16 აპრილი 2018

დანაშაულიდან შეწყალებამდე

რით იხელმძღვანელა კომისიამ ვეფხია ბაქრაძის საქმის განხილვისას

პრეზიდენტი ძალადობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულთა შეწყალებას დროებით წყვეტს. საგანგებო ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა პირადად განმარტა ის გარემოებები, რის გამოც ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული შეიწყალა და სასჯელი 6 თვით შეუმცირა. საუბარია ვეფხია ბაქრაძეზე, რომელიც გასულ კვირას ბარნოვის ქუჩაზე ყოფილი მეუღლის შვილის, 25 წლის გოგოს შვილების თვალწინ მოკვლაშია ბრალდებული. მკვლელობამ და ბრალდებულის წარსულმა პოლიტიკოსებს საბაბი მისცა შეწყალების არსებული კრიტერიუმები ეჭვქვეშ კიდევ ერთხელ დაყენებინათ. ამასთან სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, რომ „უდოს“ (პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია) კომისიამ პატიმარ ბაქრაძეს არაერთგზის უთხრა უარი, თუმცა შეწყალების კომისიამ დადებითად გადაწყვიტა საქმე სწორედ უდოს კომისიის დახასიათებაზე დაყრდნობით. როგორ აღმოჩნდა საპატიმროს მიღმა ძალადობისთვის გასამართლებული ბაქრაძე და რა ინფორმაციას დაეყრდნო შეწყალების კომისია. ამ თემაზე „მაესტროს“ კითხვებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ უპასუხა.
 

ზვიად ქორიძე, გიორგი მარგველაშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

უმძიმესი ტრაგედიის შესახებ ვსაუბრობთ და ვიდრე უშუალოდ ამ საქმის და ამ ადამიანის შეწყალების დეტალებს განვიხილავთ, რაზეც თქვენ და პრეზიდენტმა დღეს ილაპარაკეთ, მანამდე მინდა გკითხოთ, პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს თუ არა იმას, რომ გარკვეულწილად იაზრებთ შეცდომებს, რომელიც შეიძლება დაშვებული ჰქონდა შეწყალების კომისიას წარსულში?

ეს გადაწყვეტილება, რომელიც მორატორიუმთან დაკავშირებით გაასაჯაროვა პრეზიდენტმა, თავისთავად გულისხმობს იმის ანალიზს, რას და როგორ აკეთებს კომისია, როგორ იღებს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ყველა იმ დაინტერესებულ ჯგუფს თუ აქტორს, რომელიც გარკვეულწილად არის დაკავშირებული ამ პროცესთან, ეს იქნება სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები, მეცნიერები, სამოქალაქოდ აქტიური ადამიანები, ვისაც ბოლო დღეებში ვხედავთ რომ აქვთ მოსაზრებები, ხედვები ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ კომისია ესაუბროს, გაეცნოს მათ მოსაზრებებს, ისევე როგორც ამ ადამიანებმა გაიგონ ის მექანიზმები, როგორ მუშაობს კომისია. შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ, რომ ვაკეთებთ ხარისხიანად, მაგრამ სჯობს ამ ხარისხის სტანდარტის აწევა. შეგვიძლია გავარკვიოთ და ვთქვათ, რომ იყო რაღაც ხარვეზი დაშვებული და იყო თუ არა ეს ხარვეზი საერთოდ ხარვეზი, ან რა შეიძლება შეიცვალოს. ამ შემთხვევაში მე მიმაჩნია, რომ თუ რაღაც ახალ სტანდარტს მოვიფიქრებთ, ეს სტანდარტი უფრო მაღალი ხარისხის იყოს, ვიდრე აქამდე არსებული იყო. იმიტომ რომ, მე პირადად დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც კომისიის სხვა წევრები, როდესაც ვმუშაობთ ამ ინდივიდუალურ საქმეებზე, გვაქვს რაც შეიძლება მეტი სიფრთხილე ერთის მხრივ, განსაკუთრებით ისეთ დანაშაულებზე, რომელიც შეეხება ძალადობას და მეორეს მხრივ, არის ისტორიები, არის ფაქტები, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ.

თქვენ ხარვეზი ახსენეთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსჯელობის საგანი გახდა და ეჭვქვეშ დადგა ის თუ რამდენად არგუმენტირებულად მიიღო გადაწყვეტილება შეწყალების კომისიამ. გავიხსენებდი ნარკოდანაშაულში ბრალდებულს, ისიც გახმაურებული საქმე იყო.

ყველა გადაწყვეტილების არგუმენტაცია კომისიაში დამუშავებულია. კომისიის წევრებს აქვთ თავისი ხედვა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ჩვენ მას ვთავაზობთ პრეზიდენტს. პრეზიდენტი ხშირ შემთხვევაში იზიარებს კომისიის გადაწყვეტილებებს, არის შემთხვევები, როდესაც არ იზიარებს და მას სხვა გადაწყვეტილება გამოაქვს. საბოლოო ჯამში იცით, რომ პრეზიდენტია პასუხისმგებელი შეწყალების აქტზე, ამიტომ ამ სათათბირო ორგანოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა და შედის ზუსტად ამ პოლემიკაში, მსჯელობს ამ გადაწყვეტილებებზე. ბოლო ხანებში ხშირად გვსმენია, რომ კომისია ხელის აწევით იღებს გადაწყვეტილებებს და პრეზიდენტი მას აკანონებს. არ არის ასეთი რამ. 

არსებობს რაიმე სტატისტიკური მონაცემები ვთქვათ რამდენჯერ გაიზიარა პრეზიდენტმა კომისიის რეკომენდაცია?

როგორ არ არის. ყოველთვის საჯაროა ეს ინფორმაცია და მე ბრიფინგებზე ყოველთვის მითქვამს, თუ რამდენი ადამიანის საქმე განიხილა კომისიამ, რამდენი ადამიანის შეწყალება შესთავაზა პრეზიდენტს და პრეზიდენტმა რამდენი ადამიანი შეიწყალა.

რამდენად ხშირად სჭარბობს შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტი კომისიის გადაწყვეტილებებს ეთანხმება?

არის შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტი არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია არ ეთანხმება ამას თავისი მოსაზრებებით. ვეფხია ბაქრაძის ისტორიაც ასეთია, როდესაც  2016 წლის ოქტომბერში კომისიამ წარუდგინა გადაწყვეტილება პრეზიდენტს, კომისია სთავაზობდა სრულად შეწყალებას დარჩენილი სასჯელის და პრეზიდენტმა გაუნახევრა ეს სასჯელი. თუმცა 2015 წელს, როდესაც ასევე იხილებოდა კომისიაზე ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხი, მაშინ კომისიამაც უარი თქვა, ამიტომ ის პრეზიდენტთან განსახილველად არც მისულა.

მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად, რა ხდებოდა 2015 წელს და რა გარემოებები შეიცვალა 2015-დან 2016 წლამდე, რამაც გამოიწვია პრეზიდენტის პოზიციების ცვლილებაც

არა, 2015 წელს გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო უარყოფითი, იმიტომ რომ, მინიმალურ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა ვეფხია ბაქრაძის თხოვნა შეწყალების თაობაზე, ვადის კრიტერიუმებს. მას ჰქონდა წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლი და მისჯილი ჰქონდა 3 წელი, ამიტომ წელიწადნახევარი უნდა ყოფილიყო გასული და არ იყო გასული. ამიტომ მაშინ ჩვენ საქმეზე დადებით გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით. რაც შეეხება 2016 წლის ოქტომბერს, უკვე წელიწადი და ათი თვე იყო გასული, დარჩენილი იყო წელიწადი და ორი თვე. ჩვენ არსებითად ვმსჯელობდით ამ საკითხზე. რა იყო ის არგუმენტები, რამაც გადაწონა კომისიის ხმები იქეთკენ, რომ დაგვეჭირა მხარი სრული შეწყალებისათვის, საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლებისკენ იყო ის, რომ როგორ შეიცვალა თავად ადამიანის მდგომარეობა საპატიმრო დაწესებულებაში, როგორ მოხდა მისი რესოციალიზაცია. პირველ რიგში ამას ყოველთვის ვითვალისწინებთ, იმიტომ რომ, ვეყრდნობით იმ მონაცემებს, რომელიც ჩვენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მოგვდის ადმინისტრაციის, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის დასკვნების სახით, სამედიცინო დასკვნას ვითვალისწინებთ, ყოველთვის ვეყრდნობით როგორი არის და არის თუ არა სამედიცინო დასკვნაში ისეთი ტიპის ჩანაწერები, რომელმაც შეიძლება დანაშაულის რეციდივზე დაგვაფიქროს მომავალში. პლუს, ის სხვა დოკუმენტაცია, რომელიც იყო მოწოდებული ამ შემთხვევაში, ჩვენ გვიბიძგებდა იქეთკენ, რომ მიგვეღო გადაწყვეტილება მისი სრულად გათავისუფლების. ასევე იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი ის, რომ მას განცხადებაში, რომელიც დასტურის სახით გამოაგზავნა საპატიმროდან, თავად სოციალური მუშაკის მიერ აღწერილ ცნობაში წერია, რომ ჰყავს მეუღლე და 4 შვილი და ფსიქოლოგის დასკვნაში არის განმარტებული, რომ ოჯახი არის მისი მთავარი ზრუნვის საგანი და მოტივატორი, შესაბამისად ის ინფორმაცია, რომელიც თავად ოჯახიდანაც მოდიოდა, ეს ყველაფერი კრავდა იმ განწყობას. თან, აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც იყო ის, რომ ორი მუხლით იყო მსჯავრდებული ვეფხია ბაქრაძე 2014 წელს, პირველი იყო ძალადობა, რომელიც მან განახორციელა ოჯახის წევრის მიმართ, სცემა მეუღლეს და ეს მოხდა 2014 წლის 18 აგვისტოს, მაგრამ ის დააკავეს არა 18,19 ან 20 აგვისტოს, ანუ ამ დანაშაულის ჩადენიდან მალე, არამედ დააკავეს 2014 წლის 27 დეკემბერს, როდესაც მას შეემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა. ამ დანაშაულის შემდეგ დააკავეს ის. პრაქტიკულად 4 თვე-ნახევარი ის იმყოფებოდა თავისუფლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისგან იყო ძალადობრივი აქტი ჩადენილი, მაგრამ მის მიმართ არ განხორციელდა რეპრესიული მექანიზმი, ანუ არ აღუკვეთეს მას თავისუფლება და არ მოათავსეს საპატიმროში. რა თქმა უნდა, ეს დამატებით აჩენდა კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის იყო ეს ძალადობრივი აქტი, იმიტომ რომ, თავად განაჩენში ჩვენ ვკითხულობთ იმასაც, რომ დაზარალებულს მაშინ აღარ ჰქონდა უკვე არანაირი პრეტენზიები, მეტიც ის ითხოვდა, რომ საკმაოდ მცირე ყოფილიყო სასჯელი მისი მეუღლის მიმართ. თავისთავად ეს არის ძალადობის შემთხვევების ანატომია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ...

თუმცა მსხვერპლი ხშირად არის ხოლმე ასეთ პოზიციაზე და ესეც ქართული რეალობის სირთულეა.

