24 იანვარი 2018

რა ცვლილებები შევიდა საპენსიო რეფორმის კანონპროექტში

ინტერვიუ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელთან

დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს წარედგინა, რომლის თანახმად დამსაქმებლის მიერ საპენსიო სააგენტოში დასაქმებულისა და საკუთარი საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამსაქმებელი ჯერ 500 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდება. დამსაქმებლები კანონპროექტის ამ ფორმით ამოქმედების შემთხვევაში მთელი რიგი მიმართულებით რისკებს ხედავენ. დამსაქმებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საპენსიო რეფორმა დამატებით სიმძიმეს გააჩენს ბიზნესისთვის და მისი სავალდებულოობა განსაკუთრებით მძიმე ტვირთად დააწვება დამსაქმებელს. მათი განცხადებით, მაგალითად პრობლემები შეიძლება იყოს ის, რომ დამსაქმებელი ნელ-ნელა დაიწყებს ახალგაზრდა კადრების არ მიღებას სამსახურში და იძულებული იქნება 40 წელს გადაცილებული მოქალაქეები დაასაქმოს, რაც რეალურად ახალგაზრდობის დასაქმებას დააზიანებს. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაინტერესებულ პირებთან დისკუსია გაგრძელდება და შესაძლებელია, მთელი რიგი პუნქტები გადაიხედოს. დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2018 წლის მესამე კვარტლიდან იგეგმება, ამისთვის ბიუჯეტში დონორების მიერ გამოყოფილი თანხა - 80 მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჭიჭინაძემ უპასუხა.
 

თბილისი
ფოტო: Shutterstock.com

მინდა გკითხოთ იმ სისტემაზე, რომელზეც მთავრობა საბოლოოდ ჩამოყალიბდა. 2+2+2 სისტემა - ეს ყველამ ვიცით, რომ რჩება, თუმცა რა არის განსხვავებული? განხილვების შემდეგ კანონპროექტში რა შეიცვალა?

ჩვენ წარვადგინეთ კანონპროექტი პარლამენტში 2017 წლის დეკემბერში. მანამდე ჩვენ გვქონდა განხილვები ბიზსეს სექტორთან, ბიზნეს ასოციაციებთან, გარკვეული შენიშვნები და მოსაზრებები გავცვალეთ და მოვისმინეთ მათგან. ეს სისტემა ეფუძნება განსაზღვრული შენატანის სისტემას 2+2+2%-ით, ასევე აქ არის გარკვეული გრადაცია: 24 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო 2%-ს უხდის მონაწილეს, ხოლო 24 000 ლარიდან 60 000 ლარამდე სახელმწიფო უხდის 1%-ს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ უფრო მოხდეს დაბალი შემოსავლის მქონე პირების წახალისება და ასევე მოხდეს ფისკალური მდგრადობა. კანონის პროექტის განხილვა მოხდება საგაზაფხულო სესიაზე. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი დაემატა კანონის პროექტს, რომელიც გულისხმობს საბაზისო პენსიის ინდექსირებასთან დაკავშირებულ საკითხს. ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას წარუდგენს ინდექსირების წესს და ცვლილებას საკანონმდებლო პაკეტში.   

როდისთვის იგეგმება აღნიშნული წესის წარდგენა?

არსებული კანონის, დაგროვებითი პენსიის კანონის მიღების შემდეგ წლის ბოლომდე, დაახლოებით 9 თვის ვადაში.

მინდა ჩაგეკითხოთ იმ სისტემაზე, რომელიც გულისხმობს შემოსავლების მიხედვით გრადაციას. 24 000 ლარამდე წლიური შემოსავლის ქონის შემთხვევაში სახელმწიფო დასაქმებულს უმატებს 2%-ს საკუთარი დაუბეგრავი ხელფასიდან, ასევე 2%-ს უმატებს დამსაქმებელი, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მოქალაქის შემოსავალი წლიურად 24 000 ლარს სცდება, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უმატებს მხოლოდ 1%-ს, დამსაქმებელი კი კვლავ 2%-ს. რამ განაპირობა ასეთი მიდგომა, ამ შემთხვევაში დამსაქმებელიც ანალოგიურ პირობებში რატომ არ არის, როგორც სახელმწიფო?

მოგახსენებთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი, საპენსიო სისტემის მიზანი არის, რომ ჩანაცვლების კოეფიციენტი იყოს ადეკვატური და შესაბამისად, უზრუნველყოს ღირსეული სიბერე. ასევე უმთავრესი მიზანია ამ რეფორმის ფარგლებში გავითვალისწინოთ ფისკალური მდგრადობის ხარჯი, რადგან პენსიონერთა მზარდი რიცხვიდან გამომდინარე ზეწოლა იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტზე. სახელმწიფოს მხრიდან 1%-ის მიცემა მაღალი შემოსავლის მქონე პირებზე, ეს ნიშნავს, რომ სტიმულირებას უკეთებს უფრო დაბალშემოსავლიან პირებს, ვისაც უფრო ნაკლები შემოსავალი აქვს.

თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც სისტემა არის სავალდებულო 40 წლამდე მოქალაქეებისთვის, რაღა მნიშვნელობა აქვს სტიმულირებას? ნებისმიერ შემთხვევაში მათ მოუწევთ დანაზოგის გაკეთება საპენსიო სისტემაში, ასე არ არის?

სავალდებულო არის 40-წლამდე ქვევით მომავალი პენსიონერებისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის, ხოლო 40 წლის ზევით მომავალი პენსიონერებისათვის ნებაყოფლობითია...

თუმცა შემოსავლის ძირითადი ნაწილი სწორედ 40 წელს ქვევით მოსახლეობისგან უნდა წამივიდეს, შესაბამისად ამ სტიმულირების მექანიზმში მინდა გავერკვე, რა თვალსაზრისით არის ეფექტიანი სავალდებულოობის პრინციპთან შეხამებაში?

შემოსავლის მქონე ძირითადი ნაწილი უფრო არის  24 000 ლარის ქვემოთ, აქიდან გამომდინარე მთავრობა უზრუნველყოფს სრულად 2%-ის სუფსიდირებას, ხოლო 24 000-ის ზევით არის მცირე კატეგორია, 60 000-მდე, რომელთაც დაზოგვის კულტურა შესაბამისად უფრო მაღალი აქვს, ვიდრე დაბალ შემოსავლიანს და აქიდან გამომდინარე, მათ სუბსიდირებას უკეთებს ნაკლებად - 1%-ის ოდენობით. ამოსავალი წერტილი ეს არის და უფრო ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებაა.

ასევე მინდა დამსაქმებლების ნაწილზეც გკითხოთ. 500 ლარია ჯარიმა ვალდებულების პირველ დარღვევაზე, მეორე დარღვევაზე - 1000 ლარია. რა პრინციპით შეირჩა ასეთი ზღვრული ჯარიმები და როგორ გგონიათ, რამდენად ეფექტიანი იქნება?

აღნიშნული მექანიზმის ჩადება განპირობებულია ძირითადად, მონაწილის დაცვის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად. კანონის პროექტი განსაზღვრავს, რომ დამსაქმებელს არ აქვს უფლება ჩაერიოს დასაქმებულის გადაწყვეტილებაში და სისტემაში მონაწილეობა-არ მონაწილეობის მიღებაში. აქიდან გამომდინარე ჩვენ ეს მექანიზმი ჩავდეთ უფრო მონაწილის დაცულობის კუთხით. რაც შეხება 500 და 1000 ლარს, ეს არის ჩვენი ანალიზიდან გამომდინარე. გარკვეული ანალიზი ჩავატარეთ, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ არსებულ მსგავსი ტიპის სამართალდარღევებზე და აქიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სამსჯელოა. პარლამენტში, როგორც ყველა საკითხზე, ასევე ამ საკითხზეც გაიმართება მსჯელობა.

ასევე მინდა გკითხოთ, თუ არსებობს იმის პრევენციის მექანიზმი, ან თუ გეგმავს მთავრობა გარკვეულწილად მოახდინოს პრევენცია, რა რისკზეც ხდებოდა-ხოლმე აპელირება კანონპროექტის განხილვის პროცესში და მანამდეც. ვგულისხმობ იმას, რომ ბევრი სპეციალისტი საუბრობს საფრთხეზე, რომ დამსაქმებლებმა შეამცირონ ხელფასები, ან შეამცირონ კადრები, იმის გამო რომ მათ ხარჯები გაეზრდებათ. ამ მიმართულებით გარკვეული პრევენციული მექანიზმების ამოქმედებას ხომ არ გეგმავს მთავრობა?

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მრავალი შეხვედრა გავმართეთ ბიზნეს ასოციაციებთან, წრეებთან, მათ წარმომადგენლებთან. იქ წარმომადგენელი იყო მრავალი ბიზნესი, ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესს აქვს გარკვეული საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობა და იღებს ამ სოციალურ პასუხისმგებლობას. ასევე, მათ გრძელვადიან ინტერესებში არ შედის კვალიფიციური კადრების დაკარგვა, კადრების შემცირება, ან იმ რისკად არ უღირთ, რომ 2%-იანი შენატანი განახორციელონ თავისი დასაქმებულის მიმართ. ისინი ათვითცნობიერებენ ამ თავიანთ გრძელვადიან მიდგომებს, სოციალურ პასუხისმგებლობას და უფრო ნაკლებად მოსალოდნელია ამ საკითხთან დაკავშირებით მათი მხრიდან ძირითად საკითხზე კამათი.

ვიდეო 

სხვა ინტერვიუები