რას ნიშნავს თბილისისთვის ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის შეძენა
ინტერვიუ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარესთან
საქართველო ამერიკისგან მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ეფექტიან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას Javelin-ს ყიდულობს, რომელიც საქართველოში პირველად აგვისტოში, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების პროცესში გამოცადეს. საუბარია 75 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობაზე. Javelin-ს სპეციალისტები რევოლუციურ კომპლექსს უწოდებენ, რომელზეც მთავრობა ამბობს, რომ მხოლოდ თავდაცვისთვის გამოიყენებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა, ახლა საბოლოო სიტყვა კონგრესმა უნდა თქვას. ქართული მხარე დადებით პასუხს ელის. ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. რა ნიშნავს „ჯაველინი“ საქართველოსთვის - ამ თემაზე „მაესტროს“ კითხვებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა უპასუხა.
საბოლოო გადაწყვეტილება კონგრესმა უნდა მიიღოს, თუმცა შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია. რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ამერიკა ამ ფორმის მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს?
ამერიკის შეერთებული შტატები მეგა სახელმწიფოა და ის ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი ლიდერია. როცა ასეთი სახელმწიფო გენდობა, როცა ის მოკავშირეს გიწოდებს, ეს უკვე ძალიან სერიოზული პრივილეგიაა ზოგადად მსოფლიოში. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება თავდაცვას, უსაფრთხოებას, რაც შეერთებული შტატებისთვის პრიორიტეტია. ამიტომ ჩვენ შორის ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ემყარება მნიშვნელოვან საერთო პოლიტიკურ ინტერესებს, ამასთანავე საქართველოს, როგორც მიმზიდველი, ცივილიზებული საერთაშორისო სუბიექტის სტატუსს ზრდის. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ მართლაც საქმე ეხება ულტრათანამედროვე, ყველაზე ეფექტიან ტანკსაწინააღმდეგო საშუალებას, რომელსაც ჩვენ შეერთებული შტატები გვაძლევს და ეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს ჯარს ეს სჭირდება. ეს ასევე პრევენციული თვალსაზრისითაც ძალიან ძლიერი ტექნიკური საშუალებაა, რომელიც მოწინააღმდეგეს სულ ცოტა იმის განცდას გაუჩენს, რომ ძალიან სერიოზულ დანაკარგს მიიღებს, თუკი ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმას განიზრახავს. ჩვენთვის შემაკავებელი ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე ამას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკური უფრო მეტად იმ ნაწილში, რომ ჩვენთვის შეერთებული შტატები არის არა უბრალოდ სტრატეგიული პარტნიორი, არამედ მოკავშირეა. ეს სიტყვები ეკუთვნის მაიკ პენსს, რომელიც გახლავთ ვიცეპრეზიდენტი და რომელიც ევროპული ტურნეს ფარგლებში სამ ქვეყანაში იყო, მათ შორის საქართველოში. მან რადენჯერმე ხაზი გაუსვა ტერმინს „მოკავშირე“ და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მერწმუნეთ, ამას მარტო სამხედრო მნიშვნელობა და დატვირთვა არ აქვს. მე ვიტყოდი, რომ მას პოლიტიკური და ეკონიმიკური მნიშვნელობაც აქვს. თავისთავად ცხადია, საქართველო, თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, თავისი პოტენციალით მრავალი ინვესტორისთვის ძალიან მიმზიდველია. შეიძლება ინვესტორი განსაკუთრებულად სამხედრო საკითხებში არ ერკვეოდეს, მაგრამ მისთვის ის, რომ თავდაცვის სფეროში შეერთებული შტატები თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გაყიდვასთან მიმართულებით თანამშრომლობს, რაც მსოფლიოში ძალზედ რთული რამ არის, ეს უკვე ამ ქვეყნის მიმართ ნდობას ნიშნავს. ნდობას მოაქვს მეტი მშვიდობა, მეტი უსაფრთხოება, მეტი სტაბილურობა და მეტი მიმზიდველობა. ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ის რომ ჩვენ თავდაცვის უნარიანობას ვაძლიერებთ. რა თქმა უნდა, ეს მთავარია, რითაც აღიარებულია რეფორმები ჩვენს ქვეყანაში. როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს მინისტრების ქება არ მჩვევია, მაგრამ ბატონ ლევანს მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო, რომ შეერთებულ შტატებში ბოლოს ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდა და გამიხარდა, რომ ამ ვიზიტის შემდგომ ჩვენ ასეთი თამამი და მხარდამჭერი შედეგი მივიღეთ.
ეს საკითხი ამ ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა, რადგან ითქვა, რომ წლების განმავლობაში მზადდებოდა?
რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში მზადდებოდა. არ მინდა მიკერძოებულად გამომივიდეს, ყველა მინისტრს თავისი წვლილი აქვს. ყველა მინისტრს ჰქონდა სურვილი და ეს სახელმწიფო ინტერესებს ეფუძნებოდა. ყველა მინისტრს სურდა შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ამაში მე ეჭვი არ მეპარება და ეს საერთო საქმეა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ მუშაობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა იყო ჩართული. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთი უწყების საქმე, ეს საერთო ინტერესია. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, შეზღუდული რესურსით, ამიტომ რაც უფრო კოორდინირებულად, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად გამოვიყენებთ ჩვენს რესურსს შესაძლებლობების ასამაღლებლად, მით უფრო ეფექტიანი იქნება ჩვენი პერსპექტივები.
ამბობთ, რომ ეს არის არა მხოლოდ პოზიტიური სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის შეერთებული შტატების მოკავშირე სახელმწიფო, ასევე მინიშნებაა, რომ ეს არის სახელმწიფო, რომელზეც თავდასხმაც მტერს სერიოზულ დანაკარგს მოუტანს. როდესაც პრევენციაზე ლაპარაკობთ, რუსეთს გულისხმობთ?
რუსეთს გონივრულ დონეზე კარგად ესმის, რომ ეს მართლაც თავდაცვითი იარაღია და ეს არ არის ვინმეს წინააღმდეგ, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის. ჩვენ არა მარტო უფლება, არამედ ვალდებულებაც გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ...
და არის გაფრთხილება და მათ შორის, რუსეთისთვის, რომ სახელმწიფოს თავდაცვის რესურსი აქვს?
თავისთავად ცხადია, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება... მე ხშირად უფლებას და ვალდებულებას ვაიგივებ ხოლმე და ვამბობ, რომ უფლება და ვალდებულება აქვს საკუთარი ქვეყანა დაიცვას, იმიტომ რომ, ქვეყნის დაცვასთან ერთად ჩვენ 21-ე საუკუნეში მშვიდობას და უსაფრთხოებას ვიცავთ ქვეყანაში და ამასთანავე რეგიონში. გონიერ კრემლს უნდა აწყობდეს ძლიერი, თავდაცვისუნარიანი, სტაბილური საქართველო, იმიტომ რომ, ის არის მისი მოსაზღვრე ქვეყანა, მეზობელი და ის რაც უფრო უსაფრთხო და სტაბილური იქნება, მით უფრო ნაკლები საფრთხე იქნება მისთვის სამეზობლოდ. თუმცა სამწუხაროდ, დღეს კრემლი საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან აბსოლუტურად ამოვარდნილ პოლიტიკას ატარებს. თუ მისი „შეშფოთება“ უახლოეს დღეებში სადმე გამოჩნდება, ეს სტანდარტული რეაქცია იქნება. იმიტომ რომ,ჩვენ რაც უფრო მეტად ვთანამშრომლობთ ნატოსთან, ვმეგობრობთ შეერთებულ შტატებთან, მით უფრო სტანდარტულ რეაქციას ვიღებთ კრემლისგან. თუმცა ეს ჩვენ არა თუ არ გვაშინებს, არამედ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რეაქციის გარეშე გვაქვს ჩვენი პოზიცია: ეს არის მშვიდობა, ჩვენი მთავარი მიზანი; ეს არის დეოკუპაცია, მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით და ეს არის სურვილი, რომ საქართველოს ჰქონდეს ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. მეტსაც ვიტყვი, სიტყვა - პრევენცია ვახსენე და დიახ, ეს არის მათ შორის მთავარი პრევენციული ნაბიჯი, რომელიც განსაზღვრავს და უზრუნველყოფს შემდგომში ჩვენი ქვეყნის განვითარების შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით. მე ინვესტორები სპეციალურად ვახსენე, იმიტომ რომ, ეს არ არის მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური ნაბიჯი, ეს არის სამხედრო-პოლიტიკური და ამასთანავე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯი. ნებისმიერი ინვესტორი მარტივად შეაფასებს და ანალიზს გააკეთებს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც შეერთებული შტატების მოკავშირეა; რომელიც სამხედრო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობს, ესე იგი ქვეყანა უსაფრთხოა; რომელსაც ჰყავს ძალიან ბევრი ტურისტი და ქვეყანა დაცულია; რომელსაც აქვს მშვიდობიანი პოლიტიკა, ცივილიზებული მიდგომები; რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ჩინეთთან, მომავალში, ალბათ, ამერიკასთან. ეს არის ის კომბინაცია, რაც არის კარგი საწინდარი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო ლოზუნგი უნდა ვიხმარო - ეს არის სწრაფი განვითარება. სწრაფ განვითარებას საფუძვლები სჭირდება, არ შეიძლება მხოლოდ ლოზუნგებს ეყრდნობოდეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია გაცხადებულია, მაგრამ კონგრესის დასტურია საჭირო. შეიძლება რომ საკითხი პოზიტიურად არ დასრულდეს?
მინდა გამოვყო, რომ ბოლო წლებში შეერთებულ შტატებთან საქართველოს პარტნიორობა, ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ახლად არჩეული იყო და ის პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. თავდაცვის მინისტრს თავის კოლეგასთან აგერ სულ სამი დღის წინ ჰქონდა შეხვედრა. კონგრესი კიდევ უფრო გამოირჩევა საქართველოს მიმართ მხარდაჭერით და თქვენ არაერთხელ გინახავთ და მოგისმენიათ ძალიან სერიოზული განცხადებები, რეზოლუციები და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ის დასტური, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან მივიღეთ, ასევე კონგრესის მხრიდან ერთსულოვნად, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მხრიდან მხარდაჭერილი იქნება. ჩვენ გვეამაყება, რომ საქართველოს მიმართ მკაფიო ერთი პოზიციაა, რაც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეიძლება ასე არ იყოს. ეს გახსნილ კარები ჩვენ სწორად უნდა გამოვიყენოთ და აქეთკენაც მივდივართ. გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ და ყველა ვიზიტის დროს ვგრძნობ მეტ ყურადღებას, მეტ პატივისცემას და დამოკიდებულების ახალ მიდგომებს საქართველოს მიმართ. ეს ერთის მხრივ, გვაძლევს პერსპექტივებს და მეორეს მხრივ, მოტივირებულები ვართ, რომ ეს ვითარება ადეკვატურად გამოვიყენოთ.


