კუშნერი, როგორც სამშვიდობო მომლაპარაკებელი: რას უნდა ელოდოს უკრაინა?
ჯარედ კუშნერი
ფოტო: Picture Alliance
ჯარედ კუშნერი, ამერიკელი ბიზნესმენი და დონალდ ტრამპის სიძე, ცოტა ხნის წინ საჯაროდ შეუერთდა მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთ - უკრაინის ომის დასრულებასა და სამშვიდობო შეთანხმების დადებას. თუ რატომ ჩაერთო ის მოლაპარაკებების პროცესში და რას შეიძლება ველოდოთ მისგან, Deutsche Welle-მ გაარკვია.
რა ხდება?
19 ნოემბერს, ჯარედ კუშნერის სახელი მოულოდნელად მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში. ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია კუშნერის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ „28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის“ საიდუმლო შემუშავებაში მას შემდეგ, რაც ის რუსეთის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შეხვდა. 23 ნოემბერს კი ამერიკელი ბიზნესმენი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ოფიციალურად დაჯდა ჟენევაში აშშ-ის, უკრაინისა და ევროპის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც მან აშშ-ის სამშვიდობო წინადადებები განიხილა. რამდენიმე დღის შემდეგ კუშნერი დაესწრო მოლაპარაკებებს უკრაინის დელეგაციასთან მაიამიში, შემდეგ კი, სტივ ვიტკოფთან ერთად, მოსკოვში გაემგზავრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, რათა საბოლოო გეგმა განეხილა. კრემლში ვიზიტის შემდეგ ის დაბრუნდა ფლორიდაში, რათა უკრაინის მთავარ მომლაპარაკებელს, რუსტემ უმეროვს შეხვედროდა. ამრიგად, სულ რაღაც რამდენიმე დღეში ჯარედ კუშნერი გახდა აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი მომლაპარაკებელი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კონტექსტში.
კუშნერი, როგორც მომლაპარაკებელი: პროფესიონალიზმი და ინფორმირებულობა
„ვაფასებ ჯარედ კუშნერის მიდგომასა და იმ გზას, რომლითაც ის თავის ხედვას წარმოადგენს“, - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სერგეი კისლიცამ სოციალურ ქსელ X-ზე. პრეზიდენტ ტრამპის სიძის მოლაპარაკების პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით, უკრაინელი ოფიციალური პირების მხრიდან სხვა ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. აღნიშნულ საკითხებში გათვითცნობიერებულმა წყარომ DW-ს განუცხადა, რომ კუშნერი თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული აშშ-ის სამშვიდობო წინადადებების განხილვაში. სწორედ ამ პროცესში მან ყველა განსახილველი საკითხის შესახებ ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა გამოავლინა. „გარკვეულწილად გასაკვირი იყო, რომ ამ დონის ადამიანმა ლეპტოპი ამოიღო და პირადად, ყველაფერი დეტალურად ჩაიწერა პუნქტების მიხედვით, თითოეული წინადადება თუ მოსაზრება. როგორც წესი, ეს ტექნიკური სამუშაოა, მაგრამ მან ეს თავად გააკეთა. ის ჩაუღრმავდა ამ გეგმის თითოეული კონკრეტული დებულების ლოგიკას, ესმოდა, რაზე იყო საუბარი და ღია იყო დიალოგისა და კორექტირებისთვის“, - განუცხადა DW-ს, ანონიმურობის პირობით, მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებულმა წყარომ. თუმცა კუშნერის „ბექგრაუნდი“ მაინც ბიზნესია, ამიტომაც „დელეგაციაში მისი ყოფნა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოლაპარაკებების პრიორიტეტს ეკონომიკურ კომპონენტსა და ამ მიმართულებით მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა წყარომ.
უკრაინასთან მოლაპარაკებებში ტრამპს სანდო ადამიანი სჭირდება
ჯარედ კუშნერი ბიზნესმენი, დეველოპერული კომპანია Kushner Companies-ის მფლობელი და საინვესტიციო ფონდ Affinity Partners-ის დამფუძნებელია. მისი წინაპრები იყვნენ იმიგრანტები უკრაინიდან და ბელარუსიდან. მართალია, კუშნერი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით წარმატებული მომლაპარაკებელია, თუმცა უკრაინის სამშვიდობო პროცესში ახალბედაა. თუმცა კიევში იმასაც ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი: კუშნერი მიეკუთვნება იმ ადამიანებს, რომელთაც დონალდ ტრამპი ძალიან ენდობა. როგორც ჩანს, ეს, გარკვეულწილად, ოჯახური კავშირითაც არის განპირობებული, რადგან ჯარედ კუშნერი დაქორწინებულია ამერიკის პრეზიდენტის უფროს ქალიშვილზე, ივანკა ტრამპზე.
