23 ოქტომბერი 2017

სატყეო სააგენტოს დასკვნა ბორჯომის ხანძარზე

რამდენ ხანში შეიძლება ნახანძრალის აღდგენა

სპეციალურმა კომისიამ ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტერიტორიები დეტალურად შეისწავლა და 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძრით მოცული ტერიტორიის ზუსტი ფართობი დაადგინა - დაზიანების კატეგორიების მიხედვით, არსებული ნიადაგური და გეოლოგიური მდგომარეობა - ნაკვეთების მიხედვით, ტერიტორიაზე არსებული განადგურებული ფლორა, ფაუნა და მიყენებული ზიანი. ნახანძრალ ტერიტორიებზე ტყის აღდგენის პროცესებზე, განსახორციელებელი ღონისძიებების ვადებისა და პერიოდის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, დასკვნები და რეკომენდაციები მომზადდება. თემაზე „მაესტროს“ შეკითხვებს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია იორდანიშვილი პასუხობს.


რა დასკვნა დადო კომისიამ? ჩვენ მაყურებელს ზოგადი  ინფორმაცია მივაწოდეთ, მაგრამ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თქვენ გამოყავით 

კომისია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით ამ თვის დასაწყისში შეიქმნა და ამ კომისიის შემადგენლობაში შედიან არა მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები, არამედ ჩართულები არიან შესაბამისი პროფილის მქონე სამეცნიერო უწყებები და არასამთავრობო სექტორი. კომისია კომპლექსურია. შესწავლა მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მიმდინარეობს, რადგან სიტუაციაც ადგილზე საკმაოდ მრავალმხრივია და იმისათვის, რომ მომავალში საუკეთესო შედეგები მივიღოთ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ჩართვაა საჭირო, როგორებიც არიან გეოლოგები და ჰიდროლოგები, მეტყევეებთან ერთად. სწორედ ამ პრინციპებზე მუშაობს კომისია და თვის ბოლოს უკვე გვექნება დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს შემდგომი ნაბიჯები ეტაპობრივად დაიგეგმოს.

რა შეიძლება ითქვას წინასწარ, რამდენად მასშტაბურია დაზიანება?

მიმდინარე წლის 20-26 აგვისტოს ხანძარმა თითქმის 752 ჰექტარი მოიცვა. აქიდან 525 გახლდათ ძველი ნახანძრალი ტერიტორია. 2008 წლის აგვისტოში 950 ჰექტარამდე ტყის მასივი განადგურდა ბორჯომის ხეობაში და ყველაზე მეტად დაზიანდა ტერიტორია სოფელ დაბასთან, დაახლოებით 250 ჰექტრამდე, სადაც მწვანე საფარი, ანუ ტყის მასივი, პირწმინდად განადგურდა. რა თქმა უნდა, ამ ადგილებში ხელმეორე ხანძრის გამო ზიანი უფრო დიდია. თუმცა, ამ ახალმა ხანძარმა, რომელმაც დაახლოებით 250 ჰექტარით კიდევ გააფართოვა ძველი პერიმეტრი, ისეთი მნიშვნელოვანი ზიანი, რაც 2008 წელს გვქონდა, საბედნიეროდ არ მოგვიტანა. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ის ფაქტორი, რომ ტერიტორიამ ხელმეორედ განიცადა ზეწოლა, ნიადაგის თუ  სხვა ეროზიული პროცესების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა საყურადღებოდა.

სანამ კომისია მუშაობას დაიწყებდა, პროცესში საერთაშორისო ექსპერტებიც იყვნენ ჩართულები. აშშ-ის საელჩოს დახმარებით, USAID-ის დახმარებით, ამერიკელმა ჰიდროლოგებმა და გეოლოგებმა იმუშავეს ადგილზე. ასევე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობით ჩატარდა კვლევა.

