16 სექტემბერი 2017 - 22:23

არასწორმა აცრამ შეიძლება ინვალიდად მაქციოს?

აცრის გამო ბავშვების განვითარებას საფრთხე არ ემუქრება

ბევრი გენეტიკური დაავადება ბავშვობაშივე იჩენს თავს. ამ დროს ყველაზე სერიოზული სამედიცინო ჩარევა, როგორც წესი, მხოლოდ აცრებია. ამიტომ, ხშირად მშობლებს და სამედიცინო დარგის ზოგიერთ, ნაკლებად კვალიფიციურ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ეს მოვლენები ერთმანეთს უკავშირდება; რომ აცრა თითქოს იწვევს ეპილეფსიას, სპინალურ- კუნთოვან ატროფიას ან მუკოვისციდოზს. სინამდვილეში, ეს ყველაფერი ვაქცინაციის გარეშეც გაჩნდებოდა: ადამიანებს, რომელთა ზოგიერთი გენი მუტაციას განიცდის, იმის შანსი, რომ რაღაც კომპენსაციის ხარჯზე დაავადება არ განუვითარდებათ, ფაქტობრივად არ აქვთ. მხოლოდ ახლახან აღმოაჩინეს მეცნიერებმა ერთეული შემთხვევები, როდესაც გაუკრევეველი მიზეზებით შესაბამისი მუტაციის მიუხედავად, ადამიანები ჯანმრთელები იყვნენ.

ძალიან იშვიათად, ვაქცინას შეიძლება მართლაც სერიოზული გართულება მოჰყვეს, მაგრამ თუ ადამიანები ვაქცინაციას შეწყვეტენ, წითელას და ჩუტყვავილას ხელახლა გავრცელებით გართულების რისკი ბევრად გაიზრდება. მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2016 წელს გასცა რეკომენდაცია, რომ ცოცხალი ვაქცინიდან ამოეღოთ ვირუსის ის ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად ხელს უწყობდა პოლიომიელიტის განვითარებას (ეს ხდება დიდწილად პირველი დოზის შემდეგ, თან 900 ათასი შემთხვევიდან ერთში). მეტიც, ქვეყნებში, სადაც პოლიომიელიტით დაავადების რისკი ნულს უტოლდება, იყენებენ ინაქტივირებულ ვაქცინას, რომელიც ამ დაავადებას ვერაფრით გამოიწვევს. მეორე ვარიანტია: თავდაპირველად იყენებენ ინაქტივირებულ ვაქცინას, ხოლო განმეორებითი ვაქცინაციის დროს, როდესაც დაცვა რაღაც დოზით უკვე არსებობს, იყენებენ ცოცხალ ვაქცინას. ამ უკანასკნელზე საბოლოო უარს არ ამბობენ, რადგან მას აქვს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა: გარდა იმისა, რომ მისი საშუალებით ავად ვერ გახდებით, ის დაავადების გავრცელებასაც ეწინააღმდეგება (მხოლოდ ინაქტივირებული ვაქცინის გამოყენებით, ვირუსი მაინც გავრცელდება).

კიდევ ერთი, გავრცელებული მცდარი აზრი ტოქსინებს ეხება, რომლებიც ბავშვის ორგანიზმში ვაქცინებთან ერთად ხვდება. მათ შემადგენლობაში, ზოგჯერ მართლაც შედის ტიმეროსალი (ნაერთი, რომელიც შეიცავს ეთილვერცხლისწყალს) და ალუმინი, მაგრამ მათი რაოდენობა ისეთი უმნიშვნელოა, რომ ზიანის მიყენება არ შეუძლია.

ვაქცინაცია ორგანიზმისთვის სერიოზული გამოცდა არ არის

დღეს უკვე, ბევრი კომბინირებული ვაქცინა არსებობს, როდესაც ერთ ჯერზე ბავშვს ცრიან ერთდროულად სამი ან ზოგჯერ ექვსი დაავადების წინააღმდეგ. ზოგიერთ მშობელს ეს არანორმალურად მიაჩნია და თანხმდება მხოლოდ გახანგრძლივებულ გრაფიკზე და ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ვაქცინის გაკეთებაზე. ასეთი შიშები მეცნიერულად დაუსაბუთებელია. ჯერ ერთი, რამდენიმე ვაქცინის ერთდროულად გაკეთება, არანაირ განსაკუთრებულ გართულებას არ იწვევს. მეორეც, ჩვენ სტერილურ გარემოში ისედაც არ ვცხოვრობთ. სახლშიც კი ბაქტერიები და ვირუსები უამრავია, უფროსებს მუდმივად მოაქვთ “ქუჩიდან” რაღაც ახალი, ასე რომ მთლიანობაში, ბავშვის იმუნური სისტემისთვის ერთდროულად რამდენიმე ახალ აგრესორთან დაპირისპირებაში, განსაკუთრებული არაფერია. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: მაშინ რატომ არ შეიძლება ყველა აცრის ერთად გაკეთება? საქმე ის არის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზმი საკმარის იმუნიტეტს მხოლოდ გარკვეულ ასაკში გამოიმუშავებს.

ვაქცინაცია არ არის განსაკუთრებული სტრესი ისეთი ბავშვებისთვისაც კი, რომლებსაც სერიოზული იმუნოდეფიციტი ან სხვა მძიმე დაავადებები აქვთ. ზოგჯერ ექიმებმა, ისეთი დაავადებების ფონზე, როგორებიცაა ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია ან მწვავე ვირუსული ინფექცია, აცრა შეიძლება გადაავადონ ან მის გაკეთებაზე საერთოდ უარი თქვან. სინამდვილეში, ასეთ შეზღუდვებზე უარის თქმის მიზეზი, ძალიან ცოტაა. ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, ასთმა და სურდო ვაქცინაციაზე უარის თქმის ან მისი გადადების საფუძველი არ არის. იმავეს თქმა შეიძლება ვადაზე ადრე დაბადებულ ბავშვებზე.

აცრის გადადების მიზეზია მაღალი ტემპერატურა, არა იმიტომ, რომ დაავადება გართულდება, არამედ იმის გამო, რომ თუ ტემპერატურა მოულოდნელად კიდევ უფრო აიწევს, გაურკვეველი იქნება, ცვლილება დაავადებამ გამოიწვია თუ ვაქცინამ. ეს მკურნალობის დანიშვნას გაართულებს.

ვაქცინაციის წინ ანალიზების ჩაბარება საჭირო არ არის

აცრები განკუთვნილია ყველასთვის, მიუხედავად იმისა, მიუწვდება თუ არა ხელი ადამიანს თანამედროვე მედიცინაზე, რაც ვაქცინაციის შექმნის დროს გათვალისწინებულია. შესაბამისად, რაიმე ანალიზის გაკეთების აუცილებლობა არ არსებობს. და თუ ამ ანალიზებს რამის ჩვენება შეუძლია, ეს რაღაც ისედაც ცხადი უნდა იყოს. ზოგჯერ აცრამდე იკეთებენ ხოლმე სისხლის საერთო ან/და შარდის საერთო ანალიზს, რომელშიც ნორმიდან უმნიშვნელო გადახრა ფიქსირდება, რის გამოც აცრების კალენდარს აჭიანურებენ და ბავშვი ვადაზე დიდხანს დაუცველი რჩება. ამიტომ იმის თქმა, რომ ანალიზები “ყოველი შემთხვევისთვის” არაფერს გვავნებს, არასწორია.

გამონაკლისია, მაგალითად აცრა BCG (Bacillus Calmette—Guérin), რომელიც ადამიანს ტუბერკულოზის მძიმე ფორმებისგან იცავს. ამ აცრას ახალშობილს სამშობიაროშივე უკეთებენ, მაგრამ თუ ბავშვს პირველადი იმუნოდეფიციტი აქვს, აცრამ შეიძლება მდგომარეობა გაურთულოს. ასეთი გენეტიკური დარღვევები იშვიათად გვხდება.

