11 აგვისტო 2018 - 17:32

ტრამპის ომები. ვინ გაიმარჯვებს აშშ-ს, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის გაჩაღებულ სავაჭრო ომში?

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ფოტო: shutterstock.com

აშშ-ის პრეზდენტი დონალდ ტრამპი არ მალავს, რომ მისი ქვეყანა სავაჭრო ომებს აწარმოებს. ტრამპი იმპორტულ საქონელზე გადასახადს ზრდის ყველა მიმართულებით. უკვე დაზარალდნენ ჩინეთი, ევროპა, კანადა, მექსიკა. პასუხად ისინი აშშ-ის საქონელს ბეგრავენ.

სავაჭრო ომი რა არის?

მარტივად რომ წარმოიდგინოთ, პროცესი ასეთია: ქვეყანა X იმპორტზე ტარიფებს ზრდის. იმპორტირებულ საქონელზე ფასები იზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების ანალოგიური საქონელიც შეიძლება იმაზე მაღალ ფასად გაიყიდოს, ვიდრე მანამდე იყიდებოდა, რითაც ადგილობრივი მწარმოებლები მეტ მოგებას მიიღებენ და ბაზარზე ისეთი პროდუქციის გატანას შეძლებენ, რომელიც მანამდე კონკურენტუუნარო იყო. მაგრამ ფასების ზრდის გამო, ქვეყნის შიგნით საქონელზე მოთხოვნაც იკლებს და იმპორტიც მცირდება. ანუ იმპორტიორი ქვეყნა Y კარგავს ბაზარს და შემოსავალს. თუ ზარალი მნიშვნელოვანია Y ქვეყნის მთავრობას შეუძლია საპასუხო ზომებს მიმართოს - ასევე გაზარდოს ტარიფები, მაგრამ იმ საქონელზე, რომლის ექსპორტსაც ქვეყანა X ეწევა. ასეთ დროს უკვე X ქვეყნის მწარმოებლებიც ზარალდებიან. ამასთან, გარდაუვლად მცირდება სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის, ხოლო შესაბამის საქონელზე ფასები ორივე ქვეყნის მომხმარებლებისთვის იზრდება. ამით ორივე ქვეყანა შეიძლება დაზარალდეს.

თუ იმპორტის ტარიფებს დიდი ეკონომიკა ზრდის, ქვეყნის შიგნით კონკრეტულ საქონელზე მოთხოვნის ვარდნის გამო, მასზე მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზეც მცირდება და შესაბამისად, მცირდება ამ საქონლის მსოფლიო ფასიც. ქვეყნისთვის ეს მომგებიანია, რადგან ის მსოფლიო ბაზარზე ამ საქონელს უფრო დაბალ ფასად შეიძენს. მაგრამ, ამასთანავე, დაზარალდება ამ საქონლის მსოფლიო ბაზარზე მიმწოდებელი ყველა ქვეყანა. ეკონომიკაში ასეთ სიტუაციას „მეზობლის გაკოტრებას“ უწოდებენ, ფაქტობრივად კი, ერთი ქვეყნის მოგება პარტნიორი ქვეყნის მარცხის ხარჯზე მიიღწევა.

მაგრამ თუ დიდი ეკონომიკა ზედმეტად მაღალ ტარიფებს აწესებს, ზიანი, რომელიც მისთვის ამ საქონელზე სავაჭრო ბრუნვის კლებას მოჰყვება, იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ამ საქონელზე მსოფლიო ფასის შემცირებით მიღებული მოგება. ანუ წააგებს ის ქვეყანაც რომელიც ტარიფს გაზრდის და მისი პარტნიორი სახელმწიფოც, რომელიც მსოფლიო ბაზარზე საქონელს დაბალ ფასად ყიდის.

