თეირანის თეოკრატია. რატომ ვერ იტანენ ერთმანეთს ირანი და ისრაელი?

ფოტო: shutterstock.com
18 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრემიერმინისტრი ირანს დაემუქრა და თქვა, რომ თეირანი მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის; 2017 წლის დეკემბერში ირანში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ მასობრივი გამოსვლები დაიწყო. პოლიციასთან შეტაკებებისას 22 ადამიანი დაიღუპა, ათასზე მეტი - დააკავეს. სხვადასხვა მიზეზის გამო ირანი საერთაშორისო ახალ ამბებში მუდმივად ხვდება, მაგრამ ამ მიზეზების გაგება ხშირად რთულია ხოლმე მათთვის, ვინც კონტექსტი არ იცის.
ირანში თეოკრატიაა?
1979 წლის შემდეგ - კი. მანამდე ირანში საერო მონარქიული წყობა იყო, რომელიც რევოლუციის დროს დაამხეს. ამის შემდეგ, ხელისუფლება შიიტ სასულიერო პირებს გადაეცათ. რევოლუციური ლოზუნგების გავლენით, ქვეყნის ახალი ხელისუფლება სოციალურად სამართლიანი საზოგადოების მშენებლობას შეეცადა. არსებობდა მიზანი, რომ ისლამურ რელიგიურ პრინციპებზე დაყრდნობით, ქვეყანაში ისეთი საოციალურ-ეკონომიკური განვითარების თეორია გაეტარებინათ, რომელიც ალტერნატივა იქნებოდა იმ მომენტისთვის არსებული კომუნისტური და საბაზრო დემოკრატიების დოქტრინების. შედეგად, ქვეყანაში სახელმწიფო მმართველობის რთული, სპეციფიკური და იმავდროულად, მოქნილი სისტემა ჩამოყალიბდა.
ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა - ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელი პირი კი არის არა პრეზიდენტი, არამედ სიცოცხლის ბოლომდე არჩეული სასულიერო პირი, რომელიც პრეზიდენტზე მაღლა დგას და ხელისუფლების სამივე შტოს საქმიანობას აკონტროლებს. მიუხედავად ამისა, ირანი კლასიკური თეოკრატია მაინც არ არის. მართალია, რესპუბლიკის პოლიტიკური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ბოლო სიტყვა სასულიერო პირებს, უფრო ზუსტად კი ისლამის სამართლის მცოდნეებს ეკუთნით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი პოლიტიკური და რელიგიური ხელისუფლება, როგორც ეს კლასიკურ თეოკრატიაშია, მხოლოდ რელიგიური პირების და მით უფრო, ერთი კაცის ხელშია კონცენტრირებული.
ირანის სამართლებრივი სისტემა, დიდწილად ისევ 1979 წლამდე მიღებულ საერო კოდექსებს (მათი პირველწყარო ფრანგულია) ეფუძნება, რომლიდანაც ისლამთან დაპირისპირებული მუხლები ამოიღეს. ისლამური სამართალი შეზღუდულად არსებობს სავაჭრო, სისხლის სამართლებრივ და სამოქალაქო კანონმდებლობაში და სრულად არეგულირებს მხოლოდ ოჯახური და მემკვიდრეობითი სამართლის საფუძვლებს.
ხელისუფლების სამი შტოს წარმომადგენლები ძირითადად არ არიან ვალდებულები სასულიერო წრის წარმომადგენლები იყვნენ. ასეთი უნდა იყოს მხოლოდ უმაღლესი ლიდერი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი. სახელმწიფო ჩინონსების მიმართ მთავარი მოთხოვნაა მუსლიმური აღმსარებლობა და ისლამით გათვალისწინებული წეს-ჩვეულებების მკაფიო დაცვა.
რევოლუციის გუშაგები ვინ არიან?
ირანის შეიარაღებული ძალების სტრუქტურის თავისებურება ის არის, რომ არსებობს ორი დამოუკიდებელი რეგულარული შეიარაღებული ფორმირება: არმია და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, რომლებსაც ჰყავთ ქვეითი ჯარი, სამხედრო-საჰაერო ძალები და სამხედრო-საზღვაო ძალები. ირანის კონსტიტუციის თანახმად, არმიის გამოყენება შეიძლება მხოლოდ თავდაცვითი ომის დროს და ისიც ქვეყნის ფარგლებში.
გუშაგთა კორპუსს უფრო ფართო ფუნქციები აქვს. ის ასრულებს, როგორც არმიის, ასევე ეროვნული გვარდიის ფუნქციებს; მას იყენებენ ირანის შიგნით განსხვავებულ აზრთან, დისიდენტურ მოძრაობასთან და საპროტესტო ოპოზიციასთან ბრძოლისათვის; კორპუსს შეუძლია სპეცოპერაციების ჩატარება ქვეყნის საზღვრებს მიღმაც, ასევე აქვს თავისი დაზვერვის სტრუქტურები; საგანაგებო მდგომარეობის დროს კორპუსის დაქვემდებარებაში გადადის მართლწესრიგის დაცვის ძალები, რომლებიც მშვიდობიან დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება; კორპუსის სამხედრო ხელმძღვანელობას ექვემდებარება ასევე ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის ძალები “ბასიჯი”, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს სახალხო რაზმსაც, იდეოლოგიურ რუპორსაც და ძალას, რომელიც მოსახლეობას სამხედრო საქმის საფუძვლებს ასწავლის; ის მუშაობს ახალგაზრდობასთანაც.
გუშაგთა კორპუსს არმიისგან კიდევ ერთი რამ განასხვავებს: მისი წევრები აქტიურად მონაწილეობენ ირანის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ სტრუქტურის გარდაქმნა სამხედრო ორგანიზაციიდან ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოთამაშედ რამდენიმე ფაქტორმა განსაზღვრა. ირან-ერაყის ომში (1980-1988) კორპუსის საინჟინრო დანაყოფებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვეს, რომელიც ირანის ხელისუფლებამ მშვიდობიან დროს ეკონომიკის რეკონსტრუქციის და აღდგენისთვის გამოიყენა. ირანის კონსტიტუციის 147-ე მუხლის თანახმად, მშვიდობიან დროს ქვეყანას შეუძლია სამხედრო დანაყოფები აღმშენებლობით საქმიანობაში ჩართოს. 1990-იან წლებში, ქვეყნის ეკონომიკაში კორპუსის როლის განმტკიცებას მოჰყვა ის, რომ მისმა ყოფილმა წევრებმა თანდათან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც შეაღწიეს.
ირანი - დიქტატურაა?
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების სათავეში სიცოხლის ბოლომდე არჩეული უმაღლესი ლიდერია, მისი დიქტატორად მიჩნევა არასწორია. დე-ფაქტო ის უმაღლესი არბიტრის როლს ასრულებს, რომელიც ვალდებულია დაიცვას წონასწორობა ხელისუფლების ყველა შტოს და ძირითად ელიტურ ჯგუფებს შორის. მათ საქმიანობაში ის მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ერევა. 1989 წელს, პირველი უმაღლესი ლიდერის რუხოლა ხომეინის გარდაცვალების შემდეგ, ირანის უმაღლეს ხელისუფალს საკანონმდებლო ინიციატივები, როგორც წესი, აღარ აქვს. ეს ფუნქცია აქვთ პარლამენტს და პრეზიდენტს, რომლებსაც ხალხი ირჩევს, თუმცა კანდიდატები უნდა მოიწონონ შინაგან საქმეთა სამინიტრომ და სპეციალურმა ორგანომ - დამკვირვებელთა საბჭომ. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი ლიდერი თანამდებობაზე სიცოცხლის ბოლომდე რჩება, მისი პოზიცია არჩევითია და ფორმალურად, ელექტორატთან ანგარიშვალდებულიცაა.
ირანში ყურადღებით ადევნებენ თვალს იმას, რომ მოსახლეობამ შეძლოს არჩევნის უფლების რეალიზება (სტუდენტური საბჭოების არჩევით დაწყებული, დასრულებული პრეზიდენტის პირდაპირი არჩევით და ფორმალურად უმაღლესი ლიდერის არჩევითაც). ამასთან, არჩევანი შეზუდულია იმ კანდიდატების წრით, რომლებსაც სახელმწიფო რამდენიმე საკვანძო პარამეტრის მიხედვით ფილტრავს. მთავარი - ისლამური წყობის იდეებისადმი და ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისადმი ერთგულებაა. ამიტომ, მოქალაქეების მიერ არჩეული პირები ისლამური წყობის შენარჩუნების იდეას ეჭქვეშ არ აყენებენ, თუმცა შეიძლება ძალიან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ ეკონომიკურ, სოციალურ და საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე. ეს საკმარისი სივრცეა დისკუსიისა და სხვადასხვა ინიციატივებისათვის, ასევე მოსახლეობას მეტნაკლებად მრავალფეროვანი არჩევნის შესაძლებლობას აძლევს, რაც სახელმწიფო სისტემას სტაგნაციისა და უძრაობისგან იცავს.