რა თქმა უნდა, რჩება ადგილები, რომლებიც მძიმეა და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ იქ ყველაფერი კარგადაა, თუმცა საერთო მდგომარეობა როგორც წინასწარი შეფასებებით, ასევე კომისიის წინასწარი დასკვნებით, საკმაოდ საიმედოა. რიგ ადგილებში გვაქვს საიმედო მდგომარეობა იმ მხრივ, რომ ტერიტორიის ნაწილზე ხანძრის შემდგომ ახალი ვეგეტაციაც წამოსულია, მაგრამ ვიმეორებ, არის რიგი ადგილები, რომლებსაც გამკაცრებული ზედამხედველობა და გადაუდებელი ქმედებები სჭირდება.

პროპორცია როგორია, რა ნაწილია იმედისმომცემი და რა ნაწილია უპერსპექტივო?

უფრო მეტად იმედისმომცემია. აქ ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ 2013 წლიდან ვმუშაობდით ამ ტერიტორიების აღდგენით ღონისძიებებზე და წელს შემოდგომაზე სრულდებოდა პირველი კრიტიკული 250-ჰექტრიანი მონაკვეთის აღდგენა, ახლა კი, ამ სამუშაოების ახლიდან დაწყება დაგვჭირდება და მასშტაბები უფრო გაფართოვდება. საბედნიეროდ, ხანძარს გადაურჩა და თითქმის ხელუხლებლად შემორჩენილია ახალი ნარგავების 20-ჰექტრიანი მონაკვეთი. ეს ძალან სასიხარულოა, თუმცა სხვა ადგილებში სამუშაოების მასშტაბები უნდა გაიზრდოს.

პერსპექტივაზე ვილაპარაკოთ. რა მასშტაბის სამუშაოებია ჩასატარებელი და რაც მთავარია, საიდან დაფინანსდება? შესაძლებელი სახელმწიფო ბიუჯეტმა აიღოს ეს ტვირთი საკუთარ თავზე, თუ უნდა დაგვეხმარონ ჩვენი პარტნიორები? ვინ შეიძლება დაგვეხმაროს, ამაზე მუშაობა დაწყებულია?

კვლევა თითოეული მონაკვეთის მიხედვით, დაზიანებების კატეგორიების მიხედვით ტარდება. შესაბამისად, ეს საშუალებას მოგვცემს თითოეული მონაკვეთისთვის ღონისძიების სახე და მოცულობა განვსაზღვროთ. ეს ყველა მონაცემი თვის ბოლოს გვექნება. შესაბამისად, უკვე გვეცოდინება დაზუსტებული მოცულობები, სამუშაოების განხორციელების ვადები და რაც მთავარია, ხარჯები. ვახსენე, რომ ამ ტერიტორიებზე აღდგენითი სამუშაოები 2013 წლიდან დაიწყო. დასაწყისში ეს დონორების დახმარებით მიმდინარეობდა, ხოლო 2015 წლიდან ამას ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს, შესაბამისად სააგენტოს მომდევნო 5 წლის ბიუჯეტში გაშენებული ნარგავების მოვლისთვის თანხები უკვე მობილიზებულია. თუმცა სამუშაოების მასშტაბები უნდა გაიზარდოს და რა თქმა უნდა, დამატებითი თანხების მობილიზება იქნება საჭირო.

დაახლოებით რა თანხებზეა საუბარი? მაყურებლის დიდ ნაწილს შეიძლება წარმოდგენა არ ჰქონდეს რა ჯდება ეს ყველაფერი, 10 ათასი, 100 ათასი თუ მილიონი ლარი?

