16 დეკემბერი 2025 - 14:40

რა არის ფინელების ბედნიერების საიდუმლო?

2025 წლის მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე ბედნიერად თავს ისევ და ისევ ფინელები გრძნობენ. World Happiness Report-ის მიხედვით, ეს ქვეყანა ზედიზედ მერვედ იკავებს აღნიშნულ სიაში პირველ ადგილს. თუმცა ეს შედეგი ძალიან ცალსახაც არ არის: კერძოდ, ფინეთში თვითმკვლელობის მაჩვენებელი ოდნავ მაღალია, ვიდრე - გერმანიაში. ამ ქვეყანაში ზამთარი გრძელი, ცივი და ბნელია, რუსეთიდან მომავალი საფრთხე კი მუდმივად აქტუალური. თუ რამდენად თანხვედრაშია ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ფინეთის მუდმივ პირველ ადგილთან მსოფლიო ბედნიერების ანგარიშში, ონლაინ-პლატფორმა Tagesschau.de-მ გაარკვია. 

ბედნიერების განტოლება: ქონა, სიყვარული, ყოფნა

მაგდებურგის სოციოლოგიის პროფესორმა, იან დელჰემ შეიმუშავა განტოლება, რომელიც საფუძვლად უდევს ინდივიდუალურ ბედნიერებას: ქონა + სიყვარული + ყოფნა = ბედნიერება. მეცნიერი „ქონას“ განსაზღვრავს, როგორც მატერიალურ კეთილდღეობას, როგორიცაა შემოსავალი ან სიმდიდრე. კატეგორია „სიყვარული“ მოიცავს ყველა სახის სოციალურ კავშირს, როგორიცაა ოჯახთან ან მეგობრებთან ურთიერთობა. „ყოფნაში“ იგულისხმება ის, თუ რამდენად აზრიანად მიიჩნევს ადამიანი საკუთარ ცხოვრებას, რამდენად აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს და როგორ უკუკავშირს იღებს ის საკუთარი გარემოცვისგან. 

ფინეთი: თანასწორუფლებიანი საზოგადოება

თუ ერთმანეთს შევადარებთ ფინეთსა და გერმანიას, რომელიც მიმდინარე World Happiness Report-ში 22-ე ადგილზეა, აშკარაა, რომ ფინელებს გერმანელებზე მეტი „არ აქვთ“. უფრო მეტიც, საშუალო შემოსავალი ფინეთში, გერმანიასთან შედარებით, დაახლოებით, 10%-ით დაბალია. კერძოდ, ფინეთში აღნიშნული მაჩვენებელი თვეში 4 100 ევროს შეადგენს, გერმანიაში კი 4 600 ევროა. თუმცა ფინური საზოგადოება უფრო თანაბარუფლებიანია, რაც „თანასწორობის“ უფრო მაღალ მაჩვენებელს ნიშნავს. ეს ეხება შემოსავალსაც. მაგალითად, ფინელი მუშები გერმანელ კოლეგებზე მეტს გამოიმუშავებენ, მაღალი რანგის მენეჯერები კი ფინეთში ხშირად ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე - გერმანიაში და უფრო მაღალ გადასახადებსაც იხდიან. პარტნიორული ურთიერთობებიც უფრო „დაბალანსებულია“: ფინელი მამები ბავშვებთან ზუსტად იმდენ დროს ატარებენ, რამდენსაც - დედები. ამასთანავე, ოჯახებს ბავშვზე ზრუნვის შესაძლებლობების ძალიან ფართო სპექტრზე აქვთ წვდომა.

ფინური თანასწორობა ცხოვრებით კმაყოფილების მთავარი კომპონენტია, ამტკიცებს ესპოოს აალტოს უნივერსიტეტის ფილოსოფოსი და ბედნიერების მკვლევარი ფრანკ მარტელა. თუმცა, ამას თავისი ფასი აქვს: ფინელები უფრო მაღალ გადასახადებსა და სოციალურ შენატანებს იხდიან, კერძოდ, დაახლოებით, 4%-ით მეტს, ვიდრე - გერმანიაში. მიუხედავად ამისა, ფინელი გადასახადის გადამხდელთა 80%-ი ამ მიდგომას ეთანხმება.

