18 სექტემბერი 2018

როგორი იქნება თბილისის ახალი ტაქსი

ინტერვიუ მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსთან

დედაქალაქის ცხოვრებაში სიახლეებია. თბილისის მერი ინიციატივით გამოდის, მუნიციპალური პარკირების ადგილების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე ჯარიმის ოდენობა გაიზარდოს. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ვინაიდან ჯარიმის ოდენობა დაბალია, პარკირების არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები ხშირია. სიახლეა ისიც, რომ ტაქსების ერთიანი ვიზუალის და ავტომანქანაზე სარეკლამო ბანერის შესახებ ერთიანი სტანდარტი დამტკიცდება. ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ავტომობილზე გამოყოფილი სარეკლამო ადგილით და დამატებითი ფინანსური სარგებელი მიიღონ. რაც შეეხება მეტროს, ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის ხაზზე მეტროს სამი ახალი 4-ვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, საბურთალოს ხაზსს კი ერთი 3-ვაგონიანი შემადგენლობა. თემაზე „მაესტროს“ კითხვებს თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ უპასუხა.
 

თბილისის ტაქსი

ფოტო: shutterstock.com

მოდით, ტაქსებით დავიწყოთ. ყველაზე საინტერესო ახლა ეს არის თბილისელებისთვის. როგორი იქნება ტაქსი ვიზუალურად?

ტაქსების ვიზუალთან დაკავშირებით ვმუშაობთ, საბოლოო ვარიანტი შეჯერებული არ არის, თუმცა უახლოეს დროში, ერთ კვირაში, მაქსიმუმ ორ კვირაში მომზადებული გვექნება და წარმოვადგენთ ვიზუალს, თუ როგორი შეიძლება იყოს თბილისის ტაქსი.  

რაიმე მინიშნება მოგვეცით, ან ფერი, ან სტილი, ან დიზაინის რაიმე ელემენტი. რაღაცაზე ხომ ხართ ჩამოყალიბებულნი?

დიზაინის ელემენტები - ეს იქნება ტაქსის ვიზუალი. ანუ, შეხედულებით უფრო მეტად გასარკვევი იყოს, რომ ეს არის ტაქსი. ტაქსის აღმნიშვნელი მრავალი ნიშანი არსებობს და ტაქსი მარტო იმით არ უნდა იყოს შემოფარგლული, რომ ტაქსის ნიშანი იყოს. შეიძლება გვერდები იყოს შეღებილი. ჭადრაკისებური ფიგურებით არის ხოლმე ცნობილი ტაქსი და შეიძლება ასეთი ფიგურები იყოს გათვალისწინებული. ვმუშაობთ დიზაინზე.

ფერი თუ გაქვთ გადაწყვეტილი, ეს ყვითელი ფერი იქნება?

კონკრეტულად ფერთან დაკავშირებით ლაპარაკისაგან ამ წუთისთვის თავს შევიკავებ, ვინაიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ერთობლიობაში წარმოვადგენთ, როგორც დიზაინს, ისე ფერს. თუმცა ჩვენ ერთი მომენტი ვთქვით, სარეკლამო სივრცე იქნება გათვალისწინებული აუცილებლად, რომ შემოსავლის წყარო იყოს მძღოლისთვის.

ძალიან საინტერესო მომენტია, როგორ მოხდება ამ რეკლამის გაყიდვა, ინდივიდუალურად ყველა მძღოლი თავის სარეკლამო ადგილს გაყიდის თუ ეს რაღაც ცენტრალიზებულად მოხდება?

თვითონ ექნება უფლება გაყიდოს იმ ფასად, რომელ ფასსაც თვითონ შეათანხმებს დამკვეთთან.

როგორც ვხვდები, მძღოლები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, რა ფასად და ვის მიჰყიდონ თავიანთი სარეკლამო ადგილი?

რა თქმა უნდა, მისი ავტომობილია, მისი მფლობელობაა და მისი გადასაწყვეტი იქნება.

თუ არ ვცდები, ნოემბერში გვეცოდინება ეს ვიზუალური მხარე და ამის შემდეგ როდიდან გახდება სავალდებულო და თუკი დაირღვევა ეს ვალდებულება, რაიმე ჯარიმა თუ გაქვთ გათვალისწინებული?