ირანში ინტერნეტთან წვდომა მკაცრად შეზღუდულია?
ინტერნეტი ირანში რთული თემაა. ერთი მხრივ, წვდომა, ინტერნეტის და მობილური კავშირის ხარისხი ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება. მეორე მხრივ, ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს ირანელების წვდომა სოციალურ ქსელთან და ინფორმაციასთან, რომელიც, მათი აზრით “ისლამურ მორალს” და პოლიტიკურ წყობას დააზიანებს. მაგრამ მათ ეს ეფექტიანად ვერ გამოსდით. ბევრი ირანელი იყენებს VPN-ს. ინტერნეტის ირანული სეგმენტი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. მეტიც, თავად ირანელ ჩინოსნებსაც კარგად ესმით, რომ ინტერნეტი მათ ხალხთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ. ამიტომ, მათ ხშირად აქვთ გვერდები “აკრძალულ” სოცქსელებში და “დახურულ” მესენჯერებში.
ირანი ბირთვულ იარაღს მართლაც ქმნიდა? სანქციებმა იმოქმედა?
ამაზე ზუსტი პასუხი თავად ირანელებს ექნებათ და ისიც 20 ან 50 წლის შემდეგ. ექსპერტულ წრეებში მიაჩნიათ, რომ ირანს მართლაც ჰქონდა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის გეგმა, მაგრამ 2000-იანების შუა წლებში მასზე უარი თქვა (ან შეაჩერა). ირანის ბირთვული პროგრამის წარსულზე და იმაზე, თუ რამდენად მიაღწია თეირანმა ამ საქმეში პროგრესს, კითხვები რჩება, რომელზეც ირანელი ჩინოსნები საერთაშორისო თანამეგობრობისთვის პასუხის გაცემას არ ჩქარობენ. შეშფოთების საგანია, ასევე, ქვეყანაში აქტიურად განვითარებადი სარაკეტო და კოსმოსური პროგრამები: ბოლო დრომდე ირანში ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ ბალისტიკური რაკეტების სიზუსტის გაზრდას და აქცენტს მათი გამოყენების რადიუსის ზრდაზე აკეთებდნენ. ასეთ პირობებში იარაღის ამ სახეობის ეფექტიანობა შეიძლება მხოლოდ ბირთვული მუხტის დაყენებამ გაზარდოს.
მაგრამ დღევანდელ დღეს არ არსებობს არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ ირანი ბირთვული იარაღის წარმოებაზე მუშაობს. მეტიც, საერთაშორისო ინსტიტუტები ადასტურებენ, რომ თეირანი ეგრეთ წოდებული ბირთვული შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს ასრულებს. ეს შეთანხმება 2015 წელს ირანს და საერთაშორისო მომალაპარაკებლების ექვსეულს (აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, გერმანია) შორის გაფორმდა. შეთანხმება ზღუდავს ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებას და მას საერთაშორისო კონტროლის ქვეშ აქცევს. 2006-2012 წლების სანქციებმა ხელი შეუწყო იმას, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდა, 2015 წლის შეთანხმებას ხელი მოაწერა და იცავს მას. სანქციებმა სერიოზულად დაასუსტა ირანის ეკონომიკა და რესპუბლიკის მმართველებმა დაინახეს, რომ ბირთვულ ასპარეზზე წარმატება შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეთ.
ირანში ტერაქტები ხშირად ხდება? მას ისლამური სახელმწიფო ემუქრება?
ირანი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და სტაბილური ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში. ცენტრალურ ქალაქებში ტერაქტები იშვიათად ხდება (ბოლო, “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ორგანიზებული მასშტაბური ტერაქტი, ირანში 2017 წელს თეირანში მოხდა), მაგრამ შემოგარენში ასეთი სიმშვიდე არ არის.
ირანის “ისლამურ სახელმწიფოსთან” და სხვა რადიკალურ დაჯგუფებებთან ურთიერთობაზე მარტივი პასუხი არ არსებობს. დღეს თეირანი პოზიციონირებს, როგორც ტერორიზმის შეურიგებელი მტერი, მაგრამ 1990-იან წლებში მან კავშირები დაამყარა "ალ-ქაიდასთან" და “ეგვიპტის ისლამურ ჯიჰადთან”, რომელსაც მაშინ "ალ-ქაიდას" ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი ხელმძღვანელობდა. 2000-იან წლებში ირანს აქტიური კონტაქტები ჰქონდა “თალიბანის” საველე მეუთაურებთან, თუმცა ფორმალურად ამ დაჯგუფებას ავღანეთში მთავარ მტრად მიიჩნევდა.
