19 ოქტომბერი 2017 - 12:51

ვინ არიან და რა უფლებები აქვთ მერებს და საკრებულოს დეპუტატებს?

თბილისის საკრებულო

21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებისათვის 23 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 225 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა. ცნობილია თბილისის მერობის ყველა მთავარი კანდიდატი, ასევე ამ არჩევნების მთავარი ინტრიგაც.

თვითმმართველობა რა არის?

ეს არის საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა. ქვეყნის მთავარი კანონი მას მმართველობის დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთ აუცილებელ საფუძვლად და პირობად აღიარებს.

უფრო კონკრეტულად კი, თვითმმართველობა მოქალაქეების უფლებაა, კონკრეტულ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე აირჩიონ ადგილობრივი ხელისუფლება და მასთან ერთად მოიწყონ კომფორტული საცხოვრებელი გარემო: მოაწესრიგონ ეზოები და სადარბაზოები, იზრუნონ იმაზე, რომ შვილებმა კარგ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ისწავლონ, იზრუნონ გზებისა და ტრანსპორტის განახლებაზე, სკვერების, პარკებისა და სპორტული მოედნების კეთილმოწყობაზე; ანუ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის (საკუთარი სოფლის, დაბის თუ ქალაქის) საკითხები - რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, ადგილობრივი ორგანოების მეშვეობით და სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეულახავად.

თვითმმართველობას რა კანონები არეგულირებს?

ძირითადად ორი კანონი: თვითმმართველობის კოდექსი და საარჩევნო კოდექსი. პირველი - თვითმმართველობის საქმიანობას განსაზღვრავს, მეორე - მის არჩევის წესს. არის კიდევ ერთი კანონი - საჯარო სამსახურის შესახებ, რომელითაც თვითმართველი ორგანოების მოხელეთა სტატუსია განსაზღვრული.

რამდენი თვითმმართველი ერთეულია საქართველოში?

საქართველოში ორი სახის თვითმმართველი ერთეულია: სათემო მუნიციპალიტეტი, იგივე თვითმმართველი თემი და თვითმმართველი ქალაქი. საქართველოში 5 თვითმმართველი ქალაქი და 59 თვითმმართველი თემია.

თვითმმართველი ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი. თვითმმართველი თემებია, მაგალითად, ზუგდიდი, სენაკი, ახალციხე, ნინოწმინდა და სხვ.

თუ თვითმმართველი ქალაქი დასახლებაა, სათემო მუნიციპალიტეტი - დასახლებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს სოფელსაც, დაბასაც და ქალაქსაც. ადმინისტრაციული საზღვრების გარდა, თემებს ადმინისტრაციული ცენტრიც აქვთ - სათემო მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ცენტრს ქალაქს უწოდებენ (მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ზუგდიდია).

თვითმმართველი თემები ძველი ეგრეთ წოდებული რაიონებია. 2006 წლის შემდეგ მათ მუნიციპალიტეტები ჰქვიათ, თუმცა ადმინისტრაციული საზღვრები იგივეა, როგორიც დამოუკიდებლობამდე ანუ საბჭოთა საქართველოს დროს იყო.

კიდევ რა სხვაობაა თვითმმართველ ქალაქებს და სათემო მუნიციპალიტეტებს შორის?

სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა თვითმმართველი ერთეულების სტატუსებს შორის სხვაობას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, მოსახლეობის რაოდენობითაც განსაზღვრავს. საქართველოს კანონმდებლობა (თვითმმართველობის კოდექსი) ასეთ კრიტერიუმებს არ ადგენს, ის ამ ერთეულების მხოლოდ სტატუსს განსაზღვრავს.

ესე იგი ყველა საკრებულოში წევრების რაოდენობა ერთნაირია?

არა. თუ თვითმმართველი ერთეულის სტატუსის განსაზღვრისას მოსახლეობის რიცხვი განმსაზღვრელი ფაქტორი არ არის, არჩევნების დროს ამომრჩევლის რაოდენობა (საარჩევნო კოდექსით) მთავარი კრიტერიუმი ხდება. ამის გამო, თვითმმართველ თემებში საკრებულოს წევრთა რაოდენობა შეიძლება განსხვავებული იყოს.

სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემით (პარტიული სიით) არჩეული 15 წევრისგან და ამ მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა თემიდან (სოფლების გაერთიანება, დაბა, ადმინისტრაციული ცენტრი) არჩეული მაჟორიტარი დეპუტატებისგან. რაც უფრო მეტი თემი შედის მუნიციპალიტეტში, მით უფრო დიდია მისი საკრებულოს წევრთა შემადგენლობა მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე. იმავდროულად, თუ ერთი თემის ამომრჩეველი მხოლოდ ერთ დეპუტატს ირჩევს, ადმინისტრაციული ცენტრის წარმომადგენლობა საკრებულოში, ამ ცენტრის (ქალაქის) ამომრჩევლების რაოდენობაზეა დამოკიდებული. კერძოდ, ქალაქი, რომელსაც 4-დან 10 ათასამდე ამომრჩეველი ჰყავს, 2 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს, თუ 10-დან 20 ათასამდე - 3-ს, თუ 20-დან 35 ათასამდე - 4-ს, ხოლო თუ 35 ათასსზე მეტი - 5 მაჟორიტარ დეპუტატს.

სათემო მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს დეპუტატების რაოდენობა ლიმიტირებულია. ბათუმის, ფოთის, რუსთავის და ქუთაისის საკრებულოებში პროპორციული სისტემით (პარტიული სიით) არჩეული 15, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეული 10 დეპუტატია.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, რომელიც, იმავდროულად, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოცაა, ის შედგება 50 წევრისგან, რომელთაგან 25 - პარტიული სიით არჩეული დეპუტატია, ხოლო 25 - მაჟორიტარი.

საკრებულოს დეპუტატები ვინ არიან და რა უფლებები აქვთ?

საკრებულოს დეპუტატი შეიძლება იყოს არჩეული როგორც პროპორციული (ანუ პარტიული სიით), ისე მაჟორიტარული სისტემითაც (ინდივიდუალურად). მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეიძლება პარტიამაც წარადგინოს (პარტიული კანდიდატი) და საინიციატივო ჯგუფმაც (უპარტიო, დამოუკიდებელი კანდიდატი). ის უნდა იყოს, სულ ცოტა, 21 წლის.
 
არჩევნებში გამარჯვებისთვის საკრებულოს დეპუტატებს საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ სჭირდებათ. პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებშიც გამარჯვებულად ის პარტია და კანდიდატი ითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმებს მიიღებს.

იმის გამო, რომ საქართველოს რეგიონებში კერძო და არასამთავრობო სექტორი ნაკლებად განვითარებულია, საკრებულოს დეპუტატები ხშირად საბიუჯეტო დაწესებულების თანამშრომლები არიან ხოლმე - ეგრეთ წოდებული ადგილობრივი ელიტა, მაგალითად, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, ექიმები და სხვ.

საკრებულოში დეპუტატების უმრავლესობა საზოგადოებრივ საწყისებზე, უხელფასოდ მუშაობს. ასეთ დეპუტატებს სხვაგან მუშაობის უფლებაც აქვთ. მათ ბიუჯეტიდან მხოლოდ სამეურნეო ხარჯებს უნაზღაურებენ, მაგრამ ასეთი ხარჯების პრემიების და დანამატების სახით ანაზღაურება კანონით აკრძალულია. ხელფასები მხოლოდ საკრებულოს თანამდებობის პირებს აქვთ. ესენი არიან საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეები, რომლებსაც საკრებულოს დაკომპლექტების შემდეგ დეპუტატები ირჩევენ.

საკრებულოს დეპუტატების უფლებამოსილებები ყველა მუნიციპალიტეტში ერთნაირია. მათი საქმიანობის მთავარი არსი ისაა, რომ გამორჩეულად ლოკალური საკითხებით არიან დაკავებულები და მერის საქმიანობის მაკონტროლებლების ფუნქციას ასრულებენ. წყვეტენ იმას, თუ რაზე დახარჯონ ბიუჯეტი, განაგებენ მუნიციპალური ქონების, საწარმოების და დაწესებულებების ბედს, განსაზღვრავენ ადგილობრივ გადასახადებს, მოსაკრებლებს და ასე შემდეგ.

დედაქალაქის დეპუტატებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უფლება აქვთ. თბილისის მთავრობის კონტროლის გარდა, ამ მთავრობის წევრებსაც თანამდებობებზე ისინი ამტკიცებენ.

მერებს რა უფლებები აქვთ და როგორ ვირჩევთ?

მერი მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც ანგარიშვალდებულია არამხოლოდ მოსახლეობის, არამედ საკრებულოს წინაშეც. ის შეიმუშავებს ბიუჯეტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს, ასევე წარუდგენს დეპუტატებს გადასახადებზე და მოსაკრებლებზე მომზადებულ გადაწყვეტილებებს, ათანხმებს მათთან მუნიციპალური ქონების საკითხებსაც, თუმცა საკადრო გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. თბილისის გარდა, ყველა სათემო მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში მერი თვითონ ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელი სამსახურების ხელმძღვანელებს.
  
საკრებულოს დეპუტატებისგან განსხვავებით, მერის ასარჩევად, რომელიც 25 წელზე ახალგაზრდა არ უნდა იყოს, ხმების უბრალო უმრავლესობა საკმარისი არ არის. ის არჩეულად ითვლება მაშინ, თუ მას მხარს დაუჭერს 50%-ზე მეტი ამომრჩეველი. თუ პირველ ტურში მერობის ვერცერთი კანდიდატი საკმარის ხმებს ვერ აგროვებს, მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომელიც ამომრჩევლებისგან მეტ ხმას დააგროვებს.

მერმა თანამდებობა შეიძლება დაკარგოს იმპიჩმენტის ან უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში. უნდობლობის პროცედურა მის წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს, როგორც საკრებულოს დეპუტატების, ისე ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ის ინიციატივით. იმპიჩმენტის საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს, მაგრამ კანონში არაფერი წერია იმაზე, თუ რა შეიძლება გახდეს მის მიმართ უნდობლობის პროცედურის დაწყების საფუძველი.

თბილისის მერს სხვა მერებისგან ის გამოარჩევს, რომ საკადრო გადაწყვეტილებებს უმეტესწილად დამოუკიდებლად ვერ იღებს. დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობას თბილისის საკრებულო ამტკიცებს. კაბინეტის წევრების რაოდენობას და ზოგადად მერიის სტრუქტურულ მოწყობას კი არა კანონი, არამედ მერიის დებულება და საკრებულოს დადგენილებები არეგულირებს. ამიტომ თბილისის მთავრობის წევრების რაოდენობა განსაზღვრული არ არის. ის შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს რეორგანიზაციაზე მიღებული გადაწყვეტილებით. თბილისის მთავრობის წევრები საქალაქო სამსახურის უფროსები და თბილისის 10 რაიონის ხელმძღვანელები (გამგებლები) არიან.

მერები, მათი მოადგილეები და საკრებულოს თანამდებობის პირები პოლიტიკური თანამდებობის პირებად ითვლებიან.

თვითმმართველი ერთეულების დამოუკიდებლობის ხარისხი როგორია?

საქართველოში თვითმმართველობებს სამართლებრივად საკმაოდ დიდი უფლებები აქვთ. თუმცა თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხს ფინანსური სიძლიერე განაპირობებს. გარდა იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სუსტია, ფინანსური დეცენტრალიზაციის ის ფორმულა, რომელიც დღეს საქართველოში თვითმმართველობებთან დაკავშირებით მუშაობს, სადავოა (მაგალითად, რა გადასახადი უნდა რჩებოდეს ადგილზე და რა მიდიოდეს ცენტრალურ ბიჯეტში) და სპეციალისტების თქმით, მუნიციპალიტეტების რეალურ განვითარებას აფერხებს.

გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობა! სად მივიდე?

თქვენს საარჩევნო უბანში. მისი ნახვა და იმავდროულად, საკუთარი თავის გადამოწმება საარჩევნო სიაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა თქვენი პირადი ნომრის შეყვანა მითითებულ გრაფაში და სერვისი რუკაზე თქვენი უბნის მისამართზეც მიგითითებთ.

კომენტარები ()

სხვა თემები