15 ნოემბერი 2017

რატომ არის მნიშვნელოვანი პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ აცრა

სამინისტრო ვაქცინაციის პროგრამას განმარტავს

2017 წლის 1 დეკემბრიდან 9-დან 14 წლამდე ასაკის გოგოების პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება თბილისში, ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში. ვაქცინაცია ამ ვირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტიანი საშუალებაა. დღეს, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წარმატებით დანერგვის ხელშეწყობის მიზნით „ქორთიარდ მერიოტში“ კონფერენცია ჩატარდა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მონაწილეებს ამ ვირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა გახსნა. ამ თემაზე მან „მაესტროს“ კითხვებს უპასუხა.



რას მოიცავს პაპილომა ვირუსის საფრთხეები საქართველოში, როგორ მიმდინარეობდა ამ პრობლემასთან ბრძოლა ქვეყნის მასშტაბით და რა სიახლეები ინერგება სამომავლოდ ჯანდაცვის სექტორში?

იმუნიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. უკანასკნელი წელის განმავლობაში იმუნიზაციის პროგრამის ბიუჯეტი 4-ჯერ გაიზარდა. ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა იმუნიზაციის გაფართოება და ყველა იმ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა და ეროვნულ კალენდარში ჩართვა, რომელიც ხელმისაწვდომია ევროპის ქვეყნებში. შესაბამისად, ერთ-ერთი ასეთია პაპილომა ვირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ძალიან ეფექტიანი და უსაფრთხოა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ დანერგა, დაახლოებით 75 ქვეყანაშია ის დანერგილი და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა 1 დეკემბრიდან საქართველოს რამდენიმე რეგიონში დავნერგოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაც ხდება სწორედ ვაქცინების გლობალური ალიანსის დახმარებით. სწორედ ისინი გვაწვდიან პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას და ასევე ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროდან. იმუნიზაციის ეროვნული საბჭო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობდნენ და ჩართულნი იყვნენ სწორედ სწორი საკომუნიკაციო გეგმის შემუშავებაში, რომელიც ვაქცინაციის დაწყებასთან იქნება დაკავშირებული.

ვაქცინაციის პროცესი რამდენად ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის? ეს არის უფასო პროცესი, თუ არის გარკვეული კატეგორია, რომელსაც ვაქცინაციის პროცესში შეუძლია მონაწილეობა უფასოდ მიიღოს?

ძალიან მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ ვაქცინაციის პროექტი განხორციელდება თბილისში, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში, ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ თავად გამოხატეს სურვილი, ამ პროექტში ჩართულიყვნენ. ყველა ამ რეგიონში ვაქცინაცია იქნება უფასო 9-დან 14 წლის ასაკის გოგოებისათვის. ეს არის ის სამიზნე ჯგუფი, რომელშიც ვაქცინაცია ხდება და რომელშიც ყველაზე ეფექტიანია პაპილომა ვირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მთელ მსოფლიოში სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში ხდება ვაქცინაციის წარმოება. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ვაქცინაცია ამ რეგიონებში იქნება აბსოლუტურად უფასო. როგორც უკვე აღვნიშნე, ვაქცინის მოწოდება ხდება ვაქცინების გლობალური ალიანსის მეშვეობით. ეს ძალიან ძვირადღირებული ვაქცინაა და ჩვენს მოსახლეობას ამ ვაქცინაზე წვდომა უფასოდ ექნება. ეს პროექტი 2 წლის განმავლობაში განხორციელდება, ხოლო შემდგომ უკვე გვექნება შესაძლებლობა ვაქცინაციის პროგრამა გავაფართოოდ. ეროვნულ კალენდარში პაპილომა ვირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე ჩართულია და ამ ვაქცინაზე წვდომა უკვე 2 წლის შემდეგ შედარებით ნაკლებ ფასებში გვექნება.

საინტერესოა, მხოლოდ სურვილი იყო საჭირო, რომ საწყის ეტაპზე ამ პროექტში ეს რეგიონები ჩართულიყვნენ თუ გარკვეული კრიტერიუმებით შეირჩა იგივე თბილისი, ქუთაისი და იმერეთის, აჭარისა და აფხაზეთის რეგიონები?

პროექტის დაწყებამდე ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა ამ პროექტის დაგეგმვისათვის. რამდენიმე კვლევა ჩატარდა ამ ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობების შესასწავლად. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 5 წლის წინ იყო პილოტური პროექტი, ჰუმანიტარული დახმარებით იყო შემოტანილი ეს ვაქცინა და თბილისში განხორციელდა პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის იმპლემენტაცია. ამდენად, ამ ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებით თბილისში გარკვეული გამოცდილება არსებობს. შესაბამისად, ის ქალაქები, ის რეგიონები, რომლებიც შეირჩა, რა თქმა უნდა, მათი ძალიან დიდ სურვილი იყო ჩართულობის და კვლევიდან გამომდინარე რა შედეგიც მივიღეთ, ამან განაპირობა ამ რეგიონების და ამ ქალაქების ჩართვა. ასევე მნიშვნელოვანი იყო პროგრამის მოცვის მასშტაბი, შესაბამისად ამ დიდი ქალაქების და დიდი რეგიონების ჩართვა შესაძლებლობას მოგვცემს ამ ასაკში მოცვა გვქონდეს გაცილებით უფრო დიდი.

იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით ჩვენ მივიღოთ ის შედეგი, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია-პროფილაქტიკა მოხდეს, მნიშვნელოვანია, რომ იყოს დიდი მოცვა, დაახლოებით 60-870% უნდა იყოს ვაქცინაციის მოცვა, რომ ჩვენ მივიღოთ ის შედეგი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციასთან და კლებასთან მიმართებაში.

მოსახლეობის განწყობა ახსენეთ და ვაქცინაციასთან დაკავშირებით ამ განწყობას თუ გავითვალისწინებთ, გარკვეულ საფრთხეებზე, პრობლემებზე კეთდება აქცენტები და თუ შეიძლება კიდევ ერთხელ განმარტეთ, რა დადებითი შედეგი მოაქვს ამ ვაქცინაციას?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვაქცინა არის ძალიან დიდი გარღვევა ზოგადად მეცნიერებაში იმ თვალსაზრისით, რომ ვაქცინა არის საშვილოსნოს ყელის კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკა. რატომ უნდა აცრას მშობელმა 4-დან 14-წლამდე ასაკის გოგონა?! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი კარგად გავიგოთ. სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში ამ ვაქცინაციის გაკეთება ეს არის დაცვა საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან უკვე მომავალში, ამ გოგონების იმ ძალიან მძიმე ტვირთის შემცირება, რომელიც არის დაკავშირებული საშვილოსნოს ყელის კიბოსთან, როგორც ადამიანებისთვის, მათი ოჯახებისთვის, ასევე ზოგადად საზოგადოებისთვის და ჯანდაცვის სისტემისათვის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ვაქცინა, უსაფრთხო ვაქცინა, რომელმაც წლების განმავლობაში მრავალი კვლევა გაიარა. მსოფლიოში დაახლოებით 100 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი ამ ვაქცინით და გამოსავალი, დაცვა, პროფილაქტიკა საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან არის ძალიან დიდი. დაახლოებით 95-98%-ია ვაქცინის ეფექტიანობა საშვილოსნოს ყელის კიბოსგან დაცვის მხრივ.

და არანაირი უკუჩვენება?

ვაქცინას უკუჩვენება არ აქვს, აბსოლუტურად ეფექტიანი და უსაფრთხოა.

ვიდეო

სხვა ინტერვიუები