იმავდროულად, აშშ-სთან წინააღმდეგობის ფარგლებში, თეირანი, ერაყში ამერიკის ომის დროს, თანამშრომლობდა “ალ-ქაიდასთან ერაყში”, “ისლამური სახელმწიფოს” მთავარ წინაპართან. ერაყში ამერიკელების ინტერვენციის დროს აწ უკვე მოკლული, ოდიოზური აბუ მუსაბ აზ-ზარქავი ერაყში ავღანეთიდან სწორედ ირანის გავლით მოხვდა. და მიუხედავად იმისა, რომ ბინ ლადენის თავშესაფარში აღმოჩენილი დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკელმა ექსპერტებმა აღიარეს, რომ ირანის და "ალ-ქაიდას" კონტაქტი მჭიდრო არ იყო, გარკვეულ სიტუაციურ ტაქტიკურ თანამშრომლობაზე ლაპარაკი მაინც შეიძლება.
მაგალითად, 2007 წლის წერილში, ოსამა ბინ ლადენი წერდა, რომ “ირანი ალ-ქაიდასთვის მთავარი არტერიაა”, ხოლო 2014 წელს მოკლული აბუ მუჰამედ ალ-ადნანი, ისლამური სახელმწიფოს ოფიციალური “სპიკერი” და “ხალიფატის” უცხოური ოპერაციების სამსახურის ხელმძღვანელი, “ალ-ქაიდას” ლიდერისთვის ალ-ზავაჰირისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნავდა, რომ მისმა ორგანიზაციამ შეასრულა თხოვნა თავი შეეკავებინა ირანზე თავდასხმებისაგან.
არ არის გამორიცხული, რომ დასაწყისში “ისლამური სახელმწიფო” სწორედ სიტუაციური თანამშრომლობის პოლიტიკას მიმართავდა, მიუხედავად ირანული გუშაგთა კორპუსის და მასთან აფილირებული მოხალისეების აქტიურობისა ერაყსა და სირიაში. სავარაუდოდ, ამით აიხსნება ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში “ხალიფატი” ირანის ტერიტორიაზე არ აქტიურობდა. ირანის დამოკიდებულებაც ხალიფატის მიმართ თავისებური და პრაგმატული იყო: ის განსაკუთრებით არ ეწინააღმდეგებოდა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს და “წითელი ხაზების” (სირიასა და ერაყში მნიშვნელოვანი შიიტური სიწმინდეების, ასევე საზღვრისმიმდებარე ხაზების) დაცვით შემოიფარგლებოდა.
ირანის რეალური და ეფექტიანი ბრძოლა “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბოლო პერიოდში დაიწყო. ოფოციალურმა თეირანმა “ხალიფატის” საქმიანობის აღკვეთის შესახებ საჯარო განცხადებების კეთება 2016 წლის ზაფხულიდან დაიწყო. “ხალიფატმა” პირველი “ირანული ბატალიონის” შექმნის შესახებ, მხოლოდ 2017 წლის მარტში გამოაცხადა.
ირანი და ისრაელი ერთმანეთს რატომ ვერ იტანენ?
ანტიისრაელური პოლიტიკა ირანის საგარეოპოლიტიკური და იდეოლოგიური დოქტრინის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. ის რამდენიმე მიზეზის გამო ჩამოყალიბდა. პირველ რიგში, თეირანის ანტიისრაელური პოზიცია გაჩნდა, როგორც შაჰის (რევოლუციამდელი) საგარეოპოლიტიკური მიდგომების უარყოფა - ირანის შაჰს თელ-ავივთან ძალიან კარგი კავშირები ჰქონდა.
მეორეც, თეირანს მუსლიმური თემის ინტერესების დამცველის რეპუტაცია აქვს. ამ როლის შენარჩუნებისთვის მან აქტიურად უნდა აკრიტიკოს ისრაელი პალესტინელი არაბებისა და მუსლიმებისთვის წმინდა ადგილების წინააღმდეგ ქმედებებისათვის.
