როდის გაეზრდებათ თვითმმართველობებს დაფინანსება
მთავრობის ახალი სტრატეგიის დეტალები
მთავრობამ პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის 8-წლიანი სტრატეგიული ხედვის პრეზენტაცია გამართა. ახალი კონცეფცია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინეს. მთავრობის განცხადებით, 2025 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 8% რეგიონულ და მუნიციპალურ ბიუჯეტს გადაეცემა. დოკუმენტი ხელისუფლებამ 2018 წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. მაგრამ ექსპერტთა ნაწილი ხედვას არადამაჯერებელს უწოდებს. "შენების მოძრაობის" წევრი თენგიზ შერგელაშვილი, რომელიც თავის დროზე თვითმმარველობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი იყო, ამბობს, რომ ხელისუფლება კოდექსით გაწერილ ვალდებულებებს არ ასრულებს: არ არეგულირებს მიწებისა და ქონების გადაცემის საკითხებს და არ ხდება ფისკალური დეცენტრალიზაცია. თემაზე “მაესტროს“ კითხვებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ უპასუხა.
გორი
ფოტო: shutterstock.com
სამი მთავარი პრინციპი უკვე დასახელდა და სხვათა შორის დავესესხები უცხოელ ექსპერტს, რომელმაც თქვა, რომ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის მეტი ფული რეგიონში, იმიტომ რომ ფულის გარეშე განვითარება უბრალოდ არ იქნება. როგორ გეგმავთ, მართლაც რამდენის დატოვებას აპირებთ რეგიონებისთვის და როდის იქნება ეს ყველაფერი? მინდა თენგიზ შერგილაშვილის ფრაზაც მოვიშველიო/ მან თქვა, რომ ეს ყველაფერი, პრინციპში, უკვე წერია კოდექსში და მთავრობა მას არ ასრულებსო. როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხზე?
რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია მეტი რესურსის გადაცემა მუნიციპალიტეტებისთვის, მაგრამ მეტ რესურსს მუნიციპალიტეტებს ვერ გადავცემთ ისე, თუ იქ არ მოხდა კომპეტენციების გაზრდა, თუ იქ არ მოხდა შესაბამისი ცოდნის გენერირება, არ მოხდა სწორი მენეჯმენტის დალაგება. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ გარკვეული სერვისების დელეგირება გააკეთოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ და შემდგომ უკვე მთლიანად გადასცეს ეს სერვისები მუნიციპალიტეტებს. ამის გარეშე ეს ვერ მოხდება. პირველ რიგში, ეს პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი. ამ პრობლემების მოგვარების კვალობაზე შესაბამისი სერვისების გადაცემას გაჰყვება ფინანსები და დეცენტრალიზაციის სტრატეგიაშიც სწორედ ეს იქნება გაწერილი. ეს სტრატეგია უკვე წლის ბოლოს გვექნება გამზადებული და გაწერილი. პროცესი გამჭირვალე იქნება, ფართო ჩართულობით, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების, ყველა დაინტერესებული პირის. დარწმუნებულები ვართ, რომ კარგ შედეგს დავდებთ.
სწორედ ადამიანური რესურსების პრობლემას უკავშირდება ის გადაწყვეტილება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას ჯერჯერობით რეგიონებს არ გადასცემთ? თუ არ ვცდები, მიმდინარე წლის დასაწყისში უნდა დაწყებულიყო ეს, მაგრამ გასული წლის ბოლოს რეგულაციები შეიცვალა და ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება 3 წლით გადავადდა.