განათლება: მეტი თანაბარი შესაძლებლობები

თანასწორობის პრინციპზეა აგებული ფინეთის განათლების სისტემაც: ცხრა წლის განმავლობაში, ყველა ბავშვი დაწყებითი სკოლის ეტაპს ერთად გადის. მასწავლებლების, თერაპევტებისა და სოციალური მუშაკების მულტიდისციპლინური გუნდების ინდივიდუალური მხარდაჭერა და დახმარებაც სტანდარტული პრაქტიკაა. ფინეთს მნიშვნელოვნად მეტი დამხმარე პერსონალი ჰყავს აკადემიური და ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში დასახმარებლად, - ამბობს მიუნხენში მოღვაწე განათლების მკვლევარი სამუელ გრაიფი. ეს უდავოდ ხელს უწყობს ფინელების ბედნიერებას და ზემოქმედებს მათ აკადემიურ წარმატებაზე: მრავალი წლის განმავლობაში, PISA-ს კვლევებში ფინეთი მუდმივად უფრო ლიდერ პოზიციებზე იყო, ვიდრე - გერმანია. 

ნდობა და ბუნება

ყოველივე ზემოთ თქმულს ემატება ფინური მენტალიტეტი, როგორიცაა „სისუ“ - რაც ნიშნავს მდგრადობას, ამტანობას, გამძლეობას, რასაც ფინელები საკუთარ თავს მიაწერენ. რაც შეეხება ბუნებას, ფინეთში არის უსასრულო ტყეები და დაახლოებით, 180 000 ტბა. ფინელების უმეტესობას მწვანე ბუნებაში აქვს აგარაკი. ფინელებს მკაცრი ზამთარი გადააქვთ ოჯახსა და ბუნებასთან ჰარმონიაში, რასაც თან ახლავს ერთობლივი შეკრებები გრილზე ხორცის შეწვის თანხლებით, ყინულივით ცივ წყალში ცურვა და საუნაში განტვირთვა. ბანალური გამოთქმა, რომ სიხარული უბრალო საგნებსა და ქმედებებშია, არასწორი ნამდვილად არ არის, - ამბობს ბედნიერების მკვლევარი ფრანკ მარტელა. თუმცა, მისივე თქმით, „ფინეთში ადამიანები ბედნიერები, პირველ რიგში, იმიტომ არიან, რომ აქ ყველაფერი ფუნქციონირებს. სოციალური უზრუნველყოფის სისტემა საარსებო წყაროს გარანტიას ყველასთვის იძლევა. სახელმწიფოს არ შეუძლია ადამიანების გაბედნიერება, მაგრამ მას შეუძლია მათთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნა. ფინეთმა ამაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია“.

შესაძლებელია თუ არა ბედნიერების შეგრძნების გაწვრთნა?

მხოლოდ სამთავრობო ზომები საკმარისი არ არის. ცხოვრებით კმაყოფილების მისაღწევად ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ეს შეიძლება იყოს ვარჯიში, საქველმოქმედო საქმიანობა, მედიტაცია, საინტერესო სამსახური ან მეგობრებთან ერთად დროის გატარება. რაც ერთი ადამიანისთვის სასიამოვნოა, ის შეიძლება სხვისთვის არ იყოს ეფექტური, -  ამბობს ტრირის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი მიქაელა ბრომ-ბადრი. აქ მთავარი არის ის, რომ „ბედნიერების შეგრძნების გაწვრთნა შესაძლებელია“. პოზიტიური აზრები ტვინს იმდენად ღრმად ცვლის, რომ ის არსებითად უფრო ბედნიერად ფუნქციონირებს, განმარტავს ბრომ-ბადრი. მისი თქმით, „ძირითადად, ეს არის სასწავლო პროცესი, რომელიც შეიძლება სპორტის ან მუსიკის გაკვეთილებს შევადაროთ“. მეცნიერი თავის ლაბორატორიაში იყენებს ელექტროენცეფალოგრაფიას (EEG), რათა ცდისპირების ტვინის ელექტრული აქტივობა გაზომოს. „საოცარია იმის დანახვა, თუ როგორ შეუძლია პოზიტიურ აზრს ტვინი ნეიროპლასტიურად გარდაქმნას. თუმცა როგორც ერთმა კვლევამ აჩვენა, ტვინის გაწვრთნის პროცესი უნდა იყოს სისტემატური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეფექტი სწრაფად ქრება“, - ამბობს მიქაელა ბრომ-ბადრი.

