03 ნოემბერი 2017

რა ახალი რეგულაციები გავრცელდება ექიმებზე?

სელექციური კონტრაქტირების სისტემა და პაციენტის ინტერესები

მეორე დღეა განხილვის თემაა საპარალამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შესაძლოა ექიმებს ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობა აეკრძალოთ. ცვლილებების შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა აკაკი ზოიძემ ილაპარაკა. დეპუტატი „მაესტროს“ კითხვებს პასუხობს.


რამდენად რეალურია ამ ინიციატივის მოკლე ვადებში განხორციელება, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი და რაც მთავარია, რა პრობლემას ხედავთ თქვენ იმაში, რომ ექიმი რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ერთდროულად მუშაობს?

აკრძალვაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ მსგავსი არაფერი მითქვამს. საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც ექიმს არ შეუქმნის იმის აუცილებლობას, რომ იმუშაოს ძალიან ბევრ დაწესებულებაში ერთად, ზოგჯერ - სხვადასხვა ქალაქში და კვირაში 48 საათის ნაცვლად 100 საათის განმავლობაში, რაც დამტკიცებულია, რომ იწვევს დაღლილობას, ორგანიზმის გამოფიტვას, ყურადღების დეკონცენტრაციას და შესაბამისად, საექიმო შეცდომის ალბათობის ზრდას, რაც შეიძლება ფატალურად დამთავრდეს პაციენტისთვის. აი ესაა. კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები გავრცელდა...

ანუ, არავითარი რეგულაცია და კანონში ცვლილება არ შემოდის?

არანაირი რეგულაცია არ იქნება, გარდა იმისა, რაც შრომის კოდექსშია.

მაშინ, როგორ აპირებთ ამ მიზნის განხორციელებას?

წელს დაიწყო ეს პროცესი - სელექციური კონტრაქტირება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოცანა პირველად იყო ის, რომ გადაგვერჩინა სიცოცხლე და დაგვეცვა ადამიანები ჯანდაცვის ხარჯებისაგან გამოწვეული სიღარიბისაგან. შემდეგი ამოცანაა, სამედიცინო მომსახურების  ხარისხის გაუმჯობესება და უკეთესი შედეგების მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის, როცა ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მომსახურებას იღებენ. ამ მიმართულებით მთელი რიგი ცვლილებების გატარებაა აუცილებელი, მათ შორის ხარჯეფექტიანობის კუთხით და მეორე ეს გახლავთ ის, რომ აუცილებელია ეგრეთ წოდებული შერჩევითი კონტრაქტირება. დღეს ყველა დაწესებულება მონაწილეობს ამ პროგრამაში და არაერთხელ განმიცხადებია, რომ ხშირ შემთხვევაში ყველა დაწესებულება არა, მაგრამ არის ნაწილი ეგრეთ წოდებული საამქროებისა, რომლებიც ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ფულის გადამუშავებაზე და არანაირად პაციენტის ინტერესებსა და ჯანმრთელობაზე. ასეთი ტიპის დაწესებულებები უნდა ამოვარდეს სისტემიდან და ამისთვის აუცილებელია სელექტიური კონტრაქტირება. ანუ ხელშეკრულება დაიდება მხოლოდ იმ დაწესებულებებთან, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიციური პერსონალი ჰყავთ, რომლებითაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვთ, რომლებიც არიან მრავალპროფილური და შესაძლებლობა აქვთ მიაწოდონ ადამიანებს ის მომსახურება, რომელიც იმ მოცემულ მომენტში მას სჭირდება. ეს არის იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ ადამიანის ჯანმრთელობისთვის და და მოქალაქეებიც უფრო კმაყოფილები იყვნენ. ეს არის ამ რეფორმის არსი. წელს ეს დაიწყო სამშობიარო პროგრამაში და მშობიარეები სირთულის მიხედვით შესაბამის დაწესებულებებში მიდიან. იგივე გაგრძელდება შემდეგი წლების განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის სხვა პროფილის მომსახურებაშიც.

თქვენი განცხადება სამედიცინო დაწესებულებების მიერ იქნება თუ არა აღქმული, როგორც შეზღუდვა? რას გამოიწვევს ეს და ხომ არ არის ეს ირიბი დირექტივა ექიმებისთვის, რომ მათ არ იმუშაონ სხვადასხვა დაწესებულებებში?

არა, არა. პირიქით, საუბარია იმაზე, რომ როდესაც სელექტიური კონტრაქტირება მოხდება, ამ შემთხვევაში მომსახურების მოცულობა, ანუ პაციენტების რაოდენობა იმ კონკრეტულ დაწესებულებებში გაიზრდება, ექიმებს შესაბამისად ანაზღაურება გაეზრდებათ და აღარ ექნებათ მოტივაცია, წავიდნენ და თავისი ჯანმრთელობის თუ სხვა ინტერესების საზიანოდ იმუშაონ  20 დაწესებულებაში და იმუშაონ იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ადამიანს ფიზიკურად შეუძლია. ამაზეა საუბარი. თორემ პროფესორი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი გერმანიაშიც და აშშ-იც შეიძლება 4 და 5 დაწესებულების კონსულტანტი იყოს. ანუ რთულ შემთხვევებში ეძახდნენ და მის კონსულტაციას იღებდნენ, მაგრამ მას ეს კარგად დაგეგმილი აქვს და არ მუშაობს კვირაში 120 საათს. საუბარი იმაზეა, რომ მოტივაცია გაუქმდება და აუცილებლობა და იძულება არ ექნებათ, რომ ღირსეული ანაზღაურების მისაღებად რამოდენიმე ადგილზე იმუშაონ. თუ მაინც გადაწყვიტეს, რომ ასე იმუშაონ, არსებობს შრომის კოდექსი და ფიზიკურად არ შეიძლება სამი დღე ზედიზედ მორიგე იყო და ეს შიდა განაწესმა უნდა მოაგვაროს. უბრალოდ ჩემგან რეკომენდაციაა ეს, ყველა ქვეყანაში ასეა.

თქვენ რამ გიბიძგათ იმისკენ, რომ ამ პრობლემაზე საჯაროდ დაგეწყოთ ლაპარაკი? პაციენტების მომსახურების ხარისხი იმდენად მძიმეა, რომ ამ თემას საჯაროდ განვიხილავთ? თქვენ ახსენეთ სიტყვა „საამქროები“, მართლაც ასეთი დიდი პრობლემაა, რომ დღეს მთავარია რაც შეიძლება მეტი ოპერაცია გაკეთდეს სახელმწიფო დაფინანსების მიღების მიზნით და კლინიკები სამედიცინო მომსახურების ხარისხს ყურადღებას აღარ აქცევენ?

დღეს მოტივაციური სისტემა აწყობილია ისე, რომ მეტი გამოკვლევა, მეტი ოპერაცია, მეტი ჩარევა იყოს და ამ დროს ჰიპოკრატეს ფიცით პირველია, რომ არ ავნო პაციენტს. საჭიროზე მეტი ჩარევა, საჭიროზე მეტი ოპერაცია და საჭიროზე მეტი წამალი - ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც  არამარტო ადამიანის თუ სახელმწიფოს ჯიბეს ვნებს, არამედ ჯანმრთელობას. ეს სისტემა უნდა შევცვალოთ და სისტემას არ უნდა ჰქონდეს იმის მოტივაცია, რომ მეტი გამოკვლევა, მეტი ოპერაცია გააკეთოს და პაციენტს მეტი წამალი გამოუწეროს. ამისთვის შეიცვლება დაფინანსების მეთოდები და შემოვა შერჩევითი კონტრაქტირება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, გვაქვს შესანიშნავი დაწესებულებები, მაგრამ იმის გამო რომ სისტემაში ხვრელები აღმოჩნდა, გაჩნდა ეს საამქროებიც, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას პირდაპირ საფრთხეს უქმნიან. მრავალი ისტორიაა, რომელიც შეიძლება სოციალურ ქსელშიც გინახავთ და ძალიან ბევრ ადამიანს შეემთხვა, როდესაც საათობით აცდევინებენ პაციენტებს სანამ ექიმი მოვა, ან როცა მოვა, უკეთებენ არასაჭირო გამოკვლევებს, რომ ავადმყოფისა და მისი ოჯახის ჯიბიდან ან კიდევ სახელმწიფოსგან,დამატებითი ანაზღაურება მიიღონ. ეს პრობლემა არ არის გამოწვეული იმით, რომ ჩვენ ცუდი ექიმები ან ცუდი მენეჯერები გვყავს, დღეს არსებული სისტემა იძლევა ამის საშუალებას და რა თქმა უნდა მოგებაზე ორიენტირებული კერძო დაწესებულება აუცილებლად გამოიყენებს სისტემას. ამიტომ სისტემა უნდა შევცვალოთ, რომ პაციენტების ინტერესები დავიცვათ.

როდესაც წლების წინ პაციენტების მომსახურებაზე თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან კერძო სადაზღვევო კომპანიების გავლით იხარჯებოდა, ამ სისტემის მომხრეების განცხადებით, ამ კერძო რგოლის არსებობის მთელი იდეა სწორედ  ის იყო, რომ თანხა ეფექტიანად დახარჯულიყო და კლინიკებს სახელმწიფო დაფინანსებით ბოროტად არ ესარგებლათ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სუსტი წერტილი სწორედ ის ხომ არ აღმოჩნდა, რომ კერძო მაკონტროლებელი რგოლი აღარ არსებობს?

იყო ეს დისკუსია და მეც არაერთხელ მითქვამს ჩემი აზრი ამის თაობაზე. შეიძლება, თავის დროზე ეს სისტემა გამართლებული იყო, რაც უტილიზაციის მართვას, მომსახურების მართვას ეხებოდა, რომ ზედმეტი მომსახურება არ ყოფილიყო მიწოდებული და ამას კერძო კომპანიები უკეთესად ახერხებდნენ, ვიდრე დღეს სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის შესაძლებლობები შეზღუდულია. მათ იმდენი ადამიანი არ ჰყავთ, რომ 4 მილიონი შემთხვევა გააკონტროლონ და გადაამოწმონ, რამდენად რაციონალური, დასაბუთებული იყო ის ჩარევები, რაც კონკრეტულ პაციენტს ჩაუტარდა, მაგრამ ამ შესაძლებლობების, ამ ორგანიზაციის გაძლიერება შეიძლება და ამ მიმართულებით მივდივართ, რომ პროცესის უკეთესად მართვა შეძლოს. შერჩევითი კონტრაქტირება მათ შორის ამისთვისაცაა, რომ ამ კონტრაქტების მეშვეობით წინასწარ ცნობილია ის შედეგები, რაც უნდა მივიღოთ და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობა გაცილებით გაადვილებულია სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთვის. ანუ, იმ სისტემას თავისი პლუსი ჰქონდა, მაგრამ იმავდროულად ჰქონდა უფრო მაღალი ადმინისტრაციული დანახარჯი. იდეალური სისტემა არ არსებობს, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ რაც გვაქვს ის მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოვიყენოთ.

ჩვენ ჯერ კიდევ 500 000 დაზღვეული გვყავს და მომავალში შეიძლება მეტიც გაგვიჩნდეს. ჩვენ ვლაპარაკობთ მომავალში სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე, იმათთვის, ვისაც არ ეკუთვნის, ან ნაწილობრივ ეკუთვნის საყოველთაო ჯანდაცვა და ამ  შემთხვევაში კერძო სადაზღვეოების როლი დიდი იქნება. შემოვა ერთიანი დაფინანსების სისტემა, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიამ, კერძო პაციენტმაც და სახელმწიფომაც ერთი და იგივე ტარიფით გადაიხადოს  და არა განსხვავებული ტარიფით. ბევრი სხვა თემაც დაიხვეწება. ეს ბუნებრივი პროცესია. უნივერსალური ჯანდაცვისკენ ასეთი ტიპის რეფორმას სხვა ქვეყნები წლების განმავლობაში ამზადებდნენ, შემდეგ წლების განმავლობაში ტესტავდნენ და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ ნერგავდნენ. ჩვენ კი ყველაფერი ერთ და ორ წელიწადში გავაკეთეთ, იმიტომ რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადამიანების გადარჩენა, რომლებიც გადაუდებელ ოპერაციებში თანხებს ვერ იხდიდნენ.

სხვა ინტერვიუები