სავაჭრო ომში გამარჯვებულის განსაზღვრება გამარჯვების კრიტერიუმებზეა დამოკიდებული. ხშირად სავაჭრო ომის მიზანი საკუთარ ქვეყანაში რომელიმე დარგის მხარდაჭერაა, ხოლო ამისთვის საშუალება - საქონლის იმპორტზე ტარიფების გაზრდაა, იმისთვის რომ ამ ტარიფის ფარგლებში ადგილობრივმა კომპანიებმა შიდა ბაზარზე კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა მოიპოვონ.

​​​​​​​სანქციები და საპასუხო სასაქონლო ემბარგოც სავაჭრო ომია?

სავაჭრო ომია პარტნიორ ქვეყნებს შორის ვაჭრობის შეზღუდვის ინსტრუმენტის ნებისმიერი გამოყენება. მაგრამ ხშირად სავაჭრო ომს საფუძვლად უდევს პოლიტიკური მიზეზები. შესაბამისად, ასეთი ომის ხანგრძლივობა, გამარჯვებულები და დამარცხებულები განისაზღვრება მხოლოდ პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. ეკონომიკასთან და ვაჭრობასთან ამას უშუალო კავშირი არ აქვს, მაგრამ ვაჭრობა და აქედან გამომდინარე ეკონომიკაც ამას ეწირება.

საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ხშირად კონფლიქტები გვარდება ხოლმე იმით, რომ ქვეყნები ერთმანეთს უთმობენ ერთ სფეროში, სხვა დარგში დათმობის სანაცვლოდ. ასეთ შემთხვევაში გამარჯვებულის და დამარცხებულის განსაზღვრა ხშირად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ გამოიყურება პოლიტიკური ომები უფრო გაუმჭვირვალედ, ვიდრე ეკონომიკური.

ზოგადად, ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომების დროს ორივე აგებს, რადგან თითოეული ქვეყნის შიგნით ერთი ნაწილის სარგებელი ვერ ანაზღაურებს ეკონომიკის სხვა მონაწილეთა ზარალს. უმრავლეს შემთხვევაში სავაჭრო უთიერთობების განვითარება პარტნიორებთან ძალიან სასარგებლოა. ზოგჯერ სავაჭრო დეფიციტიც სასარგებლოა: ქვეყნები ისეთი საქონლის იმპორტს ახორციელებენ, რომელსაც თავად ვერ აწარმოებენ ან აწარმოებენ, მაგრამ ძვირი უჯდებათ. ამიტომ, როდესაც ქვეყანა, იმის ნაცვლად, რომ აწარმოოს პროდუქტი, რომელიც ძვირი უჯდება, იწყებს მის შეძენას უცხოეთში და შესაბამისი საქონელი ქვეყნის შიგნით იაფდება.

ტრამპი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი პროდუქცია აშშ-ში ამერიკელებმა უნდა შექმნან. ამაში ცუდი რა არის?

თავად საკითხის ასე დაყენება. მნიშვნელოვანი საქონელი რას ნიშნავს? თითოეულ დარგს თავისი პროდუქტი მიაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად და უნდა, რომ იმპორტის გადასახადი სწორედ მის სფეროში გაიზარდოს. ამიტომ, როდესაც მწარმოებლები ხვდებიან, რომ მთავრობა იმპროტის გადასახადების გაზრდაზე ფიქრობს, ისინი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში იწყებენ მინისტრებზე ზეწოლას და აქ სიტუაცია იმის სასარგებლოდ იხრება, ვის ლობისტსაც იმ მომენტისთვის მთავრობის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

ეს ნეგატიურად აისახება საინვესტიციო კლიმატზე. ვთქვათ, დღეს ჩემს დარგში ლობი ძლიერია და ჩვენ მივაღწიეთ იმპორტის ტარიფების ზრდას ჩვენს პროდუქციაზე, რაც თითქოს კარგი ამბავია ამ დარგის ინვესტორებისათვის. მაგრამ ხვალ ჩემი ბიზნესისთვის აუცილებელი დეტალების მიმწოდებლის სფეროში ლობი ასევე წარმატებას მიაღწევს - და მათზე ფასები გაიზრდება. ამ მომენტში ჩემს სფეროში ინვესტიციების ნაწილი შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს. ასეთ სიტუაციაში ინვესტორი არ გარისკავს და ნაკლებ ინვესტიციას ჩადებს.

