20 ოქტომბერი 2017

ძალადობა სკოლაში

პრევენციის რა მექანიზმი აქვს განათლების სამინისტროს

რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში წარადგინა, რომელიც ძალადობის კუთხით სკოლებში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. შედეგები არც თუ ისე სახარბიელოა. ასევე უცნობია განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება გუშინ, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. რა მდგომარეობაა საგანმანათლებლო სფეროში, ამ თემაზე „მაესტროს“ კითხვებს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პასუხობს.
 


67-ე სკოლით დავიწყოთ. რა გადაწყვეტილება მიიღო სკოლის ადმინისტრაციამ ქიმიის მასწავლებელთან დაკავშირებით და როგორია განათლების სამინისტროს პოზიცია მომხდარზე?

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თითოეული სკოლა ავტონომიურია და მიმდინარე პროცესებს მხოლოდ მას შემდეგ ვეცნობით და ვიწყებთ შესწავლას, თუ სკოლაში გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება ჭირს, ან რაიმე გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სკოლამ, ის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლის საფუძველი იქნება და ჩვენ ორშაბათს, ან მაქსიმუმ სამშაბათს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასკვნა გვექნება. წინმსწრებად ამ საკითხზე საუბარი მგონია, რომ იქნება მხოლოდ ემოციური და ის ობიექტურ საფუძვლებზე დამყარებული არ იქნება. მით უმეტეს, რომ ჩართულ მხარეებს სხვადასხვა პოზიციები აქვთ და ეს რეალური ფაქტებით გამაგრებული არ არის. ამიტომ, ნამდვილად საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას და მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქსირდება ჩვენი პოზიცია.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც მასწავლებელი ფიზიკურად უსწორდება მოსწავლეს. სამწუხაროდ, ეს ალბათ არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პედაგოგები ძალადობას მიმართავენ. ეს დაადასტურა სახალხო დამცველის კვლევამაც, რომელიც რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა. რა ბერკეტი აქვს განათლების სამინისტროს მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და ზოგადად, რაში ხედავს გამოსავალს?

გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც 2011 წელს თბილისის მე-8 სკოლაშია გადაღებული და კარგია, თუ ბევრი ადამიანი გაუწევს მონიტორინგს სკოლებში მიმდინარე პროცესებს, რომელიც თითოეული მოსწავლის ან მასწავლებლის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. სახალხო დამცველის ანგარიშშიც, როგორც მახსოვს, მხოლოდ 109 სკოლა იყო შეფასებული. ჩვენ ყოველდღიურ მონიტორინგს ვაწარმოებთ საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში და ზუსტად ვიცით, როგორია სიტუაცია, სად გვაქვს გამოწვევები, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას. სწორედ ამიტომ, ბოლო 2 წლის განმავლობაშ სისტემატიზებული სტატისტიკის ფარგლებში - მანამდე ინფორმაცია ასეთი სისტემატიზებული არ იყო - ჩვენ გარკვეული გადაწყვეტილებების შესახებ შეგვიძლია ვისაუბროთ. ამ პერიოდის განმავლობაში გათავისუფლებულია 23 მასწავლებელი, სკოლის პერსონალს სხვადასხვა სახდელები აქვთ დაკისრებული და თითოეული საქმე, რომელიც სკოლაში ან ძალადობის, ან დისკრიმინაციის, ან ბულინგის თუნდაც მცირე ნიშანს შეიცავს, ინდივიდუალური განხილვის საგანი ხდება და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღება.

რაც შეეხება მოსწავლეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს და მათ რეფერალს, 4 000-ზე მეტი შემთხვევაა ჩვენი მანდატურის სამსახურში გადაგზავნილი, ფსიქოლოგიური სამსახური თითოეულ შემთხვევას სწავლობს და 500 მათგანი სოციალური მომსახურეობის სააგენტოშია გადაგზავნილი. ეს ციფრებიც შთამბეჭდავია და კარგად აჩვენებს იმას, რომ გამოწვევები მართლაც არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ რაც მეტი იქნება ყურადღება საზოგადოების, მშობლების, სახალხო დამცველის თუ სხვა ორგანიზაციების მხრიდან, მით მეტი შანსი გვაქვს, რომ პრობლემები დროულად გადავჭრათ.

თქვენ მკითხეთ, პოლიტიკასთან და მექანიზმებთან დაკავშირებით რას ვაკეთებთ, მუშაობა 4 მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს. პირველი გახლავთ, ცნობიერების ამაღლება და სტერეოტიპების დამსხვრევა. ამ ანგარიშშიც და სხვა ანგარიშებშიც მკაფიოდ ჩანს ის, რომ საზოგადოება ყველა ძალადობის ფაქტს არ აღიქვამს, როგორც ძალადობას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გადამზადება, რომ თითოეულ მასწავლებელს, მშობელს ჰქონდეს შესაბამისი შეფასებები და რეაგირება დროულად მოვახდინოთ. მეორე ნაწილი გახლავთ თითოეული მასწავლებლის, მოსწავლის, ასევე მშობლების აქტიურობისაკენ ორიენტირება, რომელიც მნიშვნელოვანია პრობლემების დროულად იდენტიფიკაციისთვის. ეს იქნება საკუთარი პრობლემა, იქნება მოსწავლის პრობლემა, თუ სხვა. მესამე გახლავთ პრევენციული ღონისძიებები და ეს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ფართო სპექტრია. მხოლოდ ცნობიერების ამაღლება საკმარისი არ არის, უნდა იყოს დაბალანსებული და სხვა აქტივობებით გამაგრებული ისეთი მიზანმიმართული ღონისძიებები, რომლებიც სკოლებში ძალადობას შეამცირებს და რისკები ნაკლები იქნება. მეოთხე მიმართულება, რომელზეც ვმუშაობთ - ეფექტური რეაგირებაა. რეაგირება არც მხოლოდ რეფერირებაა და არც მხოლოდ სადამსჯელო სანქციები. მრავალმხრივი მექანიზმები გვაქვს და ოთხივე მიმართულება გახლავთ მომავალი სტრატეგიების საფუძველი და ჩვენი პრიორიტეტი.

თქვენც აღნიშნეთ და სახალხო დამცველის ანგარიშშიც წერია, რომ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები ძალადობად არ აღიქვამენ ისეთი აშკარა ძალადობის ფაქტებს, როგორიცაა ცემა, თავში წამორტყმა, ყურის აწევა, თმის ჩამოქაჩვა და სხვა. ასე ფიქრობს მასწავლებელთა დაახლოებით 14% და მოსწავლეთა 40%-ზე მეტი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საინფორმაციო კამპანია  ჩატარდა, როგორც ჩანს, მათი დამოკიდებულება რთულად იცვლება. ამ შემთხვევაში რა იცავს ბავშვის უფლებებს, რომ მან სრულფასოვან გარემოში ძალადობის გარეშე მიიღოს განათლება?

სწორედ, ისევ და ისევ, ცნობიერების ამაღლება, დროული იდენტიფიკაცია და დროული რეაგირება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია არ აღიქვამდნენ და დასაშვებად მიიჩნევდნენ, იმიტომ რომ მთლიანად საზოგადოება ძალიან ბევრ ფაქტს არ აღიქვამს ძალადობად და ნორმად მიიჩნევს. იმის გამო, რომ ასეთი სტერეოტიპებია დამკვიდრებული, ჩვენ სტერეოტიპები უნდა დავანგრიოთ. თუ არა განათლება, თუ არა ცნობიერების ამაღლება, ჩვენ სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავისი უფლებები და ვის მიმართოს იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა აქვს.  

განათლების სამინისტროს რაიმე სახის მონიტორინგის პროგრამა აქვს?

რა თქმა უნდა. ყოველდღიური მონიტორინგია და ყოველდღიურად გროვდება ინფორმაცია, სად რომელ სკოლაში რა ტიპის გადაცდომები, ხარვეზები იყო. ფიზიკურ ძალადობაზე რეაგირება მყისიერად ხდება და მნიშვნელობა არ აქვს, მშობელი მასწავლებლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლად თვლის თუ არა შვილს, ძალადობის შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მასწავლებელი სამსახურს ტოვებს. ეს პროცესი იმდენად დინამიკურად მიმდინარეობს, იმდენად ხშირი და ინტენსიურია მონიტორინგი და რეაგირებები, რომ მასწავლებელმა იცის რა შედეგი დადგება მას შემდეგ, თუ მას დავუშვათ, ნერვების პრობლემა ექნება, ან ემოციურად იქნება განწყობილი. თუნდაც სრულიად გაუაზრებლადაც პატარა ფიზიკური შეხება ჰქონდეს ბავშვთან, იცის, რომ მკაცრი რეაგირება იქნება და ეს ყველაფერი მისი სკოლიდან გათავისუფლებით დამთავრდება. თუმცა მხოლოდ ასეთი რეაგირება და სადამსჯელო მექანიზმები საკმარისი არ არის, ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.

ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ საზოგადოებამაც გაამახვილა ყურადღება იმ საკითხებზე, რომელზეც ბოლო 5 წლის განმავლობაში სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს, თუმცა ძალიან ხშირად ჩვენს ამგვარ რეაგირებებს საზოგადოების მხრიდან არც თუ სწორი აღქმა მოჰყვება ხოლმე. ნეგატიური დამოკიდებულებებია, თითქოს ვიღაც დაიჩაგრა. თუ არ შევთანხმდით, რომ ძალადობა დაუშვებელია, მით უმეტეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც ეფექტიანი სასწავლო პროცესის წინაპირობა თითოეული მასწავლებლის და მოსწავლის დაცულობის შეგრძნებაა. სხვანაირად ჩვენ განათლების ხარისხზე ვერ ვისაუბრებთ. გარემო უნდა იყოს იმის ხელშემწყობი, რომ პოზიტიური საგანმანათლებლო პროცესი განვითარდეს.

განათლების სამინისტროს ამ მიმართულებით თუ აქვს რაიმე სახის პროგრამა მოსწავლეებთან და მშობლებთან დაკავშირებით?

ჩვენ გვქონდა მიზანმიმართული პროგრამა მშობლებისთვის ადრეული ქორწინებაზე მაღალი რისკების მქონე რეგიონებში, ასევე საინფორმაციო კამპანია. 2018 წლიდან დაგეგმილი გვაქვს ეს კამპანია გავაფართოვოთ და კონკრეტულ სეგმენტზე ორიენტირებული არ ვიყოთ, არამედ სრულიად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო და კერძო დაწესებულებების მშობლები მოვიცვათ.     

ვიცით, რომ უახლოეს ხანში სკოლები დიფერენცირებულ სწავლებაზე გადავლენ, რაც ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულებებს მოსწავლეები ინტერესების მიხედვით აირჩევენ საგნებს. როგორ ფიქრობთ, მეორე მცდელობა გაამართლებს და მოსწავლეები ამ სისტემით ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას შეძლებენ?

მინდა დავაზუსტო. გაზვიადებულია ის, რომ უახლოეს ხანში გადავდივართ ახალ სისტემაზე. მოდელი მხოლოდ ახლა დამუშავდა, ის ჯერ შეფასებული, განხილვაზე გამოტანილი არ არის და ეს უახლოეს ხანში არ იქნება და ეს არ არის გამეორება იმ წინა მოდელის, როდესაც დიფერენცირებული სწავლება იყო. სავალდებულო განათლებას ყველა ერთნაირად მიიღებს, მაგრამ გაძლიერდება სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით და  სწორედ ამ გაძლიერების კონტექსტში განვიხილავთ მოსწავლეების ინტერესებს, სურვილებს და შესაძლებლობებს. ვსაუბრობთ, არა ისეთ მოდელზე, როდესაც აბსოლუტურად დიფერენცირებული იყო სასწავლო პროგრამები, არამედ ვსაუბრობთ მოდელზე, სადაც ყველასათვის საბაზისო ერთი და იგივე პროგრამა იქნება, ის რაც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ და ასევე მათი სპეციალიზაციის მიხედვით გაძლიერებული საგნობრივი სწავლება.

რომელი კლასებიდან გაიყოფა ეს მიმართულებები?

ასეთი მოდელის დანერგა შესაძლებელია მხოლოდ საშუალო საფეხურზე და ისიც, რა თქმა უნდა სკოლების შესაძლებლობებიდან და სკოლების პრიორიტეტებიდან გამომდინარე იქნება დანერგილი განსხვავებული მიდგომები.

სხვა ინტერვიუები