კი ბატონო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, 2016 წელს, როდესაც ჩვენ ვიხილავდით მსგავს საქმეებს, მაშინ ოჯახური ძალადობის მიმართ განაჩენები იყო ძალიან მწირი, პრაქტიკულად არ იყო. შემიძლია გითხრათ, რომ თან ეს დანაშაული 2014 წელს არის მომხდარი და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ 2014 წელს მგრძნობელობაც კი ასეთი იყო. დააკვირდით, 19 აგვისტოს ძალადობა მოხდა და 27 დეკემბერს კაცი დაიჭირეს ავარიის გამო. არა მაშინვე, როგორც კი ეს ძალადობა მოხდა. მე მესმის, რომ ეს პრობლემები ჩვენ საზოგადოებაში იყო, ჩვენ, რა თქმა უნდა, კომისიაში სულ გვაქვს ამაზე მსჯელობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ოჯახური ძალადობის სხვა ფაქტები არ არის კომისიაში? ან მასზე არ იყო გაცემული რეკომენდაციები, ან არ არის გამოყენებული? მაგრამ თუ დავაკვირდებით, თანდათანობით, როდესაც 2017 წელს ამოქმედდა ოჯახური ძალადობის მიმართ გამკაცრებული სასჯელი და 2018 წელს ასეთი კომისიიდან ასეთი დადებითი რეკომენდაციები პრაქტიკულად აღარ არის პრეზიდენტთან და შესაბამისად შეწყალებებიც აღარ არის. ეს არის ის თემა, რომელზეც ჩვენ გარკვეულწილად ვიღებთ პასუხისმგებლობას. როცა ვსაუბრობთ შეწყალების კომისიის პასუხისმგებლობაზე, პრეზიდენტმა ეს ღიად თქვა და ამიტომაც შემოიღო მორატორიუმი, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახოთ არგუმენტები, მსჯელობა, რომელსაც იყენებს კომისია, როდესაც იღებს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ნებისმიერ ძალადობრივ დანაშაულზე. აქ არ არის მარტო ოჯახურ ძალადობაზე საუბარი. ვნახოთ, აი ამ მსჯელობაში არის თუ არა რაიმე ისეთი არსებითი ხარვეზი, რომელიც შეიძლება შემოგვთავაზონ სხვა დაინტერესებულმა ჯგუფებმა და ამიტომ დავიწყებთ ჩვენ ამ კომუნიკაციას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვამბობთ, აქამდე რა გადაწყვეტილებებიც მიიღო კომისიამ, ის ხარვეზიანი იყო. ის იყო მაქსიმალურად მაღალი პასუხისმგებლობით, მაგრამ რაკი ასეთი ერთი კონკრეტული შემთხვევა მაინც მოხდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ის რაც ამ ბრალდებულმა გააკეთა ბარნოვის ქუჩაზე, ეს არის სიურპრიზი. ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აღვიქვამთ, რომ ეს სიურპრიზია. მით უმეტეს ვისაუბროთ იმაზე, რომ წინ სიურპრიზების კასკადი გველოდება იმის სათქმელად, რომ შეწყალების მექანიზმი არის არასრულყოფილი და პრეზიდენტი მას სწორად არ იყენებს.

უდოს კომისიის დახასიათების შესახებ მინდა გკითხოთ. თქვენ ბრძანებდით, პრეზიდენტმაც თქვა, რომ განსხვავებული ინფორმაცია გქონდათ, პოზიტიური დახასიათება გქონდათ...

არა, ეს არ არის უდოს კომისიის დახასიათება, ეს არის ჩვეულებრივი დახასიათება, რომელიც გაიცემა ყველა მსჯავრდებულზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

კი, თუმცა იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ეს დახასიათება არ მოიცავს, არ ნიშნავს არც დადებით და არც უარყოფით შეფასებას.

მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დახასიათება, რომელიც გვეგზავნება ჩვენ შეწყალების კომისიაში და ჩვენ მნიშვნელოვანწილად ვეყრდნობით ამ დახასიათებას და ეს დახასიათება ეგზავნება ეგრეთ წოდებულ უდოს კომისიას, რომელიც არის სასჯელაღსრულების სტრუქტურა და ეს ნიშნავს ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლების მექანიზმს.

თუ თანაბრად იყავით ინფორმირებულები, გამოდის, რომ უდოს კომისიამ კარგად გათვალა რისკები, ვიდრე შეწყალების კომისიამ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი 2016 წლის ოქტომბერში დადებითი რეკომენდაცია გვქონდა, მაგრამ პრეზიდენტმა გაუნახევრა სასჯელი ვეფხია ბაქრაძეს. ამ დროისთვის მისი საქმე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაზე ვერ განიხილებოდა, იმიტომ რომ, მას არ ჰქონდა მოხდილი სასჯელის 2/3. მას ეგრეთ წოდებული უდოს კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობა გაუჩნდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შეწყალების მექანიზმი გამოიყენა და მას სასჯელიდან ეს 7 თვე ჩამოაკლო. 2017 წლის 26 დეკემბერს უნდა გათავისუფლებულიყო საპატიმროდან ვეფხია ბაქრაძე, ის გათავისუფლდა 2017 წლის 25 მაისს. შესაბამისად, 2016 27 ოქტომბრიდან მას გაუჩნდა შესაძლებლობა მიემართა უდოს კომისიისთვის.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ გაუჩინა მას ამის შესაძლებლობა, ხომ ასეა?

მას უბრალოდ ამის შესაძლებლობა ექნებოდა 2016 წლის დეკემბრიდან, მაგრამ რაკი შეწყალების მექანიზმი იყო გამოყენებული მის მიმართ, მას ოქტომბერში გაუჩნდა ამის შანსი და მიმართა უდოს კომისიას. როცა სასჯელაღსრულების სამინისტრო საუბრობს, რომ 6-ჯერ განიხილეს ეს საკითხი, ეს ლოგიკურია. ბოლო 6 თვის განმავლობაში მსჯავრდებულს ყოველ თვე შეუძლია მიმართოს უდოს კომისიას და მან მიმართა ყოველ თვე.

თქვენ ორაზროვანი კითხვა დასვით, ეს განგებ ხომ არ გააკეთა სასჯელაღსრულების უწყებამ?

როდესაც დღეს სასჯელაღსრულების წარმომადგენელი საუბრობს, რომ ეგრეთ წოდებული უდოს კომისია დაეყრდნო უარყოფით დახასიათებას, დაეყრდნო იმ რისკებს, რომელიც მან გაითვალისწინა ამ კონკრეტულ მსჯავრდებულთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ის რისკები და ის უარყოფითი ფსიქოტიპი ამ ადამიანისა გამომდინარეობს ამ დახასიათებიდან, რომელიც სასჯელაღსრულების კონკრეტულმა დაწესებულებამ გასცა. შესაბამისად ეს ინფორმაცია ჩვენც უნდა გვქონოდა. ჩემი კითხვა არ იყო მთლად რიტორიკული, ძალიან კონკრეტული იყო, იმიტომ რომ, თუ ამ ადამიანის შესახებ ასეთი ინფორმაცია ჰქონდა სასჯელაღსრულების სამინისტროს, მან განგებ არ მიაწოდა ეს პრეზიდენტის სამსახურს?

შეწყალების კომისიას არ ევალება, რომ ეს ინფორმაცია გადაამოწმოს?

ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, კონკრეტულად ვეფხია ბაქრაძის დახასიათება შეწყალების კომისიამ მიიღო 2016 წლის 23 ივლისს, მაშინ გამოიგზავნა ის საპატიმრო დაწესებულებიდან, კომისიაზე გავიდა ოქტომბერში. 23 ივნისიდან კომისიის სხდომამდე თუ რაიმე ახალი გარემოებები ჩნდებოდა ვეფხია ბაქრაძესთან დაკავშირებით, მისი სოციალური, მისი ფსიქოლოგიური ან მისი რეჟიმთან დაკავშირებული პრობლემით, მათ ვალდებულება აქვთ, ჩვენ გვაცნობონ. პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ხშირად მოგვდის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ინფორმაცია, რომ ამ ადამიანის მიმართ განხორციელდა დამატებითი ადმინისტრაციული ზომები, კონკრეტული მსჯავრდებულის მიმართ აღიძრა ახალი სისხლის სამართლის საქმე. უკვე გამოგზავნილი დახასიათების შემდეგ ვიღებთ დამატებით ინფორმაციას, იმიტომ რომ, შეიძლება რაიმე აკრძალული ნივთი ჰქონდეს მსჯავრდებულს საკანში.

მოკლედ, ეს კომისიის მხრიდან არ იყო შეცდომა და შეიძლება იყოს ხარვეზი?

არანაირად არ იყო შეცდომა და ეს არ არის ხარვეზი. ძალიან ცუდია. თუ არის ხარვეზი, ეს ხარვეზი არის სასჯელაღსრულების სამინისტროს მხარეს და არა - შეწყალების კომისიის. ახლა ჩვენ განტევების ვაცს კი არ ვეძებთ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, პროცედურა როგორია და რა თქმა უნდა, დღეს ამაზე პრეზიდენტმაც ისაუბრა, მეც ვისაუბრე და ახლაც ვსაუბრობ - თუ ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ არა კონკრეტულ დანაშაულზე, რომელიც მოხდა ბარნოვის ქუჩაზე, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რამდენად სწორად მოიქცა კომისია, როდესაც მან 2016 წლის ოქტომბერში შესთავაზა დადებითი რეკომენდაცია პრეზიდენტს, რამდენად სწორად ვეყრდნობით იმ მასალებს, რაც გვაქვს განსახილველად, რამდენად გამართულია სამართლებრივად თუ სხვა ფორმით ის დოკუმენტები, რაც გვაქვს და ამით ხომ არ ვახერხებთ ჩვენ იმას, რომ ავირიდოთ ის რისკები, რომელიც შეიძლება გაჩნდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ავირიდოთ ის რისკები, რომელიც შეიძლება გაჩნდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და პრეზიდენტი როდესაც საუბრობს მორატორიუმზე, სწორედ ამას ვგულისხმობთ, ამ მორატორიუმის პირობებში ყველა დაინტერესებულ ჯგუფის მოწვევაზე, ვისაც მოსაზრება აქვს. აქ საუბარი არ არის კონკრეტულად დღევანდელი შეწყალების  კომისიის, ან პრეზიდენტ მარგველაშვილის მმართველობის დროს როგორ მოხდება შეწყალების მექანიზმის  ასე ვთქვათ გაკეთილშობილება. ზოგადად შეწყალების მექანიზმის უკეთ გამართულობისთვის მომავალში იქნება მნიშვნელოვანი ეს დისკუსიები.    

ასეთი კრიტიკაც გვესმოდა დღეს პოლიტიკოსების მხრიდან, რომ პრეზიდენტი მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ კონსტიტუციურ უფლებას - შეწყალებას და საუბარი იყო შეწყალებული პატიმრების რაოდენობაზე, რომ არ უნდა იყოს ამ რაოდენობის და ის უნდა იყოს საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი გამოიყენებს ამ უფლებამოსილებას. იზიარებთ კრიტიკის ამ მიმართულებას და რას ეტყოდით ამ დეპუტატებს?

ვერანაირად ვერ ვიზიარებ პირველ ნაწილს, რომ პასუხისმგებლობის დეფიციტი იყო შეწყალების რომელიმე აქტში. მიმაჩნია, რომ კომისიის ყველა წევრი მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ასევე ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით არის ყოველთვის მომზადებული. რაც შეეხება რაოდენობას, რაოდენობაზე ბევრჯერ გვისაუბრია და ყოველთვის აღვნიშნავთ, ბევრი სტატისტიკაც მოგვიწოდებია და გვინახავს, რომ დანაშაულთა საერთო რაოდენობაში, ნახევარზე მეტი, დაახლოებით 60%-მდე დანაშაული უკავშირდება ნარკოტიკულ დანაშაულებებს და ამასთან დაკავშირებით ძალიან ცხადად არის ნათქვამი და საზოგადოებამ იცის შეწყალების კომისიის დამოკიდებულება ნარკოდანაშაულების მიმართ, რამდენად შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და ვიცით, რომ ეს პროცესი არის გაჩერებული, არ არ ვიცით როგორ დაიძვრება, იმიტომ რომ, პარლამენტი ამის თაობაზე გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ნამდვილად არ არის შეწყალების კომისიის საქმე ის, რომ ადამიანები იმ განაჩენებით, რომელიც არის ნარკოდანაშაულებთან დაკავშირებით, სამართლის საძებნელად მოდიოდნენ შეწყალების კომისიაში. თებერვალში პრეზიდენტმა გაამარტივა წესი...

თუმცა აქაც არის შემთხვევა, როდესაც არა მოხმარებისთვის, არამედ მძიმე ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული აღმოჩნდა შეწყალების შედეგად საპატიმროს მიღმა.

ჩვენ ვსაუბრობთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ნარკოდანაშაულებზე, მაშინ ამაზე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ, იმიტომ რომ, ეს არის საკმაოდ დელიკატური თემა - რა არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, არის 840 აბი, თუ არის 11 აბი? 

ამაზეც შეიძლება იმსჯელოს შეწყალების კომისიამ?

რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვმსჯელობთ და გარკვეულ სტანდარტებს შიდა მუშაობაში ვაყალიბებთ კიდევაც, როგორ შეიძლება ამ დროს იმუშაოს შეწყალების მექანიზმმა კონკრეტული ნარკოდანაშაულების ბრალდებით მსჯავრდებულ ადამიანებზე. პრეზიდენტის ინიციატივა თებერვლის სწორედ ამას შეეხებოდა, თორემ თუ ის ნარკოპოლიტიკა, რომელსაც შეცვლის საქართველოს პარლამენტი და მას განახორციელებს საქართველოს მთავრობა და ეს იქნება მაქსიმალურად ლიბერალური, დარწმუნებული ვარ, ერთის მხრივ, პატიმართა რაოდენობა შემცირდება ქვეყანაში და მეორეს მხრივ, შეწყალების კომისიის ეს სტატისტიკა არ იქნება ასეთი „დამანგრეველი“, როგორიც მიაჩნია ზოგ პოლიტიკოსს. ეს ადამიანები, კი ბატონო, შეიძლება ხვალ ისევ დაიჭირონ, იმიტომ რომ, თუ ის ნარკომომხმარებელია, თუ მას აქვს წამალზე დამოკიდებულება, ის ბუნებრივია შეწყალების ერთი აქტით ამას ვერ შეწყვეტს. აქ სხვა სოციალური პოლიტიკაა საჭირო.

თუმცა ბოლო შემთხვევაში საუბარი იყო გასაღების ფაქტზე, სხვა ტიპის ნარკოდანაშაულზე და არა მოხმარებაზე. ბახალას საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს ვგულისხმობ, რომელიც ასევე იყო შეწყალებული.  

ამასთან დაკავშირებით მე ვრცელი კომენტარებიც გავაკეთე, ამაზე პრეზიდენტმაც ისაუბრა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით. ეს არის ადამიანი, რომელიც შეწყალებულია 2014 წელს და ის გარემოებები, რაც უკავშირდებოდა მის შეწყალებას, ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ. აქ არ არის საუბარი კონკრეტულად იმაზე, რომ აუცილებლად ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკები, როგორც წესი, არიან შეწყალებულები. არიან ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან საპატიმრო დაწესებულებაში და ასევე ნარკოტიკების გასაღებაზე მსჯავრდებული ადამიანებიც იმყოფებიან საპატიმრო დაწესებულებაში.

სასჯელაღსრულების სამინისტროდან განცხადებაა, როგორც ჩანს ჩვენს ინტერვიუს უსმენენ. თქვენ ბრძანეთ, რომ გარკვეულწილად ეყრდნობოდით უდოს კომისიის ცნობებს. მათ თქვეს, რომ იმ ინფორმაციაში, რომელიც ჰქონდა შეწყალების კომისიას სასჯელაღსრულებიდან, მითითებული იყო ცალსახად, რომ ეს პატიმარი, ვეფხია ბაქრაძე მაღალი რისკის მატარებელი იყო. იყო თუ არა ეს ასე?

შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი ჩანაწერი იმ დოკუმენტში, რომელიც არის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსული და შემდგომ შეწყალების კომისიას გადმოეცა, არსად არ არის ნახსენები, რომ არის მაღალი რისკის მატარებელი. აქ საუბარია იმაზე, რომ ის შეფასებისას არის ადეკვატური, ნეგატიურ კონტექსტში განიხილავს თავის ქცევას, ვლინდება პასუხისმგებლობის განცდა, რომ მისი ძირითადი მოტივატორი არის ოჯახი და მასზე ზრუნვა, ავლენს კოგნიტური უნარების ნორმალურ ხარისხს საკუთარი შესაძლებლობების შეფასების კონტექსტში, ადეკვატურად საუბრობს მომავალზე, არ ქმნის კომფლიქტურ სიტუაციებს და ასე შემდეგ. არის მშვიდი და გაწონასწორებული. არსად არ წერია ამ ჩანაწერში, რომ ის არის მაღალი რისკის მატარებელი. თავისთავად მაღალი რისკის მატარებელი ინფორმაცია ჩვენთვის იყო ის, რომ ის იყო გასამართლებული 11 პრიმა 117-ე მუხლით. ეს იყო მაღალი რისკის მატარებელი. ჩვენ ამ კითხვას ვსვამდით კომისიაზე, როდესაც ამ საკითხს ვიხილავდით. ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც არის მაღალი რისკის მატარებელი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანი, რომელიც ასეთი მუხლითაა მსჯავრდებული, როგორ ხდება მისი ტრანსფორმაცია, როგორ ხდება მისი ცვლილება.

ფაქტობრივად, გამოდის, რომ ამ დახასიათებამ გადაწონა თუნდაც ის რისკი, რომელზეც ახლა საუბრობთ?

