რა იცვლება ქართული არმიის რეზერვის სისტემაში
ინტერვიუ თავდაცვის მინისტრთან
ორი დღეა პარლამენტში მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება დაასახელა და განაცხადა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ქვეყანას ძალიან კონკრეტული შედეგები აქვს, რომელთა შორისა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ანტისატანკო „ჯაველინების“ სისტემის შესყიდვის გადაწყვეტილება, რაზეც აშშ-ის კონგრესიდან თანხმობა უკვე მიღებულია და ასევე ის, რომ ფრანგული ანტისაჰაერო სისტემა „მისტრალის“ ნაწილი უკვე საქართველოშია. გეგმებზე და პრიორიტეტებზე თავდაცვის მინისტრმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ილაპარაკა.
ლევან იზორია და ჯეიმს მეტისი
ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემით დავიწყოთ. უკვე ოფიციალურად დაადასტურეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს „ჯაველინებს“ გადმოსცემს. რა თანხები დაიხარჯება ამისთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის?
დავიწყებ იმ მნიშვნელოვანი საკითხით, რომელიც გუშინწინ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დასტურის სახით მივიღეთ ანტისატანკო სისტემის „ჯაველინების“ შესყიდვასთან დაკავშირებით. ინფორმაციისთვის მინდა გაუწყოთ, რომ თავდაცვის უწყება 2008 წლიდან თითქმის ყოველ წელს აყენებდა საკითხს ასეთი ტიპის შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა გარკვეული მოთხოვნები ინსტიტუციურ რეფორმებთან დაკავშირებით და ჩვენ ყველანაირი წინაპირობა შევქმენით იმისთვის, რომ მიმდინარე წლის 29 მარტს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიგვემართა თხოვნით, აღნიშული ტიპის შეიარაღება გადმოეცა საქართველოსთვის, რაზეც საბოლოო დადებითი პასუხი უკვე გუშინწინ მივიღეთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს გლობალურად საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების ურყევ ხასიათს, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის როლს ცივილიზებული სამყაროსთვის, განსაკუთრებით მთავარი სტრატეგიული პარტნიორისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასევე ადასტურებს იმ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას, რომელიც იყო მტკივნეული, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ორიენტირებული მხოლოდ ერთ მთავარ მიზანზე - ჩვენი სუვერენიტეტის ეფექტიან დაცვაზე და ჩვენი თავდაცვის უნარიანობისა და სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებაზე. სწორედ ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობები სამხედრო სფეროში და რასაკვირველია, წვრთნებით მიღებული პროფესიული უნარ-ჩვევები არის საფუძველი და გარანტი აგრესიის პრევენციისა. ჩვენ თავად, ბუნებრივია, არც შეიარაღების ნაწილში და არც სამხედრო თავდაცვის პოლიტიკის ნაწილში არ ვართ და არ ვიქნებით მიმართული სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. მათ შორის ამ ტიპის შეიარაღების შესყიდვაც სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია, იქიდან გამომდინარე, რომ ის არ არის შეტევითი ხასიათის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა, შესაბამისად, სრულ თანხვედრაშია ქვეყნის მიერ განსაზღვრულ თავდაცვის პოლიტიკასთან, რომლის მთავარ ამოცანას თავისი მოსახლეობის დაცვისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის მნიშვნელოვან საფუძვლად სწორედ საკუთარ სიძლიერეს განიხილავს, რაც არის პოტენციური აგრესიის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაც.
რა თანხა დაიხარჯება ამისთვის?
ამისთვის უკვე გამოყოფილია მნიშვნელოვანი თანხები, თავდაცვის ბიუჯეტში დაახლოებით 100 მილიონი ლარის დამატებით მობილიზება მოხდა და უკვე მომავალ წელს ჩვენ აღნიშნული შეიარაღების ნაწილს შევისყიდით, ხოლო მისი სრულად შესყიდვა 2 წლის თავზე დასრულდება. ასე, რომ ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა გაქვს, რომ ეს შესყიდვა განვახორციელოთ.
როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია ამერიკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ასევე გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. მათი პოზიციაა, რომ რეგიონულ უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის. რა იქნება თავდაცვის მინისტრის ოფიციალური პასუხი ოფიციალური მოსკოვისთვის?
ჩვენ ამ რეაქციას პასუხი არაერთგზის გავეცით. ზოგადად, ჩვენი პოლიტიკა მშვიდობიანი ხასიათისაა. ჩვენი პოლიტიკა არის კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირებისკენ მიმართული და თავდაცვის უწყება არამც და არამც არ იქნება ორიენტირებული აგრესიაზე, მით უფრო სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. შესაბამისად, ამ ნაწილშიც, როდესაც „ჯაველინების“ შესყიდვაზეა საუბარი, ის მხოლოდ თავდაცვით ხასიათს ატარებს და ეს ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, მათ შორის საქართველოსი და ის არამც და არამც არ იქნება სხვა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული.
კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც უცხოურ მედიაში გავრცელდა და რომელიც საზოგადოებას ასევე აინტერესებს. საქართველო მუშაობს თუ არა საფრანგეთიდან „მისტრალის“ ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიღებაზე და რა ეტაპზეა ეს პროცესი?
როდესაც ჩვენი თავდაცვის პრიორიტეტები გავაჟღერეთ, განსაკუთრებით შეიარაღების ნაწილში, პრიორიტეტებში ბუნებრივია, ანტისატანკო სისტემასთან ერთად ანტისაჰაერო სისტემის შეძენაც იგულისხმება. ჩვენი საჰაერო სივრცე მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს. ეს სამწუხარო გამოცდილება მივიღეთ 2008 წელს და შესაბამისად, აუცილებლობა დადგა ისეთი სისტემებს შეძენისა, რომელიც სწორედ ჩვენი საჰაერო სივრცის მაქსიმალურად დაცულობას უზრუნველყოფდა. ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, ჩვენ მომავალ წელს დავასრულებთ შესყიდვის პირველ ეტაპს საფრანგეთისგან და დავიწყებთ მეორე ეტაპზე გადასვლას. ამ მიმართულებითაც მაქსიმალური მზაობა და მხარდაჭერა არსებობს მთავრობის მხრიდან. გუშინ ამაზე ბატონმა პრემიერმაც გააკეთა აქცენტი. შესაბამისად, ჩვენ ამ სისტემის არა მხოლოდ შეძენას ვგეგმავთ, არამედ ვგეგმავთ ინსტრუქტორების მომზადებას, შესაბამისი წვრთნებს გავლას, ინტენსიურ თანამშრომლობას ჩვენ ფრანგულ მხარესთან და ეს პროცესი მიმდინარეობს. პირველი ფაზით გათვალისწინებული ტექნიკა უკვე საქართველოშია. მომავალი წლის დასაწყისში ვიწყებთ ამ ტექნიკისთვის საჭირო უნარების დაუფლებას, როდესაც ფრანგი ინსტრუქტორების დახმარებით ჩვენი საჰაერო თავდაცვის სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან წვრთნებს და ბუნებრივია, მოვემზადებით მეორე ფაზისთვის, რომელიც უფრო ფართომასშტაბიან ინიციატივას ითვალისწინებს.
კიდევ ერთი თემა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმაც დააანონსა, რომ დასრულდა მუშაობა მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციაზე და ის მზად არის მთავრობაში განსახილველად. რა წერია დოკუმენტში და როგორი ტიპის რეზერვი ეყოლება ქვეყანას?
