31 ოქტომბერი 2017

რა დარღვევის გამო დააჯარიმებს მძღოლს ჭკვიანი კამერა?

ინფორმაცია ავტომობილების ვიდეო კონტროლის შესახებ

პირველი ნოემბრიდან „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ თანახმად ვიდეო ჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება. ასევე ხვალ თბილისში, გორში, ხაშურში, ქუთაისსა და ბათუმში ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კამერები ამუშავდება. საქართველოს 5 ქალაქში უკონტაქტო პატრულირების ელექტრონული სისტემის დამონტაჟება უკვე დასრულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საპოლიციო ტექნოლოგიური რეფორმის ფარგლებში 2017 წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 000-მდე ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება. ვიდეო ჯარიმების ახალ წესებზე „მაესტროსთან“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა ისაუბრა.


გთხოვთ დეტალურად მოგვიყვეთ, ჯარიმების ახალი წესის შესახებ და წახალისების იმ წესზე, რომლითაც მოქალაქეები ისარგებლებენ.

ხვალიდან ვიდეო-ჯარიმების ადმინისტრირების ახალი წესი შედის ძალაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მძღოლი, ვინც საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევს, ავტომატურ რეჟიმში „ესემეს“ შეტყობინებას მიიღებს. თუკი სატელეფონო შეტყობინებიდან 10 დღის ვადაში გადაიხდის ჯარიმას, ამ შემთხვევაში მათზე საშეღავათო პირობები ვრცელდება და 20%-ით ნაკლები ოდენობით მოუწევთ ჯარიმის თანხის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ სტანდარტულ შემთხვევებში ჯარიმა ფაქტობრივ მისამართზე ფოსტის მეშვეობით იგზავნება. თუ ჯარიმის ჩაბარება ვერ მოხერხდება, ჯარიმის გაგზავნა ფოსტის მეშვეობით განმეორებითაც ხდება. თუკი ვერც ერთხელ ვერ მოხერხდა ვიდეო ჯარიმის ფოსტით გაგზავნა და ჩაბარება, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრის ოფიციალურ ვებგვერდზე police.ge-ზე ქვეყნდება ვიდეო ჯარიმა. მნიშვნელოვანია, რომ police.ge-ზე გამოქვეყნებიდან ერთი თვის თავზე ვიდეო-ჯარიმა ჩაბარებულად ითვლება და დგება ვალდებულება, რომ მძღოლებმა ჯარიმა გადაიხადონ.

შეღავათით რომ ვისარგებლოთ აუცილებელია თქვენს ბაზაში ჩვენი ტელეფონის ნომერი იყოს დაფიქსირებული. ეს როგორ გადავამოწმოთ?

იმისათვის, რომ მძღოლებმა "ესემეს" შეტყობინება მიიღონ, აუცილებელია მათ პერსონალური ინფორმაცია შეყვანილი ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტრის მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ პროფილში და მნიშვნელოვანია, რომ ის მძღოლები, ვისაც უკვე დარეგისტრირებული აქვს საკუთარი პროფილი, მუდმივ რეჟიმში განაახლონ ინფორმაცია, რათ მყისიერად მიიღონ შეტყობინებები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.

შესაძლებელია, რომ ეს ოპერაცია ჩვენი პერსონალური კომპიუტერებიდან შევასრულოთ?

რა თქმა უნდა, ყველა პერსონალური კომპიუტერიდან შესაძლებელია თითოეულმა მძღოლმა საკუთარი პროფილი დაარეგისტრიროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, შეიყვანოს მისი პერსონალური ინფორმაცია - მობილურის ნომერი და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, რათა ძალიან მყისიერად მოვახდინოთ კონკრეტული ვიდეო-ჯარიმების შესახებ ინფორმაციების მიწოდება თითოეული მძღოლის მისამართზე.

ჭკვიანი კამერები რას ნიშნავს და რატომ არის „ჭკვიანი“?

ჭკვიანი ვიდეო კამერების სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების პროექტის და რეფორმის ფარგლებში დანერგა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მასშტაბით სულ 3 000-მდე "ჭკვიანი ვიდეო კამერა" განთავსდება. ჭკვიანი ვიდეო-კამერების არეალში აუცილებლად განთავსდება შესაბამისი აღმნიშვნელი აბრა, რომ ეს არის საპოლიციო ვიდეო-კამერა. რაც შეეხება ჭკვიანი ვიდეო-კამერების შესაძლებლობებს, მათ მართლაც რომ უნიკალური შესაძლებლობები აქვს, ვინაიდან ავტომატურ რეჟიმში ახდენს კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფიქსაციას და მნიშვნელოვანია, რომ ხვალიდან უკვე მოხდება 5 ყველაზე აქტუალური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატური ფიქსაცია და ავტომატური დაჯარიმება.

ხუთი ყველაზე აქტუალური ვიდეო ჯარიმაა: პირველი - წითელ შუქნიშანზე გავლა; მეორე - ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა; მესამე - მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა; მეოთხე - მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება; მეხუთე - დაშვებული ნორმის გადაჭარბება და საშუალო სიჩქარის დარღვევა. ამ ვიდეო-კამერებს უნიკალურობა გახლავთ იმაშიც, რომ კამერები შესაძლებლობას იძლევა განვსაზღვროთ საშუალო სიჩქარე კონკრეტული წერტილიდან წერტილამდე. თუკი წარსული პრაქტიკა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მძღოლი მხოლოდ ვიდეო კამერების არეალში ემორჩილებოდა საგზაო მოძრაობის ნიშნებს და შემდგომ უკვე აჭარბებდა სიჩქარეს, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულ მონაკვეთზე გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ რა სიჩქარით გადაადგილდება ეს კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

ვიდეო-ჯარიმა არის თუ არა კავშირში ქულათა კლების სისტემასთან?

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფოტო-ვიდეო ჯარიმები არანაირ ზეგავლენას არ ახდენს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების რაოდენობაზე. შესაბამისად, ყველა ეს კომპლექსური ღონისძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება.

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები