29 ნოემბერი 2017

რა ზომებს ამკაცრებს მერია თბილისის მშენებლობებისთვის

ინტერვიუ ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან

თბილისის მერმა ქალაქში მშენებლობისა და სამშენებლო კომპანიებისთვის უსაფრთხოების ნორმების დაცვის სტანდარტების გამკაცრება და კანონის სრულად ამოქმედება მოითხოვა. ამ მიმართულებით კონკრეტული დავალებები ქალაქის ზედამხედველობის სამსახურმაც მიიღო. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბაგრატიონი პასუხობს.


რა კონკრეტული დავალებები გაიცა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე? რამდენი მიმართულებით მოგიწევთ თქვენ და თქვენს სამსახურს მუშაობის გაკონტროლება და გამკაცრებული ზომების მიღება?

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ბევრი დავალება გაიცა და დავალებები გაიცა კონკრეტულად ზედამხედველობის სამსახურის მიმართ. ჩვენ დავიწყებთ ყველა იმ ნებართვიანი მშენებლობის გაკონტროლებას, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ასევე იმ მშენებლობების შემოწმებას, რომლებიც ხორციელდება და არღვევენ ნებართვებს, არ იცავენ უსაფრთხოების წესებს, ყველა ამ მიმართულებით ყურადღება გამკაცრდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო შენობებს დგამენ, რომელიც დემონტაჟს ექვემდებარება და ჩვენ, შესაბამის სამსახურებთან ერთად ამ მიმართულებითაც დავიწყებთ მუშაობას. რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, გავაფრთხილებთ იმ დოკუმენტაციით, რომლითაც ვალდებულები ვართ ვაცნობოთ და საქმის კურსში ჩავაყენოთ, ამას შემდეგ თუ დაემორჩილებიან და გაითვალისწინებენ ყველაფერს, რა თქმა უნდა კანონიერად იქნება ზომები მიღებული, სხვა შემთხვევაში ზომები იქნება მკაცრი.

კონკრეტულად მივყვეთ დავალებებს. უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით როგორი ვითარება იყო, თქვენმა სამსახურმა თუ დაიწყო ბოლო ცნობების მოკვლევა და რა დოზით გამკაცრდება სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრით  უკვე მშენებარე ობიექტებში კანონის მოთხოვნების დანერგვა?

დღეს ბატონმა მერმა დააანონსა მთავრობის მიერ მიღებული 41-ე დადგენილება, რომელიც უსაფრთხოების ზომებს ითვალისწინებს. სადაც არის გაწერილი ყველაფერი, რაც 2017 წლის იანვარში ამოქმედდა და ყველა ის ნებართვა, რომელიც გაიცემა, მას სანებართვო დოკუმენტაციაში ჩადებული ექნება პირობა, რომ შენობა უნდა იყოს აღჭურვილი უსაფრთხოდ. ჩვენ შევამოწმებთ ყველა იმ მშენებლობას, რომელზეც ნებართვა ახალი გაცემულია და რომელიც ვალდებულია 41-ე დადგენილება დაიცვას.

დღეს კიდევ რამდენიმე დავალება გაიცა, იგივე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მუშაობის პრინციპებზე და სამუშაო გრაფიკის შეცვლის კონკრეტულ გეგმაზე, რომ ნარჩენები ღამის საათებში გაიტანონ. ასევე საუბარი იყო სამშენებლო კომპანიებსა და კონტრაქტორ კომპანიებზე, რომლებიც არაკეთილსინდისიერად, ან შეცდომით ასრულებენ დავალებებს. ზედამხედველობის სამსახურმა ამ კონკრეტული მიმართულებით დავალება შეიძლება არ მიიღო, მაგრამ კონტროლის მექანიზმები სწორედ თქვენი სამსახურის ხელში იყრის თავს. ამ მიმართულებით რა იგეგმება?

რაც შეეხება ამ მიმართულების ჩამონათვალს, სხვადასხვა დავალებებს, რომელზეც თქვენ ბრძანეთ და რომელიც მთავრობის სხდომაზე დაანონსდა, ყველა შესაბამის სამსახურზე გაიცა დავალება, რომ გაკონტროლდეს დღეს ქალაქში არსებული ყველა მიმდინარე პროექტი. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურს, „თბილსერვის ჯგუფის“ მუშაობას, მათ 2-კვირიანი ვადა მიეცათ იმისთვის, რომ წარმოადგინონ კონცეფცია და ის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. სხვა შემთხვევები, რომელიც ჩვენთან მიმართებაში იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით გავამკაცრებთ კონტროლს.

რამდენი თანამშრომელი ჰყავს ზედამხედველობის სამსახურს ამ დროისთვის და ის დავალებები, რომელიც მიიღეთ, ხომ არ ითვალისწინებს იმას, რომ შტატები ან უნდა გაიზარდოს, ან ზედამხედველობის სამსახურში სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს. რა გეგემები გაქვთ სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით?

ზედამხედველობის სამსახურში დღევანდელი მდგომარეობით 130 ადამიანი მუშაობს. თქვენ იცით, რომ წელს დავიწყეთ მასშტაბური პროექტი გარევაჭრობასთან დაკავშირებით, რასაც ძალიან ბევრ ლოკაციაზე ვინარჩუნებთ. რაც შეეხება რეორგანიზაციას, დაანონსებულია, რომ ყველა სამსახურის რეორგანიზაცია გამოცხადებულია. ანალოგიურად ჩვენც ვმუშაობთ ზედამხედველობის სამსახურის სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე და მომავალში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ რა რეორგანიზაცია იქნება კონკრეტულად ჩვენთან.

დღეს ქალაქის მერმა თქვა, რომ იმ კომპანიებთან,  რომლებიც არაკეთილსინდისიერად ასრულებენ დაკვეთილ სამუშაოებს, სამომავლოდ თანამშრომლობას პერსპექტივა არ აქვს. ხომ არ იცვლება ჯარიმების სისტემა? კანონში რაიმე სახის ცვლილება ხომ არ შედის, რომ უფრო გამკაცრდეს ზომები და პასუხისმგებლობა იგრძნონ იმ კომპანიებმა, რომლებიც თუნდაც ხის ძირებს აასფალტებენ, ან საკანალიზაციო ჭებს აკრავენ ასფალტს? მაგალითად, პრობლემაა ის, რომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ერთი კომპანია ასრულებს, შემდეგ მეორე კომპანია მოდის და ახლად დასრულებულ სამუშაოზე თავიდან იწყებს მუშაობას.

მე კონკრეტულად ჩვენს სამსახურზე გეტყვით. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. გამკაცრების თვალსაზრისით ჩვენ კონცეფციას წარვუდგენთ ქალაქის მთავრობას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა მიმართულებით უნდა გავზარდოთ და რა მიმართულებით დავტოვოთ სხვადასხვა სახის ჯარიმები.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები