27 დეკემბერი 2025 - 18:49

ქალები უფრო მცივანები არიან თუ კაცები?

ამა თუ იმ ადამიანის მიერ სიცივის აღქმა ინდივიდუალურია და შესაბამისად, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, შესაძლებელია საკუთარი თავის გაწვრთნაც, რათა სიცივისადმი ნაკლებად მგრძნობიარეები ვიყოთ. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, როგორ ზემოქმედებს სიცივის შეგრძნებაზე სქესი, ძილის უკმარისობა და ალკოჰოლის მოხმარება? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა Tagesschau.de-მ სცადა. 

რა ხდება?

ზამთარი განსაკუთრებით უსიამოვნო ზოგიერთი ადამიანისთვისაა. კერძოდ, მათ მუდმივად სცივათ, ხელები და ფეხები კი ყოველთვის გაყინული აქვთ. როგორც ამბობენ, სიცივის გამძაფრებული შეგრძნებისადმი განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ქალები. ისმის კითხვა: ეს სიმართლეა თუ მითი? საინტერესოა, რატომ შეუძლია ზოგიერთ ადამიანს, ხალვათად ჩაიცვას მაშინ, როდესაც გარეთ ტემპერატურა ნულ გრადუსზე დაბალია და ამის გამო დისკომფორტიც არ შეექმნას? ექიმების თქმით, არსებობს მრავალი მიზეზი, რომელთა გამოც ზოგიერთი ადამიანი უფრო მცივანაა, სხვა კი - ნაკლებად.

მართალია თუ არა, რომ ქალები უფრო მცივანები არიან, ვიდრე - კაცები? 

მკვლევრებმა კაცებსა და ქალებში სიცივისადმი მგრძნობელობა შეისწავლეს. ქალებს, როგორც წესი, ნაკლები კუნთოვანი მასა აქვთ და ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ, ვიდრე - კაცები. აქედან გამომდინარე, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო მძაფრად აღიქვამენ სიცივეს, ვიდრე - მამრობითი სქესის წარმომადგენლები. ბოლოს და ბოლოს, კუნთები ხომ სითბოს გამოიმუშავებენ. ამდენად, ვისაც მეტი კუნთი აქვს (კაცებს, საშუალოდ, ქალებზე 25%-ით მეტი კუნთოვანი მასა აქვთ), მეტი სითბოს გამომუშავება შეუძლია და, შესაბამისად, სიცივესაც ნაკლებად გრძნობს. 

გარდა ამისა, ქალები კანის მეშვეობით უფრო მეტ სითბოს გამოყოფენ, ვიდრე - კაცები. ამის მიზეზი არის ის, რომ ქალის კანი უფრო თხელია და შესაბამისად, ნაკლებად იზოლირებულია. კვლევების მიხედვით, კიდევ ერთი მიზეზი არის ჰორმონალური განსხვავება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაშინ როდესაც კაცის ჰორმონი ტესტოსტერონი ხელს უწყობს კუნთების ზრდას, ქალის ჰორმონი ესტროგენი ცხიმის გამომუშავებას ასტიმულირებს. ერთი მხრივ, ორგანიზმში ცხიმის მაღალი პროცენტულობა კარგია სხეულის ცენტრალური ნაწილის კანისგან იზოლირებისთვის. თუმცა, ამ შემთხვევაში, კანს მეტად აქვს სიგრილის შეგრძნება და ამიტომაც ქალები უფრო მცივანები არიან, ვიდრე - მათი საპირისპირო სქესის წარმომადგენლები.

ხანდაზმული ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან სიცივის მიმართ, ვიდრე -ახალგაზრდები. მართალია?

მხოლოდ ქალები არ არიან, კაცებთან შედარებით, სიცივისადმი მეტად მოწყვლადები. ხანდაზმული ადამიანებიც უფრო მცივანები არიან, ვიდრე - ახალგაზრდები, - განმარტავს პროფესორი თომას კორფი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის მეცნიერ - ბიოლოგი. მკვლევრის თქმით, „რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო მაღალია მისი ბაზალური მეტაბოლიზმის მაჩვენებელი“. როგორც ფიზიოლოგი განმარტავს, ბაზალური მეტაბოლიზმი არის ენერგიის ხარჯი, რომელიც საჭიროა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების შესასრულებლად და სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად კუნთების აქტივობის გზით. 15-დან 19 წლამდე ასაკის ნორმალური რეჟიმით ნავარჯიშევი მამრობითი სქესის პიროვნების ბაზალური მეტაბოლიზმის მაჩვენებელი, დაახლოებით, 1800 კილოკალორიაა, 65 წლის ასაკში კი ის მხოლოდ 1400-ია, - ამბობს კორფი. 

თუმცა ახალგაზრდებს სიცივის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეს მხოლოდ ენერგიის მაღალი მოხმარება არ ხდის. მოზარდებსა და ახალგაზრდებს ესტროგენისა და ტესტოსტერონის უფრო მაღალი დონე აქვთ, ვიდრე - ხანდაზმულებს. ეს ფაქტორიც უწყობს ხელს სითბოს შენარჩუნებას. მოზარდებს მარტივად ნამდვილად არ სცივათ. კერძოდ, აუზშიც კი, რაც უნდა ცივი იყოს წყალი. ამასთანავე, როცა ერთობიან, მოზარდები სიცივეს ვერ გრძნობენ. თუმცა მოზარდებისგან განსხვავებით, მცირეწლოვნებს სიცივის შეგრძნება გამძაფრებული აქვთ, რადგან ისინი პატარები და მეტად მოწყვლადებიც არიან.  

ძილის ნაკლებობა, ალკოჰოლის მოხმარება და გენეტიკური მიდრეკილება

სიცივის აღქმა ასევე დამოკიდებულია ინდივიდუალურ მახასიათებლებზე. მაგალითად, ძილის ნაკლებობა ადამიანში სტრესს იწვევს. ამასთანავე, ეს აპროვოცირებს ადრენალინის გამოყოფას. ამ დროს ყველა არასაჭირო ფუნქცია ითიშება აუცილებელი ორგანოების, როგორიცაა ფილტვები ან გული, სასარგებლოდ. შედეგად, კანი წყვეტს საკმარისი სისხლის მიღებას, სხეული გრილდება და ადამიანს სიცივის შეგრძნება აქვს. ალკოჰოლის მოხმარება ასევე აჩქარებს სიცივის შეგრძნებას. პირველ რიგში, სისხლძარღვები ფართოვდება. ეს თავდაპირველად სითბოს შეგრძნებას ქმნის, მაგრამ შემდეგ გაფართოებული სისხლძარღვები დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფას იწყებენ. სწორედ ამიტომ, ადამიანს კიდევ უფრო მეტად ცივა, ვიდრე - იქამდე. სიცივის აღქმისას მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი. კერძოდ, ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ უფრო ინტენსიურად გრძნობს სიცივეს, ვიდრე -  სხვა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია კანში სიცივის რეცეპტორების სიმკვრივე და განაწილება, რაც ინდივიდუალურია და ყოველი ადამიანის შემთხვევაში, განსხვავებული. 

როგორ გავხდეთ სიცივისადმი ნაკლებად მგრძნობიარენი?

ამისათვის უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

•    არ გადახურდეთ: თუ სახლში 19 გრადუსი ცელსიუსის ოთახის ტემპერატურას ხართ მიჩვეული, თავს კომფორტულად იგრძნობთ.
•    კონტრასტული შხაპი: თბილი შხაპის შემდეგ, 30 წამის განმავლობაში ცივი წყლის ქვეშ გაჩერდით.
•    საუნაში ვიზიტები: ტემპერატურის ცვალებადობა ასევე ავარჯიშებს თქვენს სისხლძარღვებს. ისინი სწავლობენ მყისიერად გაფართოებასა და შეკუმშვას.
•    ვარჯიში: ფიზიკური აქტიურობა იწვევს გახურებას. ამასთანავე, უფრო მეტი კუნთოვანი მასის მქონე ადამიანები სიცივისადმი ნაკლებად მგრძნობიარეები არიან. 

სხვა თემები