რა გაუგებარი ჩანაწერებია მთავრობის ოპტიმიზაციის პროექტში
ინტერვიუ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან
ოპოზიციიდან ერთ-ერთი პირველი, ვინც უსაფრთხოებისა და სპეცსამსახურების სტრუქტურული რეფორმა გააკრიტიკა, „შენების მოძრაობის“ ლიდერი იყო. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებებით დაგეგმილია ე. წ. ოდეერების სისტემის სრულმასშტაბიანი აღდგენა. თემაზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ „მაესტროს“ კითხვებს უპასუხა.
სტრუქტურულ რეფორმებში ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქცენტი სწორედ დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების გაერთიანებაზე კეთდებოდა. ერთ-ერთი პირველი თქვენ იყავით, ვინც გუშინ მედიასაშუალებებში განმარტეთ, რომ ამ ცვლილებებით ეგრეთ წოდებული „ოდეერების სისტემა“ ბრუნდება საქართველოს რეალობაში. რა შედეგი ექნება ამ გაერთიანებას?
თავად დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები ბევრ კითხვას ბადებს. მას შემდეგ, რაც ამის თაობაზე პრემიერმა განაცხადა, ჩვენ მხოლოდ გუშინწინ მოგვეცა საშუალება გავცნობოდით თავად ამ ცვლილებების არსს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი აღმოჩნდა. აქ მხოლოდ სამინისტროების თემა არ არის და მართლაც, პრობლემურია გარემოს დაცვის სამინისტროს საკითხი. ასევე მგონია, რომ იმ პირობებში, როდესაც ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის პოსტი უქმდება, უპრიანი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტრო წოდებოდა და ამით ჩვენი ევროინტეგრაციისთვის ხაზი გაგვესვა. ბევრი სხვა საკითხია, მაგრამ დროის ძალიან მცირე ლიმიტის გამო ჩვენ გუშინ აქცენტი გავაკეთეთ სწორედ უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილ, ჩემი ღრმა რწმენით, გაუაზრებელ და ძალიან დაბალი ხარისხით მომზადებულ ცვლილებებზე.
საქმე ეხება დაზვერვის სამსახურის გაუქმებას და ამ ფუნქციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის (სუს-ი) გადაცემას. თავისთავად ეს ნაბიჯი უკიდურესად პრობლემურია. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვერ მოვისმინეთ ვერანაირი დასაბუთება, თუ რატომ უნდა მოხდეს დაზვერვის უწყების გაუქმება და მისი შერწყმა სუს-თან. მით უმეტეს, რომ განმარტებით ბარათში სრულიად ცალსახად წერს მთავრობა, რომ ამით არანაირი ხარჯების დაზოგვა არ ხდება და საერთოდ, ამ სტრუქტურული ცვლილებების განმავლობაში 112 კანონპროექტს 112-ჯერ აქვს წანამძღვარი, რომ საბიუჯეტო ხარჯები არ შემცირდება. ფუნქციურად დაზვერვის სამსახური რას ვერ აკეთებდა კარგად, ამას არავინ არ გვეუბნება და ამასობაში ხდება ის, რასაც ვკითხულობთ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში, სადაც გასაუქმებელი დაზვერვის სამსახურის კანონიდან მექანიკურადაა გადმოტანილი მთელი რიგი პუნქტები და ის ვრცელდება მთელ უსაფრთხოების სამსახურზე. ანუ, დაზვერვის სამსახური ესაა ის უწყება, რომელშიც დასაქმებული ადამიანებიც უცხოეთში დანაშაულის ჩასადენად არიან წასული. იმიტომ რომ, ჩვენი მზვერავი უცხოეთში, ესაა ჯაშუში იმ ქვეყანაში. ესაა სხვა სახელმწიფოდან ჩვენთან მოვლინებული მზვერავების ბუნება ასევე. ანუ, ესაა ძალიან სპეციფიკური მიმართულება სამართალდამცველი უსაფრთხოების თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ სპეციფიკურ მიმართულებას აქვს სპეციფიკური სამართლებრივი რეჟიმი. ჩვენ სახელმწიფოში არ გვაქვს არცერთი სხვა უწყება, რომელში დასაქმებულ მოქალაქესაც, მოსამსახურესაც სახელმწიფო ეუბნება, რომ კი, ჩვენ გაყენებთ ძალიან დიდი რისკის ქვეშ, იმიტომ რომ, თქვენი საქმიანობის გამომჟღავნების შემთხვევაში თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ციხეში იმ სხვა ქვეყანაში.
არც ერთ სხვა უწყებას საქართველოში, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო არც ერთ მოხელეს არ ავალებს ჩაიდინოს რამე ისეთი, რის გამოც მას კანონის წინაშე პასუხისმგებლობა ელის. აი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, სპეციფიკური განსხვავება ასახულია დღეს მოქმედ კანონში „დაზვერვის სამსახურის შესახებ“ და დაზვერვის სამსახურის მოხელეები მთელი რიგი პრივილეგიებით არიან დაცულები. მათ შორის იმით, რომ თუ თავის საქმიანობასთან დაკავშირებით აღმოჩნდებიან დაკავებულები ან დაპატიმრებულები უცხოეთში, დაპატიმრების, დაკავების თითოეული დღე მათ ეთვლებათ სამ სამუშაო დღედ და ასეთ შემთხვევაში სამმაგ გასამრჯელოს იღებენ. ამას ამბობს კანონი. ახლა ცვლილებებს ავტორები რას აკეთებენ?! ამ პუნქტს მექანიკურად დებენ სახელმწიფო უსაფრთხოების კანონში, მას ავრცელებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთელ თანამშრომლებზე, ვინც დღეს საქართველოში მუშაობს, იღებენ სიტყვებს „საზღვარგარეთ დაკავება-დაპატიმრებას“. შესაბამისად ვიღებთ რეალობას, როდესაც საქართველოში მომუშავე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც კანონის დარღვევას არავინ ავალებს მზვერავებისგან განსხვავებით, რომლებიც უცხოეთში ამ რისკზე მიდიან და მათ კანონი ეუბნება, თუ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით თქვენ ციხეში აღმოჩნდებით, ანუ საქართველოს პროკურორი, მოსამართლე ბრალს დაგდებთ, მაშინ უშიშროების სამსახურის უფროსი თქვენ სამმაგ ხელფასს დაგინიშნავთ.
მარტივად რომ განვმარტოთ, თუ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა კანონდარღვევა ჩაიდინა, მას უბრალოდ სამმაგად აუნაზღაურებენ ამ დანაშაულს?
დიახ, ამას გეუბნებით. დიახ, ასე წერია ამ კანონის ცვლილებებში „სამსახურის თანამშრომელს“. ამ შემთხვევაში სამსახური ნიშნავს სუს-ს, იმიტომ რომ, ეს სუს-ის კანონია. იმ კანონში ეწერა დაზვერვის სამსახურის მოხელეს თუ დაზვერვასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ დააკავებენ, მაშინ დაკავების თუ პატიმრობის ყოველი დღე ჩაეთვლება 3 სამუშაო დღედ და სამმაგი ხელფასი მიეცემა. ეს იმიტომ რომ, ის სახელმწიფოს მიერაა მივლენილი ამ სარისკო საქმეზე და თუ ის ჩავარდა, თუ ის გამოავლინეს, მაშინ ეს რეჟიმი ვრცელდება. ახლა ამ კანონში ვკითხულობთ, რომ სამსახურის თანამშრომელი, დაზვერვის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სხვა საქმიანობასთან დაკავშირებით, ანუ იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რასაც სუს-ის თანამშრომლები საქართველოში აკეთებენ, თუ რაიმეს გამო ისინი პატიმრობაში აღმოჩნდებიან, მაშინ მათაც პატიმრობის ერთი დღე სამ დღედ ჩაეთვლებათ. გარდა ამისა, ზუსტად იგივე ხდება "ოდეერებთან“ დაკავშირებით. იცით, რომ ამ საკითხს გრძელი ისტორია აქვს. წინა პარლამენტში, 2-3 წლის წინ შევძელით ამ ინსტიტუტის საკანონმდებლო დონეზე გაკეთილშობილება. დადგენილია წესები, თუ სად შეიძლება უსაფრთხოების სამსახურის მოხელე იყოს მივლენილი და ასე ვთქვათ, ამავდროულად სხვა დაწესებულებაში მუშაობდეს. ახლა ხდება ის, რომ დაზვერვის სამსახურის კანონიდან ისევ მექანიკურად გადმოაქვთ პუნქტი, რომელშიც წერია: სამსახურის მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად შეიძლება ჰქონდეს სხვა თანამდებობა ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოში, ასევე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებაში. თუ საწარმოს თანამშრომლის მიერ მოხდება იმის გამჟღავნება, რომ ის სუს-ის თანამშრომელია, ისჯება კანონით.
„ოდეერების“ ინსტიტუტის გაუქმება თავის დროზე საკმაოდ არაპოპულარული იყო ამ სამართალდამცველ უწყებაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს არის მექანიკურად გადმოტანილი მუხლი, თუ „ოდეერების“ სისტემის აღდგენის მცდელობა?
