რას სთხოვენ იუსტიციის საბჭოს წევრები ნინო გვენეტაძეს
დაპირისპირება სასამართლო ხელისუფლებაში
იუსტიციის საბჭოს დღევანდელი სხდომა დაპირისპირების ფონზე წარიმართა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მასზე ზეწოლა ხდება. საბჭოს წევრები საპირისპიროს ამტკიცებენ, რომ ნინო გვენეტაძე ექცევა მათ, როგორც მეფე ვეზირებს. საბჭოში 15 წევრიდან ერთ-ერთმა, კერძოდ პრეზიდენტის კვოტით წარდგენილმა წევრმა გვენეტაძეს მხარი დაუჭირა, საბჭოს მოსამართლე წევრები საბოტაჟში დაადანაშაულა და თქვა, რომ ისინი გავლენის მოპოვებას ცდილობენ. კამათი იმას მოჰყვა, რომ საბჭოს წევრები ნინო გვენეტაძეს უვადოდ არჩეული 34 მოსამართლის დანიშვნაზე ხელის მოწერას სთხოვდნენ, გვენეტაძე კი ამისთვის დროს და საკითხის სამშაბათს განხილვას ითხოვდა. სხდომა ისე დასრულდა, რომ მხარეები ვერც ერთ საკვანძო საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. რა ხდება იუსტიციის საბჭოში და რატომ ვერ თანხმდებიან საბჭოს წევრები - ამ საკითხებზე „მაესტრო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს ესაუბრა.
ფოტო: უზენაესი სასამართლო
რა ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოში და ბოლო პერიოდში სულ ასეთი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე რატომ მიმდინარეობს საბჭოს სხდომები?
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს ერთ-ერთმა მოსამართლე წევრმა ქალბატონ თავმჯდომარეს შეკითხვით მიმართა. შეკითხვის არსი მდგომარეობდა შემდეგში: როგორც მოგეხსენებათ, 2 კვირაზე ცოტა მეტი ხნის წინ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და 34 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა. ასეთ გადაწყვეტილებას კანონის მოთხოვნის თანახმად ხელს აწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო და ეს გადაწყვეტილებები დღემდე ხელმოწერილი არ არის. ბუნებრივია, რომ მოსამართლეებს ლეგიტიმური შეკითხვები ჰქონდათ და საბჭოს სხდომაზე დაისვა, თუ რატომ არ იყო ხელმოწერილი დოკუმენტი, ზოგადად რა პოზიცია ჰქონდა ამასთან დაკავშირებით თავმჯდომარეს, მოაწერდა თუ არა ხელს და გაგვცემდა თუ არა პასუხს. რაზეც, საბჭოს თავმჯდომარეს რატომღაც ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა.
როგორც ჩვენ გავიგეთ, ის დროს ითხოვდა...
ამბობდა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ გასცემდა კითხვებს პასუხს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ საბჭოს მუშაობის ფორმატს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ საბჭოს სხდომის მიმდინარეობის პროცესში საბჭოს წევრმა დასვას კითხვა და პასუხი მიიღოს. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც შეიძლება დღის წესრიგში იყოს შეტანილი. შეუძლებელია, რომ საბჭოს წევრის შეკითხვა დღის წესრიგში იყოს, ამიტომ ეს ხდება ასე - საკითხს და საკითხს შორის საბჭოს წევრი ითხოვს სიტყვას და სვამს შეკითხვას თუკი აქვს, და ამაზე პასუხი ან საბჭოს წევრმა ან თავმჯდომარემ უნდა გასცეს. საბჭოს სხდომებზე ასე ხდებოდა აქამდეც და აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია. შესაბამისად, შეკითხვა დაისვა აბსოლუტურად სწორად, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. თუ დააკვირდით, მე თავიდანვე გავაკეთე პროგნოზი, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ თავმჯდომარე იტყოდა, რომ სხდომა დასრულებულია და ვერანაირ კომენტარს და პასუხს ჩვენ შეკითხვაზე ვერ მოვისმენდით. ზუსტად ასე მოხდა, როგორც კი დასრულდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მოგვიანებით წერილობით გვაცნობებდა პასუხს იმ შეკითხვაზე, რომელიც ისმის. ესეც არ არის პრობლემა. უბრალოდ, რატომ ხდება, რომ ასეთ ბუნებრივ პროცესში, როგორიცაა შეკითხვის დასმა ძალიან საინტერესო საკითხზე და ამაში თქვენც დამეთანხმებით, საქართველოს ისტორიაში პირველად 34 მოსამართლეა უვადოდ გამწესებული და გვაინტერესებს გადაწყვეტილებას მოაწერს თუ არა ხელს თავმჯდომარე. ამაში ხომ არაფერი განსაკუთრებული არ არის?! შეკითხვაც იმიტომ ისმის, რომ 2 კვირაზე მეტი ხანი გავიდა, ყველანაირ ვადას გასცდა და ამ შეკითხვას თავმჯდომარის მხრიდან მწვავე რეაქციები არ უნდა მოჰყოლოდა.
როგორ ფიქრობთ, რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს ნინო გვენეტაძეს, თუ ჩავთვლით, რომ ის მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს აჭიანურებს?
ვერ გეტვით. მე რომ ამ კითხვაზე პასუხი მქონდეს, ტყუილად არ დავსვამდით ამ შეკითხვას. არც მოსამართლეებს და არც საბჭოს წევრებს არ აქვთ პასუხი იმ შეკითხვაზე, საერთოდ აპირებს თუ არა ხელის მოწერას. იმაზე არ არის საუბარი, რომ მიზეზები გვითხრას, იმასაც ვერ ვიგებთ, ეს გადაწყვეტილებები ოდესმე ხელმოწერილი იქნება თუ არა ქალბატონი თავმჯდომარის მიერ. ამაზეც არ მაქვს პასუხი.
ქალბატონმა ნინომ განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია და რომ შეუძელებელია იმ რეჟიმში მუშაობა, რომელიც დღეს იყო და ეს იყო ხელების გადაგრეხვის მცდელობა. გვენეტაძემ ამ ძალადობაში თქვენც დაგდოთ ბრალი. რას უპასუხებდით მას?
როდესაც ადამიანს ძალადობაში ადანაშაულებ, როგორც მინიმუმ ის უნდა თქვა, რომელი საქციელი ჩაითვალა ძალადობად. შეკითხვის დასმის მცდელობა თუ შეიძლება რომ ძალადობად ჩაითვალოს, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ძალადობა იყო, მაგრამ ეს ამ ფორმატს არ გასცდენია. აბსოლუტურად ჯანსაღი დიალოგი იყო, შეკითხვა იყო დასმული, რომელზეც პასუხის მიღებას ველოდით და ეს ნამდვილად არ არის ძალადობა. ძალადობაა ის, რომ ერთპიროვნულად მიიღო კოლეგიური ორგანოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება, ერთპიროვნულად გადაწყვიტო ისეთი საკითხები, რომელსაც წესით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა უთანხმებდე და სრულ გაურკვევლობაში დატოვო იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლეები მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. აი, ეს ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს რაღაც ძალადობის მცდელობად.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. დღეს ნინო გვენეტაძის ერთადერთი მხარდამჭერი აღმოჩნდა პრეზიდენტის კვოტით წარდგენილი წევრი და მოვისმინეთ შეფასება, რომ მოსამართლე წევრთა მხრიდან მიმდინარეობს ძალთა გადანაწილებისთვის ბრძოლა, რომ ისინი ცდილობენ ძალაუფლება გაიმყარონ და ასე შემდეგ. საბჭოში მიმდინარე პროცესი შეიძლება ძალთა გადანაწილების მცდელობა იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მხოლოდ გვენეტაძე და პრეზიდენტის კვოტით წარდგენილი ერთი წევრი იყვნენ ერთ პოზიციაზე და ყველა სხვა დანარჩენი განსხვავებულ მოსაზრებაზე?
ეს ბუნებრივი პროცესია, კოლეგიური ორგანო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება, ზოგ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ზოგ საკითხთან მიმართებაში - 2/3-ით და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივ საქმიანობის პროცესია და ბუნებრივი ამბავია, როცა საბჭოს რომელიმე წევრი, თუნდაც რამდენიმე წევრი განსხვავებულ პოზიციებზეა. არ ვიცი რას გულისხმობენ ძალაუფლების გამყარებაში, ეს ალბათ ამ განცხადების ავტორებმა უნდა დააკონკრეტონ. აქ არანაირი ძალაუფლების განაწილებაზე საუბარი არ იყო. საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმ შეკითხვებს შეეხებოდა, რომელიც ქალბატონი თავმჯდომარის მიმართ არსებობს და რომელიც სრულიად ლეგიტიმურია - იქნება თუ არა ხელმოწერილი გადაწყვეტილება. ასევე იყო შეკითხვა, თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის მოწვევის თაობაზე ერთპიროვნულად, როდესაც ზუსტად ორი სხდომის წინ დავამტკიცეთ დებულება, რომლის მიხედვითაც ჯგუფის უმრავლესობის გადაწყვეტილებაა საჭირო, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გარეშე პირები მოიწვიო. თუმცა 76 ადამიანი იყო მოწვეული ისე, რომ ჯგუფის წევრებს ამის თაობაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. ეს საკითხი ჯგუფში არც განხილულა და გადაწყვეტილებაც არ ყოფილა მიღებული. ეს იყო ის ელემენტარული საკითხები, რომლებზეც დაისვა შეკითხვები ძალიან მშვიდ, წყნარ ვითარებაში, თუმცა გამწვავება მოჰყვა თავად თავმჯდომარის რეაქციას.
რამდენჯერმე ახსენეთ ის, რომ ნინო გვენეტაძე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს ასეა?
მე მაგალითიც მოვიყვანე. ახლა ზუსტად ამაზე ვლაპარაკობდი. ეს იყო ტიპური მაგალითი, თუ როგორ მიიღო კოლეგიურად მისაღები გადაწყვეტილება ერთპიროვნულად ქალბატონმა ნინომ. ძალადობას რომ ახსენებს, მთელი სხდომის განმავლობაში იმასაც გვეუბნებოდა, რომ თუ ის არ მოესურვებს, საკითხს კენჭისყრაზე არ დააყენებს. ეს უფლებამოსილება მხოლოდ თავმჯდომარეს აქვს და შესაბამისად, საბჭო მოკლებული იქნება შესაძლებლობას, რომ ესა თუ ის საკითხი კენჭისყრით გადაწყვიტოს.
ასეთი მოცემულობა წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ ქალბატონი ნინოსგან კიდევ დიდხანს ვერ მიიღებთ პასუხს, ან მან გადაწყვიტოს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას ხელი არ მოაწეროს, რა ხდება ამის შემდეგ?
სწორედ ამიტომ ვსვამთ ამ შეკითხვას. თუ ქალბატონი ნინო გაგვცემს პასუხს და გვეცოდინება, რომ ის გადაწყვეტილებას ხელს არ აწერს, ამის შემდეგ საბჭომ უნდა იმსჯელოს, როგორ მოიქცეს და ვინ უნდა მოაწეროს ამ გადაწყვეტილებას ხელი, ან რა დოკუმენტი უნდა მიიღოს. თუმცა ამისთვის ჰიპოთეტურად ვერ ვიმსჯელებთ, უნდა გვქონდეს მოცემულობა და ამ მოცემულობის შესახებ ინფორმაციას ნინო გვენეტაძე თუ მოგვაწვდის, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ უნდა მოიქცეს საბჭო. კანონში არის ასეთი ჩანაწერი, რომ თავმჯდომარის არ ჰყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მდივანი და რაღაც დოკუმენტებზეც აწერს ხელს. თუმცა ცალსახად ასე განმარტება არ შეიძლება, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს საბჭოზე მას შემდეგ, რაც გავიგებთ პასუხს. არყოფნა შეფასებითი მცნებაა, ქალბატონი ნინო იყო კენჭისყრაზე, მიჰყავდა სხდომა, კენჭისყრა ფაქტობრივად მან ჩაატარა, უბრალოდ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ეს უკვე თვითონ უნდა განმარტოს და ამიტომ ვსვამდით შეკითხვას.
პირადად თქვენ რამდენად ინტენსიური სამუშაო კომუნიკაცია გაქვთ ნინო გვენეტაძესთან და რამდენად შესაძლებელია მასთან თუნდაც პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობა და თქვენი მოსაზრებების გაზიარება საიმისოდ, რომ სხდომაზე ასეთი მწვავე დაპირისპირება არ იყოს?
კომუნიკაცია გვაქვს იმ დოზით, რა დოზითაც გვესაჭიროება. ყოველ ორშაბათს იმართება საბჭოს სხდომა და როგორც მინიმუმ, ყოველ ორშაბათს ვხვდებით და გვაქვს კომუნიკაცია. თუმცა ამის გარდა არის ძალიან ბევრი სამუშაო ჯგუფი, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ფორმატში შექმნილი და ბევრად უფრო ხშირად გვიწევს საქმიან შეხვედრებზე ერთად ყოფნა და ამა თუ იმ პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობა. ასე, რომ კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ არსებობს, თუმცა რა შედეგები მოაქვს ამ კომუნიკაციის, არ ვიცი. ამას ალბათ თქვენ თვითონაც ხედავთ.
დავასკვნათ, რომ უშედეგო და არაეფექტიანია?
არ ვიცი, თქვენ შეაფასეთ. დღეს ელემენტარული შეკითხვები იყო დასმული, რაზეც პასუხს ვერ ვიღებთ და ვერც მიზეზს ვერ ვიგებთ, რატომ ვერ ვიღებთ პასუხს.


