25 ნოემბერი 2017

როგორ აარჩია პატრიარქმა მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო

ინტერვიუ პროტოპრესვიტერთან

2017 წლის გიორგობა რელიგიური დღესასწაულის გარდა, კალენდარზე ისტორიულ თარიღადაც მოინიშნა. კათოლოკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყველასათვის მოულოდნელად ქაშუეთის ეკლესიაში მოსაყდრის დადგინების შესახებ დადგენილება გაახმოვანა. ბრძანება პატრიარქის ხელითაა დაწერილი, დოკუმენტი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა და მასში ნათქვამია, რომ „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“. გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, ის უპრეცედენტოცაა. ქართულ სინამდვილეში არ მომხდარა, რომ პატრიარქს სიცოცხლეში მოსაყდრე გამოეცხადებინოს, გარდა ამბროსი ხელაიას შემთხვევისა, თუმცა ისიც სხვა კონტექსტსა და მოცემულობას შეიცავდა. მალევე გაკეთდა განცხადებები, რომ მოსაყდრე აუცილებლად მომავალ პატრიარქს არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება პატრიარქმა ანდერძთან დაკავშირებული სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად მიიღო. რამდენად მოაგვარებს ეს გადაწყვეტილება საპატრიარქოში არსებულ გაუგებრობას თუ დაპირისპირებას, ჯერ კიდევ უცნობია. თემაზე ჟურნალისტ თეა სიჭინავასთან პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე საუბრობს.


ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტო და ასევე ბევრისთვის მოულოდნელი იყო. თქვენ თუ იცოდით, რომ პატრიარქი ამ ნაბიჯის გადადგმას გეგმავდა?

არა. რა თქმა უნდა, ეს იყო პატრიარქის პირადი გადაწყვეტილება. მან დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამის შესახებ ჩვენ არ ვიცოდით.

მღვდელმთავრების გამოხმაურებითაც ყველასთვის ცხადი გახდა, რომ არავინ არაფერი იცოდა. რადგან გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, უნდა ვივარაუდოთ, რომ პატრიარქმა ის განსაკუთრებული მოცემულობის გამო მიიღო? მან ამ გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართული ეკლესიის წინაშე დიდი პრობლემია?

მგონი, ასე არ არის.

აბა, როგორ შევხედოთ ამ საკითხს?

პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მოსახლეობის ძალიან დიდი დაინტერესების საგანია. გამომდინარე იქიდან, რომ ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება ჩვენს მოსახლეობაში განსაკუთრებულია და პატრიარქის მიმართ დამოკიდებულება განსაკუთრებულია, მოსახლეობის ძალიან აინტერესებს თუ რასთან გვაქვს საქმე, რატომ მიიღო პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება. ქალბატონო თეა, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მინდა, რომ თქვენ შეკითხვებს ვუპასუხო. მესმის, რომ თქვენ კარგად იცნობთ საზოგადოებაში არსებულ ვითარებას ამ საკითხთან დაკავშირებით და მინდა, რომ ყველა იმ კითხვას გაეცეს პასუხი, რაც საზოგადოების დაინტერესების საგანია. ეს ყველაფერი განპირობებულია ჩვენი საზოგადოებისადმი უდიდესი პატივისცემით. ჩვენ გვაქვს უდიდესი ნდობა ჩვენი საზოგადოების მაღალი შეგნებისა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება ყველაფერს სწორად გაიგებს. პატრიარქი ძალიან ბევრს ფიქრობდა. პატრიარქს ყველა იცნობს და მის მიმართ ეს უდიდესი პატივისცემა აბსოლუტურად ბუნებრივია იმის გათვალისწინებით თუ რამდენად დიდი იყო პატრიარქის მსახურება, რამდენად დიდია ეს მსახურება, რამდენად მნიშვნელოვანია და რა მასშტაბები შეიძინა ამ მსახურებამ მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში.

რატომ მიიღო პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება?! შეიძლება ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცოდეს თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამას პატრიარქი. ბოლო პერიოდში ის იმყოფებოდა თავის ძველ საპატრიარქო რეზიდენციაში, რომელიც სიონის ეზოში მდებარეობს, საიდანაც დაიწყო თავისი დიდი აღმშენებლობითი მოღვაწეობა. შემდგომ ორი დღე დარჩა თავის რეზიდენციაში, ასევე იმყოფებოდა სვეტიცხოველში. სვეტიცხოველშიც აქვს პატრიარქს რეზიდენცია. ის ძალიან განიცდიდა და განიცდის ამ პროცესებს, რაც საქართველოს ეკლესიაში განვითარდა და როგორც ირკვევა, ის ფიქრობდა იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება მოსაყდრე ყოფილიყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკლესიაში დღეს მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია და რთულია. ეს ამას არ უნდა ნიშნავდეს. იმის გამო, რომ მას შემდეგ, რაც ის ღვთის ნებით აღსაყდრებულ იქნა საპატრიარქო ტახტზე, ეს არის უძველესი საპატრიარქო ტახტი, მან მთელი თავისი მოღვაწეობა წარმართა იქეთკენ, რომ ჩვენი ქვეყანა ეკლესიურად მთლიანი ყოფილიყო, რომ ეკლესიას გაუცხოებული საზოგადოება დაბრუნებოდა ეკლესიის წიაღს და ეკლესიის მოღვაწეობის მასშტაბი გაზრდილიყო...

ამას არავინ ივიწყებს და ეს იყო გარე გამოწვევები, მაგრამ აქ ხომ საუბარია შიდა გამოწვევებზე, რომლის წინაშე ქართული ეკლესია ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღმოჩნდა?

რა თქმა უნდა, ეს სირთულეები არის. ის თუ რის გამო მიიღო პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება, ამაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. დღეს დილით მქონდა საშუალება მის უწმინდესობასთან მესაუბრა. მან ასე გადაწყვიტა სირთულის დროს, და გარკვეული სირთულეები ნამდვილად არსებობს ეკლესიაში. პატრიარქი ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, რომ ხანდაზმულობის ასაკშია, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მას უაღრესად ნათელი გონება აქვს და მისი ჯანმრთელობაც დამაკმაყოფილებელია და არ უნდა წარმოიდგინოს ვინმემ, რომ მოსაყდრის გამორჩევა და მოსაყდრის დადგინება ნიშნავს, რომ პატრიარქმა თავისი უფლებამოსილების განხორციელება შეწყვიტა.

თუმცა ამ გადაწყვეტილებით მან საზოგადოებას გარკვეული გზავნილი მაინც გაუგზავნა. თთქვენ თქვითრომ საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოხვედით და სწორედ ეს არის ერთ-ერთი კითხვა - რატომ მეუფე შიო?

...ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა დღეისთვის და მეც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ როგორც ღმერთის წინაშე, ისე ჩვენი ეკლესიის და ისე ჩვენი მოსახლეობის წინაშე. ყველა გრძნობს ამ პასუხისმგებლობას. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰყავს ძალიან ბევრი განათლებული მღვდელმსახური, ასევე მღვდელმთავარი. უფრო მეტად მღვდელმთავრებზე ვაკეთებ აქცენტს იმის გამო, რომ პატრიარქის მოღვაწეობის ერთ-ერთი უდიდესი შედეგი ისიც არის, რომ წმინდა სინოდის წევრთა შორის დღეს არიან უაღრესად განათლებული მღვდელმთავრები, ღვთისმეტყველები, მათ შორის მეცნიერები, ძალიან ბევრ მათგანს ძალიან მნიშვნელოვანი ღვაწლი აქვს და პატრიარქს ყველას მიმართ აქვს პატივისცემა. მე საშუალება მაქვს ვთქვა ამის შესახებ და განსაკუთრებით თქვენთან მინდოდა, რადგან ვიცი, რომ ძალიან ბევრი მსმენელი ჰყავს თქვენს გადაცემას. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის უნიკალური შემთხვევა, როცა ყველა მღვდელმთავარი არის პატრიარქის მიერ გამორჩეული და პატრიარქის მიერ ხელდასმული. პატრიარქს ყველას მიმართ დიდი პატივისცემა და რა თქმა უნდა, სიყვარული აქვს და რადგან პატრიარქმა გადაწყვიტა მოსაყდრედ დაედგინა მეუფე შიო, არ უნდა ვიფიქროთ, რომ უნდა გაჩნდეს კითხვა იმაზე თუ სხვა მღვდელმთავრების ღირსება როგორია.

არავის არ დაუსვამს კითხვა, უყვარს თუ არა მეუფე შიოზე მეტად სხვა მღვდელმთავრები,  მაგრამ მაინც ამ კუთხით გადადგა ნაბიჯი და უპირატესობა მიანიჭა მას.

ეს პატრიარქის გადაწყვეტილებაა და როგორ შეიძლება ვიკითხოთ, რატომ? პატრიარქის არჩევანია, ასე გადაწყვიტა და შეიძლება პიროვნების გადაწყვეტილებას პატივი არ სცე?! პიროვნებiს, რომელსაც ამდენი დამსახურება აქვს და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შეუძლებელია მოძებნო ისეთი 40-წლიანი მონაკვეთი, როდესაც აღმშენებლობის და განათლების თვალსაზრისით ამდენი რამ გაკეთებულა; პიროვნების, რომელსაც უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტი აქვს, რომლის მიმართაც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს აქვს უდიდესი მოწიწება, პატივისცემა და თქვენ კარგად იცით საქართველოში მის მიმართ დამოკიდებულება, როგორ შეიძლება ჰკითხო, რატომ მიიღე ასეთი გადაწყვეტილება?!

მაშინ ასე დავსვამ კითხვას. გავიგეთ, რომ მოსაყდრე მემკვიდრეს არ ნიშნავს, მაგრამ საზოგადოებას გაუჩნდა განცდა, რომ პატრიარქმა მეუფე შიო გამოარჩია, რადგან მასში მომავალ პატრიარქს ხედავს. ამის საწინააღმდეგო რა არგუმენტი შეიძლება მოვისმინოთ, თუ მივიღოთ, როგორც ვფიქრობთ?

შეიძლება, პატრიარქი ხედავდეს ამას. მეუფე შიო ძალიან ღირსეული პიროვნებაა, მინდა ეს ერთმნიშვნელოვნად ვთქვა. ძალიან კარგი პიროვნებაა და კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რომ წმინდა სინოდში დღეს ძალიან ბევრი ღირსეული პიროვნებაა. ასე, რომ პატრიარქის პიროვნული გადაწყვეტილება მეუფე შიოსადმი, ეს მისი პიროვნული არჩევანია, ეს მისი ხედვის შედეგია. ის ასე ხედავს. პატრიარქს ასე ესმის, ასე ფიქრობს. მან თქვა კიდეც სიტყვები, რომ მეუფე შიო გაამართლებს იმას, რომ მოსაყდრე იყოს. რაც შეეხება პატრიარქობას, ეს სხვა მდგომარეობაა. პატრიარქს ირჩევენ გაფართოებულ კრებაზე და ამ კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები, წმინდა სინოდის წევრები. საერო პირებს, სხვა სასულიერო პირებს, აქვთ სათათბირო ხმის უფლება, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ მღვდელმთავრები იღებენ. ამიტომ არანაირად არ შეიძლება ითქვა, რომ მოსაყდრედ დადგენა ნიშნავს მომავალი პატრიარქის დადგენას.
 
როგორ გავლენას იქონიებს ეს მღვდელმთავრებზე? როდესაც პატრიარქმა ქაშუეთის ეკლესიაში მეუფე შიო მოსაყდრედ გამოაცხადა, პირველი რაც ითქვა ის იყო, რომ არსებული შიდა დაპირისპირების ფონზე მეუფე შიო არც ერთი მხარის სასარგებლოდ არც ერთხელ არ გამოსულა და ამაზე არც ერთი კომენტარი არ გაუკეთებია. ითქვა ის, რომ მეუფე შიო ამ სიტუაციაში ერთგვარად ნეიტრალური იყო. როგორ იქნება თავად სინოდის დამოკიდებულება მის მიმართ?

იმის გათვალისწინებით, რომ სინოდის დამოკიდებულება უნდა იყოს საეკლესიო აზროვნების, საეკლესიო შეგნების, საეკლესიო ცნობიერების გამომხატველი, დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს. მოსაყდრე დადგენილია და რა თქმა უნდა, პატრიარქის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს ყველამ. პატრიარქის სიცოცხლეში მოსაყდრეს რაიმე განსაკუთრებული ფუნქცია არ აქვს. ძალიან მერიდება ამის შესახებ საუბარი და ძალიან უხერხულია, მაგრამ მოსაყდრე უფრო მეტად მოქმედებს მაშინ, როდესაც პატრიარქი უუნაროა, ღმერთმა დაგვიფაროს, ან როდესაც გარდაიცვლება, ღმერთმა დაგვიფაროს, აი მაშინ მოსაყდრე მის მოვალეობას ასრულებს. როდესაც პატრიარქი ცოცხალია და ღვთის მადლით, ჯანმრთელად არის, ღმერთმა მრავალი წლის სიცოცხლე მიმადლოს პატრიარქს, მისი სიბრძნე, მისი გონიერება და მისი უდიდესი ერთგულება ეკლესიისადმი და ქვეყნისადმი ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას, დღეს მოსაყდრეს რაიმე განსაკუთრებული ფუნქცია და განსაკუთრებული უფლება არ აქვს.
 