არა, ეს ასე ნამდვილად არ არის. რეგიონები ინფრასტრუქტურულ პროექტებს საკმაოდ წარმატებით ახორციელებენ, მუნიციპალიტეტებს ვგულისხმობ. წლის განმავლობაში უამრავ პროექტს ვახორციელებთ. მუნიციპალიტეტები ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს საკუთარი რესურსებით აკეთებენ. საკმაოდ დიდი ოპტიმიზაცია მოხდა საოპერაციო ნაწილში და ეს კაპიტალურ დანახარჯებში გადავიტანეთ, თვითონ მათაც გააკეთეს ამის ოპტიმიზაცია. ასევე მიზნობრივი ტრანსფერები გვაქვს და უამრავ პროექტს ვახორციელებთ. დღესაც რომ წახვიდეთ ყველა მუნიციპალიტეტში მინიმუმ 6-7 პროექტი მიმდინარეობს, რომლებშიც რამოდენიმე 100 000 ლარზე მეტს შეადგენს. ანუ, ეს პროცესი მიმდინარეობს. თქვენ რაც აღნიშნეთ 3 წლით გადავადება, ეს ტექნიკური ნაწილია. ჩვენ რეგიონებში უფრო სწრაფად რომ განვვითარდეთ და უფრო სწრაფად რომ წავიდეთ, მოზიდული გვაქვს რესურსები საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებიდან. მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, სადაც საჭიროა, საგზაო დეპარტამენტის მეშვეობით დამატებით პროექტებს ვახორციელებთ. აქ ამ პროექტების განმახორციელებელი ორგანოები საკრედიტო ხელშეკრულებებში და მოლაპარაკებებში არიან კონკრეტული ორგანიზაციები. მუნიციპალიტეტების სესხები ამ მოლაპარაკებებით არ არის გათვალისწინებული, მიმდინარე ხელშეკრულებები ეს ადრე დადებული ხელშეკრულებებია. ამ რესურსების დახარჯვა რომ მოვახერხოთ და პრობლემები არ შეგვექმნას, ამან გამოიწვია და ამიტომ მოხდა დროებით 3 წლით გადავადება. ანუ, ეს აბსოლუტურად არაფერ შუაშია იმასთან, რომ მუნიციპალიტეტები რამეს ვერ აკეთებენ. ინფრასტრუქტურის მიმართულებით კარგად ვართ. წელს იქ ბევრი მომენტები დავხვეწეთ, საერთო ზედამხედველობები გავაკეთეთ. სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენ მარტო ინფრასტრუქტურაზე არ ვსაუბრობთ, მუნიციპალიტეტები ვითარდებიან ამ მიმართულებით, დინამიკა კარგი გვაქვს, აქ ბევრი სხვა სერვისებიც გვაქვს მხედველობაში. მაგალითად, წელს, ეს გარკვეულწილად ინფრასტრუქტურულ პროექტებთანაც კავშირშია, გადავწყვიტეთ და მემორანდუმები გაფორმდა მუნიციპალიტეტებთან და უკვე სკოლების მოვლა-პატრონობა ინფრასტრუქტურის კუთხით რეგიონებში გადავიდა. წელს გარდამავალი პერიოდი გვაქვს და მომავალი წლიდან უშუალოდ მათ ექნებათ მიზნობრივად ეს თანხები, რომ თვითონ მუნიციპალიტეტებში მიხედონ სკოლებს. სადაც ასაშენებელია, ააშენონ, სადაც გასარემონტებელია, გაარემონტონ. თუ საბავშვო ბაღებს აშენებენ და კარგად უვლიან, სკოლებს რატომ ვერ მოუვლიან?! აქამდე ეს ცენტრალიზებული იყო. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი.
შარშან 7 თვითმმართველ ქალაქს ჩამოერთვა ეს ავტონომიური სტატუსი. ეს გადაწყვეტილება ხომ არ მოდის გარკვეულ წინააღმდეგობაში დღევანდელ ხედვასთან და ხომ არ შეიცვლება ის?
არავითარ შემთხვევაში ეს არ მოდის წინააღმდეგობაში. არავის არაფერი ჩამორთმევია, იქ გაერთიანება მოხდა. ეს არასწორად დამკვიდრებული აზრია. ჩვენ უბრალოდ ტერიტორიული მოწყობის უნიფიცირებას ვაკეთებთ. ან უნდა გაგვეყო ყველა ქალაქი და წავსულიყავით ამ მიმართულებით, რაც, პრინციპში, სტრატეგიაშიც ასეც იდო, მაგრამ ამას არ დავეთანხმეთ. ეს იყო მცდარი ხედვა და არასწორი სვლა განვითარებისკენ. ჩვენ უბრალოდ დავაბრუნეთ ის რეალობა, რაც გვქონდა აქამდე.
რაც იყო 2014 წლამდე. 2014 წელს დაემატა 7 თვითმმართველი ქალაქი და შარშან ისევ ჩამოერთვა სტატუსი.
