განათლების და მეცნიერების ახალი მინისტრის გამოწვევები
რა პრობლემების გადაჭრა მოუწევს პირველ რიგში მიხეილ ჩხენკელს
პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა თსუ-ს პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა ჩაანაცვლა. ახალმა მინისტრმა თქვა, რომ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას მოკლე ვადაში წარმოადგენს. მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ არის მთელი რიგი გამოწვევები, რომლებიც ეხება განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარებას და სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს ამ პრობლემების გადასაწყვეტად. რა არის ახალი მინისტრის მთავარ გამოწვევა? თემაზე „მაესტროს“ შეკითხვებს განათლების საკითხების ექსპერტი, სკოლა „ჰამილტონის“ დირექტორი გია მურღულია პასუხობს.
ამ ეტაპზე რა არის ახალი მინისტრის ყველაზე მთავარი გამოწვევა და თქვენი აზრით, რა საკითხებზე უნდა დაიწყოს მან პირველ რიგში მუშაობა?
ასეთი გამოწვევა ძალიან ბევრია. ძალიან საინტერესო სამუშაო იქნება ეს, მაგრამ იქნება ურთულესი გადასაწყვეტი, იმიტომ რომ, ეს სფერო უზარმაზარია. ამ სფეროში ჩართულია სხვადასხვა ინტერესის მქონე, სხვადასხვა ამოცანის, სხვადასხვა მიზანდასახულობის მქონე ძალიან ბევრი ადამიანი. ეს სფერო ძალიან დიდ რესურსებს ითხოვს და ბუნებრივია, უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნებაც, რომ მინისტრმა შეასრულოს ის გამოწვევა, რაც მის წინაშე არსებობს. უამრავი პრობლემაა და პირველ რიგში რაც შეიძლება ადამიანს გაახსენდეს და მნიშვნელობა შესძინოს, ამას თეზისებად ძალიან მოკლედ ჩამოგითვლით. პირველ რიგში მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ მხოლოდ კარგი დოკუმენტების მიღება არ არის რეფორმა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ ვინ ახორციელებს გადაწყვეტილებებს, თუნდაც კარგ გადაწყვეტილებებს, რა ვადები ეძლევათ მათ შესასრულებლად და რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ მათ. ამ სფეროში ათეულ ათასობით მასწავლებელია ჩართული და მათმა თუნდაც მცირე რაოდენობამაც თუ კარგად ვერ გაიგო, ვერ აღიქვა, ვერ გაითავისა და არ გაიზიარა ის გადაწყვეტილებები, რაც მისაღებია და რაც უკვე მიღებულია ჩვენს სფეროში, ბუნებრივია, რომ დანერგვის საკითხი იქნება არასაკმარისად კარგი და ეს აისახება ხოლმე საზოგადოების განწყობებზეც. ამიტომ, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ახლა მაფიქრდება არის ის, რომ დანერგვის კულტურა მკვეთრად უნდა ამაღლდეს...
გამოწვევებში იგულისხმეთ თუ არა მაგალითად, მასწავლებლების შეცვლა სხვადასხვა საჯარო სკოლაში?