ასევე, როდესაც ზრდასრული ადამიანი, პირველად მიდის ექიმთან აცრების გასაკეთებლად (აცრა მხოლოდ ბავშვებს არ სჭირდებათ), მას, სავარაუდოდ, ზოგიერთ ანალიზს მოსთხოვენ, იმის გასარკვევად, თუ რა აცრები აქვს მანამდე გაკეთებული ან რა დაავადებები ჰქონდა.

თუ ადამიანები აცრაზე უარს იტყვიან, საშიში დაავადებები ისევ გავრცელდება

ისეთი დაავადებების გავრცელების რისკი, როგორებიცაა დიფტერია და წითელა, აცრების პირობებში, დაბალია. არსებობს კოლექტიური იმუნიტეტი, რომელიც შეიძლება გაქრეს, თუ ადამიანები ვაქცინაციაზე უარს იტყვიან. მისი წყალობით დაცულები არიან ისინიც, ვისი აცრაც სამედიცინო მაჩვენებლებით არ შეიძლება ან ჯერ ვერ მოასწრეს.

როდესაც 1990-იანი წლების დასაწყისში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, აცრილი ბავშვების რაოდენობა შემცირდა, დიფტერიის ინფექცია მასობრივად გავრცელდა. 1995 წელს საქართველოში დიფტერიის “აფეთქება” და დაავადებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.

აცრებს ყველა ქვეყანაში იყენებენ

ყველა განვითარებულ ქვეყანას ვაქცინაციის საკუთარი კალენდარი აქვს. ეს კალენდრები ერთმანეთისგან განსხვავდება არამხოლოდ ქვეყნებში დაავადებების გავრცელების, არამედ იმის მიხედვითაც, თუ რა ფინანსური შესაძლებლობა აქვს ამა თუ იმ ქვეყანას.

საქართველოში აცრების ეროვნული კალენდარი 12 ვაქცინას მოიცავს. ბავშვები იცრებიან ისეთ ინფექციებზე, როგორიცაა დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია და ა.შ. 2017 წლის ბოლოს, საქართველოში დაიწყება ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეტაპობრივი დანერგვა. საქართველოში, ბოლო თვეებში აქტიურად განიხილება საკითხი, რომ აცრები ზოგადად სავალდებულო გახდეს. განხილვის ეტაპზეა ასევე ის, თუ რა მექანიზმით დაავალდებულებენ მშობლებს ბავშვების აცრას. მაგალითად, საფრანგეთში ამისთვის საჯარიმო სანქციები მოქმედებს.

საფრანგეთი აპირებს, ასევე, მომავალი წლიდან სავალდებულო აცრების შემოღებას. ვაქცინები სამ დაავადებაზე -  დიფტერია, ტეტანუსი და პოლიომიელიტი, ამ ქვეყანაში უკვე სავალდებულოა. სხვა ვაქცინები კი, მათ შორის ჰეპატიტისა და ყივანახველას საწინააღმდეგოდ, რეკომენდებულია.

გავრცელებულია აზრი, თითქოს BCG მოძველებული ვაქცინაა, ამიტომ დასავლეთში მას არ იყენებენ. მართლაც, BCG პირველად ჯერ კიდევ 1921 წელს გამოიყენეს, მაგრამ ის ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ქმედით პრეპარტებს შორისაა, რომელიც ტუბერკულოზის მძიმე ფორმებისგან იცავს ადამიანებს იმ ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება გავრცელებულია. მართალია, დასავლეთში ის სავალდებულო აცრების ჩამონათვალში არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას არ იყენებენ. უბრალოდ, ტუბერკულოზისგან დაცულ ქვეყნებში BCG-ის აცრას ახალშობილს აუცილებლად უკეთებენ მაშინ, როდესაც მის გარემოცვაში ასეთი დაავადების მქონე ადამიანი აღმოჩნდება.

ვაქცინაციის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება აქ შეგიძლიათ.

სხვა თემები