მესამეც, ისრაელს ირანის ლიდერები აღიქვამენ, როგორც აშშ-ის მთავარ საყრდენს ახლო აღმოსავლეთში. შესაბამისად, ირანის მხრიდან ანტიისრაელური ქმედებების გააქტიურება, როგორც წესი, ვაშინგტონის და თეირანის ურთიერთობების მორიგ გამწვავებას ემთხვევა ხოლმე. და ბოლოს, იმისთვის, რომ ირანის ხელისუფლებამ მოადუნოს მოსახლეობის ყურადღება შიდა პრობლემებზე, მას მტრის ხატი სჭირდება, რომლითაც საკუთარ შეცდომებს გაამართლებს.
არსებობს ასევე ორი საგულისხმო მომენტი. პირველი: ირანი ემტერება ისრაელის სახელმწიფოს, მაგრამ არა ებრაელ ხალხს. ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობს იუდეური თემი, ასევე იქ არის იუდევლებისათვის პატივსაცემი ადგილები, როგორებიცაა ჰამადანში მორდეხაის და ესფირის საფლავები. და მეორე, ირანში ყოველთვის განასხვავებენ ერთმანეთისაგან იდეოლოგიას და რეალობას. ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო, ამ ქვეყნის ხელისუფლება ანტიისრაელურ რიტორიკაზე უარს ვერ იტყვის. მაგრამ საეჭვოა, ისრაელის განადგურებას აპირებდეს. თეირანი და მისი პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში, ისრაელისთვის გამოწვევაა, მაგრამ არა ეგზისტენციალური. მეტიც, 1979 წლის შემდეგ, მართალია იშვიათად, მაგრამ ამ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის ეპიზოდებიც იყო. მაგალითად, 1980-იან წლებში ირანის ერაყთან ომში მხარდასაჭერად, თეირანს ამერიკული იარაღით საიდუმლოდ სწორედ ისრაელი ამარაგებდა.
რუსეთი და ირანი მეგობრობენ?
მათი ურთიერთობა უფრო “ანგარებით ქორწინებას” ჰგავს. მოსკოვი და თეირანი არაერთ საკითხს განიხილავენ, მათ შორის სირიის, კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის პრობლემას და ეკონომიკურ საკითხებს. ორივე სახელმწიფოს ხელისუფლებას ესმის, რომ მარტო ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს და შეძლებისდაგვარად თანხმდებიან. ისინი არამხოლოდ იყენებენ ერთმანეთს, არამედ უწევთ ერთმანეთის ატანა და ზოგჯერ დათმობებზე წასვლაც.
საუდის არაბეთი და ირანი რატომ ჩხუბობენ?
თუ ისრაელის შემთხვევაში, ირანი კონფლიქტის მთავარი მაპროვოცირებელია, დღევანდელ კონფლიქტში საუდის არაბეთს და ირანს შორის, დამნაშავე უფრო ერ-რიადია, რომელსაც აკვიატებულად სჯერა, რომ ირანი სპარსეთის ყურისა და ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობისთვის საფრთხეა.
ერთი მხრივ, ამ შეშფოთების მიზეზები საკმაოდ ობიექტურია. ირანი ძლიერი სახელმწიფოა, რომელსაც რეგიონული ლიდერობის ამბიცია აქვს, რაც პერიოდულად ზღუდავს საუდიტების პოზიციას ახლო აღმოსავლეთში. მეორე მხრივ, საუდის არაბეთის ლიდერებმა თავად შექმნეს მითი იმის შესახებ, რომ ირანს ყველა საშუალებით სურს რეგიონში ჰეგემონია და შემდეგ ამ მითის თავადაც დაიჯერეს. შესაბამისად, ერ-რიადი ყველა თავისი საგარეოპოლიტიკური პრობლემის უკან ირანის ხელს ხედავს. სინამდვილეში, ირანს გაცილებით პრაგმატული პოზიცია აქვს და არაბ მეზობლებთან კეთილ ჩხუბს ცუდი მშვიდობა ურჩევნია.
საქართველო?
ძალიან მოკლედ, საქართველოს ირანთან კეთილმეზობლური, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს. რაც შეეხება ჩამოთვლილ სხვა ქვეყნებს, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ევროპასთან ერთად დასავლური საგარეოპოლიტიკური კურსის მთავარი ორიენტირი; ისრაელი - მრავალსაუკუნოვანი მეგობარი და პოლიტიკური მოკავშირე; საუდის არაბეთი - პოტენციურად ღირებული სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი; რუსეთი კი ოკუპანტი და პოლიტიკური მტერი.
წყარო: Meduza