ქვეყნის ეკონომიკური რეიტინგების გაუმჯობესებით რიგითი მოქალაქისთვის რა იცვლება? გარჩევა

ფოტო: shutterstock.com
სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა 2019 წლის თებერვლის ბოლოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით გააუმჯობესა. ქვეყანას აქამდე BB-კატეგორია ჰქონდა მინიჭებული, გაუმჯობესების შედეგად აქვს რეიტინგი BB მინუსის გარეშე, პერსპექტივა კი სტაბილურად შეფასდა. ორი წლით ადრე, 2017 წლის სექტემბერში „დიდი სამეულის“ მეორე წევრმა, სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ამავე კატეგორიის რეიტინგში საქართველო Ba3-დან Ba2-მდე დააწინაურა. რას ნიშნავს ეს? რას წარმოადგენენ ეს სააგენტოები, რას ითვლიან ისინი და რატომ არის მათი რეიტინგები მნიშვნელოვანი?
რა არის რეიტინგი? როგორ თვლიან და იყენებენ მას?
საკრედიტო რეიტინგი აფასებს კომპანიის, რეგიონის (მუნიციპალიტეტის) ან ქვეყნის კრედიტუნარიანობას (ვალის დაბრუნების უნარს).
საკრედიტო რეიტინგები გამოითვლება ზემოთ ჩამოთვლილი ბაზრის მონაწილეების წარსულის და მიმდინარე ფინანსური ისტორიის, ასევე მათი ქონებისა და ფინანსური ვალდებულებების (დავალიანების) შეფასების საფუძველზე.
რეიტინგის ძირითადი მიზანია პოტენციური კრედიტორების/ინვესტორების ინფორმირება რეიტინგის სუბიექტის (კომპანიის, მუნიციპალიტეტის ან ქვეყნის) ფინანსური ვალდებულებების სავარაუდო დროული მომსახურების შესახებ.
ვინ ადგენს რეიტინგს?
სარეიტინგო სააგენტო, რომელსაც ასევე უწოდებენ საკრედიტო რეიტინგის სააგენტოს. ის ანიჭებს საკრედიტო რეიტინგებს, რომლებიც აჩვენებს მოვალის ვალის დაფარვის უნარს.
საკრედიტო რეიტინგის მინიჭება მაღალი კონცენტრირებული ინდუსტრიაა. სამი კომპანია აკონტროლებს საერთაშორისო ბაზრის 95%-ს. მათ ამ ინდუსტრიაში „დიდ სამეულს“ უწოდებენ.
ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 100 სარეიტინგო სააგენტოა.
რომელი კომპანიები არიან „დიდ სამეულში“?
ამ ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები ეგრეთ წოდებული „დიდი სამეულის“ წევრები არიან. ესენია: Fitch Ratings, Moody’s და Standard &Poor’s.
თითოეული მათგანი ადგენს როგორც საერთაშორისო, ისე ნაციონალურ რეიტინგებს ათობით ქვეყნისა და ასობით სახელმწიფო თუ კერძო საფინანსო და არასაფინანსო დაწესებულებისთვის. შეფასების სკალა თითქმის ერთნაირია, თუმცა გარკვეულწილად განსხვავებულია მიზნობრიობა და მეთოდოლოგია.
მოკლედ Fitch Ratings-ის შესახებ
Fitch Ratings-ი შედის Fitch ჯგუფის შემადგენლობაში Fitch Solutions-სა და Fitch Learning-თან ერთად. კომპანია 1913 წელს დაარსდა. Fitch Ratings-ი, თავისი სარეიტინგო სკალის მიხედვით, 3100 საფინანსო ინსტიტუტს, 1600 ბანკს, 1400 სადაზღვევო კომპანიას, 1200 კორპორაციას, 89 სახელმწიფოსა და 45 000 მუნიციპალიტეტს აფასებს. სააგენტოში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
Fitch Ratings-ის საერთაშორისო რეიტინგებში AAA არის კრედიტუნარიანობის უმაღლესი შეფასება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საკრედიტო რისკები ყველაზე დაბალია. ეს კატეგორია მხოლოდ მაშინ გაიცემა, თუ ფინანსური ვალდებულებების შესრულების უნარი განსაკუთრებულად მაღალია.
BBB არის კრედიტუნარიანობის კარგი მაჩვენებელი, რომელსაც თან ახლავს იმ მომენტისთვის საკრედიტო რისკების დაბალი ალბათობა და ფინანსური ვალდებულებების დროულად შესრულების ადეკვატური უნარი. გადახდისუნარიანობა მდგრად და ხელსაყრელ საქმიან ან ეკონომიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული.
CCC კატეგორიის შემთხვევაში ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ვალდებულებები სრულდება, დეფოლტი ანუ კანონით გათვალისწინებული ამა თუ იმ ვალდებულების არშესრულება სავსებით რეალურია. ფინანსური ვალდებულებების CC-ის შემთხვევაში დეფოლტი სავარაუდოა. C კატეგორია კი გულისხმობს, რომ ვალდებულებები სრულდება, მაგრამ დეფოლტი გარდაუვალი არ არის.
