ამერიკის მთავრობის მუშაობა შეწყვეტილია. ეს რას ნიშნავს?
ფოტო: shutterstock.com
20 იანვრის ღამიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობა შეწყვეტილია. ინგლისურად ამ მდგომარეობას shutdown (დახურვა, შეჩერება) ჰქვია. ორშაბათიდან ზოგიერთი სამინისტროს და უწყების მუშაობა ნაწილობრივ აღდგა. კრიზისის მიზეზი არის ის, რომ კონგრესმა ბიუჯეტი დროულად ვერ დაამტკიცა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, აშშ-ის სენატში რესპუბლიკელები და დემოკრატები დროებითი ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტზე შეთანხმდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობის მუშაობა აღდგება.
აშშ-ის ხელისუფლება რატომ ვერ შეთანხმდა?
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ფინანსური წელი 1 ოქტომბრიდან იწყება. თუ ამ დღემდე ხელისუფლება, რაიმე მიზეზის გამო, ბიუჯეტზე ვერ თანხმდება, ისინი თანხმდებიან ვადის გახანგრძლივებაზე. დამატებითი განხილვების დროს ხელისუფლება იღებს რეზოლუციას ეგრეთ წოდებულ გახანგრძლივებაზე (continuing resolution) და მთავრობა წინა წლის გეგმების თანახმად მუშაობს. ამგვარ გახანგრძლივებებზე ხელისუფლება თანხმდებოდა 2017 წლის შემოდგომის შემდეგ, მაგრამ მორიგ პერიოდზე (თებერვლის შუა რიცხვებამდე) შეთანხმება ვერ შეძლო.
დემოკრატებმა, ანუ ოპოზიციამ, მოითხოვა, რომ ბიუჯეტის დამტიცებასთან ერთად ხელისუფლებას მიეღო გარანტიები არალეგალი მიგრანტების შვილების ("მეოცნებეთა პროგრამა") დასაცავად. ეს პროგრამა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ სექტემბერში გააუქმა. დემოკრატი სენატორების ლიდერის ჩაკ შუმერის მოლაპარაკებები ტრამპთან უშედეგოდ დასრულდა და ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი არ მიიღეს.
მთავრობის ეს ბლოკირება აშშ-ის ისტორიაში პირველია იმ თვალსაზრისით, რომ პარლამენტის ორივე პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები შეადგენენ და პრეზიდენტიც რესპუბლიკელია. ბიუჯეტის შეთანხმება სენატში დაიბლოკა. ამ პრობლემის გადასაწყვეტად საჭირო იყო 100 ხმიდან 60, მაგრამ რესპუბლიკელებს სენატში მხოლოდ 51 მანდატი აქვთ.
ახლა არცერთი ოფიციალური უწყება არ მუშაობს?
მთავრობა წინასწარ ქმნის იმ თანამშრომლების სიას, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ. ესენი არიან სამხედრო მოსამსახურეები, ავიადისპეჩერები და ციხეების თანამშრომლები. პოლიცია, სასწრაფო დახმარების და სახანძრო უყებები შტატებს ექვემდებარებიან და არა ფედერალურ მთავრობას. დანარჩენებს უფასო შვებულებაში უშვებენ. მაგალითად, თეთრ სახლში არ იმუშავებს პერსონალის 60%. ითქვა, რომ ნაციონალური პარკები იმუშავებს, ასევე თავისუფლების ქანდაკების მომსახურების ხარჯს ნიუ-იორის შტატი დაფარავს.
უწყებიდან გამომდინარე, შვებულებაში შეიძლება ყველა თანამშრომელი გაუშვან, როგორც ეს მშენებლობის და ქალაქის განვითარების სამინისტროში მოხდა, ან მხოლოდ ნაწილი - როგორც შიდა უსაფრთხოების სამინისტროში, რომელშიც თანამშრომელთა მხოლოდ 13% არ იმუშავებს. უცხო ქვეყნებში საელჩოებმა და საკონსულოებმა მუშაობა ჩვეულებრივ უნდა განაგრძონ - მათ აქვთ ფინანსური რეზერვი, რასაც ვიზების გაფორმებით აგროვებენ. საფოსტო სამახურიც თვითკმარია.
ისინი, ვინც ბლოკირების დროს მუშაობდა, ხელფასს მისი დასრულების შემდეგ მიიღებენ. როგორც წესი, ხელფასს უხდიან შვებულებაში "იძულებით" გაშვებულებსაც, თუმცა კომპენსაციის მიღება შეიძლება წლების განმავლობაში გაჭიანურდეს.
ასეთი რამ ადრეც მომხდარა?
კი. აშშ-ში მთავრობის ბლოკირების შესახებ საკანონმდებლო ნორმა 1976 წელს მიიღეს. მას შემდეგ მსგავსი რამ 18-ჯერ მოხდა. ბოლოს მთავრობა ბარაკ ობამას დროს, 2013 წელს, 17 დღის განმავლობაში არ მუშაობდა. მაშინ შვებულებაში 850 ათასი ადამიანი გაუშვეს, ანუ საჯარო მოხელეების 40%.
მთავრობის ბლოკირება სახიფათოა?
პირველ რიგში, ის სახიფათოა დოკუმენტების გაფორმების შეფერხების გამო. მაგალითად, საგადასახადო სამსახურში პერსონალის 56% არ იმუშავებს; შეიძლება გადაიდოს სასამართლო პროცესები, რადგან ფედერალური პროკურორებიც საჯარო მოხელეები არიან.
თითქმის მილიონი ამერიკელის მოულოდნელად შვებულებაში გაშვება, ბუნებრივია, ეკონომიკაზე აისახება. ზოგიერთი მონაცემებებით, მთავრობის უმოქმედობის ყოველი ერთი კვირა ქვეყანას 6,5 მილიარდი დოლარის დაკარგვად დაუჯდება.
კრიზისი როდის დასრულდება?
ბოლო ინფორმაციით, რესპუბლიკელები და დემოკრატები სენატში შეთანხმდნენ. თუმცა მანამდე ტრამპმა მინიშნებით თქვა, რომ არ გამორიცხავდა უკიდურესი ზომის, ეგრეთ წოდებული თერმობირთვული შესაძლებლობის (nuclear option) გამოყენებას. ეს კანონის მიღების საგანგებო წესია, როდესაც მისი განხილვა ჩიხში შედის. ასეთ შემთხვევაში რესპუბლიკელებს გადაწყვეტილების მისაღებად უბრალო უმრავლესობის ხმები (51) ეყოფოდათ. აშშ-ის ისტორიაში დავის გადაწყვეტის ეს მეთოდი მხოლოდ ორჯერ გამოიყენეს: დემოკრატებმა 2013 წელს და რესპუბლიკელებმა - 2017 წელს.