სამწუხაროდ ეს არ გახლავთ 10 000 და 100 000. შეიძლება თანხები იყოს ბევრად მეტი. ამ მომენტში ციფრის დაკონკრეტება არ შემიძლია, რადგან ღონისძიებების სახე და მოცულობა დასკვნებით და რეკომენდაციებით გვექნება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, კერძო სექტორს, ბიზნეს სექტორს, საზოგადოებას, ვინც ხანძრის პერიოდიდანვე გამოთქვა სურვილი, ჩართულიყო და მონაწილეობდა კიდეც პროცესში. თუმცა აქ მთავარია გასათვალისწინებელი, რომ ჩვენი ძირითადი მიზანია, როგორც სახელმწიფო რესურსი, ასე სხვა წყაროდან შეგროვებული რესურსი მიზნობრივად დაიხარჯოს, გამჭირვალედ დაიგეგმოს და შესაბამისად ამ მექანიზმზე ვმუშაობთ. საზოგადოებას პროცესში ჩართვის საშუალება მიეცემა.

როგორ, რა ფორმით შეიძლება მოხალისეები ამ საქმეში ჩაერთონ?

იყო საკმაოდ კარგი პლატფორმა, წინა წლებშიც გვქონდა ასეთი ღონისძიებები, როდესაც საზოგადოების ნაწილს შეეძლო ტყის აღდგენის უშუალო მონაწილე ყოფილიყო. აქვე მინდა ხაზი გავუსვა და საზოგადოებას შევახსენო, ტყის აღდგენა არ გახლავთ მხოლოდ ერთჯერადად ნერგების დარგვა. ეს ძალიან რთული, სპეციფიკური, შრომატევადი პროცესია, რომელიც აუცილებლად უნდა იგეგმებოდეს სპეციალისტის მიერ და სამუშაოებიც სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ უნდა ხორციელდებოდეს. ეროვნული სატყეო სააგენტო, როგორც წინა წლებში, ასევე მომდევნო წლებში ასეთი ფორმატით გააგრძელებს მოხალისეებთან მუშაობას. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობის ფორმატი გვქონდა, როგორც საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნეს სექტორთან და ვაპირებთ, რომ ასე გავაგრძელოთ, რადგან იმ მცირე ნაწილზე, რომელიც ხანძარს გადაურჩა, შედეგები საუკეთესო გვაქვს, გახარებული და გაზრდილი ნერგების სახით. ეს სამუშაოები როგორც ეროვნულმა, ასევე საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს, როგორც ძალიან სწორად დაგეგმილი და ხარისხიანად განხორციელებული.

ძალიან უხეში გათვლებით, დაახლოებით რა დრო შეიძლება დასჭირდეს აღდგენას, თუ სრულ აღდგენას არა, პირველ ეტაპს მაინც?

რიგი მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება წელს, რაც ნიადაგის დაცვის თუ ეროზიული პროცესების პრევენციისა და მართვის ღონისძიებებს შეეხება. უშუალოდ ნერგების დარგვა, რაც ვიცი, რომ საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, მეცნიერებისა და სპეციალისტების მოსაზრებით, მომავალ წლამდე ვერ დაიწყება. ვფიქრობთ, რომ გაზაფხულზეც შეიძლება რიგ მონაკვეთებზე დავიწყოთ. თუ გაზაფხულზე არა, შემოდგომაზე სრული ძალით დავიწყებთ ღონისძიებებს. ნერგების დარგვა სეზონთანაა დაკავშირებული. ჩვენ მზად ვართ, ყველა რესურსი, ყველა ძალა მობილიზებული იყოს, რომ უშუალოდ ტექნიკური სამუშაოები ძალიან სწრაფად განხორციელდეს, ერთი ან ორი წლის განმავლობაში ფართობზე სამუშაოები სრულად შევასრულოთ, მაგრამ აქ პროცესი არ მთავრდება. ერთია ნერგების დარგვა, თუმცა მათი გახარება-შენარჩუნება უფრო რთული პროცესია და ჩვენ წინა წლებშიც გაცილებით მეტ რესურსს სწორედ ამ გაშენებული ნარგავების მოვლაში ვხარჯავდით. ეს მოვლა სულ ცოტა მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. 

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები