როგორ იმუშავებს დაგროვებითი საპენსიო სისტემა?
რეფორმის დეტალები
დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2018 წლის მესამე კვარტალიდან ამოქმედდება. კანონპროექტის დეტალები ჟურნალისტებს ეკონიმიკის და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებმა გააცნეს. 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის საპენსიო ფონდში ჩართვა სავალდებულო იქნება. სისტემაში მონაწილეობას თვითდასაქმებულებიც შეძლებენ, თუმცა მათთვის ეს გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია. ამ თემის დეტალებზე "მაესტროს" ეკონომიკის სამინისტროს რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელი ბექა ლილუაშვილი ესაუბრა.
ამ რეფორმის მიმართ ინტერესი დიდია. კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებამდე ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. რატომ და რის მიხედვით გადაწყდა, რომ 40 წლამდე ადამიანებისათვის ამ პროექტში ჩართვა სავალდებულოა?
სავალდებულოობის კომპონენტი არსებობს ფაქტობრივად ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დაგროვებითი საპენსიო სისტემაა. ჩვენ შემთხვევაში ამის ერთადერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი და არგუმენტი ისაა, რომ კონტრიბუციების მოცულობა საკმაოდ მოკრძალებულია და ეს არის სისტემის თითოეული მონაწილის ხელფასის თუ დასაბეგრი შემოსავლის 6%. შესაბამისად, იმისათვის, რომ საპენსიო აქტივებით შექმნილი ფონდის ადმინისტრირება ეფექტიანი იყოს და საკმარისი მოცულობის თანხები დაგროვდეს, სავალდებულოობის კომპონენტის არსებობა აუცილებელია.
რა ტიპის დასაქმებულ ადამიანებს ეხებათ ეს? როგორც ვიცით, ამ პროექტში შესაძლოა თვითდასაქმებულებიც ჩაერთონ, მაგრამ მათთვის ეს სავალდებულო არ იქნება.
პირველ რიგში, ამ რეფორმის განხორციელების მიზნებისთვის ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ორი კატეგორია, რაც კანონპროექტში საკმაოდ ნათლად არის წარმოდგენილი და ეს კანონპროექტი ფართო საზოგადოებისთვის დღეიდან უკვე ხელმისაწვდომიცაა. ორ კატეგორიაში მოიაზრება დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. დასაქმებულების კატეგორია ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობითი ნებისმიერი ეგრეთ წოდებული სერვის კონტრაქტი, ანუ ხელშეკრულება მომსახურეობის გაწევაზე, ან შრომითი კანონმდებლობით დარეგულირებული ურთიერთობა და შესაბამისად, ხელფასში მოიაზრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხელფასი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ესენი არიან ინდივიდუალური მეწარმეები და არასამეწარმეო საქმიანობით დაკავებული ფიზიკური პირები, რომელთა სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. თუმცა, ნებაყოფლობითი კომპონენტი ასევე ეგრეთ წოდებულ ფორმალურ დასაქმებაშიც გვაქვს. მსგავსი ნებაყოფლობითობის კომპონენტი არის სისტემის მონაწილე 40 წლის და ზევით მყოფი ადამიანებისთვის. თვითდასაქმებულები ამ კანონით განსაზღვრული დეფინიციის ფარგლებში შეძლებენ მონაწილეობას აღნიშნულ რეფორმაში.
განსაზღვრული თუ გაქვთ, საპენსიო ასაკამდე ადამიანს თვიურად რა დანამატი შეიძლება გამოუვიდეს, თუ ის ამ საპენსიო სისტემაში იქნება ჩართული?
პირველ რიგში, დავაზუსტებ, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში სისტემის თითოეული მონაწილე საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აგროვებს თანხას, სადაც 2%-ს დამსაქმებელი უხდის, 2%-ს იხდის თავად საკუთარი ხელფასიდან თუ შემოსავლიდან და 2%-ს უმატებს სახელმწიფო. ასევე, ეს კონტრიბუცია გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, როგორც გადახდის, დაგროვების, ასევე პენსიის გაცემის ნაწილში და ასევე, ის საინვესტიციო შემოსავალი, რომელსაც მონაწილე მიიღებს საკუთარი საპენსიო აქტივების ინვესტირების შედეგად, ასევე გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან. მსგავსი სისტემები სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან იშვიათად გვხვდება და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე გულუხვი შეთავაზება სახელმწიფოსგან მონაწილეების მიმართ.
რაც შეხება პენსიის რაოდენობას, ეს მრავალ პარამეტრზეა დამოკიდებული. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია დაგროვების ხანგრძლივობა და ასევე ნომინალური მოცულობა, თუ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე თითოეული მონაწილის, სახელმწიფოსა და დამსაქმებლის მიერ რამდენი იქნება ასახული. არსებობს გარკვეული გათვლები, მაგრამ ძირითადი აქცენტი მსგავსი შემოსავლების შეფასებისათვის უნდა გაკეთდეს ჩანაცვლების კოეფიციენტზე და ჩანაცვლების კოეფიციენტის მნიშვნელოვან ზრდას ველოდებით აღნიშნული რეფორმიდან გრძელვადიან პერიოდში. დღეს არსებული სოციალური, ეგრეთ წოდებული სახელმწიფო პენსია უზრუნველყოფს მხოლოდ 16,5% ჩანაცვლების კოეფიციენტს. განმარტებისთვის, ჩანაცვლების კოეფიციენტი ეს არის თქვენს პენსიასა და თქვენს საშუალო ხელფასთან შეფარდებული მაჩვენებელი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ რეფორმის ეფექტიანობის შეფასება გამომდინარეობს იქიდან თუ რა ნაწილით იზრდება ჩანაცვლების კოეფიციენტი გრძელვადიან პერიოდში.
ქართული რეალობის გათვალისწინებით ორი პრობლემური ვითარება განვიხილოთ. ერთი ესაა, ინფლაცია და ეს საკითხი როგორ დარეგულირდება? ასევე საინტერესოა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სამსახურს კარგავს დასაქმებული და აქვს წყვეტა, რაც არც თუ იშვიათი შემთხვევაა.
დავაზუსტებ რომ, აღნიშნული რეფორმა არ გულისხმობს სახელმწიფო პენსიის გაუქმებას. სახელმწიფო პენსია ნარჩუნდება იმ მონაწილეებისთვისაც, ვინც სისტემაშია ჩართული. რაც შეეხება ინდექსაციის ნაწილს, არსებობს სხვადასხა ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც საპენსიო რეფორმას შეეხება. ეს შეეხება სახელმწიფო პენსიას და არა ამ რეფორმის შედეგად მიღებულ პენსიას. ამ მეორე ნაწილზე შემდეგ გადავალ. სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის საკითხი მსჯელობის საგანია და ეს ამ რეფორმის კომპონენტია იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სახელმწიფო პენსია გახდება მოწესრიგებული და დაეფუძნება რაღაც წესს, რომლის მიხედვითაც მოხდება მისი ზრდა. რაც შეეხება ამ რეფორმის ფარგლებში მიღებულ პენსიას და ინფლაციასთან დაკავშირებულ რისკებს, ნებისმიერი საინვესტიციო ფონდი საკუთარი აქტივების ინვესტირებას ახდენს იმ გათვლით, რომ ის უზრუნველყოფს რეალური ამონაგების მაქსიმიზაციას. იგივე შემთხვევა გვაქვს საპენსიო ფონდის, საპენსიო სააგენტოს შემთხვევებშიც. ანუ, საინვესტიციო პოლიტიკა, რომელიც შეიქმნება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მიერ და აღსრულდება აქტივების მმართველი კომპანიების მიერ, ინვესტიციების იმ ფორმით განხორციელებას ითვალისწინებს, რაც რეალური, ანუ ინფლაციაზე კორექტირებული ამონაგების მაქსიმიზაციას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება იმ მოცემულობას, როდესაც დასაქმებული კარგავს სამსახურს და რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ დასაქმდა?
როდესაც დასაქმებული დაკარგავს სამსახურს და მას შემოსავალი, ხელფასი არ აქვს, ბუნებრივია, სისტემა იმგვარადაა ორგანიზებული, რომ თქვენს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე კონტრიბუციების განხორციელება წყდება და პირველი ხელფასის აღებისთანავე, როდესაც თქვენი დასაქმება განახლდება, თქვენ საპენსიო სააგენტოში კონტრიბუციების შეტანას ავტომატურად გააგრძელებთ.
საინტერესოა, თუ მოიკვლიეთ საზოგადოების გაწყობა, დამოკიდებულება ამ შეთავაზებაზე? რამდენად არიან ადამიანები ამ შეთავაზებით დაინტერესებულები?
სხვადასხვა ეტაპზე ჩვენ სხვადასხვა კომუნიკაცია გვქონდა კერძო სექტორთან. ყველაზე მასშტაბური ხასიათის კომუნიკაცია იყო კერძო სექტორის წარმომადგენლების სხვადასხვა ჯგუფებთან. კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა ბიზნეს სექტორისთვის, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშისთვის და მათგან წამოვიდა კონკრეტული საკითხები, რომელიც კანონპროექტში უნდა ასახულიყო და ჩვენ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ავსახეთ. რაც შეეხება ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციას, დღევანდელი ღონისძიება, რომლის შედეგადაც ეს კანონის პროექტი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, იმას გულისხმობს, რომ საკანონმდებლო მაცნეში ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეეძლება ნახოს ეს პროექტი, განათავსოს კონკრეტული მოსაზრება ან ინიციატივა და ამ საკითხში მზად ვართ ვითანამშრომლოთ.


