27 ოქტომბერი 2017

აურზაური გურამ კაშიას სამკლაურის გამო

როგორია ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური პოზიცია?

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანთან, გურამ კაშიასთან დაკაშირებული სკანდალი არ ცხრება. კაშია კლუბ „ვიტესის" მცველია და ჰოლანდიაში ერთ-ერთ მატჩზე LGBT თემის მხარდამჭერი სამკლაურით წარდგა. ამ სამკლაურის გამო ის ფეხბურთის არაერთმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა და „ფეისბუქზე“ დაიწერა პოსტები იმის თაობაზე, რომ კაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი არ უნდა იყოს. ფეხბურთელი ამ შეფასებებს ტელევიზიით, ერთ-ერთ ჰოლანდიური არხისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ადამიანის უფლებებს ყოველთვის იცავდა, მათ შორის ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვას, რომ ის კვლავ თავის აზრზე რჩება და განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობს გულშემატკივრების განცხადებებს. საქართველოში ფეხბურთელის მხარდამჭერი განცხადებებიც გაკეთდა. ის კოლეგებმა, ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დაიცვეს, რისთვისაც კაშიამ მათ მადლობა გადაუხადა. ამ თემაზე „მაესტრო“ ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტს ნიკა ჯღარკავას ესაუბრა.


როგორია ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური პოზიცია? ესაუბრეთ თუ არა გურამს ამ თემაზე და იყო თუ არა ფედერაციაში ამ სკანდალზე მსჯელობა?

გურამთან პირადად მე არ მისაუბრია. ფედერაციის პოზიცია დაფიქსირებულია აქციის ფარგლებში, რომლის ინიცირებაც სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მოხდა და მიხარია რომ ძალიან პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა საკმაოდ ბევრი მომხმარებლის მხრიდან და ბუნებრივია ჩვენი პოზიციაა, რომ ფეხბურთის ფედერაცია გმობს ძალადობას, მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლებას. ფეხბურთში, ზოგადად დაუშვებელია დისკრიმინაცია, ამაში ფეხბურთის ფედერაცია ერთიანია თავის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფიფასთან და უეფასთან ერთად. ეს ფეხბურთისთვის ახალი არ არის.

რა ვუყოთ იმ გულშემატკივარს, რომელიც აგრესიულია და რომლისთვისაც მიუღებელია საჯაროდ, ასეთი ფორმით ფეხბურთელის მიერ ლგბტ თემის მხარდაჭერა. ამ გულშემატკივრების აზრს თქვენთვის მნიშვნელობა აქვს?

გულშემატკივრის აზრს მნიშვნელობა ყოველთვის აქვს. სამწუხაროა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილში ამ ფაქტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, იყო აგრესიაც, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია, მისი პრინციპების თანახმად და ზოგადად იმ კუთხით, რომ ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებაზე, ყოველთვის დაიცავს ჩვენი ოჯახის წევრებს, მათ შორის გურამ კაშიას, რომელიც სამაგალითო პიროვნებაა, პირადად ჩემთვის, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია დაიცვას აგრესიისგან ფეხბურთელები.

თავად იმ აქციაზე ვისაუბროთ, რომელშიც გურამმა მიიღო მონაწილეობა. ზოგადად რამდენად სწორია ფეხბურთელის მხრიდან საკუთარი პოზიციის მოედანზე გამოხატვა? ნებისმიერ თემაზე შეიძლება ფეხბურთელს ესა თუ ის პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ მოედანზე ის თამაშისთვისაა გამოსული, იმისთვის, რომ საკუთარი ოსტატობა წარმოაჩინოს. თქვენ როგორ უყურებთ, იგივე ლგბტ თემის მხარდაჭერის, ან თუნდაც სხვა რაიმე პოლიტიკური შინაარსის აქციის მოედანზე გადატანას?

ფეხბურთი ძალიან დიდი სოციალური მოვლენაა, პირველ რიგში. რა თქმა უნდა, სპორტია, მაგრამ სპორტი პირველ რიგში სოციალური მოვლენაა და ყველაზე დიდი სპორტი, მასში ჩართული ადამიანების მხრივ თუ ვიმსჯელებთ, ფეხბურთია. შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ ფეხბურთის მეშვეობით ხდება საზოგადოებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი მესიჯების გავრცელება და ფეხბურთის მეშვეობით ამაზე მსჯელობა. ეს გურამს არ დაუწყია, ეს არც გუშინ და გუშინწინ დაწყებულა, დიდი ხანია ასე ხდება და ამაში ცუდი არაფერია. მაგალითად, უეფას წლებია აქვს კამპანია, რომელიც თანასწორობას და ანტიდისკრიმინაციულობას უჭერს მხარს და ფეხბურთში ჩართული ადამიანების მეშვეობით ახდენს ამ იდეების საზოგადოებაში გაღვივებას. ბოლო მსგავსი კამპანია არის #EqualGame, რომლის პრეზენტაციაც ცოტა ხნის წინ გაიმართა და რომელიც გულისხმობს იმას, რომ ფეხბურთში დაუშვებელია ყოველგვარი სახის დისკრიმინაცია და ფეხბურთი არის ყველასთვის, მიუხედავად რელიგიისა, რასისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, სექსუალური ორინეტაციისა თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ასე თუ ისე ჩართულია ფეხბურთის ორგანიზებაში და აკეთებს ფეხბურთის, ვალდებულია გაითავისოს ის პრინციპები, რომელზეც დიდი საერთაშორისო ორგანიზაციები დგას.

ჩვენ ახლა საკამათო საკითხზე ვლაპარაკობთ. მესმის, თქვენც გარკვეულწილად შეზღუდული ხართ, რადგან ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელი ხართ, მაგრამ მოდით საკითხს ასე შევხედოთ: ფეხბურთს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მათ შორის ძალიან განსხვავებული მოსაზრებების, ამ დროს ფეხბურთელებმა, ზოგადად ფედერაციებმა გულშემატკივრების მოსაზრებებს პატივი უნდა სცენ. ამ გულშემატკივართა შორის არიან ადამიანები, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილები ლგბტ თემის მიმართ ან პირიქით. ნეიტრალური პოზიცია ფეხბურთელების და ფედერაციების მხრიდან ხომ არ იქნებოდა უფრო სწორი დამოკიდებულება ზოგადად გულშემატკივრების მიმართ?

უკაცრავად... რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ყველა ეს აქცია, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები უჭერენ მხარს, ეს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებია. არანაირად არ ვგრძნობ თავს შეზღუდულად და არც ის მიმაჩნია, რომ ვინმე, ვინც ჩვენს ორგანიზაციაში საქმიანობს, შეზღუდული იყოს. თუ ვლაპარაკობთ მოთამაშის რაღაც აქციებზე, ამაშიც ნებისმიერი მოთამაშე აბსოლუტურად თავისუფალია თავისი აზრის გამოხატვის საქმეში. შემდეგ ის უკვე პასუხს აგებს თავის საქციელზე და არ მგონია, რომ გურამს ეს პასუხისმგებლობა გათვითცნობიერებული არ ჰქონოდა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პირადად მე, სრულად ვეთანხები იმ ორგანიზაციას, რომელსაც წარმოვადგენ და მხარს ვუჭერ დემოკრატიულ პრინციპებს. აქ საუბარია ძალადობის მიუღებლობაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, აქ საუბარია თანასწორობაზე. ახალი და გასაკვირი აქ არაფერი არ არის.

ევროპაში, ჰოლანდიაში არ არის გასაკვირი, მაგრამ თუ თბილისში, მატჩის დროს, გურამ კაშია გაიკეთებს ასეთ სამკლაურს, თქვენ დაესწრებით ასეთ თამაშს?

თბილისი ევროპაა.

დიახ, ევროპაა, მაგრამ გურამ კაშია გაიკეთებს თუ არა თბილისში ასეთ სამკლაურს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში გამართულ მატჩში თუ დაუჭერს მხარს ასეთი ტიპის აქციას და თქვენი პროგნოზით, როგორი იქნება ქართველი გულშემატკივრის პოზიცია?

წინასწარ არ შემიძლია გითხრათ მსგავსი რამ. მსგავსი საკითხები უშუალოდ გუნდის შიდა სამზარეულოა და მე ამასთან კავშირში არ ვარ, რომ წინასწარ თქმა შემეძლოს. რა თქმა უნდა, კონტექსტს გააჩნია. საქართველოს ნაკრები ეს არის ქვეყნის პირველი საფეხბურთო გუნდი და მისი წევრები და ის ხალხი, რომლებიც მატჩების ორგანიზებასა და ნაკრების ცხოვრებაში არიან ჩართულები, ისინი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ, რა თქმა უნდა, ფედერაციის პრინციპების გაზიარებით.

სხვა ინტერვიუები