სპეცოპერაცია და დაზვერვის სამსახურების რეფორმა
რა რისკები ახლავს სტრუქტურული ოპტიმიზაციის იდეას
ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, სპეცოპერაცისა და უსაფრთხოების სისტემის გამართულობაზე არაერთი განცხადება გაკეთდა. მსჯელობის პროცესში ყურადღება მთავრობის მიერ სტრუქტურული რეფორმების ერთ დეტალზე კეთდება: რამდენად ეფექტიანი იქნება საგარეო დაზვერვის უსაფრთხოების სამსახურში გაერთიანება, რა პლუსები და მინუსები აქვს ამ რეფორმას და როგორია საერთაშორისო გამოცდილება. ამ თემაზე „მაესტროს“ კითხვებს „თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა და სპეცსამსახურების მკვლევარმა თორნიკე შურღულაიამ უპასუხა.
გუშინდელ სპეცოპერაციასთან ეს პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა სწორედ ამ სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო ღიად დისკუსია იმაზე, თუ რამდენად ქმედუნარიანი იქნება გაერთიანებული სპეცსამსახურები იმ მზარდი საფრთხის წინაშე, რომელსაც მსოფლიოში ტერორიზმი ეწოდება. ამ საფრთხის წინაშე სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოც არის.
კაცობრიობისთვის ნომერ პირველი გამოწვევაა ტერორიზმის საფრთხე, ტერორისტული ორგანიზაციების აქტივობებია, თუმცა ასევე არსებობს სხვა საქმეები, როგორიცაა მაგალითად, შპიონაჟი, როგორც კორპორაციული, ისე სახელმწიფოებრივი შპიონაჟი და ამიტომ არსებობს სპეცსამსახურების თანამეგობრობა - დაზვერვა, კონტრდაზვერვა, უშიშროების და სამართალდამცავი ორგანოების თანამეგობრობა. სამართალდამცავები და სპეცსამსახურები თავიანთი საქმიანობის სპეციფიკით განსხვავდებიან და ვფიქრობ, რომ ისინი უნდა მოქმედებდნენ ავტონომიურად, თავიანთი სპეციფიკისა თუ სფეროს ფარგლებში.
ავტონომიურად მოქმედებას ერთი ქოლგის ქვეშ ვერ შეძლებენ?
დავაკონკრეტებ. დაზვერვა არის ინფორმაციის მოპოვების ხელოვნება და სადაზვერვო ოპერაციები წარმოებს და ხორციელდება, ძირითადად, ქვეყნის გარეთ. ანუ, პრევენციული სამსახურია და ის ორიენტირებულია საზღვარგარეთიდან მომავალ საფრთხეებზე, მათ გამოვლენაზე, აღმოფხვრაზე. ამიტომ აქ დროულობა გადამწყვეტი და დიდი მნიშვნელობის მატარებელია. როდესაც ბიუროკრატიულად, სისტემურად რაღაც ქოლგის ქვეშ ვაქცევთ მას, დროულობის ელემენტი ხდება პრობლემა. ბრიტანეთში, დაზვერვა საგარეო პოლიტიკის კომპონენტია და საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებაშია. ამერიკის შეერთებული შტატებში, დამოუკიდებლად ფუნქციონირებს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA). ისრაელის მაგალითზეც - ცალკეა. თუნდაც რუსეთის ფედერაცია ავიღოთ, იქაც განცალკევებულია "ეს-ვე-ერი" და "ეფ-ეს-ბე". ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაერთიანება რაღაც კატასტროფაა, მაგრამ ჩვენ გვქონდა გამოცდილება, როდესაც 2004-2005 წლებში აღნიშნული სამსახურები ერთი სტრუქტურის ქვეშ გაერთიანდა.
საქმე ის არის, რომ უშიშროების სამსახურები, ძირითადად, ქვეყნის შიგნით მოქმედებენ, რომ ლოკალურად, ადგილზე გამოავლინონ და აღმოფხვრან საფრთხეები. საგარეო დაზვერვის სპეციფიკა კი, როგორც აღვნიშნე, საგარეო საფრთხეებზეა ორიენტირებული და უფრო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან უნდა ასოცირდებოდეს - ტანდემში უნდა მოქმედებდნენ. ვფიქრობ, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს, ეს ჯერ მსჯელობის საგანი უნდა ყოფილიყო. ექსპერტებს, მკვლევრებს, მეცნიერებს, საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა ემსჯელათ ამ თემაზე და ეს ნაბიჯი შემდეგ უნდა გადადგმულიყო.
თქვენ დაასახელეთ მაგალითები, სადაც სპეცსამსახურების ეს სტრუქტურები ცალ-ცალკე მოქმედებენ. არსებობს თუ არა გაერთიანებული და ამავე დროს წარმატებული მოდელი რომელიმე სახელმწიფოში?
ბალტიის ქვეყნებში და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. თუმცა ყველაზე დიდი მაგალითი რაც მაქვს, ესაა თუნდაც გერმანიის და საფრანგეთის მაგალითები, სადაც ცალ-ცალკეა. ჩემი პოზიციაა, რომ ყველა სტრუქტურას ჰქონდეს დელეგირება, თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ესა თუ ის სფერო ჰქონდეს გამოყოფილი, რომ დუბლირება არ მოხდეს. ისტორიული გამოცდილება გვქონდა, როდესაც პირველი მთავარი სამმართველო იყო - დაზვერვა, მეორე მთავარი სამმართველო იყო - კონტრდაზვერვა. 2004-2005 წლებში უშიშროება და დაზვერვა გაერთიანებული იყო, მაგრამ აუცილებლობა დადგა, რომ განცალკევებულიყო. როგორც მკვლევარი ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას, რომ გადაწყვეტილების დროულობა ეფექტიანობაზეა მიჯაჭვული. როდესაც ინფორმაციას მოიპოვებ, აანალიზებ, აკეთებ სადაზვერვო პროდუქტს და დაიჯესტის სახით გადასცემ ხელმძღვანელობას, ქმნი საგარეო პოლიტიკას და ეს საკითხი საგარეოსთან უფრო ასოცირდება, ვიდრე შიდა უსაფრთხოებასთან. შიდა უსაფრთხოება და სამართალდამცავი სტრუქტურები ერთად უნდა იყვნენ. თუმცა იქაც განსხვავებაა. სამართალდამცავი სტრუქტურების ფუნქციაა ადგილობრივი მართლწესრიგის წარმოება და უზრუნველყოფა, უშიშროების - კონსტიტუციური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სახელმწიფოებრივი სისტემის უსაფრთხოდ შენარჩუნება, რომ ამით ხელი შეუწყონ სახელმწიფოს გაძლიერებას. ძლიერი სპეცსამსახურები ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. ფორმულაა, რომ ჭკვიანი ერი დაცული ერია, - როგორიც ეს ისრაელის თუ სხვა განვითარებული ქვეყნების მაგალითზეა.
თუ უშიშროება და დაზვერვა ერთ უწყებაში იქნება გაერთიანებული, არ შეიძლება საგარეო დაზვერვისგან მიღებული ინფორმაციით, იგივე ტერორიზმთან დაკავშირებულ საფრთხეებზე უფრო სწრაფად მოხდეს რეაგირება?
დაზვერვა უფრო ანალიტიკური სამსახურია, ვიდრე უშიშროების სპეცსამსახური. ეს გასამხედროებული სამსახური არ არის. ის საგარეო პოლიტიკის შემოქმედი და ინიციატორი უნდა იყოს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან რაღაც პროცენტული თანამშრომლობით ერთობლივ პროდუქტს უნდა ქმნიდეს: ინვესტიციების მოძიებაში ხელშეწყობა, სხვადასხვა საფრთხეებზე რეაგირება, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს ინფორმაციის მოპოვების დონეზე და არა მათზე რეაგირებით. დაზვერვას არ აქვს იმის კომპეტენცია, რომ დამნაშავე დააკავოს, მას ინფორმაციის მოპოვების, ანალიტიკური ფუნქცია აქვს. უშიშროება კი უფრო რთული სპეციფიკაა, რომელიც სხვადასხვა შიდა სახელმწიფოებრივ გამოწვევებზე რეაგირებს, როგორებიცაა რადიკალური ექსტრემიზმი, ტერორისტული საფრთხეები თუ სხვადასხვა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები. ეს კოორდინაცია წლების განმავლობაში არსებობდა და ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის ხდება, როდესაც ესა თუ ის სახელმწიფო უწყება სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციას მოიპოვებს, ის იცვლება ხოლმე. ვფიქრობ, რომ ხანგრძლივ და მოკლე პერიოდებზე გათვლილი სადაზვერვო და სხვადასხვა ანალიტიკური განვითარების სასწავლო პროგრამები უცხოეთთან და ასე შემდეგ, შესაძლებელია დროში გაიწელოს. სანამ გადაწყვეტილება დადგება, ხელი მოეწერება, ეს გაჭიანურდება. როდესაც ადამიანი ერთპიროვნულად მართავს სტრუქტურას, რომელსაც აქვს თავისი კომპეტენცია, ინდივიდუალური განსაზღვრა, რაღაც გეგმები და პროექტები, ის უფრო თავისუფლად გზავნის და თავისებურად ლიდერობის იმიჯსაც უქმნის თავს.
იდეის დონეზე გაცხადებულია, რომ საგარეო დაზვერვა უშიშროების სამსახურს უნდა შეუერთდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას საპარლამენტო განხილვები სჭირდება. ამ თემაზე სამთავრობო უწყების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გქონდათ? ხომ არ გამოთქმულა ექსპერტებთან კონსულტაციების სურვილი? იქნებ ამ იდეაზე უარიც თქვან.
არავინ დამკავშირებია, თუმცა მარტო მე არ ვარ. არიან სხვადასხვა მიმართულების მკვლევრები, ექსპერტები. მე თუ დასავლეთის სპეცსამსახურების მკვლევარი ვარ, არის ხალხი, რომელიც რადიკალურ ექსტრემიზმს, ტერორიზმს და ასევე სხვა საკითხებს იკვლევს. ვფიქრობ, რომ მკვლევართა კოალიციის მსგავსი სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს და თუ პოლიტიკური ნება და სურვილი იქნება, ყველა მკვლევარი და მეცნიერი დიდი სიამოვნებით ჩაერთვება და თავიანთ რეკომენდაციებს, გამოცდილებას უანგაროდ გასცემენ.
ბოლო წლების მაგალითებიდან გამომდინარე, როგორ მუშაობენ საქართველოს სპეცსამსახურები?
მინდა გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს მივუსამძიმრო. იმ გლობალურ სამყაროში, სადაც უამრავი გამოწვევაა, ყველა სექტორში და ყველა სეგმენტში საფრთხეებია და ამ საფრთხეებით სავსე რეგიონში ძალიან კომპეტენტურები არიან. ჩვენ რომ ასე უშიშრად ვსხედვართ და თუნდაც წინა დღის სპეცოპერაციაც გვიდასტურებს იმას, რომ ჩვენ შეძლებისდაგვარად დაცულები ვართ. ჩვენთვის ტერორიზმი, ღმერთის წყალობით, არ არის ხშირი საფრთხე. რაღაც გამოვლინებები არის ხოლმე, რომელთა აღმოფხვრა დროულად ხდება და თან, ძალიან მიზერული მსხვერპლით, თუმცა თითოეული ადამიანი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია.
ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ხშირად მოვისმინეთ განცხადება, რომ მზარდი ტერორიზმის საფრთხეების ფონზე სპეცსამსახურების თანამშრომლების გარდა ტრენინგები საზოგადოების სხვადასხვა ფენის და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებსაც სჭირდებათ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს. რა სახის სწავლება შეიძლება ჩატარდეს, რა ინტენსივობით, რომ საზოგადოება უფრო მეტად იყოს ინფორმირებული და განსაკუთრებულ ვითარებაში მოქმედების წესები იცოდეს? ამ მიმართულებით ახალი თაობა თუ იზრდება?
ძალიან კარგი საკითხი წამოწიეთ. ჩვენ, „თომას ჯეფერსონის ცენტრი“ ვატარებთ სრულიად უფასო კურსებს. ეს იქნება ეროვნული უსაფრთხოების, დაზვერვისა თუ ტერორიზმის საკითხებზე - რა საფრთხეები არსებობს, რა გამოწვევებია ზოგადად, როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ არ უნდა აღმოჩნდნენ ადამიანები ვინმეს გავლენის ქვეშ, რადგან ისინი შეიძლება ირიბად ვინმეს ინტერესების გამტარებლები გახდნენ. ელემენტარული კვლევები იქნება თუ ინფორმაციის მიწოდება თუნდაც საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევაზე, შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს მოწინააღმდეგე ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის და ჩვენ ამას ვამბობდით. ამერიკის, ბრიტანეთის თუ ისრაელის ეროვნული დაზვერვის ოფისების სამეცნიერო მასალები გვაქვს. „ეროვნული უსაფრთხოება და დაზვერვა“, - ეს პროგრამა გვაქვს ჩამოყალიბებული და უკვე დავნერგეთ უნივერსიტეტებში, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო დონეზე. ასევე გვაქვს 3-თვიანი აკადემიური კურსები და რამდენიმედღიანი ტრენინგები, რომ ახალგაზრდებს, მომავალ თაობას წარმოდგენა შეექმნათ და აირიდონ ესა თუ ის საფრთხე, როდესაც ამა თუ იმ სტრატეგიულ თუ სხვა სფეროში აღმოჩნდებიან.
ვიდეო