აღნიშნულ კონცეფციას რაც შეეხება, ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მართლაც ყველა დაინტერესებულ მხარესთან, როგორც პარლამენტარებთან, ისე პრეზიდენტთან, რომელმაც, როგორც მთავარსარდალმა გამოხატა კონკრეტული ინტერესი ამ კონცეფციის მიმართ, ასევე არასამთავრობო სექტორთან. კონსენსუსის საფუძველზე შევიმუშავეთ ძალიან საინტერესო მიდგომა. მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით აქტიური რეზერვი იქნება წარმოდგენილი. რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებმაც ქვეყნის წინაშე ვალი მოიხადეს, როგორც წვევამდელებმა ან როგორც კონტრაქტორებმა, ან სხვა სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც დღეს ვეტერანები არიან, მათ შესაძლებლობა ექნებათ აქტიურ რეზერვში იყვნენ. სიახლე ის გახლავთ, რომ ეს იქნება ნებაყოფლობითი, ეს იქნება კონტრაქტის წესით და ასევე ანაზღაურებითი ხასიათის. ანუ, ჩვენ ამით იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც ასაკის მიუხედავად ასევე ამოეწურათ კონტრაქტი, მაგრამ აქვთ უნარი და შესაძლებლობა ღირსეულად დაიცვან თავიანთი ქვეყნის ინტერესები კრიზისის ან ომის შემთხვევაში, მივცეთ გარკვეული ანაზღაურება, გავუფორმოთ კონტრაქტი და ვალდებულება ჰქონდეთ წელიწადში 45 დღის განმავლობაში გამოცხადნენ, რათა დანაყოფებთან ერთად მაქსიმალურად ჩაერთონ საბრძოლო მომზადებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებისთვის და მხარდაჭერისთვის. მეორეც, რაც შეეხება სამობილიზაციო კომპონენტს, ეს საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობას გულისხმობს. სიახლე და მნიშვნელოვანი ინიციატივაა სწორედ ის, რომ მოხდება თავდაცვის სამინისტროს მიერ მართვის სისტემის მენეჯმენტი. კერძოდ, მართვის ელექტრონული სისტემა აღრიცხავს ყველა მოქალაქეს, რომელიც პოტენციურად შეიძლება იყოს მობილიზაციისთვის მზად, მოახდენს მათ კატეგორიზაციას, მოახდენს მათ სისტემატიზაციას და საჭიროების შემთხვევაში მათ ორგანიზებულად მობილიზებას, ბუნებრივია იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც საკვალიფიკაციო კრიტერიუმებით იქნება დადგენილი. ასე რომ, ორი მიმართულებით, როგორც აქტიური რეზერვის მიმართულებით, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება, ასევე სამობილიზაციო რეზერვის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ახალი და კონკრეტული ინიციატივები, რომელიც ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერების, მხარდაჭერისთვის ძალიან მყარი საფუძველი იქნება.
ასევე დაანონსდა, რომ შეიძლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის სისტემა შეიცვალოს და წვევამდელები უფრო სერიოზულ სამხედრო მომზადებას გაივლიან. მოკლედ რომ გვითხრათ, ამ მიმართულებით რა სიახლე იქნება?
ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადავდგით წლის დასაწყისში, როდესაც თავდაცვის უწყების ფარგლებში წვევამდელთა სისტემა აღვადგინეთ. მათ ძველისგან განსხვავებული სრულიად ახალი სისტემა შევთავაზეთ. კერძოდ, ისინი ზუსტად იგივე მომზადებას გადიან, როგორც საკონტრაქტო წესით სამხედრო მოსამსახურეები. ასე, რომ შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხია. ანუ, თუ უწინ ისინი მომზადებას შეზღუდულ ფარგლებში გადიოდნენ, ახლა გადიან 30-თვიან საწყისი მომზადების კურსს. მომავალ წელს ახალქალაქში შევთავაზებთ სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას მათთვის, რაც წვრთნების უფრო ეფექტიან ჩატარებას უზრუნველყოფს. ჩვენ ასევე შემოვიღეთ შესაძლებლობა, რომ მათ უქმე დღეები გამოიყენონ და ოჯახთან ერთად გაატარონ ეს დღეები. მათი ყოველთვიური ანაზღაურება 7 ლარის ნაცვლად არის 50 ლარი. ეს ყველაფერი გაკეთდა უწყების კომპეტენციის ფარგლებში, თუმცა მინდა გაუწყოთ, რომ გლობალურად სისტემის შეცვლის თვალსაზრისით, რომელიც წვევამდელთა სისტემას ეხება, უკვე პარლამენტში, განსაკუთრებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა კომისია, რომელიც ამ სისტემის უფრო დახვეწასა და გაუმჯობესებაზე იმუშავებს. შესაბამისად, ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ამ საბაზისო წვრთნების უზრუნველყოფა იქნება, არა მხოლოდ იმ წვევამდელებისთვის, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში იქნებიან წარმოდგენილნი, არამედ სხვა უწყებებშიც.


