01 ნოემბერი 2017

როგორ დაწინაურდა საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში?

ინტერვიუ ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორთან

საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების (Doing Business) რეიტინგში გასულ წელთან შედარებით 7 ადგილით დაწინაურდა და 82 ქულით მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა. მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ 20 წამყვან ქვეყანას შორის მე-9 ადგილზე მყოფმა საქართველომ 2003 წლიდან დღემდე ბიზნესის დასარეგულირებლად ყველაზე ბევრი, სულ 47 რეფორმა გაატარა. რას ნიშნავს ეს მონაცემები საქართველოსთვის - ამ თემაზე „მაესტროსთან“ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში მერსი ტემბონმა ისაუბრა.


რა ფაქტორებმა განაპირობა ამ რეიტინგში საქართველოს დაწინაურება?

საქართველომ ძალიან წარმატებულად იმუშავა. როგორც ვიცით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე რეფორმატორი ქვეყანაა. ბიზნესის წარმოების აღრიცხვა 15 წლის წინ დავიწყეთ. მსოფლიო ბანკი მონიტორინგს უწევს 196 ქვეყანას ამ თვალსაზრისით და ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი რეფორმა განახორციელა, სულ - 57, საქართველოა. მას ყაზახეთი მოსდევს. გასული 15 წლის განმავლობაში საქართველომ ძალიან ბევრი რეფორმა ჩაატარა და ბიზნესის წარმოების სფეროში ძალიან მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. საქართველო ამ მძიმე სამუშაოების განხორციელების შემდეგ ქვეყნების პირველ ათეულში შევიდა.      

Doing Business-ის რეიტინგში ეს პოზიცია ქვეყნისთვის რას ნიშნავს? რამდენად საკმარისია ეს მონაცემები ინვესტორებისთვის იმის დასარწმუნებლად, რომ საქართველოში ინვესტიციების ჩადება სასარგებლოა?თუ კიდევ სხვა ფაქტორების გაუმჯობესებაცაა ამისთვის აუცილებელი?

ის, რომ საქართველო ბიზნესის წარმოების საქმეში მსოფლიო ქვეყნების პირველ ათეულში მოხვდა, ეს ძალიან დიდი მიღწევაა. ინვესტორები, რომლებიც ფიქრობენ, სად ჩადონ ინვესტიცია, აანალიზებენ რომელ ქვეყანაში შეიძლება ინვესტიციების განხორციელება ყველაზე წარმატებულად და იოლად, საქართველო ასეთი ქვეყნების მოწინავე პირველ ათეულშია და ეს ძალიან კარგი გარემოებაა საქართველოსთვის. ეს აჩვენებს ინვესტორებს, რომ საქართველო ახორციელებს რეფორმებს და ყველას შეუძლია დაინახოს ზუსტად თუ რას აკეთეს ეს ქვეყანა, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ინვესტორებს შეუძლიათ შემოვიდნენ, რადგანაც ქვეყანა აძლიერებს თავის ეკონომიკას. დამატებითი ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკას გააუმჯობესებს და გაზრდის სამუშაო ადგილებს. ამიტომ ეს ფაქტიურად არის საჩუქარი, უდიდესი მიღწევა, რომელიც ძალიან წაადგება ქვეყანას და ქვეყანა უნდა ამაყობდეს ამ მიღწევით.

რეიტინგში გამოჩნდა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების, მინორიტარი აქციონერების უფლებების დაცვის და ასევე გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართულებით ქვეყანამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა, რითაც  გაიუმჯობესა მდგომარეობა, თუმცა ამ ინდიკატორებით კვლავ ჩამორჩება არა ერთ სხვა სახელმწიფოს. როგორია თქვენი რეკომენდაციები ამ მიმართულებით?

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აუცილებელი რეფორმების განხორციელება. განსაკუთრებით ქვეყანას სასაზღვრო ვაჭრობის კრიტერიუმთან დაკავშირებით აქვს ჩამორჩენა და ამ კუთხით ჩვენ, მსოფლიო ბანკი, ვიმუშავებთ და ხელს შევუწყობთ საქართველოს მოსახლეობას იმისთვის, რომ ეს პარამეტრიც გაუმჯობესდეს და ქვეყანამ პროგრესს აღნიშნულ პარამეტრებშიც მიაღწიოს. ის მიზანსწრაფულობა, რომელიც ქვეყანამ, ქვეყნის მთავრობამ ამ წლების განმავლობაში გამოამჟღავნა, საშუალებას გვაძლევს აბსოლუტურად დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საქართველო ამ პარამეტრებსაც გააუმჯობესებს.  

სასაზღვრო ვაჭრობის კრიტერიუმში დაბალი მაჩვენებელი რა მიზეზით შეიძლება აიხსნას და რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ ამ მონაცემის გასაუმჯობესებლად?

ადრე აღვნიშნე, არის მთელი რიგი კრიტერიუმები, რეფორმები, რომელიც ჯერ კიდევ უნდა განხორციელდეს ლოგისტიკაში და იმ დროის შემცირების მიმართულებით, რომელიც ჯერ კიდევ სჭირდება ბიზნესებს... აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომ წლებში დავინახავთ ამ რეფორმებს. ბიზნესის წარმოების სიმარტივის შეფასებას მსოფლიო ბანკი ყოველ წელს ახორციელებს, თუმცა რეფორმების შედეგების დანახვას გარკვეული დრო სჭირდება და დარწმუნებული ვარ მომდევნო წლებში ჩვენ ამას დავინახავთ.

სხვა ინტერვიუები