ტარიფის სტრუქტურის სტაბილურობა - მთლიანობაში ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, ჩილე დიდი ხნის წინ გადავიდა თანაბარი ტარიფის პრინციპზე - ამ ქვეყანაში ყველა საქონელზე ერთნაირი ტარიფია. თუ ტარიფი იცვლება, ის იცვლება ერთდროულად ყველა პროდუქციაზე. ასეთ დროს, როგორც აღმოჩნდა, ლობისტები არა ტარიფის ზრდას, არამედ მის შემცირებას ლობირებენ.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ამ დროს რას აკეთებს?

არსებობს მოსაზრება, რომ, მაგალითად, ჩინეთი ხშირად არღევევს სამართლიან წესებს, სახელმწიფოს ფულით ეხმარება ადგილობრივ მწარმოებლებს და ფასებს ხელოვნურად აგდებს. მსო - მსოფლიო ვაჭრობის უმსხვილესი რეგულატორია და თუ თუ ჩინეთი წესებს მართლაც არღვევს, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მსო-ს დავების გადაწყვეტის ორგანოს მიმართოს და დამოუკიდებელი ექსპერტები სიტუაციას განიხილავენ. თუ დარღვევები დადასტურდება, მბრალდებელ ქვეყანას შეუძლია დამრღვევი ქვეყნის დასჯა. მაგალითად, ტარიფის გაზრდა გარკვეული, წინასწარ დათქმული დროით. ცალმხრივ რეჟიმში მსო-ს თანხმობის გარეშე მოქმედება არ შეიძლება.

1995 წლიდან, მსო-ს თანხმობა გაუცია არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, ევროპის, ინდოეთის, ბრაზილიის და სხვების დასჯაზე. სამართლიანი ვაჭრობის პრინციპებს არღვევს არა მხოლოდ ჩინეთი, არამედ სხვა ქვეყნებიც. ამიტომ სჯობს სადავო სიტუაციების ცივილიზებული მეთოდებით გადაჭრის იმედად ყოფნა, ვიდრე სამართლინობის ისეთი პრინციპებით აპელირება, რომელიც მხარეებმა შეიძლება თავის სასარგებლოდ თარგმნონ.

სხვა საქმეა, რომ თავად მსო კრიზისშია - მსოს დავების გადაწყვეტის ორგანო, რომელსაც შექმნილ რთულ ვითარებაზე სწრაფად უნდა რეაგირებდეს, სრულყოფილად ვერ მუშაობს. საქმე ის არის, რომ აშშ-მა დაბლოკა ახალი არბიტრების დანიშვნა, ხოლო არსებულების უფლებამოსილება ორ თვეში იწურება. ანუ აშშ ფაქტობრივად ხელს უშლის მსო-ს ნორმალურ მუშაობას, და ამ ფონზე ახალ-ახალ სავაჭრო ომებს აჩაღებს. ორგანიზაცია თავის ივლისის ანგარიშში წერს, რომ 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის პროცესი საფრთხის წინაშეა.

რა დაუჯდება მსოფლიოს ტრამპის ომები?

დონალდ ტრამპმა სავაჭრო ომის ცეცხლი ერთდროულად სამი მიმართულებით გახსნა - ევროკავშირის, ჩინეთის და მეზობელი ქვეყნების მიმართ. მსოფლიო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 87,5 ტრილიონი დოლარია. კონფლიქტის მონაწილეებზე (აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი) ამ მოცულობის თითქმის ორი-მესამედი მოდის. ჩინეთი არა მხოლოდ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, რომლის წლიური გაყიდვების მოცულობა 2 ტრილიონი დოლარია, არამედ მსოფლიოში მეორე სახელმწიფოა პროდუქტის და მომსახურების შესყიდვის მხრივ.


 
ანალიტიკოსების თქმით, ტრამპმა თავისუფალ ვაჭრობას მაშინ შეუტია, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა 2008 წლის ფინანსური რეცესიის შემდეგ პოზიტიურ რიტმს დაუბრუნდა. ეკონომისტები ამბობენ, რომ სავაჭრო ომი მის ზრდას, სავარაუდოდ, ნახევარი პროცენტით შეანელებს ანუ მსოფლიოს წელიწადში დაახლოებით 500 მილიარდი დოლარი დააკლდება.  

აშშ-ის პრეზიდენტმა დამატებითი იმპორტის გადასახადები დააწესა ევროპულ და ჩინურ საქონელზე. ჩინეთმა სარკისებურად უპასუხა, მაგრმ ეს მხოლოდ დასაწყისია. ექსპერტების შეფასებით შეზღუდვები ჯერჯერობით შეეხო მსოფლიო ვაჭრობის 0,3%-ს და შეიძლება შეეხოს 4%-ს თუ ყველა საფრთხე რეალური გახდება. მაშინ ვაჭრობის მოცულობა, რომელიც შეზღუდვებში მოექცევა, 800 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

რით შეიძლება უპასუხონ აშშ-ს ვროპამ და ჩინეთმა?

ჩინეთმა სარკისებურად უპასუხა ივლისში ამოქმედებულ ტარიფებს და დარტყმის სამიზნედ იმ შტატების ფერმერთა პროდუქცია აარჩია, რომლებშიც ტრამპს მხარს აქტიურად უჭერენ. პეკინში აცხადებენ, რომ მომავალშიც ასე იმოქმედებენ. ევროპამ, რომელიც დაზარალდა აშშ-ში მისი ლითონისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვებით, ტარიფები გაზარდა ვისკიზე და Harley Davidson-ის მოტოციკლებზე. ტრამპი ევროკავშირს ახალი ტარიფებით ემუქრება, მაგრამ ევროპელები დანებებას არ აპირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელების და ევროპელების აღშფოთებას საზღვარი არ აქვს, მათი რესურსი, რომ აშშ-ს სარკისებრად უპასუხონ, შეზღუდულია.

აშშ წელიწადში დაახლოებით 500 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციას ყიდულობს. ტრამპი იმუქრება, რომ მთელ ამ ვაჭრობას დაბეგრავს. ჩინეთი კი ამერიკიდან წელიწადში მხოლოდ 130 მილიარდი დოლარის იმპორტს ახორციელებს, ამიტომ კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში პეკინს სხვა ზომების გამონახვა მოუწევს. მაგალითად, მას შეუძლია პრობლემების შექმნა იმ ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინეთის შიდა ბაზრიდან 300 მილიარდი დოლარის მოგებას იღებენ. კერძოდ, შეუძლია მათთვის ცხოვრების გართულება დაუსრულებელი შემოწმებებით, საბაჟოზე შეფერხებებით. გარდა ამისა, ჩინეთს აშშ-ში პროდუქციის ვაჭრობის დეფიციტის ფონზე, აქვს პროფიციტი მომსახურებით ვაჭრობაში, რომლის მოცულობაც დაახლოებით 40 მილიარდი დოლარია და რომლის შემცირებაც შეიძლება, მაგალითად, ჩინური ტურიზმის შეზღუდვით. მაგრამ ეს ნაბიჯები ზიანს მიაყენებს ისედაც შეფერხებულ ეკონომიკურ ზრდას, ჩინეთი კი ცდილობს მის შენარჩუნებას. ახლახან პეკინმა გადასახადების შემცირების და ხიდებზე, გზებსა და აეროპორტებზე დამატებითი კრედიტების გაცემის ბრძანება გასცა. მართალია ამ ზომების მასშტაბი ჯერჯერობით უმნიშვნელოა, თუმცა ის მიუთითებს ჩინეთის მზადყოფნაზე გაამკაცროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა, მაგრამ შეასუსტოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა. ჰორიზონტზე სავალუტო ომების აჩრდილი გამოჩნდა.

ჩინეთის აშშ-ზე გავლენის სხვა ბერკეტებთან ერთად, ექსპერტები საგარეო პოლიტიკას ასახელებენ. ტრადიციულად, პეკინს ფხენიანზე დიდი გავლენა აქვს და მას შეუძლია ეს აშშ-ის იმ შეთანხმების ჩასაშლელად გამოიყენოს, რითაც ტრამპი განსაკუთრებით ამაყობს.

ევროპა, თავის მხრივ, ჯერჯერობით ცდილობს ვაშინგტონთან მოლაპარაკებას, მაგრამ მისი პრობლემა - ერთობის საკითხია. ასე მაგალითად, ავტომობილებზე ტარიფები ეხება ძირითადად გერმანიას და საფრანგეთს, და ევროკავშირის სხვა ქვეყნები საპასუხო შეზღუდვებს ენთუზიაზმით არ დათანხმდებიან. მაგრამ ბრიუსელი საპასუხო ნაბიჯებისთვის მაინც ემზადება. ბრიტანულმა Financial Times-მა თავის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ვარიანტებს შორისაა 10 მილიარდი ევროს მოცულობის იმპორტზე 20%-იანი საბაჟო გადასახადის შემოღება ან ნაკლები ტარიფის დაწესება 18 მილიარდი ევროს მოცულობის იმპორტზე, მათ შორის ჩემოდნებზე, ქსეროქსებზე და მძიმე სამშენებლო ტექნიკაზე.

ტრამპი ამ ომს მოიგებს?

ამერიკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამაზე იოლი არაფერია. საქონლით მსოფლიო ვაჭრობის მარტივი არითმეტიკა აჩვენებს, რომ უპირატესობა აშშ-ის სავაჭრო პარტნიორების მხარესაა. ამ დისბალანსის კორექცია ტარიფების საშუალებით შესაძლებელია და ტრამპს ეს ძალიან აწყობს. ნოემბერში  შუალედური არჩევნების სახით რესპუბლიკელებს გამოცდა ელით: ამერიკელები მთელ წარმომადგენლობით პალატას და სენატის მესამედს, ასევე ბევრ მერს და გუბერნატორს ხელახლა ირჩევენ.

ტრამპს ტრაბახის საფუძველი აქვს: ეკონომიკა, როგორც არასდროს, ისეთ სიმაღლეზეა, უმუშევრობა კი პირიქით. აშშ-ს შეუძლია თავს მისცეს უფლება, რომ ამ სავაჭრო ომისგან უმნიშვნელოდ დაზიანდეს, მით უფრო თუკი ეს პოლიტიკურ დივიდენდებს მოიტანს. გარდა ამისა, ტარიფებით მიღებული დამატებითი შემოსავლები ნაწილობრივ აანაზღაურებს დანაკარგებს გადასახადების შემცირებისაგან, და ფაქტობრივად ჩაანაცვლებს ამერიკული კომპანიების გადასახადებისგან მისაღებ შემოსავლებს უცხოური საქონლით მიღებული შემოსავლებით. ხოლო იმისთვის რომ დროებითი ზარალი არ აისახოს მის პოპულარობაზე, ტრამპმა 12 მილიარდი გამოყო იმ ფერმერების კომპენსაციებისათვის, რომლებიც ჩინეთის და ევროკავშირის საპასუხო ზომებით დაზარალდნენ.

ბევრი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და ეკონომისტი იმედოვნებს, რომ საქმე სრულმასშტაბიან სავაჭრო ომამდე არ მივა, და არ გამორიცხავენ, რომ ტრამპი პირველი დივიდენდების მიღების შემდეგ, უკან დაიხევს. მით უფრო რომ მსოფლიოში შექმნილი საერთო სურათი შორსაა იმ უსამართლობისაგან აშშ-ის მიმართ, რომელსაც ტრამპი საკუთარ ტვიტებში აღწერს.

ის გამოარჩევს საქონლით ვაჭრობას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის მხოლოდ ნაწილია. მომსახურებით ვაჭრობაში, მაგალითად ფინანსურ, ტურისტულ და კონსალტინგურ მომსახურებაში, აშშ-ის მსოფლიოში წამყვანი ექსპორტიორის ადგილი უკავია. ამასთან, არცერთ ქვეყანას არ აძლევენ ვალს ისეთი ენთუზიაზმით, როგორც აშშ-ს, და განსაკუთრებით ჩინეთი, რომელზეც მოდის 1,2 ტრილონი დოლარი ან აშშ-ის მთლიანი საგარეო ვალის 20%.

დისბალანსი მსოფლიო ეკონომიკაში წარმოიქმნება წამყვანი ქვეყნების ქმედებების გამო არაერთ სფეროში (გადასახადები, ფინანსური სტიმულაცია, ვალუტის კურსის რეგულირება, შრომითი ურთიერთობების რეგულირება, სუბსიდიები, ინვესტიციები)  და მხოლოდ სავაჭრო პოლიტიკაში ცვლილებით ეს დისბალანსი არ აღმოიფხვრება.

ისტორიას მსგავსი მცდელობები ახსოვს: 1930 წელს, სმუტ-ჰოულის ამერიკული კანონის თანახმად, ტარიფების მასშტაბური ამოქმედებით დაიწყო მსოფლიო სავაჭრო ომი, და ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიო ვასჭრობის მოცულობა ორი მესამედით შემცირდა, ისევე როგორც სავაჭრო ბრუნვა აშშ-ის და ევროპას შორის. ეს პერიოდი ამერიკის ისტორიაში დიდი დეპრესიის სახელით შევიდა. მაგრამ მაშინ სასტარტო ზღვარი უფრო მაღალი იყო: გასული საუკუნის დასაწყისში ტარიფები შეადგენდა ამერიკული იმპორტის ღირებულების დაახლოებით 30%-ს, შარშანწინ კი მხოლოდ -1,5%-ს, რაც შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ახლა ისინი უბრუნდება იმ მაჩვენებლის დონეს, რაც 1970 წლის შემდეგ არ ყოფილა, როდესაც საშუალო ტარიფი 6,5%-ს შეადგენდა. 

კიდევ ვინ შეიძლება დაზარალდეს?

როდესაც სავაჭრო ომში დიდი ქვეყნები მოანაწილეობენ, მოსალოდნელია მსოფლიო ფასების ვარდნა იმ საქონელზე, რომელთა ბაზრებიც ამ ომისთვის მოედნებად იქცა. ქვეყნები, რომლებიც ომში არ მონაწილეობენ, მაგრამ ამ საქონლის იმპორტს ახორციელებენ, მოიგებენ. ხოლო ექსპორტიორი ქვეყნები - წააგებენ.

არსებობს ასევე მოლოდინი, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელება, რაც სავაჭრო ომებით არის განპირობებული, სხვადასხვა არხით ყველა ქვეყანაზე, მათ შორის იმ ქვეყნებზეც გავრცელდება, რომლებიც ომში პირდაპირ არ მონაწილეობენ. შემცირდება გასაღების ბაზრები, გაურკვევლობის ზრდის გამო შემცირდება ინვესტიციები. ეს შეიძლება გადაიზარდოს დასაქმების შემცირებასა და სამუშაოს დაკარგვაში იმ დარგებშიც, რომლებსაც სავაჭრო ომი პირდაპირ არ შეხებია. ამიტომ, სპეციალისტების შეფასებით, სავაჭრო ომები შეეხება ყველას, მაგრამ სხვადასხვა დოზით და სიტუაციის ცივილიზებულ კალაპოტში დაბრუნება თითოეული ქვეყნის ინტერესშია.

სხვა თემები