მასწავლებელთა ცვლილებაზეც ვაპირებდი თქმას. მასწავლებელთა კომპეტენცია, ისევე როგორც სკოლის ადმინისტრატორთა კომპეტენცია, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ დამაფიქრებელია. ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ ძალიან ბევრი კომპეტენტური და კეთილსინდისიერი ადამიანის გაწეულ შრომას, გარჯას, მაგრამ როგორც ჩანს ისინი საკმარისად ბევრნი არ არიან საიმისოდ, რომ მთლიანად ჩვენს სისტემაში კარდინალური ცვლილება გვენახა ამ წლების განმავლობაში. ამ პრობლემას თვალი უნდა გავუსწოროთ და უნდა ვთქვათ, რომ ძალიან სერიოზული, მე ვიტყოდი რევოლუციური მიდგომებია საჭირო საიმისოდ, რომ საქართველოში პედაგოგთა პროფესიული განვითარება ახალ საფეხურზე ავიდეს. უამისოდ რეფორმის წარმატებაზე საუბარი ძალიან ძნელი იქნება. დავუბრუნდები წინა მომენტს, ეგრეთ წოდებულ ზგემ-ს, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებს, რაც არის სკოლების მიმართ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების უმთავრესი დაკვეთა. საკმარისი არ არის ამ ტიპის დოკუმენტი მხოლოდ კარგად შეადგინო. აუცილებელია ამის წესიერად განმახორციელებლებიც მოიძიო და აუცილებელია, სერიოზული მონიტორინგის ჩატარებაც. მარტო ის ხომ არ არის საქმე, ჩვენ დოკუმენტები მივიღოთ? მთავარი ისაა, შემდეგ მოვიკითხოთ სრულდება თუ არა და რამდენად კარგად და ხარისხიანად სრულდება ესა თუ ის გადაწყვეტილება. საკმარისი არ არის უბრალოდ ჩავწეროთ, რომ ჩვენმა სკოლებმა უნდა აღზარდონ თავისუფალი, ტოლერანტი, დემოკრატიული განწყობის, სამოქალაქო ცნობიერების მქონე ადამიანები, თანამედროვე ტექნოლოგიების აღმქმელი და გამომყენებელი ადამიანები. ეს ჩანაწერი თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ რეალურად არ განხორციელდა ის სკოლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
ერთსაც გეტყვით, ის რაც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში წერია, პრაქტიკულად არც მოწმდება და არც ფასდება. ჩვენთან ძირითადად აფასებენ აკადემიურ მოსწრებას, როგორია ჩვენი ბავშვების კომპეტენციის დონე სხვადასხვა საგნებში, მაგრამ რამდენად არიან ისინი იმ უნარების მიმღებნი და განმავითარებლები, რაც ჩაწერილია დოკუმენტში, ან რამდენად არიან იმ ღირებულებების მქონენი, რაც ასევე ჩაწერილია ამ დოკუმენტში, უტრირებულად რომ ვთქვა, ეს მაინცდამაინც არსად ფასდება. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა აგრეთვე ის, რომ ჩვენთან დასახვეწია ძირითადი საგანმანათლებლო პარადიგმები და დასაძლევია სტერეოტიპები, რომლებიც ყოველთვის იკიდებენ ფეხს რუტინულ გარემოში. თუკი სწავლების თვალსაზრისით განვითარების ტემპები არ იქნა საკმარისი, ჩვენ ძალიან სერიოზულ პრობლემებს წავაწყდებით. იმიტომ რომ იმ წუთას იწყება ეგრეთ წოდებული დაშტამპული აზროვნების ტირაჟირება და მე მინდა პირდაპირ ვთქვა, ახალი მინისტრისაგან ჩვენ ყველანი ალბათ მოველით იმას, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება. ახალი აზრები, ინოვაციური შეხედულებები ჩვენ გვჭირდება პედაგოგიკაშიც, აღზრდის თეორეტიკაშიც და ასე შემდეგ.
ბოლოს სკოლებს ავტონომიასაც მინდა სულ ორი სიტყვით შევეხო. ჩვენთან დეკლარირებულია და კაცმა რომ თქვას, მაინცდამაინც დიდ წნეხს სკოლები არ განიცდიან, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა - როდესაც სკოლების თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, როდესაც სკოლებს მოვუწოდებთ, რომ მათ ინოვაციურად უნდა იმუშაონ, წარმოადგინონ საკუთარი ორიგინალური სახე, სხვებისგან განსხვავებული სახე, მათ ამის რეალური შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ. ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმა ისეთი მოცულობისაა და იმდენ ამოცანას უყენებს ჩვენს სკოლებს, რომ ძალიან ძნელია ამის მიღმა კიდევ ახალ რაღაცეებზე იფიქროს სკოლის ადმინისტრაციამ და სკოლის პედაგოგიურმა გუნდმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ჩემი ფიქრით და იმედი მაქვს, რომ ამას ჩვენ ყველანი კარად შევხედავთ. აქ ჩვენ თავისთავად ცხადია, ვლაპარაკობთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, დაფინანსების სისტემის შეცვლაზეც. მეჩვენება, რომ წლების განმავლობაში დიდი ხანია ფინანსდება სკოლის კვლავწარმოება, ხოლო ინოვაციური აზრი, სკოლის განვითარება ნაკლებად ფინანსდება. ბევრი სხვა პრობლემაც ახლავს ამას ყველაფერს. მე მინდა ახალ მინისტრს წარმატება ვუსურვო. მიმაჩნია, რომ მისი გამოცდილება ჩვენ სფეროში პატივისცემასა და ნდობას იმსახურებს და კეთილი მოლოდინები გვაქვს.
თქვენი აზრით, ალექსანდრე ჯეჯელავამ ინოვაციური პროგრამების დანერგვა დაიწყო?
ვფიქრობ, რომ ალექსანდრე ჯეჯელავამ რადენიმე საინტერესო ნაბიჯი გადადგა და მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით წყვეტა არ უნდა იყოს. მაგალითად, ჩვენ ვლაპარაკობთ ახალ სტრატეგიულ გეგმაზე, რომლის პრეზენტაციაც სულ ახლახან გაიმართა. ამ დოკუმენტის შესწავლა და საზოგადოებრივი შეფასება კვლავ გრძელდება. იმედი მაქვს, რომ ის სათანადოდ დაიხვეწება და სერიოზულ ინსტრუმენტად იქცევა ახალი და პროგრესული ნაბიჯების გადასადგმელად ჩვენს სისტემაში. ასევე მიმაჩნია, რომ ჯეჯელავამ კარგი ნაბიჯები გადადგა სისტემის დეცენტრალიზების თვალსაზრისით. იგივე პროფესიული განვითარების გზაზე ცენტრალიზებული მიდგომები შეიცვალა ახალი პროვაიდერების გამოჩენის შესაძლებლობით. ეს ნამდვილად კარგი ნაბიჯი იყო და ეს ასევე უნდა გაგრძელდეს.
ეროვნულ სასწავლო გეგმებს მინდა დავუბრუნდეთ. მათი შესრულების ხარისხი როგორ უნდა შემოწმდეს?
ჩვენ აქ ორი დოკუმენტი უნდა გამოვყოთ. ერთი არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად არის შექმნილი სწორედ ეროვნული სასწავლო გეგმა. თავისთავად, ეროვნული სასწავლო გეგმა ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ არ მიაღწევს იმ მიზნებს, რაც დასახულია იმ დოკუმენტში, რომელიც უკვე გიხსენეთ. ვფიქრობ, რომ უფრო უკეთესად უნდა შევაფასოთ ჩვენ ყველამ ერთად - სახელმწიფომაც, საზოგადოებამაც, აღწევენ თუ არა დღეს ქართული სკოლები, რაც ამ დოკუმენტში დეკლარირებულად გამოვაცხადეთ?! როგორც ორჯერ ორი არის ოთხი, ასეთი განზრახვა და სურვილია ეს. თვითმიზანი არ არის რაღაც სიტყვების, ფრაზების ჩაწერა რომელიმე დოკუმენტში. ბუნებრივია, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიკითხოთ, ჩვენი შვილები არიან კი ამ დოკუმენტის შესაბამისად მომზადებულები, საკმარისად კონკურენტუნარიანები 21-ე საუკუნის გამოწვევებს რომ ვუპასუხოთ ყველამ და განსაკუთრებით ახალმა თაობამ?! ბუნებრივია, ეს ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობის დროს მიიღეს გადაწყვეტილება მე-6 კლასამდე ყველა სახელმძღვანელოს შეცვლის თაობაზე. ამ გადაწყვეტილებას როგორ აფასებთ და თვლით თუ არა, რომ ამ ინიციატივაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს?
ამ ინიციატივაზე მუშაობის გაგრძელება გარდაუვალია. დაწყებით სკოლაში, მე-6 კლასამდე ეროვნული სასწავლო გეგმა უკვე კორექტირებულია და ახალი გეგმა სასკოლო პრაქტიკაში უკვე შემოვიდა. ახლა ბუნებრივია, მასზე დაყრდნობით შესაბამისი კონკურსების შემდეგ, ახალი სახელმძღვანელოები უნდა შეიქმნას. სახელმძღვანელოების საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია. მასწავლებლებთან ერთად სწორედ სახელმძღვანელო ქმნის შესაბამის გარემოს და პირობას, რომ ჩვენი მოსწავლეები სათანადოდ განვითარდნენ. ვფქრობ, რომ ბოლო წლებში ბევრი ნორმალური, რიგიანი სახელმძღვანელო შეიქმნა. თუ ასე სრულად არ ვიტყვით, მათში ბევრი პარაგრაფი, ბევრი თავი ძალიან საინტერესო იყო, თუმცა სახელმძღვანელოების პრობლემა კვლავ უმწვავესად რჩება. ჩვენში რატომღაც ყველას ეადვილება ამ სახელმძღვანელოების შექმნა. მე მინახავს 5 სქელი ტომი, რომლის საერთო სათაურია, როგორ დავწეროთ სახელმძღვანელო. ამას ადამიანის შესაბამის მომზადება სჭირდება და არა მარტო წმინდა პროფესიული თვალსაზრისით. მაგალითად ქართულის სახელმძღვანელო რომ დაწერო, საკმარისი არ არის კარგი ფილოლოგი იყო, აუცილებელია ბავშვთა ასაკობრივი ფსიქოლოგიის ცოდნა და ბევრი კიდევ სხვა რამ, რაც კარგი სახელმძღვანელოს შექმნის წინაპირობაა. რაც შეეხება ზედა საფეხურს, აქაც განზრახული იყო მუშაობა და რამდენადაც ვიცი, განათლების სამინისტრო მუშაობს ზედა საფეხურზე, მაგრამ ეს მუშაობა ცოტა გაჭიანურდა. იმედი მაქვს, ეს დაჩქარდება და მალევე იქაც გვექნება ახალი დროის გამოწვევების შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმა.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასევე საუბარია იმაზე, რომ მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლა. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმაც ამ უნარების განვითარებაზე ორიენტირებული ახალი საგამოცდო ტესტები მოაზადა. სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან არის მუშაობა, რომ ამ მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლა მოხდეს?
მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლა ასევე გულისხმობს ყველა წინარე პირობის შესრულებას, რაც ამ საქმეს უძღვის წინ. თქვენ რომ მაღალი სააზროვნო უნარების მქონე მოწაფეები გყავდეთ, სკოლას შესაბამისი დაფინანსება უნდა ჰქონდეს. ამას წინათ ითქვა, რომ ერთ მოსწავლეზე არ უნდა იხარჯებოდეს ხარისხობრივად ნაკლები თანხა, ვიდრე სხვა ქვეყნებში იხარჯება. მეორეც, შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა გვქონდეს და მესამე და მთავარი - უნდა გვქონდეს კარგი სახელმძღვანელოები და მასობრივად უნდა გვყავდეს კარგი მასწავლებლები. ჯერ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ასეთი მაღალი სააზროვნო კომპეტენციები, რომ მან შეძლოს ეს მოსწავლეს ასწავლოს. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადავდგათ და მარტო კი არ უნდა დაანონსდეს ასეთი ნაბიჯების გადადგმა, არამედ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ყველანაირად, მათ შორის მასმედიის საშუალებითაც, თვალი მიადევნოს იმას, თუ რამდენად სწრაფად მოძრაობს ქართული განათლების სისტემა ამ მიმართულებით.
ახალი მინისტრის პირველი განცხადება მეცნიერების ხელშეწყობას უკავშირდება. თქვენი შეფასებით, იყო თუ არა ეს აქამდე პრიორიტეტული და ახლა რის საფუძველზე შეიძლება ეს სფერო უფრო მეტად პრიორიტეტული გახდეს, მით უმეტეს, როდესაც ბოლო ათწლეულია ამ სფეროში თითქმის არაფერი ხდება?
ვერ ვიტყოდი, რომ არაფერი არაფერი ხდება. ჩვენ მოწმენი ვართ სხვადასხვა სფეროში ქართველ მეცნიერთა წარმატების და ეს სერიოზული წარმატებებია. თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ბრძანდებით, ამ სფეროს მეტი ყურადღება და გაცილებით მეტი ინვესტირება სჭირდება, იმიტომ რომ, განვითარების საფუძველი არის მეცნიერება. როდესაც განათლების რეფორმირების საკითხის შესახებ მოგახსენეთ, თუ ამას ჩვენში წინ არ უძღვის პედაგოგური მეცნიერების ძალიან მაღალ დონეზე ასვლა, ისე სათუო და რთული იქნება წარმატების მიღწევა. ასე, რომ მეცნიერების განვითარებაზე ჩვენმა ქვეყანამ სახსრები და გარჯა არ უნდა დაიშუროს.


