ ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს სისტემისთვის პრობლემაა და ვამბობთ, რომ ეს სისტემური პრობლემებია. თუმცა ასევე არის ფაქტები, როდესაც გამოძიება ხდება. ვახსენე იგივე პენიტენციური სისტემა, სადაც ამ კუთხით ნაკლები პრობლემებია.

შრომის კანონმდებლობაში განხორციელდა ცვლილება 2013 წელს, რამაც მდგომარეობა გარკვეულწილად გააუმჯობესა, მაგრამ შრომის უსაფრთხოების ნაწილში არაფერი შეცვლილა და დღემდე მდგომარეობა კვლავ სავალალოა. სამწუხაროდ, ყოველდღიურად გვესმის ინფორმაცია სხვადასხვა უბედური შემთხვევების შესახებ. გასულ წელს სამუშაოს შესრულების დროს 58 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 85 დაშავდა. ეს სტატისტიკა საგანგაშოა და ის არ იცვლება. ეს დინამიკა წლიდან წლამდე გრძელდება. ამიტომაც ვამბობთ, რომ შესაძლოა გარკვეულ საკითხებში იყოს პროგრესი, მაგრამ არის თემები, არის საკითხები, სადაც პრობლემებია.

იგივე ეხება თუნდაც პროკურატურის სისტემაში არსებული არაერთი საქმის არ გამოძიებას. ასევე საუბარია სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, სადაც რეფორმა 3 წელია გაჩერებულია.

ეს საკითხები საპარლამენტო მოსმენების დროს დააყენეთ? ამბობთ, რომ საპარლამენტო მოსმენების ფორმატი შეიცვალა და ამ მიმართულებით გაუმჯობესებულია სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინების პროცესი.   

რა თქმა უნდა, დავაყენეთ და ჩვენი რეკომენდაციები არაერთხელ ყოფილა გაზიარებული...

სახალხო დამცველს საკანონმდებლო ორგანოდან მხარდაჭერა რამდენად აქვს?

სახალხო დამცველის ინიციტივით 3 წლის წინ ეროვნული სტრატეგია იქნა მიღებული, სადაც ხელისუფლების კონკრეტული ვალდებულებები გაიწერა. მათ შორის, იგივე დამოუკიდებელი საგამოძიები მექანიზმის შექმნა, იგივე ასოცირების შეთანხმებაში მსგავსი მოთხოვნა ერთ-ერთ პუნქტად შევიდა. მთელი რიგი საკითხები გაიზიარა პარლამენტმა, მაგრამ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა ან დაგვიანებულია. იგივე შეიძლება ითქვას სასამართლო სისტემაზე. ბოლო 4 წელია ვლაპარაკობთ საქმეების ელექტრონული განაწილების სისტემის შემოღებაზე, რომელიც მხოლოდ გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა პარლამენტმა, თუმცა ძალაში მომავალი წლის იანვარში შევა. ამიტომ ვამბობთ, რომ გარკვეული რეფორმები გაჭიანურებულია ან საბოლოო ჯამში ძალაში შესული არ არის და სწორედ აქ ვხედავთ პრობლემებს.   

თქვენი უფლებამოსილების ვადა იწურება. ამ ფონზე ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება უფრო ლოიალურ სახალხო დამცველს ეძებს. თქვენც ასეთი შთაბეჭდილება გრჩებათ მიმდინარე პროცესებიდან?

არ ვიცი, ამაზე ჯერჯერობით რაიმე ოფიციალური განცხადება არ ყოფილა. თუმცა ის, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი, პრინციპული და ხელისუფლების პირველი კრიტიკოსი უნდა იყოს, ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ყველგან არსებობს და შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ საქართველოში ყოველთვის ისეთი სახალხო დამცველი იქნება, რომელიც სწორედ ამ თვისებებით და პროფესიონალიზმით იქნება გამორჩეული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის მიღწევები, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებობს, მინიმუმ შენარჩუნდეს, თუკი არ განვითარდება.

სად აპირებთ მოღვაწეობის გაგრძელებას?

ამაზე ჯერ არ მაქვს ნაფიქრი, მაგრამ სახალხო დამცველი, რა თქმა უნდა, უნდა მუშაობდეს იგივე სფეროზე. ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი და სადაც ჩავთვლი, რომ ჩემი საქმიანობა უფრო სასარგებლო იქნება, იქ გავაგრძელებ. ყოველ შემთხვევაში, ადამიანის უფლებებს არ მოვწყდები და არ ვგეგმავ სხვა, თუნდაც პოლიტიკურ კარიერას.

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები