15 ნოემბერი 2017

არის თუ არა საგანგაშო უახლესი დემოგრაფიული მონაცემები

ინტერვიუ საქსტატის ხელმძღვანელის მოადგილესთან

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის პირველ ექვს თვეში გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა. ასევე, 2014 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში მოსახლეობის რაოდენობამ იკლო და 3,7 მილიონი შეადგინა. ამის მიზეზი კი ძირითადად მიგრაციის მასშტაბი და ერის ნაადრევი დაბერება სახელდება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ განაცხადა, რომ დიდი მიგრაციის პროცესი საქართველოში 1990-იანი და 2000-იანი წლების პირველ ნახევარში ფიქსირდება და ამ ჩავარდნის გამო ჩვენი შობადობის დონე უახლოეს წლებში შემცირდება. თემაზე „მაესტრო“ თენგიზ ცეკვავას ესაუბრა.


როგორ დათვალეთ შობადობის შემცირება და როგორ დაადგინეთ სიკვდილიანობის რაოდენობის მეტობა შობადობაზე?

საქსტატმა 2017 წლის 6 თვის მონაცემები გამოაქვეყნა და აღნიშნული მონაცემები სრულად ეყრდნობა ჩვენი სამოქალქო რეგისტრაციის მონაცემებს. პრინციპში, მოსალოდნელი იყო და დემოგრაფებმა იცოდნენ, რომ უარყოფითი დემოგრაფიული ტალღა იქნებოდა, რაც 1990-იან წლებში დაბადებულთა კლებითაა განპირობებული. სწორედ ეს ადამიანები შემოდიან დღეს ფერტილურ ასაკში. მათი შვილები უნდა ჩნდებოდნენ დღეს. სწორედ ამ ადამიანების რეპროდუქციული ასაკის კატეგორიაში წარმოჩენა ხდება და როდესაც მათი რაოდენობა 2-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე 1980-იან წლებში დაბადებული ადამიანებისა, პრინციპში, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ უახლოეს წლებში დაბადებულთა რიცხოვნობა კლებისკენ წავა და ეს ტენდენცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება.

ამბობთ, რომ კლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძლედება. რა პერიოდზეა საუბარი, რამდენ წელზე?

ეს სწორედ ის წლებია, რომლებიც 1990-იანი წლების ჩავარდნას შეესაბამება. მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ 2000-იან წლების შუა პერიოდიდან საქართველოში მოსახლეობის ზრდა გვქონდა და ის უკავშირდება უკვე 1980-იანი წლების წინა თაობის გაზრდას. ანუ, ეს ტალღისებრი დემოგრაფიული მონაცემები, რომლის მომსწრენიც დღეს ჩვენ ვართ, სწორედ ასე ჩანაცვლდება. თუმცა ახლა საქართველო შედის სწორედ 1990-იანი წლების კოჰორტის დემოგრაფიულ უარყოფით ფაზაში.

მარტივად რომ ვთქვათ, ქართველები, ოღონდ არა საქართველოს მოქალაქეები, ქვეყნის საზღვრებს გარეთ იბადებიან? ალბათ, ამ შემთხვევაში ემიგრანტებს გულისხმობთ.

შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ამავე დროს შესაძლოა რეგისტრირდებოდეს საქართველოში, რა თქმა უნდა, ემიგრანტებსაც მოიცავს, თუმცა დღეს ჩვენ საქართველოში დარეგისტრირებულ ადამიანებზე ვსაუბრობთ...

ამ ადამიანების აღრიცხვა ვერ ხდება?

აღრიცხვა ხდება. აქ აღრიცხვის მომენტი არ დგას. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ აღრიცხული ადამიანების რაოდენობაც იკლებს. თუ წინა წელს ჩვენი ახალშობილების რაოდენობა დაახლოებით 56 000 იყო, 2015 წლის წლიური მონაცემით - 59 000-60 000-ის ფარგლებში მერყეობდა. უკვე 2017 წლის პირველ 6 თვეში კი ახალშობილების რაოდენობამ 25 500 შეადგინა. თუ მარტივად ამას 2-ზე გავამრავლებთ, ეს 53 000 ახალშობილს მოგვცემს. შესაბამისად, ეს რეგისტრირებული შობადობის მაჩვენებელი ნელ-ნელა კლებულობს და გვიჩვენებს სწორედ იმ ტენდენციას, რომელზეც ვლაპარაკობდი.

რამდენადაც ცნობილია, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა. მოსახლეობის შემცირებაში რა როლს თამაშობს ეს მომენტი?

მოსახლეობს რაოდენობა შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან: შობადობა, სიკვდილიანობა და მიგრაცია. შესაბამისად, შობადობა და სიკვდილიანობა ბუნებრივი მოძრაობის ორი მთავარი კომპონენტია და ქვეყანაში საშუალო ასაკის ზრდა, დაბერების პროცესი, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვართ, ბუნებრივია, გამოიწვევს სიკვდილიანობის გარკვეულ გაზრდას უახლოეს პერიოდში. ეს 1950-1960-იანი წლების წინა პერიოდში შედარებით მაღალი შობადობითაა განპირობებული და რასაკვირველია, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, თავის მხრივ, გარკვეულწილად მაღალი იქნება. თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვახსენოთ, რომ ეს ტალღისებური დემოგრაფიული პროცესები, რა თქმა უნდა, მუდმივ ტენდენცია არ არის. ტენდენცია, რომელსაც ახლა ვხედავთ, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ცოტა რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ დავუშვათ, რომ ეს 10 წლის განმავალობაში გაგრძელდება, შემდგომ კი აღნიშნული ტენდენცია შეიცვლება და დადებითისკენ შემობრუნდება.

მხოლოდ ამ ტალღისებურ ტენდენციაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ შობადობა გაიზარდოს და ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემა არ შეიქმნას?

გეთანხმებით. შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროცესების მართვა ძალიან რთულია. ჩვენ შარშან ბულგარეთში გაეროს მოსახლეობის ფონდის დახმარებით დეტალურად გავეცანით იმ ღონისძიებებს, რომლებსაც ბულგარეთის რესპუბლიკაში სწორედ შობადობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ატარებენ. შეიძლება ითქვას, რომ იქ იდეალური პირობებია და სისტემა იდეალურადაა მოწყობილი, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი უკუგება და ბულგარეთში ყოველ წელს 40 000-ით ნაკლები ადამიანი იბადება, ვიდრე კვდება. შესაბამისად, ეს ძალიან რთულია. ბუნებრივია, მოსახლეობის მხრიდან რეაქციაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია, მაგრამ ამას დავამატებდი იმ მესამე კომპონენტს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საქართველოს მოსახლეობა. ეს არის მიგრაციული პროცესი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სიკვდილიანობასა და შობადობაზე, არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ მოსახლეობა შედარებით ეფექტიან წლებში, როდესაც ადამიანი შრომისუნარიანია და მუშაობს, ამ წლებში გადის ქვეყნიდან. ხოლო მეორე მხრივ, დაბრუნებულ მიგრანტებში შეიძლება სჭარბობდეს მაღალი ასაკის, საპენსიო ასაკის ადამიანები. შესაბამისად, ეს პროცესებიც მნიშვნელოვნად განაპირობებენ ქვეყანაში შობადობასაც და გარდაცვალებასაც. მიგრაციული პროცესების მართვა ძალიან რთულია, თუმცა ბუნებრივია, ეს ქვეყნის საერთო დონეზე იქნება დამოკიდებული. დადებითი ფაქტორი არის ის, რომ 2000-იანი წლების დასაწყისთან შედარებით საქართველოში უარყოფითი მიგრაციული ნაკადი უფრო დაბალია.

რამდენი პროცენტით დაბალია მიგრაცია?

თუ ვილაპარაკებთ წმინდა მიგრაციაზე, ბოლო წლებში ჩვენი გათვლებით, რაშიც საზღვრის კვეთის მონაცემებს ვეყრდნობით და ჩვენ ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით ვთვლით მიგრაციულ ნაკადებს, ყოველწლიურად 6000-7000-ის ფარგლებშია წმინდა მიგრაცია უარყოფითი სახით. ანუ, ემიგრანტების რაოდენობას სჭარბობს იმიგრანტების რაოდენობა. მეორე მხრივ, ჩვენ ახლა გაეროს მოსახლეობის ექსპერტებთან ერთად ჩავატარეთ მონაცემების უკან გადათვლა და რამდენიმე ათეული ათასის ფარგლებშია მოსალოდნელი. ზუსტად თქმა რთულია, რადგან ადრე არ გვქონდა იმდენად კარგი ადმინისტრაციული მონაცემები, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ ის რამდენჯერმე უფრო მაღალი იყო. ერთის მხრივ, ეს მიგრაციული ნაკადები შემცირებულია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს მიგრაციული ნაკადები კვლავ უარყოფითი რჩება, შესაბამისად ამასაც ექნება თავისი გარკვეული გავლენა.

გასათვალისწინებელია ის, რომ დაბერებისა და მიგრაციული პროცესების წინააღმდეგ მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი, თუნდაც ეკონომიკური აქტივობა, სამუშაო ადგილების შექმნა. რა როლს ითამაშებს ამ მიმართულებით სახელმწიფოს გააქტიურება?

იმედი ვიქონიოთ, რომ სახელმწიფო ღონისძიებები სწორად და კარგად იქნება გაგებული საზოგადოებაშიც და ამას ეფექტი ექნება. თუმცა შედეგზე ლაპარაკი რთულია. ისევ და ისევ, შეიძლება დღეს საქართველოს არ ჰქონდეს იმის ფინანსური საშუალება, მოქალაქეებს ისეთივე ბენეფიტები მიაწოდოს, როგორიც ვთქვათ ბულგარეთშია, სადაც მიუხედავად ძალიან მრავალფეროვანი და სარგებლიანი პაკეტებისა, როგორც მოგახსენეთ პრინციპში ძალიან დაბალია შობადობის თანაფარდობა გარდაცვალებასთან. 70 000 და 110 000 - ამ თანაფარდობის ფარგლებში მერყეობს ყოველწლიური ბუნებრივი სალდო.

თუ გაანალიზდა ეს სიტუაცია? მიუხედავად იმისა, რომ გარემო ხელშემწყობი პირობები არსებობს და ციფრობრივი მონაცემებით მაინც გარდაცვალება შობადობაზე მაღალია, ამის მიზეზი რა არის?

ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე სტერეოტიპია დამკვიდრებული და ერთ-ერთი არის ის, რომ საქართველოში დაბალი შობადობაა. როდესაც შობადობის კუთხით ანალიზი გაკეთდა, ჩვენ დავინახეთ, რომ სინამდვილეში საქართველო შობადობით ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დონეზეა. ჩვენ პრაქტიკულად მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამოვრჩებით, დაახლოებით ირლანდიის დონეზე ვართ და შობადობის კოეფიციენტი 2-ის ფარგლებშია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ევროპაში ის 1,4-ის ფარგლებშია, ზოგ ქვეყანაში - 1,3-იც. შობადობის კოეფიციენტი გულისხმობს რეპროდუქციული ასაკის ქალი საშუალოდ რამდენ ბავშვს აჩენს. ორის ფარგლებში მაჩვენებელი ევროპის პირობებში ძალიან კარგი მაჩვენებელია, მაგრამ მეორე მხრივ, მიგრაციულმა ნაკადებმა 1990-იან წლებში გამოიწვია ის, რომ 1980-იან წლებში დაბადებული ქალების რაოდენობა, რაც 450 000-ას აღწევდა 1990-იან წლებში 250 000-მდე შემცირდა. ქალაქების განახლებული რაოდენობა და შემდგომი მიგრაციული პროცესები, ბუნებრივია, თავის როლს ითამაშებდა და ამის შედეგებს ვხედავთ დღეს.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები