23 ნოემბერი 2017 - 18:10

ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა. ის საქართველოს მომავალი პატრიარქია?

მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

ფოტო: 1tv

დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობას, ქაშუეთის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მისივე ქორეპისკოპოსი, შიო მუჯირი დაასახელა, რომელმაც, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მოსაყდრედ ყოფნა მისთვის უდიდესი ჯვარია. პატრიარქის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

შიო მუჯირი ვინ არის?

ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია. ის 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა. პარალელურად სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა. 1988 წლიდან, მან სწავლა თბილისის კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში გააგრძელა და პირველ კურსზე ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე გაიმარჯვა - პირველ ადგილზე გავიდა.

1991 წელს ელიზბარ მუჯირი შიომღვიმის მონასტერში მორჩილად დაემკვიდრა. ბერად 1993 წლის 5 იანვარს აღიკვეცა. საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბერ-დიაკონი შიო 1996 წელს მღვდლად აკურთხა. ერთ წელიწადში ის თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

მღვდელმონაზონმა 1998 წელს ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია დაამთავრა და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე განაგრძო. ამავე წლის 3 აპრილს მას მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.

1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან - ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად გამოარჩია. 7 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა მისი ეპისკოპოსად კურთხევა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ  წმიდა სინოდის წევრების თანამონაწილეობით შეასრულა.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო წმიდა გიორგის ორდენით დაჯილდოვდა. 2009 წელს ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს. 2010 წელს კი მიტროპოლიტი გახდა.

ტახტის მოსაყდრეს რა უფლებები აქვს?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულების თანახმად, რომელიც გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო, ნათქვამია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, ეკლესიას მართავს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

ასევე, საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ;

ტახტის მოსაყდრე საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ იწვევს წმ. სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად;

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მისი მოსაყდრე;

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის თავმჯდომარე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მის მიერ დანიშნული საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე;

მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების თანახმად, ის საეკლესიო კრება, რომელიც არ მოუწვევია კათოლიკოს-პატრიარქს ან მოსაყდრეს, უკანონოა;

საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდზე გადაწყვეტილებას იღებენ ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ემხრობა კრების თავმჯდომარე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მოსაყდრე;

საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდის დადგენილებებს პირველად ხელს აწერს კრების თავმჯდომარე - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მოსაყდრე;

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის სხდომის მოწვევის ადგილს ირჩევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან მოსაყდრე;

საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ საეკლესიო კრებას იწვევს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე;

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა;

ანდერძით მოსაყდრის დატოვება რას ნიშნავს?

საქართველოს ეკლესიაში ანდერძის თემა 1940-იან წლებში გაჩნდა, როდესაც კათოლიკოსმა კალისტრატე ცინცაძემ ანდერძით მოსაყდრედ დაადგინა მიტროპოლიტი მელქისედეკ ფხალაძე. იმ დროს ეკლესიის მმართველობა ფაქტობრივად მოშლილი იყო და სინოდში 2-3 მღვდელმთავარი იყო წარმოდგენილი. მაგრამ, ანდერძის თემას მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა არ იცნობს. კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, პატრიარქის გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა, წმინდა სინოდზე ირჩევს ან ქიროტონიით (ეპისკოპოსად ხელდასხმა) უპირატეს მღვდელმთავარს ავალებს.

ეკლესიის მოქმედი წინამძღოლის მიერ ტახტის მოსაყდრის სიცოცხლეშივე, ღიად დასახელების პრეცედენტი არსებობს?

დიახ. ეკლესიის ისტორია ასეთ შემთხვევებს იცნობს, მათ შორის, საქართველოშიც. 1925 წელს, ციხიდან გამოსულმა კათოლიკოსმა ამბროსი ხელაიამ ნოემბრის თვეში ტახტის მოსაყდრედ დაადგინა კალისტრატე ცინცაძე, რომელიც დეკანოზობიდან ერთ დღეში გამოარჩიეს ეპისკოპოსად და აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში. ამის მიზეზი იმ დროს საქართველოს ეკლესიაში შექმნილი მძიმე ვითარება იყო. მაგრამ მაშინ კალისტრატე ცინცაძე საქართველოს ეკლესიის მეთაური ვერ გახდა. პატრიარქის ტახტი ეპისკოპოსმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა დაიკავა. პატრიაქის ტახტზე უწმინდესი კალისტრატე ხუთი წლის შემდეგ ავიდა.

ანუ შიო მუჯირი შეიძლება პატრიარქი ვერ გახდეს?

შეიძლება. პატრიარქის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში მოიწვევენ გაფართოებულ საეკლესიო კრებას, რომელზეც სინოდი თავისი შემადგენლობიდან სამ კანდიდატს დაასახელებს, რომლებიც ხმათა უმრავლესობას მიიღებენ და ასარჩევად წარუდგენს კრებას. მოსაყდრე შეიძლება იყოს ამ კანდიდატებს შორის, შეუძლია დაასახელოს თავისი კანდიდატურა ან პირიქით - მოხსნას. შესაძლოა დასახელების შემთხვევაში ვერც გავიდეს, რადგან საჭირო ხმები ვერ დააგროვოს. ეკლესიის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოსაყდრე ეკლესიის წინამძღოლად არ აურჩევიათ. მაგალითად, პატრიარქმა მელქისედეკმა მოსაყდრედ ეპისკოპოსი დავით დევდარიანი დატოვა, მაგრამ კრებამ 1960 წელს კათოლიკოს-პატრიარქად ეფრემ სიდამონიძე აირჩია.

რადგან მოსაყდრე დადგენილია, პატრიარქი აღარ შეცვლის გადაწყვეტილებას და ანდერძს აღარ დატოვებს?

რადგან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ტახტის მოსაყდრედ დაასახელა, ამიტომ პატრიარქის მიერ ანდერძით მოსაყდრის დატოვების საკითხი აქტუალური აღარ არის. მაგრამ კათოლიკოს-პატრიარქმა შესაძლებელია შეცვალოს გადაწყვეტილება და თუ საჭიროდ ჩათვლის შეიძლება ახალი მოსაყდრეც დანიშნოს. მოსაყდრესაც შეუძლია სურვილის შემთხვევაში გადადგომა. ასეთ დროს პატრიარქმა შეიძლება მოსაყდრე კვლავ ღიად გამოაცხადოს ან ანდერძი დატოვოს.

აღსანიშნავია, რომ პატრიარქი არჩევითი თანამდებობაა და არა მემკვიდრეობითი, ეს არის რჯულის კანონის და საეკლესიო სამართლის ერთ-ერთი მთავარი დებულება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს საეკლესიო კრება. მოსაყდრეს ევალება ეკლესიის მართვა ახალი პატრიარქის არჩევამდე.

შიო მუჯირი უკვე შეუდგა მოსაყდრის ფუნქციების შესრულებას?

საპატრიარქო ბრძანებით დანიშნული მოსაყდრე ეკლესიის მართვა-გამგებობას პატრიარქის სახელით და მასთან შეთანხმებით განახორციელებს, ანუ ის უკვე შეუდგება ეკლესიის მართვას. მაგრამ, მოსაყდრე არ არის ერთპიროვნული მმართველი. ეკლესიის უმაღლესი ორგანო წმინდა სინოდია და პატრიარქი სინოდთან ერთად მართავს ეკლესიას. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში წერია, რომ საქართველოს ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება) საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრებას - საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს ეკუთვნის.

სხვა თემები