რა თქმა უნდა, არის. როგორც ნებართვის არ აღება ჯარიმდება 200 ლარით, ასევე არის პირობის შეუსრულებლობაც. მოგეხსენებათ, ნებართვების გაცემა დაწყებულია, პირველი ოქტომბრიდან ნებართვა უნდა ჰქონდეს ტაქსის მომსახურების განმახორციელებელს აუცილებლად, თუ არ ექნება ნებართვა, შესაბამისად დაჯარიმდება. პირობის რამდენიმე მომენტს გამოვყოფ, ეს არის, რომ ტაქსის ნიშანი უნდა ჰქონდეს განთავსებული მანქანის სახურავზე, შუა ნაწილზე უნდა ჰქონდეს განთავსებული. აუცილებლად, ნებართვას რომელსაც მოიპოვებს, მანქანის შიდა ინტერიერში თვალსაჩინო ადგილას უნდა ჰქონდეს განთავსებული, თუ არ ექნება განთავსებული თვალსაჩინო ადგილას, ან არ ექნება ტაქსის ნიშანი, ეს ჩაითვლება პირობის დარღვევად და დაჯარიმდება ტაქსის მფლობელი პირი, მეწარმე.

ალბათ, გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ავტომობილის მოყვანა იმ ვიზუალურ მდგომარეობაში, როგორსაც თქვენ დაამტკიცებთ. ეს ხარჯები ვისი გასაწევი იქნება, მძღოლმა ხარჯები თვითონ უნდა დაფაროს?

დღევანდელ დღეს მძღოლს არანაირი ხარჯი არ აქვს გასაწევი. ძალიან მინიმალურ თანხებზეა საუბარი, რომ ნებართვა აიღოს და იმუშაოს.

თუმცა თქვენ დაამტკიცებთ ფერს და ლოგოს და ამის გადატანა მანქანაზე უფასო არ იქნება. შეიძლება დაამტკიცოთ, რომ ტაქსი უნდა იყოს მწვანე, მე კი მყავს ლურჯი მანქანა და მინდა ტაქსის მძღოლი ვიყო.

თქვენ გულისხმობთ, რომ შეღებვის ხარჯი მძღოლს შეიძლება დიდი თანხა დაუჯდეს? შესაბამისად, ვიზუალში რომ მოიყვანოს ავტომობილი, ამისთვის ექნება 1 წელი დრო. ჩვენ ვიტყვით ახლო მომავალში, მაქსიმუმ 2-3 კვირაში, თუ როგორი ვიზუალის და ფერის უნდა იყოს, ამის შემდეგ ერთი წელი ექნება დრო იმისთვის, რომ შესაბამისობაში მოიყვანოს თავისი ავტომობილი. ერთი წელი საკმარისი დროა იმისთვის, ვისაც მუშაობა უნდა და ეს მისი შემოსავლის წყაროა. გარწმუნებთ, სისტემა ისე ლაგდება, რომ დღეს თუ გადაჰყავს 10 მგზავრი, ხვალ გადაიყვანს 20 მგზავრს. ის, ვინც მომსახურებაშია და კარგად ასრულებს თავის მოვალეობას, დამერწმუნეთ, ნებართვის ქვეშ და სისტემის აწყობის შემთხვევაში უფრო მეტი იქნება მისი კლიენტი მომსახურების კუთხით. ამიტომ მძღოლების შემოსავლის ზრდასაც უნდა ველოდოთ.

თავად ის კონსტრუქცია, რაზეც განთავსდება რეკლამა, ესეც, ალბათ, გარკვეულ სტანდარტებს დაექვემდებარება და მძღოლებმა ესეც თავად უნდა შეიძინონ?

რა თქმა უნდა, ამ ნაწილშიც უნდა დაიცვან კანონი.

უკვე გაქვთ გადაწყვეტილი, თვითონ ავტომობილის კორპუსზე განთავსდება რაიმე სარეკლამო წარწერა თუ ავტომობილის სახურავზე დაიდგმება რაიმე, რაზეც შეიძლება რეკლამა განთავსდეს?

როდესაც ვიზუალს წარმოვადგენთ, იქ იქნება გათვალისწინებული და ადგილები მითითებული, სად შეიძლება განთავსდეს. ჩვენ გვქონდა ამის მაგალითები, რომელიც მე არ მომწონდა, ავტობუსი მინახავს, რომელიც ყვითელი ფერის იყო , მთლიანად მწვანე ფერში იყო შეფუთული რეკლამის გამო და საერთოდ დაფარული იყო ავტობუსი,  მარტო ტრაფარეტით შეიძლებოდა გარჩეულიყო. ამიტომ ასეც არ იქნება ნორმალური. 

რას გვეტყვით რეგისტრაციის ტემპებთან დაკავშირებით, უკვე რამდენმა მძღოლმა აიღო ნებართვა, საერთოდ კმაყოფილი ხართ თუ არა ამ პროცესით?

ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ გამარტივებულიყო ნებართვის მოპოვება. ამისთვის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, შესაბამისი ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია. ყველა გამგეობაში არის განთავსებული ფანჯარა, სადაც შეიძლება მივიდეს მძღოლი, ტაქსის ნებართვის მაძიებელი, ნებართვის მოსაპოვებლად მიიღოს შესაბამისი ინსტრუქცია. დამატებით ჩვენ იუსტიციის სახლში გავაჩინეთ ფანჯარა იმისთვის, რომ მძღოლისთვის იყოს გამარტივებული ტაქსის ნებართვის აღება. დღეის მდგომარეობით 2500-მდე ნებართვაა გაცემული. ამ თვის განმავლობაში მატება იყო და 1000-მდე ნებართვაა გაცემული. დიდი წილი მოსულია იუსტიციის სახლზე. ანუ, იმისთვის, რომ ნებართვები მოიპოვონ სწრაფად და მარტივად, ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი. მთავარია, გამოხატონ ნება, მივიდნენ და ნებართვა აიღონ, იმიტომ რომ, 1-ლი ოქტომბრიდან თუ ნებართვა არ ექნება მძღოლს, დაჯარიმდება.

მე ვვარაუდობ, რომ ალბათ ბოლო  მომენტში გაიცემა ნებართვების უდიდესი ნაწილი, ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე, მაგრამ 2 500-დან რომ ვიმსჯელოთ, ეს დაახლოებით რამდენი პროცენტია ტაქსების იმ სავარაუდო რაოდენობის, რომლებიც ქალაქში მოძრაობენ?

სამწუხაროდ, ამის სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ტაქსები მრავლად არის. ჩვენი ვარაუდით, შეიძლება 20 000 ტაქსი იყოს, თუმცა ნებართვების შემდეგ, როდესაც საერთო სურათს შევაჯამებთ, გვეცოდინება ზუსტი ციფრი.

10%-ზე ცოტა მეტია, ვინც უკვე აიღო ნებართვა?

დიახ, დაახლოებით 10% გამოდის. თუმცა თუ იქნება ძალიან დიდი ნაკადების მოწოლა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამისთვის 10-ვე გამგეობაში არის განთავსებული ფანჯარა და იუსტიციის სახლიც დაემატა. პლუს, ვისაც ნებართვის აღება უნდა, სულაც არ არის საჭირო, გამგეობაში ან იუსტიციის სახლში მივიდეს, შეიძლება აპლიკაციის მეშვეობით ვებგვერდის საშუალებით შეავსოს შესაბამისი ველები, ჩარიცხოს თანხა, იმ შემთხვევაში, თუ საწვავზე მომუშავე ავტომობილი ჰყავს. თუ ჰიბრიდი ან ელექტრო ჰყავს, საერთოდ არ სჭირდება თანხის გადახდა, ისე შეუძლია აიღოს ნებართვა ამ აპლიკაციის საშუალებით.

ახლა მეტროსთან დაკავშირებულ საინტერესო სიახლეებზე მინდა გკითხოთ. ახალი ვაგონები იქნება ხაზებზე და მოკლედ მოგვიყევით. ვინც მეტროთი სარგებლობს, მათ ნამდვილად დააინტერესებთ ეს სიახლე.

ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი არის, ნაბიჯები უკვე გადადგმულიც გვაქვს, რომ მკვეთრად შევამციროთ კერძო ავტომობილების მოხმარება და განვავითაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სადაც დიდი წილი არის მეტროს ნაწილში. მეტრო თუ ემსახურებოდა 400 000 ადამიანს, ჩვენ გვაქვს რესურსი, მომსახურება ავწიოთ 500 000-600 000 ადამიანზე. ამისთვის საჭიროა, შევამციროთ ინტერვალი, გაჩერებებზე ვაგონების მისვლის მოცდის რეჟიმი, ამას ემსახურება, რომ კიდევ ემატება მეტრის ვაგონების 4 შემადგენლობა, რამდენიმე თვეში დაემატება კიდევ 4 შემადგენლობა. ეს ნიშნავს ინტერვალის შემცირებას. წლევანდელ წელს დაახლოებით 3-წუთამდე ჩამოვიყვანთ ინტერვალს, რომ მეტი მგზავრის მომსახურება შევძლოთ - მგზავრს მეტროს ვაგონებში ხალხმრავალი, გადაჭედილი ვაგონი არ დახვდეს და კომფორტულად იმგზავროს ა-პუნქტიდან ბე-პუნქტამდე.

ვიდეო  

კომენტარები ()

სხვა ინტერვიუები