07 ნოემბერი 2025 - 15:19

რეპერი, აქტივისტი და ნიუ-იორკის ახალი მერი - ვინ არის ზოჰრან მამდანი?

ფოტო: Getty Images

ნიუ-იორკის ახალი მერი გახდება 34 წლის ზოჰრან მამდანი, რომელიც არის მუსლიმი, წარმოშობით უგანდელი, სოციალისტი და პალესტინის დამოუკიდებლობის მომხრე. ახლახან ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მამდანიმ ხმების დაახლოებით 50% მიიღო, კუომომ - 41%, ხოლო მესამე კანდიდატმა კერტის სლივამ - 7%. მომავალი მერი თანამდებობას 2026 წლის 1 იანვარს დაიკავებს. მამდანი ჯერ კიდევ ზაფხულის მარათონში გახდა ლიდერი, მოიგო დემოკრატიული პარტიის პრაიმერი, რომელშიც ნიუ-იორკის შტატის ყოფილ გუბერნატორს, პოლიტიკურად მძიმეწონიან ენდრიუ კუომოს გადაუსწრო. ამ უკანასკნელმა ოპონენტს გამარჯვება უკვე მიულოცა. დამარცხება აღიარა მესამე კანდიდატმა, კერტის სლივამაც. 

მიმდინარე წლის დასაწყისში, მამდანის პოპულარობა 1%-ით შეფასდა. საკუთარი გუნდიც კი, მისი გამარჯვების შანსს მხოლოდ 3%-იანი მაჩვენებლით აფასებდა. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, ის გახდება ნიუ-იორკის ყველაზე ახალგაზრდა მერი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ქალაქის პირველი მერი სამხრეთ აზიური წარმოშობის. ამავე გამოცემის ცნობით, მამდანი იქნება პირველი მუსლიმი მერი და შესაძლოა, ქვეყანაში ყველაზე პოპულარული დემოკრატი სოციალისტი. რესპუბლიკელებმა მამდანის კომუნისტი და ჯიჰადისტი უწოდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მილიარდერმა ილონ მასკმა და სხვა მაღალი თანამდებობის რესპუბლიკელებმა ამომრჩეველს მის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდეს. 

მამდანის ლიდერობამ აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაში კრიზისი და პარტიის სამომავლო პოლიტიკის შესახებ კითხვები გამოიწვია. ნიუ-იორკის ყველაზე მდიდარი მცხოვრებლები, მამდანის გამარჯვების შემთხვევაში, ქალაქის დატოვებით იმუქრებოდნენ. თავად მერის საარჩევნო კამპანია კი ანტისემიტიზმში, ისლამოფობიასა და რადიკალიზმში ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. „მეგობრებო, ჩვენ პოლიტიკური დინასტია დავამხეთ! ჩვენ გადავფურცლავთ პოლიტიკის იმ გვერდს, რომელიც ხალხის უმრავლესობას უარყოფს და მხოლოდ რჩეულთა მცირე ნაწილს ემორჩილება“, - განაცხადა მამდანიმ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას.

კამპალადან ბრონქსამდე: ფესვები და ბავშვობა

ზოჰრან მამდანი 1991 წელს, უგანდის დედაქალაქ კამპალაში დაიბადა. მისი მამა ცნობილი ანთროპოლოგი და პოსტკოლონიური თეორეტიკოსი მაჰმუდ მამდანია, დედა კი - კინორეჟისორი მირა ნაირი, რომელიც ფილმების - „მისისიპელი მასალასა“ და „მონაზონი და იმამის“ ავტორია. 1970-იან წლებში მამის ნათესავები ლტოლვილები გახდნენ მას შემდეგ, რაც უგანდიდან აზიური დიასპორა განიდევნა. „მამაჩემისთვის უმცირესობაში ყოფნა სამყაროს ილუზიების გარეშე დანახვას ნიშნავს“, - ამბობდა უმცროსი მამდანი. შვიდი წლის ასაკში ის მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა  ნიუ-იორკში, სადაც ადაპტაციის პრობლემებს, ენობრივ ბარიერსა და თანაკლასელების დაცინვას წააწყდა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ „ყოველთვის უცხოდ ყოფნის“ შეგრძნება საზოგადოების მიერ უგულებელყოფილი ადამიანების მიმართ მისი თანაგრძნობის წყარო გახდა. ის სწავლობდა Bronx High School of Science-ში, სადაც ლიდერის თვისებები პირველად გამოავლინა იმით, რომ სკოლის კრიკეტის გუნდი დააარსა. შემდეგ მან მენის შტატში Bowdoin College-ი „აფრიკანისტიკის“ სპეციალობით დაამთავრა. 

