19 ნოემბერი 2025 - 23:10

არასრულწლოვანთა დანაშაული ევროკავშირში: ციხეში 13 წლის ასაკში?

ფოტო: Getty Images

მოზარდების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ზრდის გამო, შვედეთი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის 15-დან 13 წლამდე შემცირებას გეგმავს. თუ რა კანონმდებლობა მოქმედებს ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, Deutsche Welle-მ გაარკვია. 

რა ხდება?

შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი აპირებს, მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის, მკვლელობისა და ხანძრის გაჩენისთვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 15-დან 13 წლამდე შეამციროს. ოქტომბერში მთავრობამ შესაბამისი კანონპროექტი წარადგინა. ეს არის ხელისუფლების პასუხი კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ჩადენილი ფატალური დანაშაულების მზარდ რაოდენობაზე. რადგანაც 15 წლამდე ასაკის პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემიან, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ კრიმინალური ქსელები სულ უფრო ხშირად იყენებენ ამ რესურსს სროლებსა და იარაღით ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად. 

შვედეთის მთავრობამ ადრე დააანონსა გეგმა ციხეებში 15-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სპეციალური დაკავების ადგილების შექმნის შესახებ. ახალი, კიდევ უფრო შემზღუდავი კანონპროექტი გვთავაზობს ამ გეგმის გაფართოებას, რათა ანალოგიური სივრცეები 13 და 14 წლის მოზარდებისთვისაც იყოს გათვალისწინებული. შვედეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ასეთი დაწესებულებები, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი დამნაშავეების მიღებას მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დაანონსებული ინიციატივა კრიმინალური დაჯგუფებების მიერ გამოყენებულ ხვრელს დაახშობს. თუმცა იურისტები, ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები და სოციალური მუშაკები შიშობენ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის შემცირება, ერთი მხრივ, ხელს არ შეუშლის დანაშაულებრივი შემთხვევების შემცირებას და მეორე მხრივ, შესაძლოა, არასრულწლოვან დამნაშავეთა რეინტეგრაცია შეაფერხოს. 

როგორ უმკლავდებიან ევროკავშირის სხვა ქვეყნები ამ პრობლემას?

არასრულწლოვნების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ასაკთან დაკავშირებით, ევროკავშირის ქვეყნებში განსხვავებული წესები მოქმედებს. ირლანდიაში 10 წლის არასრულწლოვნები უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან, პორტუგალიასა და ლუქსემბურგში კი ეს მხოლოდ 16 წლის ასაკში ხდება. აღნიშნული განსხვავების მიუხედავად, ევროკავშირის ყველა ქვეყანა 18 წლამდე ასაკის დამნაშავეებს ცალკე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ათავსებს. ამ სივრცეებში ყურადღებას ამახვილებენ განათლებასა და რეინტეგრაციაზე და არა - დასჯაზე. თუმცა არასრულწლოვანთა დანაშაულთან დაკავშირებით საზოგადოებრივი და პოლიტიკური დებატების გამწვავების კვალდაკვალ, არასრულწლოვნების დაცვასა და სისხლისსამართლებრივ დევნას შორის ზღვარი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ფინეთი და პორტუგალია, სადაც არასრულწლოვნები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უფრო გვიან ასაკში მიეცემიან, ყურადღება მათ სოციალურ რეინტეგრაციაზეა გამახვილებული. სხვა ევროპულ ქვეყნებში არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდის გამო მზარდი შეშფოთება უფრო მკაცრი კანონმდებლობის მიღებისკენ მოწოდებებს განაპირობებს. ეს ტენდენცია შეინიშნება, მაგალითად, შვედეთსა და გერმანიაში. 

გერმანია კანონმდებლობის გამკაცრებისკენ მოუწოდებს

გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მოზარდები სისხლის სამართლის პასუხისგებაში14 წლის ასაკიდან გადაეცემიან. 14-დან 17 წლამდე ასაკის ბრალდებულთა სასამართლო პროცესები სპეციალურ სასამართლოებში ტარდება. გერმანია აქცენტს აკეთებს საზოგადოებაში რეინტეგრაციაზე, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობასა და ფსიქოლოგიური კონსულტაციების გაწევაზე და არა - არასრულწლოვანი დამნაშავეების თავისუფლების აღკვეთაზე. კანცლერ ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ზოგიერთი წევრი, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან ერთად, ახალგაზრდებში ძალადობის ზრდაზე მიუთითებს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის 12 წლამდე შემცირებას მოითხოვს. სტატისტიკის მიხედვით, ძალადობრივ დანაშაულში ეჭვმიტანილი არასრულწლოვნების რიცხვი 2024 წელს 11.3%-ით გაიზარდა. თუმცა, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე - 2000-იანი წლების დასაწყისში.

იურისპრუდენციის ექსპერტები და ბავშვთა უფლებების დამცველები, მათ შორის - შვედეთიდან, ეწინააღმდეგებიან უფრო მკაცრ კანონმდებლობას. ისინი თვლიან, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმის დადგენა, გამოიწვევს თუ არა ეს არასრულწლოვან დამნაშავეთა რაოდენობის რეალურ შემცირებას და როგორ იმოქმედებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის შემცირება თავად მოზარდებზე. ჯერჯერობით, გერმანიის მთავრობას შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუხატავს. ამის ნაცვლად, ოფიციალური ბერლინი მიჰყვება მიდგომას, რომელიც დიდი ხანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მოქმედებს და ეს არის აქცენტი საზოგადოებაში რეინტეგრაციაზე. თუმცა ასეთ სენსიტიურ საკითხზე დებატები ისევ და ისევ იჩენს თავს და შვედეთის ხელისუფლების მიერ მომზადებული კანონპროექტი შეიძლება კონსერვატორ პოლიტიკოსებს დამატებით არგუმენტს აძლევდეს. 

ირლანდია: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 10 წლის ასაკიდან იწყება

ევროკავშირის არცერთ სხვა ქვეყანაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ იწყება ისეთ ადრეულ ასაკში, როგორც - ირლანდიაში. ახალგაზრდების დაცვის შესახებ კანონის თანახმად, დანაშაულის უმეტესობისთვის ეს 12 წელია, მაგრამ განსაკუთრებით სერიოზული დანაშაულებისთვის, როგორიცაა მკვლელობა, გაუფრთხილებლობით მკვლელობა და გაუპატიურება, არასრულწლოვნების გასამართლება 10 წლის ასაკიდან არის  შესაძლებელი. ზოგიერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორიცაა UNICEF-ი და ევროპის საბჭო, გააკრიტიკა ირლანდიის კანონმდებლობა და რეკომენდაცია გაუწია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის, სულ ცოტა, 14 წლამდე გაზრდას. ირლანდიაში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები მხარს უჭერენ ამ მოწოდებას და აღნიშნავენ, რომ ამ მხრივ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ბავშვთა დაცვის თანამედროვე სტანდარტებს  ეწინააღმდეგება. ირლანდიის მთავრობა იცავს მოქმედ კანონმდებლობას და ამის არგუმენტად მოჰყავს სპეციალური არასრულწლოვანთა სასამართლოების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის არსებობა. თუმცა მზარდი საერთაშორისო ზეწოლის გამო, დუბლინში არსებული რეგულაციების გადახედვა განიხილება. 

მთავარია, რისკის ქვეშ მყოფ მოზარდებს დავეხმაროთ, რათა ისინი დამნაშავეებად არ ჩამოყალიბდნენ

დანიის მაგალითი, შესაძლოა, ამ საკითხზე დაფიქრების საფუძველი გახდეს. 2010 წელს, დანიის ცენტრისტულმა მემარჯვენე მთავრობამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 15-დან 14 წლამდე შეამცირა. ორი წლის შემდეგ, ახალმა კაბინეტმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა. კვლევამ აჩვენა, რომ 14 წლის მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა არ შემცირებულა. პირიქით, გამოჩნდა მტკიცებულებები, რომ არასრულწლოვანთა პატიმრობა რეციდივიზმის რისკს ზრდის. ევროკავშირში ბევრი ამას იმის ნიშნად მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის რეფორმებმა, შესაძლოა, პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვოს, მაგრამ გრძელვადიან დადებით შედეგებს იშვიათად იწვევს. 

არასრულწლოვნების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ასაკობრივი ზღვრის საკითხი ევროკავშირში უკიდურესად აქტუალური რჩება. შვედეთის ძალისხმევა ამ კატეგორიის დამნაშავეთა უფრო მკაცრი დევნის ზოგად ტენდენციას შეესაბამება. თუმცა, მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა, როგორიცაა დანიაში 2025 წელს ჩატარებული გამოკითხვა, აჩვენებს, რომ ამ მიდგომამ შეიძლება მოზარდების საზოგადოებაში რეინტეგრაციას ხელი შეუშალოს. აშშ-ში მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ არასრულწლოვნების პატიმრობა ხელს უშლის მათ დადებით განვითარებას და ხშირად გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები მოაქვს. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, სადაც არასრულწლოვანი დამნაშავეების დაპატიმრებასა და საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციას შორის ბალანსი ფრთხილად და ყოვლისმომცველად არის აწონ-დაწონილი, რეალური პრობლემა, შესაძლოა, არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დადგენაში, არამედ იმაში მდგომარეობდეს, თუ როგორ ეხმარება სოციუმი აღნიშნული კატეგორიის მოზარდებს, რომ ისინი დამნაშავეებად ჩამოყალიბებისგან დაიცვას. 

სხვა თემები