„ტრამპისთვის უმნიშვნელოვანესია, მოლაპარაკებებზე სანდო პირი ჰყავდეს წარმოდგენილი. ის ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ სტივ ვიტკოფი მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას შეძლებს. ამიტომაც ტრამპმა ზემოთ ხსენებულ პროცესებში თავისი სიძე ჩართო, რათა ამ უკანასკნელმა ვიტკოფი გადააზღვის და აშშ-ს პრეზიდენტს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს, რადგან მთელი მოლაპარაკებების ბედი შეიძლება თითოეულ შეხვედრაზე იყოს დამოკიდებული. ეს ერთგვარი ოჯახური დიპლომატიაა“, - ამბობს სტანისლავ ჟელიხოვსკი, პოლიტოლოგიის ექსპერტი და დოქტორანტი. ის არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ვიტკოფი საბოლოოდ უკრაინულ-რუსული მოლაპარაკებებიდან ჩაიხსნას და მისი ადგილი კუშნერმა დაიკავოს.
კუშნერი: ახლო აღმოსავლეთის შემდეგ, უკრაინაში?
DW-სთან საუბარში ექსპერტი იხსენებს, რომ კუშნერი ტრამპის გუნდში ახლო აღმოსავლეთზე მუშაობდა. ის მონაწილეობდა ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების, ე.წ. აბრაამის შეთანხმებების ხელმოწერაში. კუშნერი ასევე ჩართული იყო ისრაელსა და „ჰამასის“ ტერორისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოლაპარაკებებში. სწორედ ამიტომ, ტრამპი იმედოვნებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაშიც კუშნერი წარმატებას მიაღწევს. „თუმცა ახლო აღმოსავლეთმა აჩვენა, რომ მხოლოდ სამშვიდობო გეგმები საკმარისი არ არის. უკრაინა კვლავ საომარი მოქმედებების ზონად გადაქცევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, თუ შეთანხმება სათანადოდ არ იქნა შედგენილი. რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებას პროფესიონალები სჭირდება და არამხოლოდ ბიზნეს გარიგებებს მიჩვეული ადამიანები“, - დასძენს სტანისლავ ჟელიხოვსკი. საზოგადოებრივი კვლევების ცენტრის, „უკრაინული მერიდიანის“ დირექტორის, დიმიტრი ლევუსის თქმით, ჯარედ კუშნერი „ცხოვრობს ილუზიებში, რომ შეთანხმებისა და ეკონომიზაციის მიღწევის შემდეგ, ყველა პრობლემა მოგვარდება.“ მისივე თქმით, სწორედ ამით სარგებლობს რუსეთი და ცდილობს, თავისი დღის წესრიგის წინ წაწევას „ამერიკელების ხელით“.
უნდა დაემყარებინა თუ არა უკრაინას ჯარედ კუშნერთან კონტაქტი უფრო ადრე?
ოფიციალური კიევი იმედოვნებს, რომ ჯარედ კუშნერი არის ცივი გონებისა და შედეგებზე ორიენტირებული ადამიანი, რომელსაც შეუძლია დონალდ ტრამპს გადასცეს მოსკოვის ნამდვილი განზრახვები უკრაინასთან დაკავშირებით და აიძულოს პუტინი, წესების დაცვით ითამაშოს, - განუცხადა DW-ს უკრაინის მთავრობის წყარომ. „ჩვენ ჩავდივართ სადაც საჭიროა, დღე და ღამე ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვიპოვოთ კომპრომისული გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება უკრაინისთვის. თუმცა ვხედავთ მოსკოვის ულტიმატუმებს და იმას, თუ როგორ იღებენ იქ ამერიკულ დელეგაციას. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მომლაპარაკებელ გუნდს ჰქონდეს ინსტრუმენტები, რომლებიც რუსეთს სამართლიანი გადაწყვეტისკენ უბიძგებს. როგორც ჩანს, კუშნერი ხვდება, რომ შესაძლოა, მეორე მხრიდან პროცესის გააქტიურებისთვის, აუცილებელია ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება“, - განუცხადა წყარომ DW-ს.
1 დეკემბერს, უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მან კუშნერთან კონტაქტი 2024 წლის გაზაფხულზე დაამყარა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხარი დაუჭირა მისი ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი იერმაკის პოზიციას და ამ კონტაქტის გაღრმავება არ დაამტკიცა. კულებას თქმით, იერმაკი იმ დროს ირწმუნებოდა, რომ კუშნერი „საქმეში ჩართული არ იყო“, რომ მასზე დაყრდნობა არ ღირდა და დონალდ ტრამპის უახლოეს წრესთან კონტაქტები მაიკ პომპეოს მეშვეობით უნდა დამყარებულიყო. ეს უკანასკნელი ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა. „კუშნერთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მე მანდატი არ მიმიღია. ახლა კი, წელიწად- ნახევრის შემდეგ, კუშნერი მთავარი მომლაპარაკებელი გახდა“, - თქვა კულებამ. ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ თავის დროზე კუშნერთან დიალოგის დამყარების შემთხვევაში, უკრაინას აშშ-ის მომლაპარაკებლებს შორის გაცილებით მეტი კეთილგანწყობილი პირი ეყოლებოდა.