რეპიდან პოლიტიკამდე

სანამ პოლიტიკოსი გახდებოდა, მამდანი მუსიკალურ კარიერაზე ოცნებობდა. სასცენო ფსევდონიმით Young Cardamom, ის რეპავდა ინგლისურ, ჰინდისა და ლუგანდის ენებზე, წერდა მუსიკალურ კლიპებს უგანდასა და ნიუ-იორკში და ერთ-ერთ სიმღერას უწოდა „Sidda Mukyaalo“ - „სოფელში დაბრუნება შეუძლებელია“. „როგორც ინდური წარმოშობის უგანდელს, სოფელში დაბრუნება არ შემიძლია“, - ამბობდა ის. „ქალაქი ყველაფერია, რაც მაქვს“. მუსიკამ მას მისცა სცენაზე თავდაჯერებულობა და მასებისთვის გასაგებ ენაზე საუბრის უნარი - თვისება, რომელიც მოგვიანებით მისი პოლიტიკური წარმატების საფუძველი გახდა. 

2010-იანი წლების შუა პერიოდში, მამდანიმ მუსიკას თავი გაანება. პოლიტიკოსის თქმით, ეს მოხდა მამასთან საუბრის შემდეგ, რომელმაც უთხრა: „დროა ნამდვილი სამსახური იშოვო“. მან დაიწყო მუშაობა არაკომერციულ ორგანიზაცია Chhaya-ში, სადაც ეხმარებოდა მიგრანტებს, რომლებიც ვალების გამო სახლების დაკარგვის რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. სწორედ მაშინ წააწყდა პირველად იჯარის პრობლემას. სწორედ ეს არის ის თემა, რომელიც მისი მომავალი კამპანიების ლაიტმოტივად იქცა. 

2020 წელს მამდანიმ პირველი არჩევნები მოიგო - ნიუ-იორკის შტატის ასამბლეაში 36-ე ოლქში. ის გახდა პირველი სამხრეთ აზიელი მამაკაცი და პირველი უგანდელი საკანონმდებლო ორგანოს ისტორიაში. ასამბლეაში ის ცნობილი გახდა, როგორც მოიჯარეების უფლებების აქტიური დამცველი, მდიდრებისთვის გადასახადების დაწესების მომხრე და კორპორაციული შეღავათების წინააღმდეგ მებრძოლი. ის გუბერნატორის ოფისის წინ დაბანაკდა უთანასწორობის გასაპროტესტებლად, მონაწილეობა მიიღო ვალებში მყოფი ტაქსის მძღოლების მხარდასაჭერად შიმშილობის აქციაში და ხელი შეუწყო კანონპროექტს, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებების დაფინანსებას ზღუდავდა. ამ უკანასკნელმა მას ანტისემიტიზმში დასდო ბრალი და ეს შესაძლოა მამდანის პოლიტიკური კარიერის დასასრული ყოფოლიყო. თუმცა პირიქით მოხდა: მისმა პირდაპირობამ და საყოველთაო ტენდენციების საწინააღმდეგოდ წასვლის სურვილმა მამდანი პროგრესული ახალგაზრდობისთვის გმირად აქცია.

დემოკრატების ახალი და ძველი სახეები

მამდანის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ ის განიხილავდა საკითხებს, რომლებზეც რიგითი ნიუ-იორკელები საკუთარ სახლებში მსჯელობდნენ და არ დაიწყო შაბლონური „10-პუნქტიანი გეგმის“ წარმოდგენა, რომელიც რეალურად არავის ესმის, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა შრომის მინისტრმა რობერტ რაიხმა. „მამდანი ყოველდღიური პრობლემების მარტივ გადაწყვეტას გვთავაზობს და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი საყოველთაოდ მისაღები არ არის, ეს წინადადებები ამომრჩევლისთვის გასაგებია. გარდა ამისა, ის ახალგაზრდებს პოლიტიკით დაინტერესებისკენ უბიძგებს. დემოკრატიულმა პარტიამ, მისი მაგალითის მიბაძვით, უნდა დაიცვას მოსახლეობის 90%-ის საჭიროებები - ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, საკვები და ბავშვზე ზრუნვა“, - მიიჩნევს რაიხი.

ყველაფერს დრო გვიჩვენებს

შეძლებს თუ არა მამდანი თავისი თამამი დაპირებების შესრულებას სუბსიდირებული იჯარების გაყინვის, უფასო ავტობუსების შემოღებისა და სიმდიდრის გადასახადის დაწესების შესახებ, ჯერ კიდევ საკითხავია. სუბსიდირებული საცხოვრებლის ქირის ზრდას არეგულირებს ქირის კონტროლის კომისია - ცალკე სამთავრობო სააგენტო, რომელსაც შეუძლია მამდანის ინიციატივაზე უბრალოდ უარი თქვას. დამატებითი გადასახადების დაწესებას კი სჭირდება გუბერნატორის თანხმობა, რაც მამდანის არ აქვს. თუმცა, ნიუ-იორკის ბიზნესმენები იმედოვნებენ, რომ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, მამდანი ისეთი რადიკალური აღარ იქნება, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს იყო. „როიტერის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბიზნესი მოლოდინის რეჟიმშია, თუ რას იზამს ახალი მერი. თუმცა, „პოლიტიკოს“ ცნობით, ნიუ-იორკის მერის არჩევნები ერთგვარ რეფერენდუმად იქცა იმის შესახებ, თუ როგორი პარტია სურთ დემოკრატებს - პროგრესული პოპულისტების პარტია, როგორიცაა მამდანი თუ ისეთი ცენტრისტული ფიგურების პარტია, როგორიცაა კუომო. ამჟამად, ამერიკელი დემოკრატების 66% ამბობს, რომ ისინი სოციალიზმს ემხრობიან, ხოლო პარტიის მხარდამჭერების 42% კაპიტალიზმისკენ იხრება. 

ნებისმიერ შემთხვევაში, მამდანის ყოველი მომავალი წარმატებისა თუ წარუმატებლობისკენ ძალიან დიდი ყურადღება იქნება მიპყრობილი არამხოლოდ ნიუ-იორკში და არამხოლოდ დემოკრატების მხრიდან. რესპუბლიკელები უკვე გეგმავენ მამდანის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის - დემოკრატიული პარტიის დისკრედიტაციისა და მისი შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობის გამოცხადებისთვის, - წერდა Axios. „ეს არ არის მხოლოდ ნიუ-იორკის მარათონი. ეს არის ისტორია ნაციონალური პარტიის შესახებ, რომელმაც მუხლი მოიყარა სოციალიზმისა და ულტრამემარცხენეების წინაშე“, - ასე აყალიბებს გამოცემა რესპუბლიკელების განზრახვას. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ მამდანის წარმატება დაკავშირებულია ნიუ-იორკთან, შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ ქალაქთან. და არსებობს ეჭვი, რომ მას შეუძლია სხვა დემოკრატებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდეს. „არავინ უნდა დააკნინოს მამდანის მიღწევები“, - წერს New York Magazine-ი. „თუმცა ისინი პირდაპირ არ გამოიყენება სრულად განსხვავებულ ადგილებში, განსხვავებული ამომრჩევლებისა და პოლიტიკური კულტურებისთვის“. 

სამშაბათის არჩევნებმა დემოკრატიულ პარტიას კიდევ ორი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. მიკი შერილმა ნიუ ჯერსის გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვა და ტრამპის მოკავშირე ჯეკ ჩიატარელი დაამარცხა. დემოკრატმა აბიგაილ სპანბერგერმა კი დემოკრატებისგან განდგომილ ვირჯინიის შტატში გაიმარჯვა. ორივე კანდიდატმა, მამდანის მსგავსად, ეკონომიკურ დღის წესრიგზე გაამახვილა ყურადღება. დემოკრატები, შესაძლოა, მზად იყვნენ „ბაიდენიზმის“ დასამარხად და უფრო თამამი პოლიტიკის გასატარებლად. „პოლიტიკა ამჟამად საოცარი ტემპით ვითარდება და ეს პარტიისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, - წერს Politico.

სხვა თემები