26 ოქტომბერი 2017

რა უნდა ვიცოდეთ შენგენის ზონაში შესვლის ახალ წესებზე

ინტერვიუ ქართველ ელჩთან

ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში შესვლის წესები გაამკაცრა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპარლამენტის წევრებმა გუშინ მიიღეს. შედეგად მესამე ქვეყნების მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთამდე ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეგისტრაცია მოხდება საერთო ელექტრონულ სისტემაში. მოგზაურს მოუწევს შეიყვანოს სახელი, სამოგზაურო დოკუმენტაცია, ბიომეტრიული პასპორტი, მოგზაურობის დრო და ადგილი. სისტემა ჩაიწერს მონაცემებს და ინფორმაციას უარის მიღების შემთხვევაშიც.    
ევრომიგრაციის სააგენტო აღნიშნავს, რომ სისტემაში დარეგისტრირება არ ნიშნავს ვიზის აღებას. მისი შევსება ონლაინ არის შესაძლებელი და პასუხის მიღება 72 საათის განმავლობაში ხდება. ავტორიზაციისთვის გადასახდელი თანხმა დაახლოებით 14 დოლარია. ახალი სისტემა ძალაში სრულად 2020 წლიდან შევა. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სიახლე გააუმჯობესებს საზღვრის კონტროლის ხარისხს და ეფექტურობას. რას უკავშირდება ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილება და რა იცვლება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამ საკითხებზე „მაესტრო“ ევროკავშირში საქართველოს ელჩს ნატალია საბანაძეს ესაუბრა.

რამ გამოიწვია ამ გადაწყვეტილების მიღება? ოფიციალური განმარტებაა, რომ ესაა საზღვრის კონტროლისა და ეფექტიანობის გაზრდა, თუმცა ნიშნავს თუ არა, რომ ვიზების გაუქმებას თავდაპირველად პრობლემები მოჰყვა საზღვარზე და დღეს ევროკავშირი ცდილობს გამოასწოროს ის სირთულეები, რომელიც ვიზალიბერალიზაციამ მოიტანა?

ეს იდეა ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში გაჩნდა. მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ასეთი სისტემა უნდა შემოსულიყო. ეს არ ეხება ახალ ქვეყნებთან დადებულ უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებებს, როგორიცაა საქართველო. ამ სისტემის შემოღების ძირითადი მიზეზი არის, როგორც თქვენ ახსენეთ, საზღვრის უკეთ კონტროლი, ასევე მიგრაციული კრიზისის წინააღმდეგ რაღაც მექანიზმების შემუშავება, ამ დიდი პრობლემის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირმა განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში განიცადა, ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ. ეს ძირითადად უსაფრთხოების თემას უკავშირდება და რეალურად ბევრს არაფერს ცვლის. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ვიზის შემოღებას. უბრალოდ გამგზავრებამდე დამატებით აპლიკაციის შევსება იქნება აუცილებელი. პერსონალური მონაცემები უნდა შევიყვანოთ და ამის შემდეგ ავტორიცაზიას მივიღებთ. ეს მგზავრებისთვის ინფორმაციის მიღებას გარკვეულწილად ამსუბუქებს, რადგან საზღვრიდან უკან დაბრუნების შემთხვევებია, ეს კი ამ შემთხვევების შესაძლებლობას ამცირებს. გამორიცხული არ არის, მაგრამ წინასწარ მგზავრს უკვე ეცოდინება, რომ მას ავტორიზაცია მიღებული აქვს, ამას წარადგენს საზღვარზე და ეს გარკვეულწილად, დამატებითი გარანტიაა.  

მთავარი მიზეზი უსაფრთხოების საკითხია? როგორც ვხვდებით, ეს არის პრობლემა, რომელიც გაჩნდა და რომელიც ბოლო წლების მთავარი გამოწვევაა.

მთავარი მიზეზი არის უსაფრთხოება, კონტროლის გაუმჯობესების აუცილებლობა იმისთვის, რომ შენგენის ქვეყნების ხელისუფლება უკეთ ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ შემოდის, გადის შენგენის ტერიტორიაზე. იმიტომ რომ, დღესდღეობით ამის გაკონტროლება საკმაოდ რთულია და ეს არის დამატებითი მექანიზმი. ასეთი ტიპის სისტემა სხვა ქვეყნებშიც არსებობს. ასეთი ტიპის სისტემა აქვს, მაგალითად აშშ-ის. ევროკავშირის მოქალაქეებს ამერიკაში სამგზავროდ ვიზა არ სჭირდებათ, მაგრამ ისინი გამგზავრებამდე ასეთი ტიპის აპლიკაციას ავსებენ. ზუსტად იგივე მოდელია ეს.

ფორმალურად ამას ვიზის მიღება არ ჰქვია, მაგრამ შინაარსობრივად არის თუ არა მაინც ვიზის ანალოგი? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაცია ან ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, ან იყო გარკვეული სარისკო გადაწყვეტილება, რომელიც პრობლემებს უკავშირდება? მაინც ნახევრად ვიზა გამოდის.

არა. ჯერ ერთი, როგრც გითხარით, ეს ბოლო გადაწყვეტილებებს ნამდვილად არ უკავშირდება. ამის შესახებ ევროკავშირში მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს და დაკავშირებულია სწორედ მიგრაციის კრიზისთან. შეგიძლიათ დაარქვათ „ვიზა ლაით“, მაგრამ ეს მაინც განსხვავდება. ვიზის მისაღებად საჭირო იყო დოკუმენტაციის ადგილზე წარდგენა, საკონსულოში მისვლა, ჩვენ ხომ ყველას კარგად გვახსოვს რამხელა პროცედურებთან იყო ეს დაკავშირებული. შემდეგ ამას სჭირდებოდა ლოდინი პასუხის მიღებისთვის და ასე შემდეგ. ახლა კი, თქვენ ძალიან მინიმალური ინფორმაცია შეგყავთ ონლაინ რეჟიმში, ძირითადად პირადი მონაცემები, გამგზავრების დრო, თარიღი, პასპორტის მონაცემები და რაც მთავარია, ამის განახლება ყოველი გასვლის წინ არ არის აუცილებელი, ეს ინფორმაცია 5 წლით შეინახება. მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო ინფორმაციის განახლება, თუ პასპორტს არ შეცვლით.

ასევე მინდა დავაზუსტო, რომ ევროპარლამენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია და საბოლოო კენჭისყრა არ ყოფილა. ამ წინადადების დასახვეწად ინტერ ინსტიტუციური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თქვენი ვარაუდით, ქართველი მოგზაურების ნაკადს თუ შეამცირებს ეს გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირში წასვლის მსურველთა ნაწილისთვის არც თუ ისე კომფორტული შეიძლება იყოს აპლიკაციის ელექტრონული სახით შევსება? შეიძლება გარკვეული ასაკის, ან რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ეს არც თუ ისე მოსახერხებელი იყოს.

არ ველი, რომ ეს ნაკადს შეამცირებს. შეიძლება გარკვეული ასაკის მიხედვით, ან სადაც ინტერნეტის წვდომა არ არის, რაღაც პრობლემა იყოს, მაგრამ ეს მოთხოვნა არ არის ისეთი, რომ ვინმეს გადააფიქრებინოს წასვლა. 10-წუთიან პროცედურაზეა ლაპარაკი. საქართველოში ინტერნეტთან წვდომა დარეგულირებულია და ძნელად წარმომიდგენია, რომ ამან რაიმე შეაფერხოს.

გარკვეული დისკრიმინაციის ფორმა რომ მიიღოს, ამას არ ელოდებით...

არა.

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, 28 მარტიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარებული კვლევით, ევროკავშირში 55 000 ადამიანი წავიდა საქართველოდან და 3 000 ადამიანი არ დაბრუნდა. ეს მოსალოდნელი სტატისტიკა იყო? ეს სტატისტიკა შემაშფოთებელია და შესაძლოა ამ მონაცემებზე დაყრდობით ევროკავშირმა უფრო მკაცრი ზომები გაატაროს საქართველოს მიმართ?

ამის შესახებ ჩემთან კომუნიკაცია არავის ჰქონია. მგონია, რომ ეს სტატისტიკა შემაშფოთებელი არ არის, მაგრამ ამას მე არ ვაფასებ, ამას ევროკომისია და შესაბამისი უწყება აფასებს. რაიმე პრობლემა და შეშფოთების მიზეზი რომ ყოფილიყო, კომუნიკაცია მექნებოდა. აქიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს მონაცემები მათთვისაც, დასაწყისი ეტაპისთვის, შედარებით მოსალოდნელი დარღვევების რაოდენობაა და ჯდება იმ გათვლებში, რაც მათ ჰქონდათ.

ერთი პრობლემური მომენტია, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვია გაზრდილი და ამის ახსნა რთულია. უვიზო რეჟიმი არც თუ ისე დიდი ხანია მუშაობს, მაგრამ მაინც მგონია, რომ წესებზე, დარღვევებზე ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეებისთვის ცნობილია და ამიტომ ძალი დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამ საქმეს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი არსებობს, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მიმართ არის საკმაოდ მაღალი ნდობა და ამის გამო ძალიან ბევრმა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. მათ შორის ბელგიამაც, რომელსაც მე წარმოვადგენ და ახლა საუბარი მიმდინარეობს ლუქსემბურგთანაც, რომ მანაც შეიყვანოს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თავშესაფრის მოთხოვნები ავტომატურად უარყოფილი იქნება და მათი განხილვა ძალიან სწრაფ რეჟიმში მოხდება. ამიტომ, ჩვენმა მოქალაქეებმა ესეც უნდა გაითვალისწინონ.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი განცხადებით, წესებზე ინფორმაცია მოსახლეობას აქვს, როგორც ჩანს, ცნობების გავრცელება მაინც აუცილებელია. საქართველოში არაერთი კამპანია მიმდინარეობს, მათ შორის ცოტა ხნის წინ დაიწყო კამპანია „ევროპა სახლია“, სწორედ ვიზალიბერალიზაციის წესების შესახებ. მთავარი მოწოდება არის ის, რომ არ მოითხოვონ თავშესაფარი ევროპაში. როგორ ფიქრობთ, ეს ინფორმაციის ნაკლებობაა, თუ ადამიანებს მაინც აქვთ იმედი, რომ საიმიგრაციო სამსახურს იქ ადგილზე აუხსნიან, რომ მათ ევროპაში დარჩენა სჭირდებათ? შეგიძლიათ კიდევ ახსნათ, რატომ არის შეუძლებელი, რომ ამ ფორმით ჩავიდნენ და მოქალაქეობა მიიღონ?

ჩემთვის ძნელია საუბარია მოქალაქეების მოტივაციაზე, მაგრამ ფაქტი ცალსახაა, მათი მოთხოვნების 98% უარყოფილი იქნება. სწორედაც იმიტომ რომ, ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, იმისდა მიუხედავად ოფიციალურად ასეთ სიაში იქნება თუ არა შეყვანილი. ზოგ ქვეყანას ასეთი სია აქვს და საქართველო შედის ამ სიაში, მაგრამ ზოგს არ აქვს. თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ის ფაქტი, რომ უვიზო მიმოსვლა გვაქვს, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს მიმართ დიდი ნდობაა და ახლა საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკური მიზნებით მიგრაცია და ამის გამო ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნა, აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

სხვა ინტერვიუები