30 ოქტომბერი 2017

როგორ და რა ფულად ჯილდოს მიიღებენ საჯარო მოხელეები კარგი მუშაობისთვის?

მთავრობა ახალ რეგულაციებს განმარტავს

პარლამენტმა ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც საჯარო მოხელისთვის პრემია-დანამატის მიღების წესს განსაზღვრავს. ამ ინიციატივის მიხედვით, სახელწოდება „პრემია“ იცვლება „ჯილდოთი“, დგინდება ზედა ზღვარიც. ცვლილებები „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს. ამ თემაზე „მაესტროს“ კითხვებს საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკატერინე ქარდავა პასუხობს.


გთხოვთ, რომ ცოტა ვრცლად მიმოიხილოთ, რა შეიცვლება კანონში?

საქართველოში მსგავსი საკანონმდებლო აქტი არასდროს მიუღიათ. მოგეხსენებათ, რომ მთავრობა საჯარო სამსახურის რეფორმას ახორციელებს. ამ რეფორმის ერთ-ერთი ეტაპი წარმატებით გავიარეთ. ეს იყო 2015 წელს ახალი კანონის მიღება საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც უკვე ამოქმედდება, ხოლო მეორე ეტაპი უკვე არის შრომის ანაზღაურების საკითხების მოწესრიგება. აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში რეგულირდება ზოგადად შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და ასევე რეგულირდება კანონის მოქმედების სფერო. კერძოდ, ამ კანონით დარეგულირდება არა მარტო მოხელის შრომის ანაზღაურების საკითხი, არამედ, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, ასევე სახელმწიფო თვითმმართველობის ბიუჯეტზე მყოფი არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირების თანამშომელთა შრომის ანაზღაურების საკითხებიც. გარდა ამისა, კანონი მოაწესრიგებს სახელმწიფო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურების საკითხებს, მათ შორის, ასევე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ყველაზე აქტუალურ თემაზე გადავიდეთ, ესაა, პრემია და დანამატები. რატომ იცვლება სახელწოდება - პრემია, ჯილდოთი. ამან დეპუტატებში გარკვეული კითხვებიც დაბადა, რომ პრემია და ჯილდო შინაარსობრივად ერთმანეთს არ უტოლდება.

მოგეხსენებათ, რომ როგორც საზოგადოებისათვის, ასევე საჯარო მოხელისთვის, რომელიც თავის ქვეყანას და ხალხს ემსახურება, ყველზე მტკივნეული იყო ის კრიტიკა, რომელსაც შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით იმსახურებდა. ხან გამართლებულად, ხან - გაუმართლებლად, ყოველთვის იყო დისკუსია და კრიტიკა იმაზე, თუ რატომ იღებენ მოხელეები წახალისების საშუალებას - პრემიას ან დანამატს. დასაქმების სამართლებრივ ბუნებას რომ მივუდგეთ, კერძო სექტორში იქნება, თუ საჯარო სექტორში, დასაქმებულს მოტივაციისთვის გარკვეული მექანიზმი ყოველთვის სჭირდება. ეს მოტივატორი თავის დროზე იყო პრემია, თუმცა ამ პრემიასთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციები არ გვქონდა. პრემიის არსი და ზოგადად პრემია, როგორც მოცემულობა 2015 წლის კანონში გათვალისწინებული აღარ არის. მის ნაცვლად მოტივატორად გათვალისწინებულია ფულადი ჯილდო, ასევე სხვა მოტივაციის საშუალებები, როგორიცაა ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება, ან თუნდაც მადლობის გამოცხადება მოხელისათვის.  

თქვენ იზიარებთ შენიშვნას, რომ პრემია და ჯილდო სხვადასხვა რამ არის?

რა თქმა უნდა, სხვადასხვაა.

ანუ, უბრალოდ ტერმინის ჩანაცვლება არ ხდება. არსიც იცვლება?

დიახ. სწორედაც რომ პრემია თავისი არსით გაუქმდა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ ჰქონდა და ზღვრებში მოქცეული არ იყო. ფულადი ჯილდოს საფუძველი არის მხოლოდ მოხელის შეფასება. მოხელეები ყოველწლიურად შეფასებას ექვემდებარებიან და შეფასების შედეგებიდან გამომდინარე მოხელის საქმიანობა თუ შეფასდება როგორც საუკეთესო, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლება მან წახალისების საშუალებად მიიღოს ფულადი ჯილდო და ისიც უკვე დადგენილი ოდენობით და არა ქაოტურად და ბუნდოვნად. მაქსიმუმი არის წლიური თანამდებობრივი სარგოს 10%. ეს შეიძლება იყოს 8%, 3% - გააჩნია შეფასების დროს რა შედეგებზე მივა საჯარო დაწესებულება.

ეკუთვნის თუ არა თანამშრომელს ჯილდო, ამას მისი უშუალო ხელმძღვანელი წყვეტს. არსებობს თუ არა გარკვეული ფორმულა, რის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელოს უფროსმა?

უნდა იხელმძღვანელოს შეფასების მექანიზმით. შეფასება უკვე მოცემულია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, არსებობს კანონქვემდებარე აქტი, რომელიც დეტალურად აწესრიგებს შეფასების წესსა და მეთოდოლოგიას. შესაბამისად, შეფასება არის ერთადერთი, ობიექტურად დათვლადი და განჭვრეტადი კრიტერიუმი, რომლის შესაბამისადაც შეიძლება მოხელე შეფასდეს დადებითად, უარყოფითად ან დამაკმაყოფილებლად. თუ დადებითად შეფასდება და მათ შორის საუკეთესო შეფასება ექნება, ბუნებრივია მას წახალისების საშუალებად შეუძლიათ ფულადი ჯილდო მისცენ.

სიხშირე განსაზღვრულია? შეიძლება ჯილდო ყოველ თვე გაიცეს?    

ეს შეფასების სისტემაზეა დამოკიდებული. შეფასება, როგორც წესი, უნდა ხდებოდეს წელიწადში ერთხელ. ეს სავალდებულოა. თუმცა არსებობს შეფასების ისეთი მეთოდოლოგიები, როდესაც მოხელეები შეიძლება 6 თვეში ერთხელ შეფასდნენ.

ანუ, მაქსიმუმ წელიწადში ორჯერ და საშუალოდ წელიწადში ერთხელ ხდება ასეთი რამ?

არა, ასე ნუ ვიტყვით. მოხელე წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა შეფასდეს, თუმცა არსებობს მეთოდოლოგიები, რომელიც ექვს თვეში ერთხელ შეფასებას ითვალისწინებს, ან კვარტლურს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფუნქციის მატარებელია ესა თუ ის მოხელე. არსებობს მიზნები, რომლებიც შეიძლება მოხელის მიერ სამ თვეში შესრულდეს და ამას მოჰყვეს შემდგომ მისი შეფასება.

თუ სამ თვეში ერთხელ ჯილდო მიიღო საჯარო მოხელემ, ეს კანონდარღვევა არ იქნება?

არა. კანონდარღვევა იქნება იმ შემთხვევში, თუ 10%-იან ზღვარს გადავაბიჯებთ. 10%-იანი ზღვარი ფიქსირებულია და მის ფარგლებში, წლის განმავლობაში მოხელის წახალისება ფულადი ჯილდოთი შეიძლება. რაც შეხება დანამატს, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ აქამდე არ არსებობდა არც ერთი კანონით და კანონქვემდებარე აქტით გაწერილი დანამატის გაცემის საფუძვლები და ოდენობა, წარმოდგენილი კანონპროექტი ამას უკვე არეგულირებს. დანამატი გაიცემა მხოლოდ ორ შემთხვევაში, ესაა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება და დამატებითი ფუნქციური დატვირთვა, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების, უქმე დღეებში მუშაობისთვის. კანონის პროექტმა დანამატის ზღვრული ოდენობაც დაადგინა, ესაა თანამდებობრივი სარგოს წლიური 20%.

ჩვენ ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებები მოვისმინეთ. მაგალითად, ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ ეს კანონპროექტი არეგულირებს საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების მხოლოდ ნახევართან დაკავშირებულ სიტუაციას, ხოლო მეორე ნახევარი ისევ რეგულაციების მიღმა რჩება და მაინც უშუალო ხელმძღვანელი წყვეტს ერთპიროვნულად, მისცემს თუ არა რაიმე ჯილდოს. იზიარებთ ამ შენიშვნას?

ასეთ კრიტიკულ შეფასებას ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ, საჯარო სამსახურის სფეროში მოქცეულები არ არიან საგანმანათლებლო, კულტურული, რელიგიური, სპორტული და ასევე სამეცნიერო დაწესებულებების თანამშრომლები. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეს ადამიანებიც ფინანსდებიან, მაგრამ ვინაიდან ისინი მოხელეებს არ განეკუთვნებიან, ბუნებრივია მათ მიმართ წარმოდგენილი კანონის პროექტი ვერ გავრცელდება. ამიტომ, მათი შრომის ანაზღაურება ცალკე კანონმდებლობით წესრიგდება და რამდენადაც ვიცი, ქალბატონი ხათუნას შენიშვნა ეს იყო.   

მმართველ გუნდში რაიმე შენიშვნები გამოითქვა?

რა თქმა უნდა, შენიშვნები არის. ეს მარტივი კანონი არ არის. ძალიან რთული კანონია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დასაქმებული ადამიანის შრომის ანაზღაურების საკითხს ეხება. ამ კანონპროექტზე თითქმის ორი წელია მუშაობს საჯარო სამსახურის ბიურო, ფინანსთა სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია. ჩვენ უკეთესად გვაქვს შესწავლილი პრაქტიკა, მათ შორის საერთაშორისო. არსებობს დასაზუსტებელი კითხვები, არსებობს აზრთა სხვადასხვაობაც, მაგრამ სწორედ ამიტომაც საკომიტეტო მოსმენების პროცესში ჩართულები ვართ ყველა მხარე და ვცდილობთ კითხვებს ვუპასუხოთ.

შეიძლება პროგნოზი გავაკეთოთ, რომ პრინციპული წინააღმდეგობა არ არის და სავარაუდოდ, შეთანხმება იქნება ანუ საქართველოს ექნება ეს კანონი, რომელიც ამ მტკივნეულ საკითხს დაარეგულირებს?

დიახ. პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვი, რომ არსებობს პრინციპული შენიშვნები. იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა აღიარებს აღნიშნული კანონის მიღების საჭიროებას, მათ შორის პრემია-დანამატების, ყოფილი პრემიების, იგივე ფულადი ჯილდოების რეგულირების აუცილებლობის საკითხს, თუმცა ბუნებრივია ნიუანსები, იგივე კანონის ტექსტთან მიმართებაში რა სწორად იკითხება, რა არ იკითხება და რა არის დასახვეწი - ამ საკითხებზე მუშაობა დღესაც მიმდინარეობს. ჯერ მხოლოდ საკომიტეტო მოსმენებია. ჯერ პირველი საპარლამენტო მოსმენა არ ყოფილა და ბუნებრივია დრო გვაქვს ცალკეული ნორმების დასახვეწად.
 

სხვა ინტერვიუები