როგორ დაარწმუნა უმრავლესობამ ვენეციის კომისია
პარლამენტის თავმჯდომარის არგუმენტი
ვენეციის კომისიამ საბოლოო დოკუმენტი გამოაქვეყნა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კამათი საქართველოში დასრულდა. წინ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. ცნობილია უმრავლესობის და ოპოზიციის პოზიციები. ცნობილია ისიც, რომ საერთო ჯამში, ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებითაც და ჩატარებული სამუშაოთაც კმაყოფილია, მაგრამ წუხს ახალი საარჩევნო სისტემის ამოქმედების 2024 წლამდე გადადების გამო. როგორ ახსნა მმართველმა გუნდმა ვენეციაში ცვლილებების გადავადების მიზეზი და ვის აკისრებს ამაზე პასუხისმგებლობას პარლამენტის თავმჯდომარე? ირაკლი კობახიძეს „ქრონიკის“ კორესპონდენტი სოფო ბერიძე ესაუბრა.
ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა დაამტკიცა კომისიამ პლენარულ სხდომაზე. უნდა აღინიშნოს რომ, ხელმძღვანელობა საქართველოს კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით პოზიტივზე ნამდვილად უფრო მეტს საუბრობს პოზიტივზე, ვიდრე შენიშვნებზე, თუმცა რა არის მნიშვნელოვანი მმართველი გუნდისთვის - ევროპელი ექსპერტების ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები, თუ ვთქვათ, ქართული პოლიტიკური სპექტრის პოზიცია, რადგან ეს დოკუმენტი ხომ სწორედ ქართული ინსტიტუციების გაძლიერებისთვისაა?
ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო დემოკრატიული სისტემის გაძლიერება საქართველოში და ამ მიზანს ემსახურებოდა საკონსტიტუციო ცვლილებები. აქიდან გამომდინარე, ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ ძალიან თამამი განცხადება, ვენეციის კომისიასთან ჩვენ თანამშრომლობასთან დაკავშირებით და ვთქვით, რომ არც ერთი ისეთი ნორმა არ დამტკიცდებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ, რომელიც ნეგატიურ შეფასებას დაიმსახურებდა ვენეციის კომისიის მხრიდან. ჩვენ გვქონდა პოზიტიური დღის წესრიგი, პოზიტიური მიზანი: დაუხვეწავი კონსტიტუცია ჩანაცვლდება ძალიან დახვეწილი დოკუმენტით, რომელიც გააძლიერებს დემოკრატიის სტანდარტებს, გააძლიერებს სამართლებრივი საფუძვლების სტანდარტებს. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამორიცხავს ყოველგვარი ავტოკრატიის გამეორების რისკს საქართველოში და ეს არის ჩვენი რეფორმის მთავარი დამსახურება.
თუმცა დოკუმენტის მიმართ არსებული შენიშვნებიდან, მთავარი შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2024 წლიდან და ვენეციის კომისია ამბობს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადავადება სამწუხაროა. როგორ აუხსენით ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობას, 2020 წელზე უარი?
ჩვენ გვქონდა შეხვედრა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელებთან, პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან და მათთან დეტალურად განვმარტეთ მთელი ის პროცესი, რომელიც საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად. ვისაუბრეთ თითოეული სუბიექტის როლზე ამ პროცესში და განვმარტეთ ის, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციამ არ დაიკავა შესაბამისი პოზიცია საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, რომ მათ იმ პირობებში დატოვეს საკონსტიტუციო კომისია, როდესაც დოკუმენტში ასახული იყო პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისათვის გადასვლა. მათი მხარდაჭერის შემთხვევაში ჩვენ შევძლებდით ამ რეფორმის გატარებას უკვე შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუმცა ოპოზიციის თვითმიზანი კონსენსუსის არმიღწევა იყო და სწორედ ამან გახადა შეუძლებელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.
ოპოზიციის მხარდაჭერა გჭირდებოდათ იმიტომ რომ, გუნდის ყველა წევრი არ იყო ამ პოზიციაზე?
მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით განსხვავებული პოზიციები იყო. ამ იდეას ოპონენტები ჰყავდა და მათ ჰქონდათ კონკრეტული არგუმენტები. ეს სუბიექტური არგუმენტები არ ყოფილა, ეს იყო ობიექტური არგუმენტები. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ სისტემებს აქვს როგორც უპირატესობები, ასევე ნაკლოვანებები. საპარლამენტო უმრავლესობის გუნდის შიგნით იყო სერიოზული დისკუსია, მსჯელობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ოპონირება იყო და ამაზე ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობდით. ოპოზიციამ იცოდა, რომ ამ რეფორმასთან დაკავშირებით 113 ხმის მოგროვება მხოლოდ უმრავლესობის შიგნით შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ჩვენ ოპოზიციას მხარდაჭერისკენ მოვუწოდეთ, რაც უმრავლესობის შიგნითაც გაადვილდება კონსულტაციების გაგრძელებას, მაგრამ ოპოზიციამ თქვა უარი და მათ იმ პირობებში დატოვეს კომისია, როდესაც დოკუმენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შემდეგი არჩევნებისთვის იყო ასახული.
ალბათ მხოლოდ ოპოზიციას არ უნდა დაბრალდეს ეს ყველაფერი.
ეს იყო მხოლოდ ოპოზიციის ბრალი. ოპოზიციის კონსტრუქციული მიდგომის პირობებში ეს ყველაფერი გახდებოდა შესაძლებელი. ოპოზიციამ თვითმიზნად გაიხადა კონსენსუსის არმიღება, არდათანხმება იმ ცვლილებებზე, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო შემუშავებული და იმ პირობებში აკრიტიკებენ ისინი დოკუმენტს, როდესაც ვენეციის კომისიამ ძალიან დადებითად შეაფასა ეს დოკუმენტი და შეაფასა, როგორც ფუნდამენტური წინსვლა დემოკრატიულ სტანდარტების გაუმჯობესების მიმართულებით.
ოპოზიცია ემზადება კონკრეტული ნაბიჯებისთვის და ამბობენ კიდეც, რომ ხელისუფლებას მაღალ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის იმისი გამო, რაც კონსტიტუციასთან დაკავშირებით გააკეთა. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ და რა შეიძლება იყოს პასუხი მმართველი გუნდისგან?
ასეთი საუბარი არის სისუსტის ნიშანი. რეალურად, საქართველოში რთული ვითარებაა იმ კუთხით, რომ ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ პარტიას მაქსიმუმ 15%-იანი რეიტინგი აქვს. საქართველოში ოპოზიციას ესაჭიროება გაძლიერება და ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სწორედ ოპოზიციის გაძლიერებაა. და ეს ხდება იმის საფუძველზე, რომ ოპოზიციას უფართოვდება უფლებები საპარლამენტო ცხოვრებაში და ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბუნებრივია, ასეთი ოპოზიციით შეუძლებელი იქნება პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია. ოპოზიცია უნდა გაძლიერდეს და დღევანდელი კონსტიტუციის ახალი რედაქციის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ის აძლიერებს პოლიტიკური ოპოზიციის წონას პოლიტიკურ ცხოვრებაში.
და რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რომლის ინიცირებისთვისაც ემზადებით და რომელიც ისევ კონსტიტუციას ეხება. ხომ არ ხედავთ ისევ იმის საფრთხეს, რომ ისევ თქვენი თანაგუნდელების გამო 2024 წელს შეუძლებელი გახდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა; რომ ისევ თქვენი გუნდის იგივე წევრებმა დაიკავონ ის პოზიცია, რაც აქამდე ჰქონდათ და შეუშალონ ხელი ამ პროცესს? არასამთავრობოებმაც გამოთქვეს ვარაუდი, არ გვაქვს გარანტია, რომ მმართველი გუნდი საკუთარ პოზიციას არ გადათქვამსო.
პირველ რიგში, რაც შეეხება იმ ორ ცვლილებას, რაც დამატებით შევა საკონსტიტუციო ცვლილებებში და რომელიც შეეხება ბლოკების დაშვებას და ბონუსებს. ჩვენ წინასწარ კონსულტაციები გავლილი გვაქვს 116-ივე დეპუტატთან საპარლამენტო უმრავლესობაში და სწორედ ამ კონსულტაციების საფუძველზე მივეცით პირობა ვენეციის კომისიას. ამ ცვლილებების მიმართ უმრავლესობის გუნდში სრული მხარდაჭერაა და ეს არის იმის თქმის საფუძველი, რომ ჩვენ აუცილებლად ავსახავთ ამ ცვლილებებს საკონსტიტუციო პაკეტში.
რაც შეხება მეორე საკითხს, რამდენად შეიძლება შემობრუნდეს კონსტიტუცია ისევ შერეული სისტემისკენ, ამას გამორიცხავს თავად საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ჩვენ მიერ დამტკიცდება ვეტოს გადალახვის შემდეგ. იმ პირობებში, როდესაც მომდევნო არჩევნებში ბარიერი იქნება 3%, შეუძლებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. აქიდან გამომდინარე ამ საკონსტიტუციო პროექტში ჩავდეთ იმის გარანტია, რომ ვერავინ ვერ შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რომელიც ამოქმედდება იმ დღიდან, როცა შემდეგი პარლამენტი შეიკრიბება. ამ ცვლილებას ვერავინ შემოაბრუნებს.