რა ფუნქცია და მოვალეობები ექნება ამას ალბათ, პატრიარქი განსაზღვრავს?

ალბათ, ძალიან მალე პატრიარქი განუსაზღვრავს მას გარკვეულ ფუნქციებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა იმის თქმა, რომ საქართველოს ეკლესიის სათავეში ისევ დგას და ღვთის მადლით მრავალი წელი ასე იყო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. მინდა ამის შესახებ ვთქვა, რომ პატრიარქის პიროვნება სრულიად განსაკუთრებულია და პატრიარქისადმი დამოკიდებულება გამორჩეულად სხვაა და მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან, ისევე როგორც საქართველოში. ამიტომ, გულისტკივილით მინდა ავღნიშნო, რომ... საზოგადოებას, რომელიც ძალიან შეგნებულია, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან შეგნებული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, ჩვენ ამას ველოდებით ჩვენი მორწმუნე მრევლისგან, ჩვენი საზოგადოებისგან. წარმოიდგინეთ, არის კი მიზანშეწონილი ადამიანმა ილაპარაკოს იმის შესახებ, თუ როგორ იქნება შემდგომ, ვინ იქნება პატრიარქი?! შეიძლება ეს კითხვა არსებობდეს, მაგრამ დღეს ამაზე საუბარი ძალიან არასასურველია. პატრიარქი მართავს დღეს ეკლესიას, დარწმუნებული ვარ ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის და თქვენც მოგეხსენებათ, რომ უმაღლესი მმართველობითი ორგანო არის სინოდი, ეკლესიის წმინდა სინოდი, სინოდი მართავს ეკლესიას, სინოდის თავმჯდომარეა პატრიარქი და კრებებს შორის პერიოდში პატრიარქი მართავს ეკლესიას.
 
ითქვა ისიც, რომ ეს გადაწყვეტილება პატრიარქმა მიიღო იმიტომ რომ, თავიდან აეცილებინა სპეკულაციები ანდერძთან დაკავშირებით. მეუფე შიო რამდენად შეძლებს ამ სიტუაციის განეიტრალებას, თუკი შიდა დაპირისპირებებში ის არც ერთ მხარეს არ მოიაზრება?

მღვდელმთავრობა უმაღლესი იერარქიაა. ყველა მღვდელმთავარს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. მღვდელმთავარი, რომელიც კანონიკურ საზღვრებში მოქმედებს და მოქმედებს ეკლესიის კანონიკური ნორმებით, ყველა იმსახურებს პატივისცემას, თუ ის არ არღვევს კანონიკურ ნორმას. მაგალითად, როდესაც საეკლესიო საკითხებზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნა იმის, რომ ეს ყველაფერი საეკლესიო კანონებს ეფუძნება, მართვა-გამგეობის დებულებებს ეფუძნება. მაგალითად, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში ხაზგასმით წერია, რომ მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება სავალდებულოა ეკლესიის ყველა წევრისათვის და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, მღვდელმთავრებმა საზოგადოებას ყველაზე მეტად უნდა აჩვენონ მაღალი შეგნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. სხვანაირად შეუძლებელია. სხვანაირად ძალიან მძიმე იქნება ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის. მეუფე შიო ნამდვილად არის ის პიროვნება, რომელიც არ ჩარეულა ამ დაპირისპირებაში და მას ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა. ეს გასაგებია. აქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ დღეს მეუფე შიოს მოსაყდრეობას ადამიანმა მიანიჭოს ისეთი მნიშვნელობა, რომ აი, პატრიარქმა უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი. პატრიარქის ეს დამოკიდებულება იმსახურებს პატივისცემას და ეკლესიის ყველა წევრს, ბუნებრივია, ეს დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, ეს პატრიარქმა დაადგინა მოსაყდრედ. რაც შეეხება იმას, მომავალში მოვლენები როგორ განვითარდება, ყველაფერი უნდა იყოს საეკლესიო კანონებთან შესაბამისობაში, საეკლესიო შეგნებასთან, საეკლესიო ცნობიერებასთან შესაბამისობაში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან დამაკმაყოფილებელი და პატრიარქი უშუალოდ უდგას სათავეში ეკლესიას. 

როდესაც მეუფე შიოსთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება, თეოლოგების ნაწილი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ მას განათლება რუსეთში აქვს მიღებული. რას უპასუხებდით ამას?

მე მინდა თქვენ გკითხოთ და ჩვენს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ არაკვალიფიციურ, ასეთ შეუგნებელ დამოკიდებულებას ჩვენი მოსახლეობა არასოდეს არ აჰყვება. მე მინდა გკითხოთ თქვენ, სად მიიღო განათლება ილია ჭავჭავაძემ?

კი ბატონო, რუსეთში...

სად მიიღო განათლება კირიონ კათალიკოსმა?

აქ ცოტა სხვა კუთხით დაისვა საკითხი. ჩვენ მუდმივად გვესმის საუბარი იმაზე, თუ რა გავლენა აქვს რუსეთის ეკლესიას ქართულ ეკლესიაზე და ამიტომ დაისვა ეს თემა. სხვაგან სად უნდა მიეღო მეუფე შიოს განათლება? ანუ, არ გამოგვადგება ეს არგუმენტი?

ერთად გავარკვიოთ ეს ყველაფერი. თქვენ ბრძანეთ, რომ წმინდა ილია მართალმა, რომელიც სულის ამოსვლამდე ემსახურა საქართველოს, განათლება მიიღო რუსეთში. თუ იცით, ნიკო ნიკოლაძემ სად მიიღო განათლება? რუსეთში მიიღო. მაგალითად, ივანე ჯავახიშვილმა?

ეს შორს წაგვიყვანს...

რა თქმა უნდა. კირიონ კათალიკოსმა ასე მიიღო განათლება, ლეონიდემ ასე მიიღო განათლება რუსეთში. წმინდა გაბრიელ ქიქოძემ, რომლის შესახებ წმინდა ილია მართალი ბრძანებს, რომ შენი ყოველი მოქმედება მაგალითია ჩემთვის, რომლის გარდაცვალების დროს წმინდა ილია მართალმა თქვა, რომ ის იყო მღვდელმთავარი, რომელიც მეცნიერებას ასაწრმუნოებდა და სარწმუნოებას ამეცნიერებდა. პიროვნება რომელიც წმინდანად შეირაცხა, მან რუსეთში მიიღო განათლება და მისი ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები ფსიქოლოგიაში მთელ იმპერიაში მისი წიგნით ისწავლებოდა. ასეთი დამოკიდებულება, რომ განათლება ადამიანმა რუსეთში შეიძინა და ეს რამენაირად აკნინებდეს ამ პიროვნებას, ეს აბსოლუტურად არაკვალიფიციური და წარმოუდგენელია. აქ მთავარია და მჯერა, რომ დამეთანხმებით, მთავარია პიროვნებას როგორი მსოფლმხედველობა აქვს, რას ემსახურება, რამდენად ეროვნულია, რამდენად სარწმუნეობრივი აზროვნება აქვს და არა ის, თუ სად მიიღო განათლება. შეიძლება საქართველოში მიიღო განათლება და სამწუხაროდ არ გქონდეს ის სულიერი მდგომარეობა და ის განწყობა, რომელიც ნებისმიერ სასულიერო და საერო პირს უნდა ჰქონდეს. შეიძლება განათლება მიიღო ნებისმიერ ადგილას, ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აღმოსავლეთში. სადაც არ უნდა მიიღო ეს განათლება, მთავარია, ამ განათლებას რისთვის გამოიყენებ და რას მოახმარ.  

მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ეკლესიაში არავითარი საფუძველი არ არის იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობა, დაპირისპირება იყოს, ან გახდეს ეს სპეკულაციების საგანი. ჩვენ გვიახლოვდება 25 დეკემბერი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა ძალიან დიდი შეგნებით მიუდგება ამ თარიღს, პატრიარქის მოღვაწეობის ამ გვირგვინს. ეს არის საქართველოს პატრიარქის 40-წლიანი მოღვაწეობა. როდესაც პატრიარქი მოღვაწეობას იწყებდა და უდიდესი იმედი გაჩნდა მის აღსაყრდებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის მთელი ეზო და მიმდებარე ქუჩები ადამიანებით იყო სავსე. დარწმუნებული ვარ, ახლაც მთელი საქართველო საქართველოს პატრიარქს პატივს მიაგებს იმ უდიდესი მოღვაწეობის გამო, რაც მან ქართველი ხალხის უდიდესი სიყვარულით და ჩვენი სამშობლოს უდიდესი სიყვარულით გასწია.

სხვა ინტერვიუები