2014 წელს არ დაემატა, იქ გაიყო მუნიციპალიტეტები. ანუ, 7 მუნიციპალიტეტი გაიყო და გახდა 14 მუნიციპალიტეტი ერთიან ტერიტორიულ ორგანოში, ერთიან მუნიციპალიტეტში, სადაც შედიოდა ქალაქებიც და სოფლებიც. ტერიტორიული მოწყობიდან გამომდინარე ამას თავისი მიზეზები და არგუმენტები ჰქონდა. იქ უბრალოდ გაიყო, გაყოფა მოხდა აბსოლუტურად არაარგუმენტირებულად და მიდიოდა ამ გაყოფის მიმართულებით. თუ 7 ქალაქი გაიყო 14-ად, ბევრი მუნიციპალიტეტი გვაქვს, სადაც რამოდენიმე ქალაქი გვაქვს და სოფლები და რატომ არ გაიყო ეს ქალაქები? ამ მიმართულებით მიდოდა, რასაც ჩვენ არ დავეთანხმეთ. ამის არგუმენტები გაქვს, რომ ასეთი დაყოფა და დაქსაქსვა მუნიციპალიტეტების სავალალო შედეგამდე მიგვიყვანდა, ალბათ, ქვეყანა ჩამოგვექცეოდა. რამდენიმე ასეული მუნიციპალიტეტის შექმნას გეგმავდნენ და ეს აბსოლუტურად გაუმართლებლად მიგვაჩნია, არა მარტო ჩვენ, არამედ მიაჩნიათ ექსპერტებსაც. ვიღაც ეთანხმება ამას, ვიღაც - არ ეთანხმება, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთი გვაქვს და ვთვლით, რომ აბსოლუტურად სწორი გზით მივდივართ.
მოდით, ისევ ადამიანური რესურსების საკითხს დავუბრუნდეთ. ჩვენ თვალს ვადევნებთ ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მთელ ამ პერიპეტიებს; გავიხსენებდი იმ გადაწყვეტილებებს, როდესაც ხულოსა და ხაშურის მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ შაბლონურად გადაიღეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი დადგენილების დანართი, რის შედეგადაც მათ აქვთ ვალდებულება, რომ გადაიხადონ მეტროსადგურებისა და აეროპორტების დასუფთავების გადასახადები. ასეთი კურიოზული შემთხვევები ხომ არ გიკლავთ ენთუზიაზმს, რომ უფრო წინ წახვიდეთ და თამამი ნაბიჯები გადადგათ დეცენტრალიზაციის კუთხით?
გეთანხმებით, რომ არის გარკვეული ტექნიკური ხარვეზები. ეს შემთხვევა რამოდენიმე მუნიციპალიტეტში სუფთა ტექნიკური ხარვეზია, წინა მოწვევის საკრებულოებში მიღებული და უბრალოდ გადმოჰყვა ეს ტექნიკური ხარვეზი. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღეში ეს მუნიციპალიტეტები ამ ტექნიკურ ხარვეზს გამოასწორებენ. რაც შეეხება კომპეტენციას, დიახ, კომპეტენცია საკმაოდ გასაზრდელი გვაქვს, ცოდნა საკმაოდ გვაქვს შესაძენი, როგორც კანონმდებლობის მიმართულებით, ასევე მენეჯმენტის მიმართულებით. ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო. როგორც ჩვენ, ცენტრალურ ხელისუფლებაში, ასევე მუნიციპალიტეტებში ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს კომპეტენციები გავზარდოთ. კომპეტენციები თუ არ გავზარდეთ და შესაბამისი ცოდნა თუ არ შევიძინეთ, დამატებითი ფუნქციების განხორციელებაც გაგვიჭირდება. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ბორჯომს რაც შეხება, იქ ადგილობრივი პოლიტიკური პროცესია, სამი თვეა ადამიანები ხელფასებს ვერ იღებენ, იმიტომ რომ, ბიუჯეტს არ ამტკიცებდა საკრებულო და რამაც გამოიწვია ადამიანების პროტესტი. უბრალოდ ეს პროცესი იყო...
რის გამოც ზარალდება მთელი რაიონი. პასუხისმგებლობა სწორედ ამას გულისხმობს, რომ პოლიტიკური პროცესის გამო მოქალაქეები არ დაზარალდნენ.
რა თქმა უნდა, თუმცა ისიც შესანიშნავია, რომ ადამიანები გამოდიან, აპროტესტებენ და შესაბამისად შედეგსაც იღებენ.
სანამ დაგემშვიდობებით, მინდა გკითხოთ, ამოიწურა თუ არა ის გაუგებრობა, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიაზე თქვენი დასწრება-არ დასწრების საკითხთან დაკავშირებით?
მე გავაკეთე განცხადება. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ეს მომენტი. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ფაროსანასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი ღონისძიებები, დაწყებული გვაქვს და აბსოლუტურად მზად ვართ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უდგას ამ ყველაფერს სათავეში. ჩვენ მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მობილიზებულები არიან მუნიციპალიტეტები და გუბერნიები და იმედი გვაქვს, რომ წელს გაცილებით უკეთესი შედეგები გვექნება, რამდენადაც უკეთესად ვართ მომზადებულები. ჩვენ ამ პროცესებში შარშანად თავიდან ბოლომდე ვიყავით ჩართულები.
ვიდეო