არის თუ არა ბედნიერება გენეტიკური?

ბედნიერების განცდას ნეიროტრანსმიტერები იწვევს. სეროტონინი პასუხისმგებელია კეთილდღეობაზე: ის არეგულირებს დასვენების მოთხოვნილებას, ლიბიდოს, მადისა და ტკივილის აღქმას. ოქსიტოცინი ე.წ. ჩახუტების ჰორმონია, რომელიც სიახლოვისა და ნდობის სიტუაციებში გამოიყოფა. დოფამინი დაჯილდოების სისტემის ნაწილია: ის გვაძლევს მოტივაციას და გვამოძრავებს. ენდორფინები ორგანიზმის საკუთარი ტკივილგამაყუჩებლებია, რომელთაც, ოპიუმის მსგავსად, „ეიფორიის“ გამოწვევა შეუძლია. თითოეული ადამიანი ამ ნეიროტრანსმიტერებს სხვადასხვაგვარად ამუშავებს. ბედნიერების განცდა კი, ნაწილობრივ, მემკვიდრეობითია. ამ შეგრძნების, დაახლოებით, 40%-ი გენებით განისაზღვრება. თუმცა, როგორც ამსტერდამელი გენეტიკოსი მეიკე ბარტელსი ამბობს, არ არსებობს ფინური ან სკანდინავიური ბედნიერების გენი. „გენეტიკური ლატარია“ ნებისმიერი ქვეყნის საზღვარზე მაღლა დგას და მკაცრად ინდივიდუალურია. მეიკე ბარტელსის განმარტებით, სხვადასხვა ნიჭის მსგავსად (მაგალითად, როგორიცაა სწრაფი სირბილი), ბედნიერებაც ერთისთვის უფრო ადვილია, ვიდრე - მეორისთვის. გარდა ამისა, ბედნიერების დაახლოებით, 60%-ი გენეტიკურად არ არის განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ზემოქმედება შესაძლებელია. 

დასკვნა: ბედნიერებას სათანადო გარემო სჭირდება

როდესაც ფინურ ბედნიერებაზე საუბრობენ, ცხოვრებით ხანგრძლივ კმაყოფილებას გულისხმობენ. ეს დაკავშირებულია ისეთ პირობებთან, როგორიცაა თანაბარი შესაძლებლობები, კარგი განათლება და სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ ნდობა. ეს ფაქტორები აქტუალურია გერმანიაშიც. გერმანიის „ბედნიერების რეგიონში“, როგორიცაა ემენდინგენის ოლქი ბადენ-ვიურტემბერგში, პირობები ფინეთის მსგავსია, -  ამბობს ფრაიბურგში მოღვაწე ბედნიერების მკვლევარი ტიმონ რენცი. ეს კრიტერიუმებია: კარგი სამუშაო და საგანმანათლებლო პირობები, აქტიური სოციალური ცხოვრება, ხშირი კომუნიკაცია ადამიანებთან და ბუნებაში ყოფნა. თუ საფუძველი სწორია, ამბობს მკვლევარი, მაშინ ინდივიდუალური ბედნიერება შეიძლება მასში ინტეგრირებული იყოს. სინამდვილეში, ეს საკმაოდ მარტივია.

სხვა თემები