RD სარეიტინგო მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ემიტენტმა (ბანკი, დაწესებულება, ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ფასიან ქაღალდებს მიმოქცევაში უშვებს და მათი მფლობელების მიმართ გარკვეულ ვალდებულებებს იღებს) გარკვეული ფინანსური ვალდებულებები (საშეღავათო პერიოდის გათვალისწინებით) სრულად არ დაფარა, თუმცა ზოგიერთი ფინანსური ვალდებულების შესრულებას განაგრძობს.
D კატეგორია კი ენიჭება ემიტენტს ან სახელმწიფოს, რომელიც ყველა თავის ფინანსურ ვალდებულებაზე დეფოლტს აცხადებს.
პროგნოზი შესაძლოა იყოს პოზიტიური, სტაბილური ან ნეგატიური. შუალედური შეფასებისას კი გამოიყენება პლუსი (+) ან მინუსი (-).
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ორგანიზაციის საერთაშორისო რეიტინგი ქვეყნის რეიტინგზე მაღალი ვერ იქნება. ნაციონალური რეიტინგი კი შეფარდებითია. აქ ყველაზე რეიტინგული არის ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე სანდო მსესხებელი ანუ სახელმწიფო.
მოკლედ Moody’s-ის შესახებ
დაარსდა 1909 წელს, აერთიანებს 4 500 თანამშრომელს, რომლებიც ფინანსურ სიტუაციებს 100 ქვეყანაში აკვირდებიან და 170 000-ზე მეტ სახელმწიფო და კორპორაციულ ფასიან ქაღალდს შეისწავლიან. Moody’s ადგენს საერთაშორისო და ნაციონალურ რეიტინგებს.
Moody’s საერთაშორისო რეიტინგებში Aaa, Aa, A და Baa, Ba, B, Caa, Ca, C კატეგორიები გამოიყოფა.
მოკლედ Standard &Poor’s-ის შესახებ
ამ კომპანიის ისტორია 1860 წელს იწყება. ის 6 300 თანამშრომელს აერთიანებს. მან შექმნა საბირჟო ინდექს Standard &Poor’s-ის სერია, რომელიც ამერიკული და საერთაშორისო ბაზრის ფასიანი ქაღალდებისთვის არის განკუთვნილი.
Standard &Poor’s-ის საერთაშორისო რეიტინგებში გამოიყოფა AAA, AA და A, BBB, BB და B, CCC, CC და С, SD და D კატეგორიები.
AAA არის ყველაზე მაღალი რეიტინგი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა აღებულ ფინანსურ დავალიანებას დროულად და სრულად ფარავს.
BBB ფინანსური დავალიანების დროულად და სრულად დაფარვის საკმარის შესაძლებლობას გულისხმობს. თუმცა მას ახასიათებს კომერციული, ფინანსური და ეკონომიკური მიმართულებით არახელსაყრელი ცვლილებების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.
CCC - მოცემული მომენტისთვის არსებობს პოტენციური ალბათობა, რომ ემიტენტი ფინანსურ ვალდებულებას ვერ დაფარავს და ეს მნიშვნელოვანწილად ხელსაყრელ კომერციულ, ფინანსურ და ეკონომიკურ პირობებზე არის დამოკიდებული.
SD კატეგორია გულისხმობს შერჩევით დეფოლტს მოცემული ფინანსური ვალდებულებისადმი, თუმცა სხვა ვალების დაფარვა გრძელდება.
D კატეგორია არის სრული დეფოლტი, რაც ფინანსური ვალდებულებების ვერდაფარვას გულისხმობს.
Standard &Poor’s-ის რეიტინგებს ახლავს პროგნოზებიც, რომლებიც მომდევნო 2-3 წლისთვის ქვეყნების და კომპანიების შეფასებას ასახავს.
ამ რეიტინგების გაუმჯობესებით რიგითი მოქალაქეებისთვის რა იცვლება?
საბანკო სექტორის შეფასებით, კომპანია Fitch-ის გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ცალსახად პოზიტიურია, ეს ცვლილება მათთვის უცხოურ საკრედიტო რესურსს გააიაფებს.
ანალიტიკოსების აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს რიგით მოქალაქეებზე პირდაპირ და მით უმეტეს, ახლო მომავალში არ აისახება, რადგან, მათი თქმით, ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი კომპონენტი, რომელიც ქვეყნისთვის სერიოზული ცვლილების მომტანი შეიძლება იყოს.
მეორე ნაწილის აზრით, ეს ცვლილება ქვეყნის (საქართველოს) მიმართ ინვესტორების დაინტერესებას გაზრდის და არსებულ საპროცენტო განაკვეთზე პოზიტიურად იმოქმედებს, რაც მის შემცირებას გულისხმობს. ამ მოსაზრებას სპეციალისტები იმით ამყარებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები კრედიტების გაცემისას ქვეყანასთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებს ითვალისწინებენ და ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთებს სწორედ საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით ადგენენ. შესაბამისად, თუ ქართული ბანკები თანხებს უფრო ნაკლებ ფასად მოიზიდავენ, მათ მიერ გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც შემცირდება.