ამას ვლაპარაკობ. ტექნიკურად, მექანიკურადაა გადმოტანილი, მაგრამ არსობრივად „ოდეერის“ ინსტიტუტის სრულფასოვან აღდგენაზეა საუბარი.
როდესაც თავის დროზე მასობრივად მოქმედი „ოდეერის“ სისტემა გაუქმდა, ეს რეალურად მუშაობდა, თუ უბრალოდ კანონი კანონად დარჩა?
კანონის აღსრულება სრულფასოვნად ვერ მოხერხდა, მაგრამ იმის ნაცვლად არსებული კანონი სრულფასოვნად ავამოქმედოთ, ხდება იმის ლეგალიზება, რაც დეფაქტო ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პარლამენტის წევრები გვიწუნებენ კანონის წერა-კითხვის ტექნიკურ უნარ-ჩვევებს. მინდა თქვენ და ყველამ გაიგოს, ამ კანონში იწერება, რომ სუს-ის მოხელე, არა მხოლოდ მზვერავი, არამედ ყველა, შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, სახელმწიფო ორგანოებში თანამდებობაზე ფარულად. ეს პუნქტი დაზვერვის სამსახურთან მიმართებაში, რომელ კანონშიც ეს პუნქტი დღესაც წერია, არის გამართლებული, იმიტომ რომ, უცხოეთში მივლენილი მზვერავი, უმეტეს შემთხვევაში, სხვადასხვა უწყებებში თანამშრომლები არიან. ზოგი დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ზოგი - სავაჭროში, ზოგი - კერძო სტრუქტურებში და ასე შემდეგ. ესაა წესი და მათ საქმიანობის ანა-ბანა. ფაქტობრივად, ამ ცვლილებით ვაუქმებთ სადაზვერვო სამსახურს, მას ვუერთებთ სუს-ს, თან არა ცალკე დეპარტამენტად, არამედ კონტრდაზვერვას და დაზვერვას ერთმანეთში ვურევთ. დაზვერვისთვის სპეციფიკურად დამახასიათებელ პრივილეგიებს ვავრცელებთ მთელი სუს-ის თანამშრომლებზე, უსაფრთხოების მთელ სისტემაზე და ამით პრაქტიკულად ვაკეთებთ აღდგენას იმ ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი უსაფრთხოების სამსახურის, რომელსაც ამდენი წელია ვებრძვით და ბოლო წლებში, თითქოს, მისი გაკეთილშობილების ნიშნებიც გამოჩნდა. ამით ქვეყანას ეფექტიანი დაზვერვის გარეშე ვტოვებთ. დაზვერვა - ესაა საგარეო რისკების შემფასებელი, გამომვლენელი, ანალიზის გამკეთებელი და პრემიერმინისტრის მომმარაგებელი უწყება. იცით, ეს როგორ გამოდის? ფეხბურთისა და კალათბურთის გუნდები მოედანზე ერთად რომ გავუშვათ და უთხრათ, ხან ფეხბურთი ითამაშონ და ხან - კალათბურთი. აი, ეს ხდება ამ გაუგებრობით. გაუგებრობა - რბილი სიტყვაა.
ხომ არ გქონიათ მცდელობა დაკავშირებოდით კანონმდებლებს, რომ ამ ხარვეზზე მიგეთითებინათ?
დეტალებზე არ გვისაუბრია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლებთან, სათანადო პირებთან საუბრის მცდელობა გუშინაც გვქონდა, დღესაც გვექნება შეხვედრა. ეს ერთი ან ორი დღის საქმე არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. თან, იმ ფონზე, როდესაც, ზოგადად, უსაფრთხოების სფეროში ძალიან გამაოგნებელი ვითარება გვაქვს. ახალმა კონსტიტუციამ უშიშროების საბჭოს გაუქმება განიზრახა და ეს ორგანო გაუქმდება. ახლა დაზვერვის სამსახურს ვაუქმებთ და სუს-ს ვუერთებთ, იქით პრემიერის გვერდით არსებული უსაფრთხოების პოლიტიკის შემმუშავებელი უსაფრთხოების საბჭო გაუქმდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უერთდება, რომელიც სტიქიური უბედურებებსა და სხვა პრობლემებზეა და არა ქვეყნის პოლიტიკურ და სხვა უსაფრთხოებებზეა. ვრჩებით მხოლოდ სუს-ის იმედად, რომელიც, როგორც ჩანს, კვლავ გვინდა სახელმწიფოს ხერხემლად ვაქციოთ. ეს არ იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკა. ჩვენ სუს-ი შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოვყავით, რომ დაბალანსება მომხდარიყო. ახლა პირიქითა პროცესი ხდება და იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ის ხალხი მაინც, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა და ამ მიმართულებით ერთად ვმუშაობდით, გაიხსენებს რას ვაპირებდით ამ სფეროში.
ამბობთ, რომ პარლამენტში მომუშავე იმ ადამიანების მეხსიერების იმედი გაქვთ, რომლებთან ერთადაც მუსაობდით. რამდენად პერსპექტიულია იდეა, რომ უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის გაერთიანების გადაწყვეტილებას მთავრობამ უკან გაიწვევს?
ცხადია, არ მგონია, რომ მთავრობა ჩემი ნათქვამის გამო აზრს შეიცვლის, თუმცა თუ ბევრი სხვა ადამიანი, ვინც ამ სფეროში ან პროფესიულად, ან პოლიტიკურად გარკვეულია და დროულად მიაწვდენს ხმას ხელისუფლებას, განსაკუთრებით საერთაშორისო საზოგადოება, რომელთანაც საკმაოდ ინტენსიური კონტაქტი მეც მაქვს, შეიძლება შედეგი გამოიღოს.
დაზვერვის სტრუქტურა ძალიან მჭიდროდაა ინტეგრირებული საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ანალოგიურ სტრუქტურებთან და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ თემაზე ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ წარმომადგენლებთან ხელისუფლებას არანაირი კონსულტაცია არ ჰქონია. ეს წერია განმარტებით ბარათშიც. ყველა ამ კანონს ახლავს განმარტებითი ბარათიც, სადაც დიდი ასოებით წერია, რომ არ გვქონია კონსულტაციები არც საერთაშორისო და არც ადგილობრივ ექსპერტებთან, მაგრამ ამ განმარტებითი ბარათზე პირადად მე ვიცი, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში ინიციატივის გაჟღერებამდე არ ყოფილა კონსულტაციები პარტნიორებთან, ვისთან ერთადაც გვაქვს იმის იმედი, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას ვუზრუნველყოფთ. ჩემი იმედია, თუ ჩემი სურვილია, სანამ დროა, ამ საკითხზე ყველამ თავისი კომპეტენტური აზრი თქვას. უბრალოდ, რაც ამ კანონში წერია, ამაზე მსჯელობაც კი ძალიან რთულია, იმდენად არაკომპეტენტურადაა გაკეთებული და მაგალითებიც უკვე მოგახსენეთ.
სხვა მიმართულებით, იგივე სამინისტროების გაუქმებაზე, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით თუ გაქვთ რეკომენდაციები? თუნდაც იგივე გარემოს დაცვის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებისას რამდენად შეიძლება შემცირდეს გარემოს დაცვითი ფუნქციები სახელმწიფოში?
მთავრობის ოპტიმიზაცია დღის წესრიგში ყოველთვის იყო, 5 წლის წინაც და 2 წლის წინათაც და ამ მიმართულებით ნაბიჯები გადასადგმელი იყო, მაგრამ ჩემთვის სრულიად გაუგებარია რატომ უნდა გაუქმდეს თუ შესუსტდეს გარემოს დაცვის სამინისტრო, როდესაც გარემოს დაცვის პრობლემატიკა ერთის მხრივ მსოფლიოს ყველა ქვეყნის დღის წესრიგში ძალიან მაღლა დგას, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს ეროვნული, ბუნებრივი, ღვთით ბოძებული სიმდიდრეა და ამას უნდა გავუფრთხილდეთ, ამაშია ჩვენი კონკურენტუნარიანობა დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებაში და ეს ძალიან სერიოზული თემაა. გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამინისტრო ევროინტეგრაციის პროცესში ძალიან ბევრი დღევანდელი და მომავალი ურთიერთობებისთვის წამყვანი პარტნიორია, ამიტომ გაუგებარია მისი გაუქმება, მაშინ როდესაც ვტოვებთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ციხეების სამინისტრო გვაქვს. ახლა როდესაც პროკურატურა იუსტიციის სამინისტროსთან ბმებს წყვეტს, ამ უწყების იუსტიციის სამინისტროსთან მიერთება უფრო ბუნებრივი იქნებოდა. ანუ, უნდა გვქონდეს გარემოს დაცვის სამინისტრო და არ უნდა გვქონდეს ციხეების სამინისტრო. არა იმიტომ რომ, რომელიმე მინისტრი მომწონს-არ მომწონს, არამედ ფუნქციურად სადაც იყო შესამცირებელი, იქ უნდა მომხდარიყო შემცირება.
ვიდეო