როგორც წესი, აბა ჩვენ გადაწყვეტილებებს რის საფუძველზე ვიღებთ? ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც ეს საჯარო უწყებები ჩვენ გვაწვდიან. ამ შემთხვევაში სასჯელაღსრულების სამინისტრო. არის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელსაც ვეცნობით, ვეცნობით გადაწყვეტილებას თავად სასამართლოს განაჩენში როგორ არის მოწოდებული ინფორმაცია ან როგორ არის ინფორმაცია მოწოდებული თავად საგამოძიებო პროცესის დროს.

კიდევ ერთი, ესეც სასჯელაღსრულების სამინისტროდან მოგვაწოდეს. თქვენ ბრძანებდით, რომ მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შემდეგ მიეცა ამ პატიმარს შესაძლებლობა უდოსთვის მიემართა და შედეგად დაეტოვებინა საპატიმრო, მაგრამ სასჯელაღსრულებია აცხადებს, რომ შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებამდე უარი ეთქვა სასჯელის განახევრებაზე უდოს კომისიისგან. იყო ასეთი რამ?

მე ვერ გეტყვით ამას. თუ ასე მოხდა, მაშინ ალბათ პროცედურებსაც განმარტავს სასჯელაღსრულების სამინისტრო, სასჯელის 2/3-ის მოხდამდე რატომ ჰქონდა მას მიმართვიანობა ეგრეთ წოდებული უდოს კომისიისთვის, მაგრამ თუ ჰქონდა და ასეთი უარყოფითი დახასიათება ჰქონდა კომისიისთვის, მაშინ, მით უმეტეს, ლეგიტიმური ხდება ის კითხვა, რომელიც მე მქონდა - ჩვენ რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია, ჩვენ რატომ არ დაგვარწმუნეს იმაში, რომ რისკი არის ისევ მაღალი. ჩვენ პრაქტიკულად ვართ იმ ინფორმაციის ამარა, რომ რისკები არის სრულიად ნეიტრალიზებული და არის კიდევ სხვა გარემოებები, რომელიც არის აღნუსხული ამ ინფორმაციაში, მისი ოჯახური მდგომარეობა, ოჯახის მიმართ განწყობა და ასე შემდეგ იყო ის ფაქტორები, რომელზეც ჩვენ დაგვაფიქრა, რომ დადებითი გადაწყვეტილება მიგვეღო. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა, სწორედ იმის გამო, რომ იქ არის ძალადობრივი ფაქტორი თავად განაჩენში მოწოდებული, მან სასჯელი გაანახევრა და კომისიის ეს რეკომენდაცია მაშინ არ გაითვალისწინა. ეს არის, რისი თქმაც თქვენს კითხვაზე შემეძლო. დიდი მადლობა, რომ ამის საშუალება მომეცით და კიდევ ერთხელ, ვწუხვარ იმ ფაქტის გამო, რაც მოხდა. თუმცა ძალიან ვთხოვ ყველას, ეს შეეხება ყველა საჯარო პირს, ყველა მედიასაშუალებას, რომ როდესაც ვიწყებთ იმის მცდელობას, ერთმანეთს დავუკავშიროთ შეწყალების აქტი, რომელიც სხვა კითხვას უფრო აჩენს, ვიდრე მის რელევანტურ კავშირს ბარნოვის ქუჩაზე გასულ დღეებში მომხდარ მკვლელობასთან, და ამ მკვლელობას შორის იპოვის აუცილებლად ეს მიზეზშედეგობრივი კავშირი, იმიტომ რომ, ეს ამ ყველაფრის არასწორი ინტერპრეტაციაა, საკმაოდ პოლიტიკურად დამუხტული ინტერპრეტაციაა, რომლითაც შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ. ჩვენ შეიძლება შეწყალების მექანიზმთან დაკავშირებით ვისაუბროთ, მსგავსი ტიპის დანაშაულებზე როგორ იყოს გამოყენებული შეწყალების მექანიზმის და ეს მორატორიუმი კიდევ ერთხელ დაგვეხმარება, ჩვენი ხედვები იყოს თუ არა საკმარისი და ვის აქვს სხვა ხედვების მოწოდების სურვილი.

ვიდეო 

სხვა ინტერვიუები